როგორ იქცა საუკუნის წინანდელი ჭიათურელი მჭედლის, მიქაუტაძის ნახელავი ნაჯახი ნორვეგიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატად - კვირის პალიტრა

როგორ იქცა საუკუნის წინანდელი ჭიათურელი მჭედლის, მიქაუტაძის ნახელავი ნაჯახი ნორვეგიის ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატად

ევროპის ქვეყნებში წესრიგი და კანონმორჩილება არავის უკვირს, მაგრამ მათგანაც კი ნორვეგია გამორჩეულად მოწესრიგებული და მშვიდია. გამოზომილად, მაგრამ საინტერესოდ ცხოვრობს ლილეჰამერი. ამ პატარა ქალაქში XIX-XX საუკუნის არქიტექტურის სხვადასხვა სტილს შეხვდებით. კლასიციზმს, ბაროკოს, გოთიკასაც და მოდერნსაც. სხვადასხვა არქიტექტურული სტილის დეტალი თუ ფრაგმენტი ზოგჯერ ერთ ნაგებობაშია თავმოყრილი.

ქალაქის ერთ ნაწილში კოტეჯის ტიპის, ინდივიდუალური, ხის ორ- ან სამსართულიანი სახლებია მანსარდითა და მოვლილი, ყვავილნარში ჩაფლული მომცრო ეზოებით. ქალაქი იმდენად მშვიდად და აუღელვებლად ცხოვრობს, რომ აქაურობა თეატრალურ დეკორაციას უფრო მოგაგონებთ.

ცხადია, გაცილებით "ენერგიული" იყვნენ ისტორიულად ნორვეგიელთა წინაპრები - ბრძოლაშიც და შრომაშიც. სკანდინავიელმა ვიკინგებმა რომ შუა საუკუნეებში ევროპა შეაზანზარეს, ეს ყველასთვის ცნობილია. ამასთან, მძიმედ, დაუღალავად შრომობდნენ სიუხვით, მაგრამ უმკაცრესი ჰავით გამორჩეულ მიწა-წყალზე.

გაცოცხლებული ისტორია

სკანდინავიელთა ისტორიული და ყოფითი პერიპეტიებისა და სურათების გაცოცხლება დაუსახავთ მაიჰაუგენის მუზეუმში ღია ცის ქვეშ. სლოგანიც შესაფერისი აურჩევიათ: "ავთენტურობა, სიმამაცე, ენთუზიაზმი".

მუზეუმის 40 ჰექტარი სამ ძირითად სექტორადაა დაყოფილი. მთავარი ექსპოზიცია ნორვეგიელი ფერმერის საცხოვრისებს, ყოფისა და კულტურის ჩვენებას ეთმობა. და რაც მთავარია, აქ ისტორია გაცოცხლებულია. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი "გლეხები" ოჯახურ გარემოში გვმასპინძლობენ.

მუზეუმის მეორე ნაწილი ქალაქს წარმოგვიდგენს. ფაქტობრივად, XIX საუკუნის ლილეჰამერის ერთი მთელი ქუჩაა აღდგენილი. მოგზაურობ წარსულში, ძველი რკინიგზის სადგურიდან დაწყებული, აქ შეხვდებით დუქან-მაღაზიებს ძველს მიმსგავსებული საქონლით; აფთიაქს, სადაც წამლები, მიქსტურები, ფხვნილები და მალამოები ძველებურ, თეთრად მომინანქრებულ ტიგელებსა და ასევე ძველებურ იარლიყიან კოლოფებში მოუთავსებიათ.

ძველებურ აფთიაქში, ძველებურად "შეფუთული" თანამედროვე წამლები იყიდება...

აფთიაქის მეორე სართულზე მისი "მეპატრონე-პროვიზორის" საცხოვრებელი ოთახი ზუსტად ისეა გაწყობილი, როგორც საუკუნე-ნახევრის წინ. თანაც, პროვიზორი ჩეკს უძველესი სალარო-აპარატით "ამოგირტყამთ".

გულგრილს არ გვტოვებს "ძველი ფოსტის" შენობა. ფოსტას ამ ქვეყანაში დიდი ტრადიცია აქვს. უზარმაზარ სიგრძეზე და რთულ რელიეფურ-კლიმატურ პირობებში განფენილ ნორვეგიაში ფოსტის მუშაკს საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გადაელახა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად - ხან მარხილით, ხან თხილამურებით, ხან ეტლით, ხანაც ცხენზე ამხედრებულს... შენობაში შესულთ სხვადასხვა ეპოქის შესაფერის უნიფორმაში გამოწყობილი ცვილის ფოსტალიონები "გვმასპინძლობენ".

კიდევ ერთი სიახლე: XIX საუკუნის ფოსტიდან ტურისტებს შეუძლიათ "წერილი" გაუგზავნონ თავიანთ ახლობლებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, იმდროინდელი მარკების ასლებითა და ძველებური კონვერტებით.

ფოსტიდან გამოსული ისევ ძველ ქალაქში ხვდები. ძველებურ სამოსში გამოწყობილი ყმაწვილი უდარდელად ამღერებს გიტარაზე ხალხურ მელოდიას...

ამასობაში "რკინიგზის სადგურზე" ჩამოდგება ორთქლმავალი ოთხკუთხა ფორმის ხის პანელებიანი რამდენიმე ვაგონით.

თბილისური პარალელები

აღდგენილ ქუჩაზე, სახლების პირველ სართულზე, ისევე როგორც ძველ თბილისში, მრავალგვარი სავაჭრო "დუქანია". ტურისტს აქ შეუძლია შეიძინოს ნორვეგიული ტრადიციული ტკბილეული, თაფლაკვერები და ბლითები, ფოჩიანი კანფეტები, ჩხირზე წამოცმული შაქარყინულის ფიგურები (ჩვენებური ძველი "მამალოების" მსგავსი), ფერადოვანი დრაჟეები... მეორე რეტრომაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ტრადიციული, ხელით ნაქსოვი ქუდები, შარფები, სელის პერანგები, ასევე სხვადასხვა სუვენირი. ვინც ბოლოხანს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შაბათ-კვირას ამოსულა, სასიამოვნოდ გაოცდებოდა, რადგან თანდათანობით ჩვენთანაც სწორედ ნორვეგიელი კოლეგების თანადგომით გაცოცხლდა საქართველოს ყოფითი ისტორიის ფურცლები. ვიზიტორს თავად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მეგრული საჯალაბო სახლის შუაცეცხლზე არა მხოლოდ ღომის მოხარშვაში, არამედ მის მეგრულ სულგუნთან ერთად დაგემოვნებაშიც. ეზოში კი დაათვალიეროს სოფლის მეურნეობის ტრადიციულ კულტურათა - ღომის, ფეტვის, მუხუდო-ძაძას, სელის, სიმინდის ნათესები. მოშორებით, კახეთის ზონაში კი, ძველებურ კახურ თონეში მცხობელთან ერთად შეუძლია თვითონაც ჩააკრას ან თონიდან ამოყაროს შოთები და პიკანტურ ცხვრის ყველთან ერთად მიირთვას...

კვლავ მაიჰაუგენს დავუბრუნდეთ, სადაც ჩვენი მოგზაურობა წარსულიდან ნელ-ნელა თანამედროვე ნორვეგიაში გრძელდება. ეს მესამე ნაწილია მუზეუმისა და XX საუკუნის ქვეყანას წარმოგვიდგენს. აქ ნახავთ პირველ ელექტრონათურას, რეტრორადიოს, რკინის საწოლებს, მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გაზეთებს, მაშინდელ სამოსს, დგამ-ავეჯს, ჭურჭელს...

ნორვეგიელი ფერმერის ტიპური ძველი სახლი. გადახურულია არყის ხის ქერქით, რომელზეც მიწაა დატკეპნილი და ზედ ბალახია დათესილი. საცხოვრებელთან ახლოს იყო სამეურნეო ნაგებობანი - სამზარეულო (ჩვენებური სამზადი სახლის ტიპისა), პირუტყვის სადგომები (შესაძლოა რამდენიმეც), ჭირნახულის შესანახი ბეღელი, თივის შესანახი საბძელი.

მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშ მუზეუმში, ისევე როგორც თბილისში, დროდადრო მიმდინარეობს ხის ნაგებობათა სარესტავრაციო სამუშაოები. ეს სამუშაოები ლილეჰამერშიც და თბილისშიც, ხშირად ერთობლივი ტრენინგების ხასიათს ატარებს და მასში ორივე მხარის სპეციალისტები მონაწილეობენ.

ვანო ჯაჯანიძე (თბილისის მუზეუმის დურგალ-რესტავრატორი): - ლილეჰამერში ჩასულს როცა მკითხეს, რამეს ხომ არ დაამზადებდიო, თვალში არყის ხის სიმრავლე მომხვდა. ამ ხის ქერქს გადახურვისას იყენებენ (თიხატკეპნილით გადახურულ სახლებს თიხის ქვეშ არყის ხის ქერქს უფენენ). რატომღაც ჩვენებური მწარე ბლის ქერქი გამახსენდა, რისგანაც ტრადიციულად ჭურის სარცხს (ანუ ჭურის სარეცხს) ვამზადებთ საქართველოში. მასპინძლებიდან ერთ-ერთს, ეივინდ ფალკს ჩვენთან ნანახი ჰქონდა ასეთი სარცხი და დანარჩენებს სწორედ მან აუხსნა ქვევრისა და სარცხის დანიშნულების შესახებ. მართლაც, დავამზადე არყის ხის ქერქისგან ჩვენებური ქვევრის სარცხი, რომელიც ახლა ნორვეგიელთა მუზეუმშია. იქ მორების თლის კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა ჭიათურიდან წაღებული ეფრემ ბაბუას ნაჯახით. სხვათა შორის, ეფრემ ბაბუა ცნობილი დურგალი იყო და მამაჩემი ლამის თან გამოჰყვა ცნობილი მჭედლის, მიქაუტაძის "ნახელავ" ნაჯახს (რომელსაც ოსტატის დამღა ამშვენებდა). კი დავპირდი, უეჭველად ჩამოგიტან-მეთქი, მაგრამ ჩემს ნორვეგიელ მეგობრებს ისე მოეწონათ ქართული ნაჯახი, რომლის წყალობით კონკურსშიც თავი გამოვიჩინე, რომ "იძულებული გავხდი", მათთვის მეჩუქებინა.

ნობელიანტები ლილეჰამერიდან

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, 26-ათასიან პატარა ქალაქ ლილეჰამერში ორი ნობელიანტი ჰყავდათ ლიტერატურის დარგში - ბიორნსტერნ ბიორნსონი და სიგრიდ უნდსეტი.

ბიორნსონი ცნობილი პოეტი და პროზაიკოსი გახლდათ. მის კალამს ეკუთვნის არაერთი პოპულარული რომანი და პიესა. იგი ნორვეგიის ჰიმნის ტექსტის ავტორიცაა.

ბიორნსონი 1832 წელს დაიბადა პასტორის ოჯახში, სწავლობდა კრისტიანიის (დღევანდელი ოსლოს) სკოლაში. სხვათა შორის, ცნობილ ნორვეგიელ მწერალსა და დრამატურგთან, ჰენრიკ იბსენთან ერთად. ლილეჰამერის მახლობლად, 1875 წელს შეიძინა ფერმა, სადაც სამ ათეულ წელიწადზე მეტი გაატარა. 1935 წლიდან მწერლის სახლ-კარს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა და მოგვიანებით მაიჰაუგენის ღია ცის ქვეშ მუზეუმს შეუერთდა.

ბიორნსონმა და მისმა მეუღლემ, კაროლინმა ბევრი რამ გააკეთეს აქაური გლეხობისთვის. დააარსეს სკოლა, თავიანთ ფერმაში დაასაქმეს ადგილობრივები, შემოიტანეს ტექნიკა, სამკელ-სათიბი საშუალებები, რომლებიც ამჟამად ექსპოზიციის ნაწილს წარმოადგენს. ფასდაუდებელია ბიორნსონის დამსახურება ნორვეგიაში მშობლიური, ნორვეგიული ენის ოფიციალურ ენად აღიარებაში. რადგანაც მანამდე გაბატონებული იყო დანიურ-ნორვეგიული ენა.

სიგრიდ უნდსეტი დანიაში დაიბადა ნორვეგიელი არქეოლოგის, ინგვალ უნდსეტის ოჯახში. ლილეჰამერში 1919 წლიდან დასახლდა სამ შვილთან ერთად და მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარა. მწერალი ქალის კალამს 18 მარტო რომანი ეკუთვნის, რომელიც პოპულარული იყო არა მხოლოდ ნორვეგიაში. 1928 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურაში შუა საუკუნის ნორვეგიის სრულყოფილი ასახვისთვის. სხვათა შორის, უნდსეტის ისტორიული რომანი "საგა ვიგდასსა და ვიგა-ლიოტზე" ქართულადაც ითარგმნა ("ვიკინგების" სახელწოდებით).

დრაკარის განახლებული მოგზაურობა

მეფე ჰარალდ მეხუთისა და დედოფალი სონიას სამეფო სასახლე ოსლოში ღიაა როგორც ნორვეგიელებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. რადგანაც მცირე დრო გვქონდა, პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენმა ჯგუფმა მეფის სასახლეში სტუმრობას ოსლოს მუზეუმების დათვალიერება ამჯობინა, თუმც კი სამეფო სასახლეს შორიდან მაინც შევავლეთ თვალი.

ოსლო 1048 წელს მეფე ჰარალდ მესამემ დააარსა იქ, სადაც მდინარე ლო ბოხუსის უბეს ერთვის (სახელწოდებაც სწორედ ლოს შესართავს ნიშნავს). ქალაქი XVII საუკუნეში ხანძარმა გაანადგურა და კრისტიან მეოთხემ გადარჩენილი მოსახლეობა დღევანდელი დედაქალაქის ადგილზე გადმოასახლა. მაღალ ბორცვზე ააგო ციხესიმაგრე აკერჰუსი, რომელსაც შვედების სახელოვანმა მეომარმა მეფემ, კარლოს XII-მაც კი ვერაფერი მოუხერხა და დღესაც ამაყად გადმოჰყურებს კატეგატის სრუტეს. ქალაქსაც კრისტიანია დაერქვა. ქვეყნის დედაქალაქს ძველი სახელი მხოლოდ 1924 წლიდან დაუბრუნდა.

ტიპური ნორვეგიული სახლი. იასამნები აქ ივნისის ბოლოს ყვავიან...

ოსლოში დღეს დაახლოებით 600 ათასი კაცი ცხოვრობს და მათგან 20%-მდე მიგრანტს შორის უმეტესობა შრი-ლანკელი თამილები და პაკისტანელებია. მიგრაცია ქვეყანაში განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში გააქტიურდა.

ოსლოში უამრავი მუზეუმია. მათი "მიმოხილვით" თავს არ შეგაწყენთ. ამჯერად მხოლოდ ვიკინგების ხომალდების მუზეუმში შევიხედავთ. იგი ბიუგდეს ნახევარკუნძულზე მდებარეობს და თავს ვიკინგების სამი ცნობილი ხომალდით იწონებს. ეს არის IX-X საუკუნეების თუნის, გოქსტადისა და ოსენბერგის ხომალდები, რომლებიც აღნიშნულ დასახლებებში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ყორღანებში.

ეს დრაკარები (ურჩხულის გამოსახულებიანი ხომალდები) თავის დროზე თუ ერთგულად ემსახურებოდნენ ვიკინგებს ზღვაზე, შემდგომ მიცვალებულთა დასაკრძალად გამოუყენებიათ.

1893 წელს თორმეტმა ნორვეგიელმა მოგზაურმა ააგო გოქსტადის ორეული ხომალდი, გადალახეს ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი, დიდი ტბების გავლით ჩააღწიეს ჩიკაგოში და მონაწილეობა მიიღეს კოლუმბის მიერ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის 400 წლისთავის ზეიმში. მათ, პრაქტიკულად, დაამტკიცეს, რომ ამერიკის პირველაღმომჩენები სწორედ ვიკინგები იყვნენ...

P.შ. ტბებისა და მუზეუმების ქვეყანაში მოგზაურობის ორ რეპორტაჟში ჩატევა ძნელია, კიდევ უამრავი საინტერესო გვინდოდა მოგვეთხრო. მაგრამ ვფიქრობთ, მკითხველამდე მივიტანეთ მთავარი სათქმელი - რომ "ყინული დაიძრა" (სხვათა შორის, ტბებით მდიდარი, მკაცრი კლიმატის ქვეყანა წარსულში ყინულის ექსპორტითაც "ირჩენდა თავს") და საქართველოს მეგობარი ქვეყნების რიცხვს ბოლო წლებში ნორვეგიაც შეემატა...

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#42