ადიღელები - თარეშის "დიდოსტატები" - კვირის პალიტრა

ადიღელები - თარეშის "დიდოსტატები"

ადიღელთა/ჩერქეზთა თვითსახელწოდებაა ადიღე. 1989 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 129,9 ათასი ადიღელი ცხოვრობდა. მათი დიდი ნაწილი თურქეთსა და მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშია განსახლებული.

ადიღე დაბლობისა და მთისწინა ნაწილებად იყოფა. უფრო დიდი ნაწილი - ბარი, მდინარეების ყუბანისა და ლაბის ველებშია. დღევანდელი ადიღელები, ანუ ადიღელთა ეთნონიმით სახელდებულნი ისტორიულად დასავლეთ ადიღელებს მიეკუთვნებიან, ხოლო თანამედროვე ყაბარდოელები აღმოსავლეთ ადიღელებს წარმოადგენენ. მათ ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით ერთმანეთთან ბევრი რამ აქვთ საერთო, თუმცა ერთმანეთთან ნაკლებად არიან ინტეგრირებული.

ადიღური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს ეკუთვნის და რამდენიმე დიალექტისგან შედგება. დიალექტები ადრე მეტი იყო, მათი გაქრობა ამ ეთნოსის დიდი ნაწილის XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთში გადასახლებამ გამოიწვია. შესაბამისად, მეტი იყო ეთნოგრაფიული ჯგუფიც (აბაძეხები, ბესლენელები, ბჟედუღები, ეგერუხელები, ჟანაელები, ხეგაკები და სხვ.), მათგან ორი უკანასკნელის გაქრობის მიზეზი ყუბანის ქვემო წელში, "ყირიმელ თათარ-ოსმალ-ადიღელ" ეთნოსთა შორის საკონტაქტო ზონაში ბინადრობა იყო.

ადიღელთა დამწერლობა რუსულ გრაფიკულ საფუძველზე შეიქმნა, ხოლო ადიღური ლიტერატურა - საბჭოთა პერიოდში.

XIX საუკუნის შუა ხანებში დასავლეთ ადიღელების საერთო რაოდენობა 700-750 ათასი კაცი იყო. თანამედროვე ადიღელების ფორმირება XII-XIV საუკუნეებში ეთნიკური პროცესებისა და ყაბარდოელთა ტერიტორიული განცალკევების შედეგად მოხდა.

XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ადიღელებს ეკავათ ვრცელი ტერიტორია ყუბანის მარცხენა მხარეზე, აზოვისა და შავი ზღვისპირეთში. ადიღური ტომების საზღვრები მუდმივი არ ყოფილა. კონსოლიდაციისა და ასიმილაციის შედეგი იყო ცალკეული ადიღური ტომის ტერიტორიის, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ხშირად კი ზოგიერთი სატომო ტერიტორიული დანაყოფის სრული გაქრობა. ადიღელთა შემადგენლობაში უცხო ეთნიკური ჯგუფებიც გაითქვიფნენ. პირველ ყოვლისა, ეს აბაძეხებს ეხებათ.

ადიღური ტომების საერთოქართული ეთნონიმი ქაშაგი იყო. ქაშაგები პირველად მოიხსენია ბასილი ეზოსმოძღვარმა ("ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი").

XVI საუკუნის დასაწყისში, რამდენჯერმე დალაშქვრის შემდეგ, ყირიმელმა ხანებმა ადიღელები დაიმორჩილეს. ადიღელებმა ხანების უზენაესობაზე არაერთხელ თქვეს უარი და მათ ხარკი შეუწყვიტეს. თუმცა ყირიმთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. ხშირად ყირიმელი ბატონიშვილები ბესლენელი თავადების ოჯახებშიც იზრდებოდნენ. ადიღელთა შორის ისლამის გავრცელებაში (XVI საუკუნეში) ყირიმელებს დიდი როლი მიუძღვით.

ხშირი შინაომები აფერხებდა ადიღეს როგორც სამეურნეო, ისე სოციალურ-პოლიტიკურ განვითარებას. საზოგადოების ეკონომიკური წყობა პატრიარქალური რჩებოდა. ამასთანავე, ტომების ერთ ნაწილში სოციალური დაყოფა ღრმად იყო წასული, მეორე ნაწილში კი ნაკლებად. ადიღელთა მიწებს მხოლოდ თემები და გვარები განაგებდნენ. მიწის გაყიდვა და იჯარა არ არსებობდა. მოსახლეობის ძირითად მასას ფტოკოტლები (თავისუფალი ხალხი) შეადგენდა. "თავადს" ხელქვეითები თითქმის არაფერს უხდიდნენ.

ფიშტის მთა ადიღეში

XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ადიღელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საფუძველს სასოფლო თემი/ტერიტორიული თემი წარმოადგენდა. სასოფლო/ტერიტორიულ თემებს ყუაჯი, ფსუხვი ეწოდებოდა. ადიღურად ყუაჯი სოფელს აღნიშნავს, ფსუხვი კი - მდინარეს ანდა ხეობას. თავის მხრივ, რამდენიმე ფსუხვი უფრო დიდ საზოგაგადოებაში შედიოდა. ეს საზოგადოება კი აღინიშნებოდა ტერმინით ხაბლი. საზოგადოებრივი განვითარების კვალდაკვალ პატარა თემები ხშირად უფრო დიდ თემებად ერთიანდებოდნენ. ადიღელის/ჩერქეზის წარმოდგენით, მიწა არა რომელიმე პირს, არამედ მთლიანად მთელ თემს ეკუთვნოდა. მიწის გაყიდვაზე, მემკვიდრეობით გადაცემაზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ. ადიღურ ტომებში სისხლით ნათესაურ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მონათესავე ოჯახების ჯგუფები შეადგენდნენ გვარს. ყველა გვარს საერთო წინაპარი მამაკაცი ჰყავდა. ადიღურ სოფელში ერთი გვარის რამდენიმე დანაყოფი მკვიდრობდა. ერთი გვარის ხალხს შორის ქორწინება აკრძალული იყო. გვარის წევრებს სისხლის აღებისა და ურთიერთდახმარების ტრადიციაც აერთიანებდა.

მუჰაჯირობა

1791 წლიდან დაიწყო რუსეთის არმიის სისტემატური შეჯახება ადიღელებთან. ადიღეს დაპყრობა გეგმაზომიერად მიმდინარეობდა. რუსების უპირველეს მიზანს ადიღელთა ყუბანისპირა რაიონებიდან გაძევება წარმოადგენდა. თავის მხრივ, არც ადიღელები ყოფილან გულხელდაკრეფილი, - რუსეთის არმიასა და კაზაკების შენაერთებს საპასუხო დარტყმებს აყენებდნენ, ყუბანის მარჯვენა ნაპირზე სტანიცებს ანადგურებდნენ. ადიღელთა წინააღმდეგ 1839 წელს შავიზღვისპირეთის სანაპირო ხაზი აშენდა. სამხედრო სიმაგრეთა ჯაჭვი რუსებმა აფხაზეთიდან ანაპამდე გადაჭიმეს. 1840-იან წლებში ადიღელებმა მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. მათ ბრძოლებს სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ ხაჯი-მუჰამედი, სულეიმან-ეფენდი, მუჰამედ-ემინი. კავკასიის ომმა დააჩქარა ადიღელთა ისლამიზაცია. შამილის დატყვევებისა (1859 წლის აგვისტო) და დაღესტან-ჩეჩნეთში ომის დამთავრების შემდეგ, 1859 წლის ნოემბერში მუჰამედ-ემინი ცარიზმის არმიას დანებდა.

წინააღმდეგობა ადიღელებმა 1862 წელს განაახლეს. ცარიზმის არმიამ სანაპიროს გასწვრივი ზოლიდან მთების სიღრმეში გადაადგილება დაიწყო. რუსები აულებს ანადგურებდნენ და მოსახლეობას ბარში ასახლებდნენ. წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა - შაფსუღეთი (უბიხებთან ერთად) რუსებმა 1864 წელს დაიმორჩილეს. მოსახლეობა არჩევანის წინაშე დააყენეს - ან მთის აულებიდან უკლებლივ ყველას ბარში გადასახლება, ანდა თურქეთში გაძევება. 1860-იან წლებში დეპორტირებული რამდენიმე ათასი ადიღელი თურქეთსა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში განსახლდნენ. თვითმხილველები აღნიშნავდნენ, რომ უცხო ქვეყანაში გადასასახლებლად განწირული ადიღელები ხმამაღლა მოსთქვამდნენ, მიწაზე ემხობოდნენ და კოცნიდნენ; ყველა მათგანს თან მიჰქონდა ერთი მუჭა მიწა. თურქეთში ბევრი ადიღელი სამშობლოს დარდმა შეიწირა. უკან დაბრუნების მსურველებს ცარიზმი წინ გადაეღობა. მათი მცირე ნაწილი დაბლობში გადავიდა საცხოვრებლად.

ადიღელთა ოსმალეთში გადასახლება ერთჯერადი ფაქტი არ ყოფილია. დიდი რაოდენობით ისინი XIX საუკუნის ბოლოსაც წავიდნენ. ასე ჩამოყალიბდა ადიღელთა ეთნიკური ტერიტორიის თანამედროვე კონფიგურაცია. ეთნოგრაფიულ ჯგუფთა ტრადიციული დაყოფა დაირღვა, თუმცა ადიღელებს წინაპრების "ტომობრივი" მიკუთვნებულობის შესახებ დღესაც ყველაფერი ახსოვთ.

ბარსა და მთაში მცხოვრები ადიღელების სამეურნეო ყოფა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ბარში თუ მიწათმოქმედებას მისდევდნენ, მთაში მეურნეობის ეს დარგი საკმაოდ შეზღუდული იყო და მარცვლეული ძირითადად ბარიდან შეჰქონდათ. თესავდნენ ქერსა და ფეტვს, XIX საუკუნიდან - ძირითადად სიმინდსა და ხორბალს. მისდევდნენ მებაღეობასა და მევენახეობას, ჰყავდათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც. მესაქონლეობაში უპირატესობას ანიჭებდნენ წვრილფეხა საქონელს (თხა, ცხვარი), განვითარებული იყო მეცხენეობა, მისდევდნენ მონადირეობასა და მეფუტკრეობასაც. კაზაკი ისტორიკოსი ფიოდორ შჩერბინი აღნიშნავდა, რომ XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველი ნახევრის "ჩერქეზებს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიწათმოქმედი ხალხი ვუწოდოთ. ისინი ხელებს ომისთვის უფრთხილდებიან".

XVIII საუკუნის დასაწყისის გერმანელი მოგზაური ენგელბერტ კემპფერი წერდა: "ადიღელები არ თესავენ ჭვავს, შვრიას. მოჰყავთ მხოლოდ წიწიბურა თავიანთი ცხენებისთვის. მათ მთავარ სიმდიდრეს შეადგენს საქონელი და განსაკუთრებით მშვენიერი ცხენები, შემდეგ თხა და ცხვარი". XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ავტორი ფრანგი მოგზაური ობრი დე ლა მოტრე იმასაც აღნიშნავდა, რომ ცხვრის, საქონლის ხორცის შეზღუდულობის გამო, მთიელი ადიღელები უპირატესობას ცხენის ხორცს ანიჭებენო. იტალიელი ქსავერიო გლავანი კი ხაზს უსვამდა, რომ დასავლეთ ადიღელები "საჭმელად ბევრ ხორცსა და ცოტა პურს გამოიყენებენ, რომელსაც ფეტვის ფქვილისგან აცხობენ".

მექორწილეები თანამედროვე ადიღეში.ფოტო მოგვაწოდა სუსანა შკჰალაკჰოვამ

მტაცებლობის "თეორია"

XVIII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფი გერმანელი მეცნიერი პეტერ-სიმონ პალასი შაფსუღების შესახებ წერდა, რომ მათ დასამუშავებელი მიწა ძალიან ცოტა აქვთ და ძირითადად თარეშობენ. ამ მხრივ გამოირჩეოდა უორკების სოციალური ფენა, რომლის ფორმირება მოხდა არა მიწის საკუთრების ბაზაზე, არამედ ძირითადად სამხედრო ექსპანსიის შედეგად მოპოვებული ნადავლის, ალაფის საფუძველზე, ე.ი. სამხედრო დემოკრატიის (ჩიფდომის) პირობების გამო.

ადიღელებში თარეშის სისტემა საუკუნეების წინ ჩამოყალიბდა. 30-40-კაციანი და უფრო დიდი ჯგუფები საშოვარზე არა მარტო მეზობელ ქვეყნებში მიემართებოდნენ, არამედ თარეშობდნენ საკუთარ მიწაზეც. ძარცვავდნენ ყველას, იტაცებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ, მათ შორის, ადამიანებსაც. დატაცებულ ქონებასა და ადამიანებს ყიდდნენ თურქებზე, სპარსელებზე... თარეშის მასშტაბის შესახებ წარმოდგენას ყირიმელი ხანებისთვის ხარკის ტყვეებით გადახდის მაგალითი იძლევა, რომელიც ობრი დე ლა მოტრეს მოჰყავს: "ჩერქეზები ყოველწლიურად ხარკს იხდიან 6 ათასი მონითა და ამდენივე ცხენით".

საზოგადოებრივი აზრი თარეშს ამართლებდა და მის აუცილებლობასაც ასაბუთებდა. XVIII საუკუნის დასაწყისის იტალიელი მოგზაურის ქსავერიო გლავანის კითხვაზე, რატომ თარეშობთო, ჩერქეზებს უპასუხიათ: "ჩვენს ქვეყანაში არც ფულია, არც ბაზარი; სად ვიშოვოთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის ტანსაცმლის შესაძენად ფული? ჩვენ არ ვამზადებთ არანაირ ქსოვილს, მაგრამ თარეშის შემდეგ აქ საქონლით დატვირთული ვაჭრები მოდიან. ისინი გვამარაგებენ ყველა აუცილებელი და საჭირო ნივთით. ვისაც ყოველწლიურად სამ ბავშვს ვტაცებთ, ამით მათ სულაც არ ვაღარიბებთ. ისინი ყოველწლიურად აჩენენ შვილებს და დანაკარგს ასე ინაზღაურებენ. თარეშით კი ჩვენს ახალგაზრდობას კარგად ჩაცმის საშუალება ეძლევა. თუ ჩვენიანებს მოვტაცებთ ბავშვებს, ისინი სხვა მხარეში მოიტაცებენ. ეს სხვადასხვა მხარეებს შორის უბრალო გაცვლაა. ამით ახალგაზრდობაში საბრძოლო სულს ვავითარებთ".

"წმენდა" აფხაზეთში

ადიღური (და აბაზური) ტომები არც საქართველოს შავიზღვისპირეთს მორიდებიან. XV საუკუნიდან მათი თარეში იმდენად ინტენსიური გახდა, რომ ამან აფხაზეთში მოსახლეობის ცვლა გამოიწვია. აფხაზეთის ძველი მკვიდრი, ქრისტიანი და მიწათმოქმედი მოსახლეობის ნაწილი, ადიღურ-უბიხურ-აბაზური მოდგმის ტომებმა ან თურქეთის ბაზრებში გაყიდეს, ანდა მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სამხრეთ-აღმოსავლეთით, ენგურს გამოღმა გადმონაცვლა. მოშიშვლებულ, გაპარტახებულ აფხაზეთის ტერიტორიას კი შემდეგ მიგრანტი ადიღელები, უბიხები და აბაზები დაეუფლნენ, რომელთა მიგრაცია ორი მიმართულებით - ზღვის მხრიდან და მთიდან ხდებოდა.

ადიღელთა თარეში არა მხოლოდ მუდმივი იყო, არამედ ორგანიზაციულად სრულყოფილიც. XIX საუკუნის I ნახევრის აფხაზი ეთნოგრაფი სოლომონ ზვანბა წერდა, რომ მოთარეშეებს ჰქონდათ სპეციფიკური, "საიდუმლო" ენა, რომელიც მხოლოდ მათთვის იყო გასაგები. "თარეშის ენის" მთავარი ამოცანა თარეშის საიდუმლოების დაცვა იყო.

მოთარეშე რაზმებს წინამძღოლები ჰყავდათ, რომლებიც პატივით სარგებლობდნენ. მათ ყველა უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ორგანიზაციული თვალსაზრისით თარეშის ყველა დეტალი ზედმიწევნით მოფიქრებული და გათვლილი იყო. რაზმი დასახლებულ პუნქტს თავს გათენებამდე ნახევარი საათით ადრე ესხმოდა. საცხოვრებელ სახლებში შეჭრილი მოთარეშეები იტაცებდნენ ყველაფერს, რასაც მოიხელთებდნენ, წინააღმდეგობის გაწევისთვის კი კლავდნენ. ძარცვა ჩვეულებრივ 30-40 წუთს გრძელდებოდა. მოთარეშეთა უკან დაბრუნებასაც თავისი მკაცრი წესები გააჩნდა. პირველ რიგში უსაფრთხოებას იცავდნენ, რისთვისაც შესაძლოა ნადავლის ნაწილსაც შელეოდნენ. დაბრუნებისთანავე სრულდებოდა საზეიმო რიტუალი, შემდეგ კი ნადავლს იყოფდნენ. ნაწილი ეძლეოდათ ლაშქრობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც. მათ გმირებად მიიჩნევდნენ, მათზე სიმღერებს ქმნიდნენ, ლეგენდებს ყვებოდნენ.

მექორწილეები თანამედროვე ადიღეში.ფოტო მოგვაწოდა სუსანა შკჰალაკჰოვამ

წმინდა მუხის ჩრდილში

ადიღელების სოფელს წრის ან კვადრატის ფორმა ჰქონდა. მის პერიმეტრზე საცხოვრებლებს ფასადი სოფლის შიდა მხარეს ჰქონდათ მიქცეული, შუაში კი იყო დიდი ეზო პირუტყვისთვის, ჭები, მარცვლეულის შესანახი ხაროები, მოედანი. დასახლება გარშემორტყმული იყო მაღალი და მტკიცედ მოწნული კედლებით, ბოლოში სათვალთვალო მოწნული კოშკით.

ადიღელები იკვებებოდნენ ფეტვით, ხორცით, რძის პროდუქტებით (მაწონი, ყველი). ფეტვის ბურღულის, შემდეგ კი სიმინდის ფქვილისგან სქელ ფაფას ხარშავდნენ. სხდებოდნენ დაბალ სკამებზე. სუფრას შლიდნენ პატარა მაგიდებზე. ოჯახის წევრები ცალ-ცალკე სადილობდნენ, მით უმეტეს, ქალები და მამაკაცები. სტუმრებისთვის და სადღესასწაულო დღეებში რჩეულ კერძებს ამზადებდნენ. სუფრასთან მკაცრად იცავდნენ ეტიკეტს, რომლის მთავარი შინაარსი სტუმრისა და უფროსისადმი პატივისცემასა და მოწიწებაში გამოიხატებოდა. სტუმარს არა მხოლოდ ოჯახის უფროსი, არამედ მასპინძლის ნათესავები და მეზობლებიც ემსახურებოდნენ.

ადიღელების ტანსაცმელი კავკასიური ჩოხა-ახალუხი იყო, რომელსაც რუსებმა XIX საუკუნის შუა ხანებში "ჩერქეზკა" შეარქვეს. ჩოხა მხოლოდ სადღესასწაულო სამოსი იყო და ის ყველას არ ჰქონდა. რაც შეეხება ვარცხნილობას, XVII საუკუნის ავტორთა ცნობით, ადიღელები შუბლიდან კეფამდე შუაში ერთ ზოლად თმას იპარსავდნენ, გვერდებზე კი გრძლად იზრდიდნენ და ხშირად იკეთებდნენ ნაწნავს. 1634 წლის წყაროს მიხედვით, გოგონები და გათხოვილი ქალები ადიღეში გაშლილი თმით დადიოდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში ადიღელ ქალებს ორი ნაწნავი უტარებიათ.

XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში ძირითადი სოციალური და სამეურნეო ერთეული იყო პატარა (ინდივიდუალური) ოჯახი. გვხვდებოდა 60-სულიანი ოჯახებიც. საოჯახო ყოფა პატრიარქალური წეს-ჩვეულებებითა და ნორმებით განისაზღვრებოდა. ქალი მთლიანად დამოკიდებული იყო მამასა და ძმაზე, შემდეგ კი - ქმარზე. მას ქმართან გარეშე პირთა თანდასწრებით სუფრასთან დაჯდომის უფლება არ ჰქონდა. ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

ადიღელებში გაბატონებული ფორმა იყო მონოგამიური ქორწინება. მაჰმადიანობის მიღების შემდეგაც მრავალცოლიანობამ ფეხი ვერ მოიკიდა.

ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო უმძრახობის ინსტიტუტი - ქორწინების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში კონტაქტი ქმრის მშობლებთან და უფროს მამაკაც ნათესავებთან ტაბუდადებული იყო. საყოველთაოდ გავრცელებული იყო ლევირატი. ჯერ კიდევ XV საუკუნეში იტალიელი მკვლევარი ჯორჯო ინტერიანო წერდა, რომ სირცხვილი არ იყო ახალგარდაცვლილი ძმის ქვრივთან ღამის გატარება. გავრცელებული იყო გაძიძავება. XVII-XIX საუკუნეების ავტორებს (ტავერნიე, სტრუიუსი, ბელი) თუ დავუჯერებთ, ადიღელი ქალიშვილები ატარებდნენ თხელ კორსეტს. ძირითადად თხის, აგრეთვე ცხვრისა და ხბოს ტყავის ფართო კორსეტს უკვე 8-10 წლის ასაკიდან სხეულზე შემოიჭდევდნენ და გათხოვებამდე ატარებდნენ. კორსეტს მხოლოდ გათხოვების შემდეგ, პირველი ღამის დროს, ქმარი ხანჯლის წვერით ფრთხილად ხსნიდა. სხეულზე მჭიდროდ შემოჭერილი კორსეტი, ბუნებრივია, ტანწვრილობის წინაპირობა იყო. გოგონებს კორსეტი მკერდსაც უფარავდა. გათხოვებისას ის, ფაქტობრივად, არც ეტყობოდათ. გათხოვების შემდეგ კი სარძევე ჯირკვლები სწრაფად ეზრდებოდათ.

ადიღელები ჭამდნენ ზომიერად, აუცილებლად მოხდენილები და ტანწერწეტები უნდა ყოფილიყვნენ. ტრადიციული იყო ურთიერთდახმარება და სტუმართმოყვარეობა. ფართოდ იყო გავრცელებული ძმადნაფიცობა, შვილად აყვანის წესი, ასევე რამე დანაშაულის გამო თემიდან გაქცეულის სხვის თემში შესვლა, ხელოვნური დანათესავება.

დუჯზეს (თურქეთი) უნივერსიტეტის ადიღური ენისა და ლიტერატურის განყოფილების დოცენტი, ადიღელი სუსანა შკჰალაკჰოვა (ზის მარცხნიდან პირველი) ადიღური წარმომავლობის მუჰაჯირთა შთამომავლებს თურქეთში მშობლიურ ენას ასწავლის

ადიღეში ჩვეულებითი სამართალი (ადათი) მოქმედებდა. ყველა ტომს საკუთარი ადათი ჰქონდა. ისლამის გავრცელებასთან ერთად, ფეხი თანდათან შარიათმაც მოიკიდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისლამმა თანდათან გამოდევნა ტრადიციული ქელეხი, აიკრძალა დოღი, გასართობი თამაშები და სპირტიანი სასმელი.

ადრეულ შუა საუკუნეებში ადიღეში ქრისტიანობა ბიზანტიიდან და საქართველოდან გავრცელდა. მთავარი ქრისტიანული სიმბოლო და წარმართული კერპი აღინიშნებოდა ქართული სიტყვით "ჯვარი". ქრისტიანობის გავრცელებაზე მიუთითებენ ეკლესიების ნაშთები, ქვის ჯვრები და საფლავის ქვები ბერძნული ქრისტიანული წარწერებით. ოსმალურ-ყირიმული ექსპანსიის შედეგად ქრისტიანობამ პოზიციები დათმო. დღეს ადიღელები მაჰმადიანი სუნიტები არიან. ისლამი მათ შორის XVI საუკუნეში გავრცელდა, მთის ცალკეულ ტომებში კი - XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის დასაწყისში.

დასავლეთ ადიღელთა წარმართული პანთეონის სათავეში იდგა შემოქმედი ღმერთი თჰაშხუო. ასევე პატივს მიაგებდნენ შიბლეს, რომელიც ერთდროულად ელვისა და ჭექა-ქუხილის ღვთაება, მეხისა და წვიმის მბრძანებელი, მიწათმოქმედების ერთ-ერთი მფარველი და ადამიანთა შემწე იყო. განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ ლაშქრობის ღვთაებასა და მეომართა მფარველს ზეიკუთჰას. ამ ღვთაებას განსაკუთრებით ვაჟის ცხენზე პირველად შესმის დროს (3-7 წლის ასაკში) მიმართავდნენ. მიწათმოქმედებისა და უხვმოსავლიანობის ღვთაება იყო სოზერიში, მესაქონლეობისა - ახინი, ტყის ნადირთა და ნადირობისა - მეზითჰა, მჭედლებისა - თლეფშე. ბევრ წარმართულ დღესასწაულს ქრისტიანობის ნაკვალევიც ეტყობოდა. განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ჯვარს, მაგრამ მას ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც წარმართულ კერპს. ეთაყვანებოდნენ ტყეებს, ბუჩქებს, ხეებს, ქვებს. ხეებს შორის გამორჩეულად მუხას სცემდნენ თაყვანს, განსაკუთრებით თუ ის მეხნაკრავი იყო. მეხი ღვთაება შიბლეს ხილულ გამოხატულებად მიიჩნეოდა. მეხით დაღუპულს კი გამორჩეული პატივით კრძალავდნენ.

ადიღური ფოლკლორიდან პირველ ყოვლისა შეიძლება ნართული ეპოსი დავასახელოთ. სიმღერებიდან გავრცელებული იყო საგმირო, ლირიკული და ყოფითი სიმღერები. თითქმის ყველა სადღესასწაულო სანახაობას თან ახლდა ცეკვა.

ადიღელებს/ჩერქეზებს ერთგვარი სტერეოტიპი გააჩნდათ მეზობელი ეთნოსებისადმი. მაგალითად, თუ თავიანთი ჩერქეზობით ამაყობდნენ, ნოღაელებს ზემოდან უყურებდნენ, მაგრამ როგორც მუსლიმებს, მაინც პატივით ეპყრობოდნენ და მათ სომხებსა და ებრაელებზე მაღლა აყენებდნენ.

ადიღელთა სულიერ განვითარებაში დიდი როლი შეასრულა მწერალმა და ეთნოგრაფმა სულთან ხან-გირეიმ. მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა ჩანაწერები "ჩერქეზეთის შესახებ" (1836), ასევე "ჩერქეზული გადმოცემები".

როლანდ თოფჩიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#42