თამარ მეფე, ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო - კვირის პალიტრა

თამარ მეფე, ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

"გელათში ერთიანი საქართველოს 11 და იმერეთის 12 მეფე განისვენებს"

თამარის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ კამათი კიდევ ერთხელ განახლდა ინგუშეთის მთიანეთში უძველესი გამოქვაბულის აღმოჩენის შემდეგ, რომელიც მდინარე ასას ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გამოჩნდა. ინგუშ არქეოლოგთა მტკიცებით, სამარხი ქართული წარმომავლობისაა: გაწმენდის სამუშაოებისას მიაკვლიეს გამოქვაბულს, რომლის შესასვლელშიც განლაგებულია მასიური ქვები ქართული წარწერებით. ყველაფერი მიუთითებს, რომ აქ დიდგვაროვანია დაკრძალული. თუმცა არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევების გარეშე დადასტურებულად რამის თქმა შეუძლებელია.

ხალხური გადმოცემები, რომ თამარი ამა თუ იმ ადგილას არის დაკრძალული, არსებობს როგორც საქართველოში, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. როგორც საქართველოს ყველა კუთხეში ეძებენ საფლავს, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაშიც რამდენიმე ადგილს მიუთითებენ, სადაც თითქოს თამარია დაკრძალული. ეს გადმოცემები გვიანდელ ლეგენდებს უკავშირდება და მათზე დაყრდნობით ძნელია თქმა, სად არის საქართველოს მეფის ძვალშესალაგი.

ჩრდილოეთი კავკასია თამარის დროს საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული გავლენის სფეროში შემოდიოდა. ბუნებრივია, ლეგენდების წარმოშობას ამ გარემოებამაც შეუწყო ხელი. ყოველ შემთხვევაში, ინგუშეთში XI-XIII საუკუნეების რამდენიმე მართლმადიდებლური ტაძარია აღმოჩენილი, მათ შორის ქართული ლაპიდარული წარწერებით.

თამარის საფლავს უჩვეულო ბედისწერა დაჰყვა. მეფექალის თანამედროვე ისტორიკოსებიდან მოყოლებული, თითქმის ყველა მემატიანე, XVIII საუკუნის ჩათვლით, ერთგულია იმ აზრისა, რომ თამარი გელათშია დაკრძალული. თუმცა ქართველ საზოგადოებას კვლავინდებურად ხალხური გადმოცემების უფრო სჯერა. ჩნდება კითხვა, - ნუთუ რამე სიმართლე შეიძლება ამ გადმოცემებში იმალებოდეს?

აშკარაა, რომ ეს გადმოცემები უნდა შექმნილიყო თამარის გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგ. თამარ მეფის ეპოქაში საქართველო კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერეს ქვეყანას წარმოადგენდა და მისი ხელმწიფის ნეშტის გადამალვა აზრად არავის მოუვიდოდა, ამის აუცილებლობაც არ იარსებებდა. XIII საუკუნის II ნახევარში ყველამ იცოდა, სად განისვენებდა თამარ მეფე. გვიან შუა საუკუნეებში კი, როცა საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა და გახშირდა მტერთა შემოსევები, შესაძლებელია (ჩვენ ამ მოსაზრებას ერთ-ერთ ვარიანტად ვტოვებთ), ბერებს თამარის ნეშტი მართლაც გადაემალათ. ამან კი ლეგენდების გაჩენას მისცა დასაბამი.

ჩვენს წერილობით წყაროებში პირდაპირ არის მითითებული თამარის დაკრძალვის ადგილი. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" მოგვითხრობს: "და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა". "ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა" აღნიშნავს: "მაშინ უკუე აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა". ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე კი ამბობს: "დამარხეს ახალსა მონასტერსა, გელათს". ამ წყაროთა ავტორები შესაძლოა თამარის დაკრძალვასაც ესწრებოდნენ. ჩვენ გვაქვს არაპირდაპირი ცნობა, რომ თამარის საფლავი მისი გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგაც გელათშია. კიდევ არსებობს მეტად საინტერესო დოკუმენტი - 1260-1267 წლებში შედგენილი ლიხთ-იმერთა მეფე დავით ნარინის მეუღლის მიერ გელათის მონასტრისთვის შეწირული სიგელი, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროს უკვე ცნობილი იყო გელათში თამარის საფლავის არსებობის შესახებ და მას მწირველიც ჰყავს მიჩენილი - ილარიონ ფავნელი, დავით ნარინის გამზრდელი.

ლეგენდა, თითქოსდა ლაშა-გიორგიმ, ანდერძის თანახმად, დედა იერუსალიმში დაკრძალა, ეფუძნება ჯვაროსანი რაინდის არაპირდაპირ ცნობას, რომლის მიხედვითაც, იერუსალიმისკენ მოემართება თამარის ვაჟი, რომელსაც დედის ნეშტი მოაქვსო. მაგრამ ლაშა-გიორგისა და ქართველთა ამალას იერუსალიმამდე რამდენიმე მაშინდელი პოლიტიკური ერთეულის ტერიტორიაზე უნდა გაევლო, ეს კი არავითარი წყაროთი არ დასტურდება. არის სხვა გარემოებაც: დანამდვილებით ცნობილია, რომ ლაშა-გიორგი იერუსალიმში არ გამგზავრებულა.

თამარ მეფის საფლავის (და საერთოდ, ქართველ მეფეთა საფლავების ადგილმდებარეობის) დადგენა, ვფიქრობ, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით უნდა მოხდეს. წმინდა სინოდმა უნდა შექმნას ჯგუფი, რომელშიც შევლენ ისტორიკოსები, არქეოლოგები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც გახსნიან გელათის მეფეთა საძვალეს. გელათში ერთიანი საქართველოს 11 მეფე, იმერეთისა კი 12 მეფე განისვენებს. სამწუხაროდ, რამდენიმეს გარდა, მათი საფლავების ზუსტი ადგილი უცნობია.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა უფრო მნიშვნელოვანია - დაკარგულად მივიჩნიოთ ჩვენი მეფეების საფლავები, დავიკრიფოთ ხელები და ვთქვათ, დაკარგულიაო, თუ ვიცოდეთ, სად განისვენებენ ისინი და პატივი მივაგოთ.

ჯაბა სამუშია

ჟურნალი "ისტორიანი",#43