"ჭი­ჭი­კო, ამ­დე­ნი ხალ­ხი და ასე­თი კარ­გი გას­ვე­ნე­ბა შენ აღარ გე­ღირ­სე­ბა, ბა­რემ და­წე­ქი და ეგ იქ­ნე­ბაო!" - სახალისო მოგონებები კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

"ჭი­ჭი­კო, ამ­დე­ნი ხალ­ხი და ასე­თი კარ­გი გას­ვე­ნე­ბა შენ აღარ გე­ღირ­სე­ბა, ბა­რემ და­წე­ქი და ეგ იქ­ნე­ბაო!" - სახალისო მოგონებები კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის ცხოვრებიდან

გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, არჩილ კერესელიძის ნაწარმოებები მსმენელმა შეიყვარა და გაითავისა.

მრავალი პოპულარული სიმღერის ("ყელსაბამი", "მუხამბაზი"), მხატვრული ფილმის ("მაგდანას ლურჯა", "სხვისი შვილები", "დიდოსტატის მარჯვენა", "ჩვენი ეზო", "ფატიმა", "ქეთო და კოტე") მუსიკის ავტორს იუმორის მომადლებული ნიჭიც ჰქონდა, მისი ხუმრობა კეთილი იყო, ღვარძლის ნატამალის გარეშე. მეგობრებს მოსწონდათ მისი მოსწრებული კალამბური თუ ხუმრობით ნათქვამი სიტყვა...

არჩილ კერესელიძეს დღესაც იგონებენ, ხალხში დარჩა კომპოზიტორის სიყვარული და პატივისცემა. ვერავითარი ჯილდო და პრემია ვერ უშველის ადამიანს, თუ ის ხალხს არ უყვარს, არჩილ კერესელიძე კი უყვარდათ.

გთავაზობთ რამდენიმე მხიარულ მინიატურას ცნობილი კომპოზიტორის ცხოვრებიდან:

"თავო ჩემო"

ერთი პერიოდი არჩილ კერესელიძე სახალხო სასამართლოს მსაჯული იყო. ერთ-ერთ პროცესზე ახალგაზრდა ქალ-ვაჟის საქმე ირჩეოდა, ვაჟს უცნობი გოგოსთვის უკოცნია და ამისთვის ოთხი წლით პატიმრობას უსჯიდნენ. არჩილმა ვერ მოითმინა და წამოიძახა: - როგორ! ორჯერ კოცნისთვის ამდენი? მაშ, მე დახვრეტილი უნდა ვიყო!.. დარბაზში ისეთი სიცილი ამტყდარა, რომ კინაღამ პროცესი შეწყვეტილა.

განსაკუთრებით ვერ იტანდა განქორწინების პროცესს, როდესაც "ხასიათების შეუთავსებლობის" გამო ოჯახს ანგრევდნენ. - მეუღლის გამოცვლას ხასიათის გამოცვლა არ სჯობიაო? - ამბობდა.

მის სადარბაზოში ერთი ას წელს მიტანებული კაცი ცხოვრობდა. მოხუცს ძილი გატეხილი ჰქონდა. ღამღამობით სადარბაზოში ძველ ტახტზე იჯდა და ხშირად მღეროდა "თავო ჩემო, ბედი არ გიწერია".

ბატონ არჩილს ეღიმებოდა - შე კაი კაცო, ამ ხნისა მოყრილხარ და შენ თუ კიდევ ბედი არ გიწერია, მაშინ ვანო სარაჯიშვილს რაღა უნდა ემღერაო?

პლაგიატი

ერთხელ, არჩილ კერესელიძე მეგობრის, არცთუ ნიჭიერი დრამატურგის პიესის პრემიერას ესწრებოდა.

მეორე მოქმედება რომ დაიწყო, მისმა მეგობარმა, ლიტერატორმა ლევან ჭუბაბრიამ გადაულაპარაკა:

- არჩილ, ამ ჩვენს ძმაკაცს, პიესის სიუჟეტი ვიღაცისგან აქვს მოპარულიო.

- დაანებე კაცო თავი, ვისგანაც გინდა მოიპაროს, ოღონდ თავისი არ დაწეროს! - გაეცინა არჩილს.

* * *

ოპერა "ბაში-აჩუკს" ორი ლიბრეტისტი ჰყავდა – შალვა ჯაფარიძე და ჭიჭიკო გელეიშვილი. როცა შალვა გარდაიცვალა, ჭირისუფლებმა არჩილს კატაფალკის მოყვანა დაავალეს, მაგრამ რადგანაც მაინცდამაინც იმედი არ ჰქონდათ, რომ გაახსენდებოდა, მის ძმას, ვახტანგსაც იგივე სთხოვეს. დაკრძალვის დღეს არჩილმა დროულად გამოგზავნა მანქანა. მას არც ძმა ჩამორჩა და გარდაცვლილის სახლის ვიწრო ეზოში ორი, შავხავერდგადაკრული კატაფალკა ძლივს შემოეტია. ხალხი შეცბა, არჩილი არ დაიბნა და იქვე მდგომ მეორე ლიბრეტისტს ომახიანად უთხრა: - ჭიჭიკო, აგერ მეორე მანქანაა, ამდენი ხალხი და ასეთი კარგი გასვენება შენ აღარ გეღირსება, ბარემ დაწექი და ეგ იქნებაო! – მისმა უწყინარმა ხუმრობამ მგლოვიარე ხალხში სიცილი გამოიწვია.

მარცხნივ - პეტრე გრუზინსკი, მარჯვნივ - ბიძინა კვერნაძე. ფოტოს გადაღების ადგილი უცნობია

* * *

ბატონი არჩილი კონცერტზე წავიდა კონსერვატორიაში, შესასვლელში ხალხი დიდი სიყვარულით შეხვდა. ერთ-ერთ მის კოლეგას, ჩანს, შეშურდა ასეთი შეხვედრა და არჩილს მიმართა:

- რას შვრები, ტუხა (არჩილ კერესელიძის მეტსახელი), დიდი ხანი არ ჩანხარ, როგორ ხარ? შენზე ამბობენ, შიზოფრენია დაემართაო.

- შიზოფრენიით შუმანი და ბეთჰოვენი იყვნენ დაავადებული, შიზოფრენია გენიოსების დაავადებაა. შენ ნუ გეშინია, არასოდეს დაგემართება! - "დაამშვიდა" კომპოზიტორმა კოლეგა.

ბაგრატიონთა "დამცველი"

ცნობილმა პოეტმა და მეფე ერეკლეს შთამომავალმა, პეტრე გრუზინსკიმ მცხეთაში ნაკვეთი მიიღო.

მაშინ ნორმა 600 კვადრატული მეტრი იყო და პეტრეს 630 გამოსდიოდა.

აღმასკომის თავმჯდომარე კი უარს იყო, არ უფორმებდა.

პეტრემ მეგობრებში წაიწუწუნა და ერთ მშვენიერ დღეს რევაზ ლაღიძე და არჩილ კერესელიძე იახლა მცხეთაში.

თავმჯდომარემ დიდი პატივისცემით მიიღო სტუმრები, მაგრამ მაინც უარი უთხრა, არ ეკუთვნისო.

მაშინ კი აღელდა ბატონი არჩილი, ბაგრატიონებს მთელი საქართველო წაართვით და ამას ზედმეტ 30 მეტრს არ აძლევთო?

ამან კი გაჭრა და ბატონ პეტრეს ნაკვეთი გაუფორმეს.

დოქტორი "წიქარა"

მიხეილ ჩიქოვანი ცნობილი ფოლკლორისტი იყო, აკადემიკოსი.

ერთხელ, იაპონიაში წავიდა მივლინებით. ისეთი პერიოდია, რომ საბჭოთა მეცნიერებს (ძირითადად ფიზიკოსებსა და მათემატიკოსებს) საზღვარგარეთ "იპარავენ" ან თვითონ რჩებიან. ბატონი მიხეილის შვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, კი ნერვიულობს, ჩამოსვლას აგვიანებს და ხომ არ მოიტაცესო?!

ეს ამბავი სუფრასთან ხდებოდა, სადაც იმყოფებოდნენ არჩილ კერესელიძე, ლევან ჭუბაბრია, რამაზ გიორგობიანი, ზურაბ ჭუბაბრია და ბადრი ჭოხონელიძე. არჩილმა ვახტანგს სრულიად უწყინარი სახით უთხრა, ბიჭო, ფიზიკოსებს დასდევენ, მამაშენს კი სადოქტორო "წიქარაზე" აქვს დაცული და შეგიძლია წყნარად იყოო.

"შეცდომები" გენიოსებსაც

მოსდიოდათ!

არჩილ კერესელიძემ ერთხელ ვასო გოძიაშვილზე გვიამბო. ერთხანს ერთად მუშაობდნენ მარჯანიშვილის თეატრში.

"მეფე ერეკლე" იდგმება და პატარა კახის როლში ვასო უნდა გამოვიდეს, საქართველოს ბედი შეავედროს უფალს.

დარბაზი დაძაბული უყურებს გენიალურ მსახიობს, რომელიც ხელებაპყრობილი იყურება მაღლა და შთაგონებით შეჰღაღადებს ზეციერს. თურმე ამ დროს ამჩნევს, რომ ჭერიდან ჩამომავალი თოკი საეჭვოდ ირხევა. ჩამოაყოლა მზერა და რას ხედავს! ვიღაც ჭერიდან კულისებში ჩამომავალ თოკზე ჩამოკიდებულა და... შარვალი ჩაუხდია!

- რა დროს ლოცვაა, კაცო! - წამოიძახა თურმე ბატონმა ვასომ და იმავე ტონით, როგორითაც მონოლოგს წარმოთქვამდა, განაგრძო, - ვააა, ტ...ი, ნეტავი ვისია?!

დარბაზის ხარხარს ფარდის დაშვება მოჰყოლია...

თურმე ჟორა შავგულიძე ჩამოკიდებულა თოკზე და ვასოს აგიჟებდა.

ხუთ-ხუთი თუმნით დაუჯარიმებიათო (მაშინ ცოტა არ იყო ხუთი თუმანი!).

(მარცხნიდან) სულხან ცინცაძე, კარა კარაევი, დავით თორაძე, არჩილ კერესელიძე და ბიძინა კვერნაძე

"იქაც" არაფერია?!

"გოფილექტის" (ფილარმონიის) ბაღის რესტორანში რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ცუდად გახდა (გული წაუვიდა). როცა მოაბრუნეს, ბატონმა არჩილმა ჰკითხა: - რა ხდება, რა ამბავია?

- სად?! - იკითხა ბატონმა გიგამ.

- იქ, სადაც იყავი და საიდანაც ამ წუთში მოხვედი.

გიგა გონს რომ მოვიდა, გაიცინა და და უპასუხა: - არაფერი, რა უნდა ხდებოდეს...

- როგორ, კაცო "იქაც" არაფერია?!

მხიარული ამბები გაიხსენა

ლევან ჭუბაბრიამ ჟურნალი "ისტორიანი",#43