ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორის სვეტი - კვირის პალიტრა

ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორის სვეტი

მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი სამშობლოში ჩამოვიდა. ქართველი გვირგვინოსანი ასტრახანში გარდაიცვალა, იქვე დაკრძალეს და არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით მშობლიურ მიწაში განსვენება არ ეღირსა. ჩვენ არ ვართ განებივრებული ჩვენი ისტორიული პირების, მონარქების პორტრეტებით. დანამდვილებით არ ვიცით, როგორ გამოიყურებდა მათი უმრავლესობა. მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტი ამ თვალსაზრისით ბედნიერ გამონაკლისს წარმოადგენს. თანამედროვე ქართველობას შეუძლია, ქართველი მეფის იერი და ჩაცმულობა იხილოს მეფისვე თანამედროვე პორტრეტისტის მიერ შესრულებულ ფერწერულ ტილოზე.

ამიტომ, როცა საქართველოს ხელოვნების სასახლემ პორტრეტის საქართველოში ჩამოსვლა აუწყა საზოგადოებას, სასახლის ეზოში დაინტერესებული ადამიანების რიგი დადგა. ამ ნახატის შემდგომი ბედისა და მისი საქართველოში დაბრუნების ამბავს იხილავთ რუბრიკაში “სამეფო საგანძური”.

კიდევ ერთი ძვირფასი ექსპონატის შესახებ გამცნობთ სტატიაში «სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის ხელნაწერი ლილის ბიბლიოთეკაში». ინდიანის უნივერსიტეტის ამ ბიბლიოთეკაში ინახება სულხან-საბა ორბელიანის «სიტყვის კონის» ხელნაწერი, რომელიც დღემდე გამოუცემელი და დაუმსახურებლად მივიწყებულია. ის საყურადღებოა თავისი უნიკალური საზედაო ასოებით, რომელთა ანალოგი ქართულ ლიტერატურაში არ მოგვეპოვება. მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ზოგიერთი მათგანის შთამბეჭდავი ილუსტრაცია და ხელნაწერის შექმნისა და ლილის ბიბლიოთეკაში მოხვედრის ისტორია.

«38 წლის წინ, 1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს ხუთი ტყვია დაახალეს. მარკ დევიდ ჩეპმენმა სიცოცხლეს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი გამოასალმა. ლენონის გარდაცვალებამ შეძრა მსოფლიო, სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით თაყვანისმცემელი თავზარდაცემული იყო», - სტატია რუბრიკით «საბედისწერო თარიღები» მკითხველს დაწვრილებით წარმოუდგენს ჯონ ლენონის მკვლელობის ამბავს.

«ისტორიანი» კვლავინდებურად არ ღალატობს ტრადიციას და მკითხველს სთავაზობს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიის მრავალფეროვან ფაქტებსა და მოვლენებს, სიახლეებს...

ჯაბა სამუშია