ბალტიისპირეთი ქართველთა თვალსაწიერში - როგორ აისახა ბალტიის ქვეყნების პრობლემატიკა ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ აზროვნებაში - კვირის პალიტრა

ბალტიისპირეთი ქართველთა თვალსაწიერში - როგორ აისახა ბალტიის ქვეყნების პრობლემატიკა ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ აზროვნებაში

ნაწილი I

ემიგრაციაში გახიზნულ ქართველ სამხედრო-პოლიტიკურ მოღვაწეებსა და მეცნიერებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ თავიანთ ბალტიელ კოლეგებთან. ამის დამადასტურებელი ცნობები შემონახულია იმდროინდელ ქართულ ემიგრანტულ პრესასა და მემუარულ ლიტერატურაში. ეს საკითხი მონოგრაფიულად გვაქვს შესწავლილი წიგნში "ნარკვევები ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიიდან" (თბ., 2011).

საქართველოში საბჭოთა რუსეთის ინტერვენციისა და მისი შედეგების გამო, ოფიციალური პროტესტი განაცხადეს ევროპის სახელმწიფოებისა და მათ შორის, ბალტიის რესპუბლიკების სოციალისტურმა და მუშათა პარტიებმა. საქართველოში მომხდარ მოვლენებს ბალტიის ქვეყნების პრესამ ობიექტური შეფასება მისცა.

საზღვარგარეთ გამომავალ ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა სტატიები, რომლებიდანაც ჩანს, რას ფიქრობდნენ ემიგრანტები ბალტიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებზე. ამ სტატიების ავტორები იყვნენ ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები: სოციალ-დემოკრატთა ლიდერი, ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია (1868-1953); მეცნიერი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი (1875-1944); მწერალი შალვა ამირეჯიბი (1886-1943); მეცნიერი ვიქტორ ნოზაძე (1893-1975); ჟურნალისტები: ელისე პატარიძე (1896-1975), ალექსანდრე ცომაია (1907-1956), მიხეილ ქავთარაძე (1906-2008) და სხვები. ისინი სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, აშშ-სა თუ არგენტინაში, სადაც პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ. მათ პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში საკმაოდ ხშირად იხსენიებიან თავისუფლებისმოყვარე ლატვიელი, ლიტველი და ესტონელი ერები, რომლებიც, ქართველების მსგავსად, თავდადებით იბრძოდნენ სსრ კავშირის წინააღმდეგ. ამ საერთო საქმეში ქართველ ემიგრანტებს ბალტიელები თავიანთ მოკავშირეებად მიაჩნდათ.

პარიზში გამომავალ გაზეთში "დამოუკიდებელი საქართველო" (1926, #5) შალვა ამირეჯიბი წერდა: "ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე სამარცხვინო ამბავი, რის გამოც რუსული რევოლუცია მუდამ ბარბაროსული დარჩება, ის არის, რომ ყოვლის უწინარეს, მან მოსპო ის, რასაც რევოლუციის თეორეტიკოსები მის პირდაპირ ნაყოფად სთვლიდნენ. აქ უნდა ვიგულისხმოთ ახალ ეროვნულ სახელმწიფოთა წარმოშობა რუსეთის განაპირებზედ. ასე ფიქრობდნენ, ყოველ შემთხვევაში, რუსის ბოლშევიკები მაინც, რომლებიც ერთა თვითგამორკვევის უფლებას თავის პრინციპად აცხადებდნენ. თუ ასეა, მაშინ ოქტომბრის რევოლუცია ის ხარბი მხეცი გამოდგა, რომელმაც თავისი ნაშობი თვითონვე შეჭამა, მაგრამ საქმე სწორედ ასე არ არის.

ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ევროპის ომის პრინციპი იყო და ახალი სახელმწიფონი მან წარმოშვა. მან მოიტანა: თავისუფალი პოლონეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული სერბია, დამოუკიდებელი ფინლიანდია, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი... და პირიქით, სწორედ ოქტომბრის რევოლუცია იყო, რომ დაამხო დამოუკიდებელი უკრაინა, ყაზახთა რესპუბლიკები, ჩრდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ხივისა და ბუხარის საემიროები. ასე იყო საქართველოს შესახებაც. დამოუკიდებელი საქართველო შობა ევროპის ომმა და მოჰკლა ოქტომბრის რევოლუციამ".

გაზეთში "დამოუკიდებელი საქართველო" (1927, #23) გამოქვეყნებულ სტატიაში "ბალტიკა" აღნიშნული იყო, რომ სსრ კავშირის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა თავისი ექსპანსიონისტური ზრახვები ბალტიის ქვეყნების მიმართ. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა სსრ კავშირსა და ლატვიას შორის იმხანად დადებულ სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც, ხსენებული გაზეთის რედაქციის აზრით, დიდ საფრთხეს უქმნიდა როგორც ამ პატარა რესპუბლიკის, ასევე მისი მეზობელი ლიტვისა და ესტონეთის დამოუკიდებლად არსებობას. სტატიაში ვკითხულობთ: "ხელშეკრულებას ეძახიან "სავაჭროს", ხოლო სინამდვილეში ლატვიის მრეწველობა-ვაჭრობა შედის რუსეთის "ვნეშტორგბანკის" (საგარეო ვაჭრობის ბანკი. - ნ.ჯ.) სფეროში და უკანასკნელის აგენტები თავისუფლად ინავარდებენ პატარა რესპუბლიკაში. ჩვენ გვესმის რიგის გასაჭირი რუსეთისაგან გამოცალკევების შემდეგ, მაგრამ ეს დროებითი იყო და მისი წამალი სხვაგან უნდა ეძებათ. თითქოს გამონახეს კიდეც, როცა ესტონიასთან დასდეს სავაჭრო კავშირის ხელშეკრულება, რომელიც ტექნიკურ დაბრკოლებათა გაფანტვას უცდიდა მხოლოდ ძალაში შესვლისათვის.

დღეს კი დამოკიდებულება ისე წახდა ორთავე რესპუბლიკას შორის, რომ შიშობენ პოლიტიკურად მთლად არ დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. იმის მაგიერ, რომ ბალტიის სამი რესპუბლიკა: ლიტვა, ესტონია, ლატვია შეეკრან ერთმანეთს საბაჟო და საზოგადოთ კონფედერატიულ კავშირით და ასე გამაგრებულნი, შეუთანხმდნენ თავდაცვის კითხვებში ფინლანდიასა და პოლონეთს, ისინი, სამწუხაროდ, ერთმანეთს ეცილებიან, აბა ვინ ჩაიგდებს ხელში რუსეთის ტრანზიტს დასავლეთით. სწორედ ამ სპეციფიკურ, მათთვის უეჭველად საინტერესო კითხვაშიც, ისინი მოიგებდნენ გაცილებით მეტს ერთად და სათითაოდ, ჩიჩერინისათვის რომ არ მიეცათ საშუალება ისარგებლოს მათი ურთიერთქიშპობით... შემჩნეულია, რომ ერები ხშირად არ უწევენ ანგარიშს სხვის მაგალითს, თორემ მარტო კავკასიის ახლო წარსული არ უნდა დავიწყნოდათ ბალტიის რესპუბლიკებს. სანამ რუსეთი სუსტია ბოლშევიზმის წყალობით, კიდევ ასახსნელია ასეთი სიბეცე პოლიტიკაში, მაგრამ, როცა რუსეთი ჩადგება ნორმალურ კალაპოტში, მათი მდგომარეობა საბედისწერო გახდება, თუ მანამდის არ გაერთიანდნენ ერთ კონფედერაციაში. ყოველ შემთხვევაში, დღეს უკვე ძლიერია მიდრეკილება აქეთკენ. ჯერ თვით ლატვიაშიც ბევრი ძალიან უკმაყოფილოა ბაუერის ყაიდის სოციალისტ ცელენსის მინდობით ფლიდი ჩიჩერინისადმი".

ნოე რამიშვილი

ჟურნალში "დამოუკიდებელი საქართველო" გამოქვეყნებულ სტატიაში "ჩვენი მოკავშირენი" (1928, #35) ვიქტორ ნოზაძე აღნიშნავდა, რომ ბოლშევიზმის მარწუხებიდან თავდასაღწევად მებრძოლი ქართველი ერის მოკავშირეთა შორის იყვნენ: პოლონელები, ლიტველები, ლატვიელები, ფინელები და ესტონელები, რომლებმაც თავისუფლება რუსეთის იმპერიის დანგრევის შედეგად მოიპოვეს და თავიანთი სახელმწიფოების ჩამოყალიბება და შენარჩუნება მოახერხეს, და ასევე, სსრკ-ის შემადგენლობაში ძალით მოქცეული ის ხალხები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

წერილში ვკითხულობთ: "მსოფლიო ომის წინ, რუსეთში არსებულ ეროვნულ მოძრაობაზე თუ ლაპარაკობდნენ, ჩვეულებრივ მხედველობაში ჰყავდათ: ფინელები და პოლონელები. დღეს ფინეთი და პოლონეთი თავისუფალი არიან, კიდევ მეტი: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი! ამას გარდა, სხვა სურათია: ეროვნული მოძრაობა დანარჩენ ფრონტებზეც არის გაჩაღებული და ზოგან ცხარე ბრძოლაც კი სწარმოებს. უკრაინა, თურქესტანი, კავკასიის ერები, - ცალკე და ერთად აწარმოებენ ეროვნულ ბრძოლას. მხედველობაში არა მაქვს ემიგრანტული ეროვნული ორგანიზაციები და მისი ბრძოლა. ეროვნული ბრძოლა ხდება თვით უკრაინაში, თვით თურქესტანში და კავკასიაში".

ავტორი მიიჩნევდა, რომ ზემოხსენებული ხალხების ბრძოლა, ერთი ნაწილის მიერ - დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ხოლო მეორე ნაწილის მიერ - უკვე მოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დასაცავად, - "საქართველოს განუყრელი მოკავშირეა, რადგან ყოველი ერის ბრძოლის მიზანია - თავისუფლება".

პარიზში გამომავალ ჟურნალში "ბრძოლა" (1928, #35) ევგენი გეგეჭკორმა გამოაქვეყნა სტატია "ორი თვე ბალტიის ქვეყნებში. I. ფინლანდია", სადაც ვკითხულობთ: "ფინლანდია და საქართველო! აი, ორი მოწინააღმდეგე გეოგრაფიული წერტილი იმ ვეებერთელა იმპერიისა, რომელიც ერთ დროს დიდი რუსეთის სახელწოდებას ატარებდა და დღეს კი ბოლშევიკურმა რეჟიმმა სსრკ-ის ფსევდონიმით მონათლა. "ფინლანდიის ცივ კლდეებიდან - აღგზნებულ კოლხიდამდე" იყო გადაჭიმული ეს რეაქციის გველეშაპი და ახლა, მართალია, იგი კვლავ რეაქციის წყაროდ დარჩა, მაგრამ ერთი ბოლო მოჭრილი აქვს (ფინლანდია), ფერდები - ჩალეწილი (ესტონია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბესარაბია) და სახელმწიფოებრივად არარაობას წარმოადგენს".

იმავე სტატიაში ავტორი იუწყებოდა, რომ ფინეთში ერთთვიანი ყოფნის შემდეგ, გემით ესტონეთში გაემგზავრა. ევგენი გეგეჭკორი მიუთითებდა, რომ დამოუკიდებელი ესტონეთიდან მოჩანდა საბჭოთა კავშირის ნაპირი - "კომუნისტური ექსპერიმენტების საცადი ველი, "მაშვრალთა სამოთხე", ჩვენთვის, ცოდვილთათვის აკრძალული!"

1931 წელს პარიზში გამოიცა ნოე რამიშვილის (1881-1930) წიგნი "დემოკრატიული სოციალიზმი". ავტორი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში იურიევის (შემდგომში - ტარტუს) უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მიუთითებდა მცირერიცხოვანი ერების თვითგამორკვევის უფლების დაცვის აუცილებლობაზე და ბალტიის ქვეყნებს მოიხსენიებდა იმ ახალწარმოქმნილ რესპუბლიკებს შორის, რომელთაც თავიანთი დამოუკიდებლობის დაცვა შეძლეს. წიგნში ვკითხულობთ: "რუსეთის იმპერიას ჩამოშორდნენ პოლონეთი, ფინლანდია, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. დანარჩენი თვითგამორკვეული ერები, როგორც საქართველო, კავკასიის სხვა რესპუბლიკები, უკრაინა და სხვ. რუსეთმა ისევ დაიპყრო. მაგრამ ეს ერები მონობას არ ურიგდებიან და თავისუფლების აღდგენას თავგამოდებით ელტვიან".

პარიზში გამომავალ გაზეთში "ბრძოლის ხმა" (1934, #14) ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა სტატია "ერთა ლიგა და საბჭოები", სადაც იგი წერდა: "დაჟინებით ლაპარაკობენ საბჭოთა ერთა ლიგაში შესვლაზე... მოსკოველებს ამ ნიადაგზე გაჩაღებული აქვთ მუშაობა და მოსალოდნელია ახლო მომავალში ეს საკითხი უკვე ოფიციალურად დადგეს ჟენევის დღის წესრიგში. მართალია, საბჭოთა მოსკოვი თავიდანვე უარყოფდა ყოველივე ურთიერთობას ლიგასთან და მას აფურთხებდა, მაგრამ არაერთხელ დაულევია ასეთი დაწუნებული წყაროსაგან და უეჭველია, ახლაც ერთა ლიგას ნექტარად გამოაცხადებს...

ლიგა მოითხოვს თავის წევრისაგან ერთა შორის დაცვას მშვიდობიანობის, სამართლიანობის, პატიოსნების, დადებულ ხელშეკრულებათა და პირობათა ასრულებას. ის უარყოფს ომს და ძალმომრეობას.

შალვა ამირეჯიბი

აი, ამ ლიგაში აპირებს საბჭოთა ხელისუფლება შესვლას. როგორ უხდება ეს პირობები მას? სწორედ ისე, როგორც უნაგირი ძროხას. საბჭოთა მთელი საერთაშორისო პოლიტიკა იყო და არის ყველა ამ მუხლების აშკარა დარღვევა. მან აწარმოა ომი ყველა მის მეზობლად მდებარე თვითგამორკვეულ ერებთან; მან დაიპყრო ყველა, ვისაც კი მოერია - უკრაინა, კავკასია. დასტოვა დაუპყრობელი, ვისაც ვერ მოერია - პოლონეთი და ბალტიკა... მან გამოაცხადა ძალმომრეობა საერთაშორისო რეგულატორად. კიდევ მეტი, მან დაარღვია თავისი საკუთარი ხელშეკრულება, თავისუფლად დადებული მეორე სახელმწიფოსთან - საქართველოსთან და დაიპყრო ის... მან გამოაცხადა ომით თავისი დოქტრინის განხორციელება საერთაშორისო ნორმად. მოსკოვი თავიდან დგას სავსებით ძველ საერთაშორისო მოძღვრებაზე, ხმალი არის მისთვის უმაღლესი გადამწყვეტი ერთა ურთიერთობისა".

ბერლინში გამომავალ გაზეთში "კლდე" (1934, ##14-15) აღნიშნული იყო: "მოსკოვი თვლის, რომ ბლოკადამოხსნილი საქართველო შავ ზღვაზე საბჭოთა რუსეთისათვის იგივეა, რაც ბალტიის ზღვაზე ლატვია და ესტონია, ე.ი. სარკმელია ევროპისაკენ".

პარიზში გამომავალ ჟურნალში "კავკასია" (1937, #1) ზურაბ ავალიშვილმა გამოაქვეყნა სტატია "პოლიტიკური არაბესკები", რომელშიც მიმოიხილა კავკასიისა და ბალტიის ქვეყნების ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უახლესი წარსული.

მკვლევარი წერდა: "მთლიანობა" იქ, სადაც განსხვავებანი ასე დიდია, ძნელი მისაღწევია. ამას ვერ ახერხებენ და დიდი სიძნელენი არიან გადასალახავნი იქაც კი, სადაც საქმე ეხება არა მარტო მონათესავე ერების, არამედ ხშირად ერთი ერის, მაგრამ სხვადასხვანაირად წარმართული ნაწილების გაერთიანებას (ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია!). ბალკანეთზედ და ბალტიკაზედ ხომ ლაპარაკი მეტია. განსაკუთრებულ სახელმწიფო "გაერთიანებას" იქ ვერცა ვხედავთ.

ბალტიის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყდა ისე, რომ საჭირო არ იყო ისეთი ზომისათვის მიემართათ, როგორიც არის ერთ სახელმწიფოში გაერთიანება. კავკასიის რესპუბლიკებმა კი თავისი დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნეს. პოლიტიკურმა, სამხედრო და სამეურნეო განცალკევებამ მათ ფრიად დიდი ვნება მოუტანა".

ემიგრანტულ გაზეთ "ბრძოლის ხმის" ქუდი

პარიზში გამომავალ ჟურნალში "სამშობლო" (1937, ##21-22) ელისე პატარიძემ გამოაქვეყნა წერილი "პეტრე დიდის ანდერძი და ისტორიის განაჩენი", რომელშიც იგი წერდა: "რუსეთის უბედურება ის არის, რომ მას გადაჭარბებული მადა აქვს და დიდი იმპერიალისტური მიზნები. მას არა აქვს ამ დიდი მადის შესაფერისი მაგარი კუჭი და ამ დიდი იმპერიალისტური მიზნებისათვის - მაგარი ხერხემალი. მისი ეროვნული, სულიერი და ფიზიკური რაობა სრულიად არ უპასუხებს მის მიერ დასახულს ამ დიდს იმპერიალისტურს მიზნებს. ერმა, რომელსაც თავისი საკუთარი სახელმწიფოებრივი წყობილების დამყარება სურს და განვითარების უნარიც კი არა აქვს, ერმა, რომელიც თავის საკუთარს თავს ვერ უვლის, მიზნად დაისახა არა მარტო სლავიანური ხალხების, არამედ აზია-ევროპის ერებისა და სახელმწიფოების დაპყრობა და მათზედ ბატონობა. ჯერ კიდევ ნახევრად ველური იყო რუსის ხალხი, რომ ასეთი ფანტასტიური მიზანი დაისახა და საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების ბუნებრივ გზას ასცდა... ასეთი იყო რუსეთის ტახტის სურვილი და განზრახვა, მაგრამ ისტორიის განგებამ სულ სხვა ინება: ომში ჩაბმული რუსეთის იმპერიაში რევოლუციამ იფეთქა... დიდ ომში ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი და დაღვრილი ზღვა სისხლი აუნაზღაურებელი დაეკარგა... იმპერიის ტერიტორიიდანაც საგრძნობი ნაწილი დაჰკარგა: პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და ფინლანდია საბოლოოდ გამოეყო რუსეთს და ევროპის საზღვარზედ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღდგენით გზა შეუფერხდა რუსული სლავიანიზმის ევროპისაკენ ლტოლვას".

იმავე ჟურნალში მომდევნო წელს გამოქვეყნებულ წერილში "პრომეთეელთა მოძრაობა" (1938, ##25-26), ელისე პატარიძე წერდა: "რუსეთის მიერ დაპყრობილი ერები ამოუწურავი ენერგიით იბრძვიან საკუთარი ეროვნული სახელმწიფოების აღდგენისა და დაფუძნებისათვის. ამ ერთა შორის მრავალია ისეთი, რომლის ეროვნული სახელმწიფოებრივი არსებობა წინ უსწრებდა რუსეთისას და რომლის ეროვნული კულტურა და ცივილიზაცია ბევრად უფრო მაღლა დგას რუსეთისაზე. ასეთი ერების ეროვნული ფორმაცია სრულიად დამთავრებულია, მათი ეროვნული სული სრულიად გამოკვეთილი და მომწიფებული, მათი ეროვნული მიზანი და მისწრაფება მკაფიოდ გარკვეულია და დასახული... პრომეთეელთა მოძრაობა, რუსეთის მადაგაღვიძებული და გაუმაძღარი იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართული, არის იმავე დროს რეალური და თავდაცვითი მოძრაობა, რუსეთის მონობიდან ახალგანთავისუფლებული იმ ეროვნული სახელმწიფოებისა, რომელნიც რუსეთის საზღვრებზე არსებობენ უშუალოდ და რომელთა დაპყრობა და რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩაჭედვა შეადგენდა პეტრე დიდის, ეკატერინე დიდის და მთელი რომანოვთა დინასტიის იმპერიალისტური პოლიტიკის მისწრაფებას და რომელიც კვლავ მეტი სიცხოველით ამოძრავებს დღევანდელ რუსეთის ხელმძღვანელთ. ისინი მხოლოდ ხელსაყრელ დროს უცდიან რუსეთის ამ სამარადისო იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.

ევგენი გეგეჭკორი

ამ ახალ სახელმწიფოებს დიდი სიფხიზლე და თავდაცვითი ძალთა მზადება მართებთ და ურთიერთი თავდაცვითი კავშირი, რომ იმ ისტორიულ მომენტს მზად დახვდნენ და რუსეთის პირდაღებულ იმპერიალიზმს კვლავ პირში არ ჩაუვარდნენ. ის, რაც კავკასიის ერებს თავს დაატყდათ ცალ-ცალკე რუსეთის მიერ, შეიძლება ამ ერებსაც მოევლინოთ ახლო მომავალში. ფინლანდია, ბალტიის პატარა სახელმწიფოები: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა და თვით დიდი, განახლებული და გაერთიანებული პოლონეთიც კი მუდამ რუსული იმპერიალიზმის საფრთხის წინაშე დგანან. ეს აღდგენილი სახელმწიფოები თავიანთი გეოგრაფიული მდგომარეობითაც წინ ეღობებიან და რუსეთის იმპერიალიზმის წინსვლას გზებს უჭრიან ევროპის ქვეყნებისაკენ. რუსეთს არ შეუძლია მისადმი შერიგება და ამ ქვეყნებისაგან საბოლოოდ ხელის აღება.

ცხადია, ეს სახელმწიფონიც თავიანთი მდგომარეობით ჩაყენებულნი არიან რუსეთის იმპერიალიზმთან დაპირისპირებულ პრომეთეელთა ფრონტში. მათი თავდაცვითი მიზნები და საარსებო ინტერესები მოითხოვენ, დღეს არსებული რუსეთის იმპერიის შემადგენელ ეროვნულ ერთეულებად დაშლა-დანაწილებას და ნამდვილი რუსეთის მის ბუნებრივ-ეროვნულ საზღვრებში ჩაყენებას.

რუსეთის მოსაზღვრე აქ დასახელებულ ეროვნულ სახელმწიფოთა და რუსეთის მიერ ჯერ კიდევ დაპყრობილ ერთა მიზნის იგივეობა ბუნებრივად ჰქმნის მათ შორის თანხმობას და სოლიდარობას და ბუნებრივად აყენებს მათ ერთ მთლიან ანტირუსულ ფრონტში".

პარიზში გამომავალ გაზეთში "თეთრი გიორგი" (1938, #102) "თეთრი გიორგელის" ფსევდონიმით გამოქვეყნდა (სავარაუდოდ, გიორგი კერესელიძის) წერილი "საქართველოს საზღვრები გამოცხადებული ოფიციალურად დამოუკიდებლობის დროს", რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოს თვით ის ტერიტორიაც კი, რომელს მოსკოველმა ბატონმა ყოველი მხრითგან წაკვეცა ეროვნულ-ორგანული ნაწილები, უფრო ვრცელია, ვიდრე ტერიტორიები შემდეგი ქვეყნებისა: შვეიცარია, ბელგია, დანია, ლიტვა, ლატვია, ესტონია, ალბანეთი და სხვ.".

ამდენად, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებდა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებს, რომლებმაც თავიანთი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება II მსოფლიო ომის დაწყებამდე მოახერხეს.

(დასასრული იქნება)

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი"#95