"რა არის ისტორიული ფაქტი?" - კვირის პალიტრა

"რა არის ისტორიული ფაქტი?"

პროფესორმა ნათელა A თარგმნა ცნობილი რუსი ისტორიკოსის, არონ გურევიჩის საინტერესო ნაშრომი "რა არის ისტორიული ფაქტი?" ნაშრომი პირველად დაიბეჭდა 1969 წელს ავტორიტეტულ სამეცნიერო კრებულში "წყაროთმცოდნეობა, თეორიული და მეთოდოლოგიური პრობლემები".

60-იანი წლების მიწურულს, ისტორიული ფაქტის რაობის ირგვლივ საბჭოთა კავშირში დისკუსია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე არონ გურევიჩი იყო. დისკუსიის მასალები ხსენებულ კრებულში გამოქვეყნდა. რა არის ისტორიული ფაქტი - ამ საკითხზე ქართულ ენაზე არაფერია დაწერილი. რუსი ისტორიკოსის საინტერესო თეორიული ხასიათის ნაშრომის ქართულად თარგმნა ამ ვაკუუმის შევსების ერთ-ერთ მოკრძალებულ მცდელობად გვევლინება.

საბჭოთა ისტორიოგრაფიის ფონზე ერთგვარ გამონაკლისად ჩანს ცნობილი რუსი ისტორიკოსის, არონ გურევიჩის მრავალრიცხოვანი თეორიულ-მეთოდოლოგიური გამოკვლევები. ის სხვა გზით წავიდა, აქცენტი გაკეთდა არა კოსმეტიკურ, არამედ ძირეულ გარდაქმნებზე. ამგვარ მიდგომას იმპულსი მისცა იმ ნოვაციებმა, რომელიც XX საუკუნის ევროპულ ისტორიოგრაფიაში მიმდინარეობდა და უმთავრესად, ორიენტირებული იყო ნეოკანტიანელთა ეპისტემოლოგიურ, ისტორიის შემეცნების, ძიებებსა და "ანალების" სკოლის ისტორიკოსებზე. როგორც დამაჯერებლად არის ხაზგასმული უახლეს გამოკვლევებში, მათ შორის არ არსებობდა არავითარი უფსკრული, როგორც ეს ფრანგ ისტორიკოსებს ესახებოდათ, ჟაკ ლე გოფის თავკაცობით. ისინი ერთსა და იმავე საკითხს სხვადასხვა კუთხით მიუდგნენ. ნეოკანტიანელები ისტორიის ეპისტემოლოგიის, შემეცნების თეორიის, ხოლო "ანალების" სკოლის ისტორიკოსები - კონკრეტული ისტორიული გამოკვლევების კუთხით.

ისტორიული ფაქტის შეფასების დროს ისტორიკოსებს შორის ერთსულოვნება არასოდეს ყოფილა. ის ყოველთვის იწვევდა ცხარე კამათს, აზრთა სხვადასხვაობას. გამოითქმება სრულიად საპირისპირო მოსაზრებები. ეს დავა არახალია, მას ხანგრძლივი ისტორია აქვს, XIX საუკუნის მიწურულს დაიწყო და დღესაც გრძელდება. ეს კამათი კიდევ დიდხანს გასტანს და ალბათ არც დასრულდება. ჰოლანდიელი ისტორიკოსის, ჰიტერ ჰეილის თქმით, "ისტორია დაუსრულებელი პოლემიკაა". აქ ყველაზე კარგად არის გაცნობიერებული ისტორიული პროცესის შემეცნება, ზუსტად არის განსაზღვრული ისტორიული ცოდნის მნიშვნელობა. არონ გურევიჩის ნაშრომში "რა არის ისტორიული ფაქტი?" აქცენტი სწორედ ევროპულ ხედვაზე კეთდება, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს ისტორიული ფაქტის რაობის ირგვლივ გამართული დისკუსიის მონაწილეებისგან. საბჭოთა ისტორიოგრაფია ამის ანტიპოდი იყო, რასაც მნიშვნელოვანწილად ის განაპირობებდა, რომ აქცენტი კეთდებოდა არა პლურალიზმზე, ისტორიული მოვლენებისადმი მრავალვარიანტულ მიდგომაზე, როგორც ეს იყო ევროპულ ისტორიოგრაფიაში, არამედ მონისტურ პრინციპზე. ისტორიას არ ხელეწიფება ერთი ჭეშმარიტება. ამ გზას ჩიხში მივყავართ.

ლეოპოლდ ფონ რანკემ (1795-1886) და პოზიტივისტებმა საძირკველი ჩაუყარეს ისტორიული ფაქტის, წყაროს კულტს. მათი ერთ-ერთი თავკაცი ფიუსტელ დე კულანჟი (1830-1889) პირდაპირ აცხადებდა: "მთელი ისტორიული მეცნიერება დაიყვანება დოკუმენტის სწორ განმარტებამდე". რანკესა და პოზიტივისტების შრომები შიშველი ფაქტოლოგიისა და ემპირიზმის საუკეთესო მაგალითია. მათთვის მიუღებელია ისტორიის ნებისმიერი ფილოსოფია. აქედან იღებს სათავეს განზოგადებისადმი შედარებით თავშეკავებული დამოკიდებულება. ისინი ამოდიან პოსტულატიდან "ფაქტები ყველაფერია, ინტერპრეტაცია - არაფერი". ისტორიკოსი "კარგად უნდა ხედავდეს ფაქტებს". მათი რწმენით, ისტორიული ჭეშმარიტების დასადგენად საკმარისია წყაროების კრიტიკული ანალიზი, რათა ისტორიული ჭეშმარიტება მთელი სიცხადით აღდგეს. მათ ამ პროცედურის ობიექტურობაში ეჭვი არ შეჰქონდათ. რანკემ და პოზიტივისტებმა სცადეს, ისტორიაში დაენახათ "მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში იყო". ფაქტობრივად, საქმე გვაქვს მათ თეორიულ შემეცნებით იდეალთან. რეალობა კი გაცილებით რთული და მრავალწახნაგოვანია. ეს იყო ერთი უკიდურესობა. ისტორიული ფაქტის რაობის გააზრებისას არსებობს სულ სხვა უკიდურესობაც.

ფიუსტელ დე კულანჟი

გასული საუკუნის 30-იან წლებში ევროპულ-ამერიკულ ისტორიოგრაფიაში გავრცელდა პრაგმატიზმი, რომლის ერთ-ერთ ნაირსახეობად პრეზენტიზმი გვევლინება. მათი მცდელობით ხდება ისტორიული კვლევის სიმძიმის ცენტრის გადატანა წარსულიდან აწმყოზე. მათი მთავარი თეზაა ობიექტური მეცნიერული ცოდნისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება. თავად განსაჯეთ ფრანგმა მეცნიერმა ფ. ურსამ იმდენად შორს შეტოპა, რომ პირდაპირ განაცხადა: "ახლა ჩვენ ვიცით, რომ სამყაროსა და ისტორიაში ფაქტები მეტი აღარ არსებობს". მათი აზრით, ფაქტი არსებობს მხოლოდ ისტორიკოსის გონებაში და მისი აზროვნების პროდუქტია. ამერიკელი ისტორიკოსი კარლ ბეკერი დარწმუნებული იყო, რომ "ყოველი ადამიანი თავისი ისტორიკოსი თვითონ არის". ისინი ისტორიულ ფაქტს აღიქვამენ, როგორც "სიმბოლოს", რომლის უკან იმალება რაღაც შეუცნობადი სინამდვილე, ან სულაც არაფერი არ იმალება, გარდა ისტორიკოსის აზროვნებისა. მათი მთავარი დებულება იყო სრულიად საპირისპირო - "ფაქტები არაფერია, ყველაფერი ინტერპერტაციაა". ისტორიული ფაქტის ილუზორულ ხასიათზე აპელირება, ალბათ, მაინც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და გადაჭარბებული შეიძლება იყოს. რელატივიზმი საფრთხობელა არ არის და სულაც არ მოასწავებდა ევროპული ისტორიოგრაფიის კრიზისს, როგორც ამას ხაზს უსვამდა საბჭოთა ისტორიოგრაფია, მაგრამ უკიდურესი რელატივიზმი მიუღებელია და გამუქებულად წარმოგვიდგენს საქმის რეალურ ვითარებას.

რა გამოცდილების შეძენა შეიძლება ისტორიული ფაქტის პრობლემის შესახებ სხვადასხვა მიმართულების ისტორიკოსთა თვალსაზრისების მიმოხილვით? როგორია იმ სიძნელეთა ბუნება, რომელსაც ისტორიკოსები აწყდებიან? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და მასზე დიდად არის დამოკიდებული ისტორიული ფაქტის რაობის გამორკვევა. არონ გურევიჩი შეძლებისდაგვარად შეეცადა კითხვაზე, - რა არის ისტორიული ფაქტი? - პასუხის გაცემას. მან სწორად დასვა საკითხი და მისი გადაწყვეტა სცადა.

პირველ ყოვლისა, იგი შეეცადა თავიდან აეცილებინა ორივე უკიდურესობა, რომლებმაც XIX-XX საუკუნეების ევროპულ ისტორიოგრაფიაში იჩინეს თავი. საკითხის ისტორიოგრაფიის ცოდნა ამ თემაზე მისი მსჯელობის ერთ-ერთი პლუსია. სწორედ ამ ფონზე ცდილობს ის გამოკვეთოს საკუთარი პოზიცია. მოძებნოს თავისი ბილიკი. მთავარი, ჩვენი აზრით, სწორედ ეს იყო.

პრობლემისადმი მისი დამოკიდებულება საშუალედო გზის მოძიების მცდელობად გვევლინება და, უმთავრესად, ორიენტირებულია იმ ძიებებზე, რომელიც "ანალების" სკოლის ისტორიკოსების, პირველ რიგში კი მისი დამაარსებლების, ლუსიენ ფევრისა (1878-1956) და მარკ ბლოკის (1886-1944) სახელებთან ასოცირდება. მათი რწმენით, ისტორიკოსის მიერ წარსულში მომხდარი ფაქტის რეკონსტრუქცია გახლავთ რთული და შრომატევადი პროცესი. არსებითად ეს არის ისტორიკოსის კონსტრუქცია, რომელიც მკვეთრად გამოკვეთილად რელატივისტურია - შედარებითია და არ წარმოადგენს უკანასკნელ ჭეშმარიტებას. ეს ცნება "ანალების" სკოლის ისტორიკოსებისთვის მიუღებელი იყო. ისინი პლურალიზმის, ისტორიული მოვლენებისადმი მრავალვარიანტული მიდგომის მომხრეებად გვევლინებიან. ამიტომ "ანალების" სკოლის ისტორიკოსების კრიტიკა მარქსისტული, მონისტური პოზიციებიდან არადამაჯერებელია და კარგად გამოხატავდა ერთი ისტორიული სკოლის შეხედულებას.

"ანალების" სკოლის ერთ-ერთი თავკაცი მარკ ბლოკი აღნიშნავდა: "ისტორიული გამოკვლევა იწყება არა მასალის შეგროვებით, არამედ პრობლემის დასმითა და იმ კითხვების შედგენით, რომელსაც ისტორიკოსი დაუსვამს წყაროებს". ეს იყო სავსებით ახლებური მიდგომა, "კოპერნიკისეული გადატრიალება" ისტორიკოსის საქმიანობაში, რომელიც კარდინალურად ცვლიდა ისტორიკოსის დამოკიდებულებას კვლევის ობიექტისადმი.

მათთვის სრულიად მიუღებელი იყო წარსულის რეკონსტრუქციის საქმეში ისტორიკოსის პასიური როლი. პირიქით, ისინი ამ საქმეში ისტორიკოსს აქტიურ ფუნქციას აკისრებდნენ. ისტორიკოსი წყაროების ყურმოჭრილი ყმა არ უნდა იყოს. უნდა მოქმედებდეს დამოუკიდებლად. ის წამოჭრის პრობლემას, რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს მის გამოკვლევაში, განსაზღვრავს მასალის შერჩევასა და იმ პოზიციას, რომელიც ამ მასალის ანალიზს დაედება საფუძვლად. ისინი "ისტორია თხრობას" უპირისპირებენ "ისტორია პრობლემას". ფაქტის ცნება ხდება პრობლემატური. ეს იყო გრანდიოზული მნიშვნელობის სიახლე ისტორიულ მეცნიერებაში, მისი ხვალინდელი დღე. მათ პოზიტივისტების "უპრობლემო ემპირიზმი" ჩაანაცვლეს მეცნიერული პრობლემის ანალიზით. ლუსიენ ფევრის თქმით, "არ არის პრობლემა, მაშასადამე, არ არის ისტორია". იგი აღნიშნავდა: "ფაქტები ლურსმნებია, მაგრამ ლურსმნები, ისტორიული ფაქტები, გამოიჭედება თვით ისტორიკოსის მიერ". ის პირდაპირ აცხადებდა: "არ არის ისტორია, არის ისტორიკოსი".

არონ გურევიჩი

სავსებით ვეთანხმებით არონ გურევიჩს, რომ "ისტორიკოსებმა უნდა შეძლონ მათ მიერ შესწავლილი მოვლენების შეფასება, რომელნიც მეცნიერების წინაშე მდგარ პრობლემებს მიეკუთვნება. მოახდინონ მათი ინტერპრეტირება, კანონზომიერი კავშირების სისტემაში ჩართვა. ამ აზრით და მხოლოდ ამ აზრით! - შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ისტორიკოსები "ქმნიან" ისტორიულ ფაქტებს".

რა არის ისტორიული ფაქტი? მან ამ კითხვას ასეთი საინტერესო პასუხი გასცა: "ისტორიული ფაქტი არც "აგურია", არც "ატომია", არც რაღაც მარტივი და უძრავი: ისტორიული ფაქტი არის მრავალ ფაქტს შორის (არსებული), ისტორიკოსების მიერ (პირველქმნილი სახით) აღდგენილი, განახლებული ურთიერთობა".

რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულება არ წარმოადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას. მკვლევარს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ისტორიას არ ხელეწიფება ერთი ჭეშმარიტება, რომ ამ გზას ჩიხში მივყავართ. სწორედ აქ ძევს საბჭოთა ისტორიოგრაფიის კრიზისის გასაღები.

არონ გურევიჩისთვის უფრო მისაღები და ახლობელი ჩანს ევროპული მიდგომა: "ისტორია დაუსრულებელი პოლემიკაა". იმჟამინდელი საბჭოთა ისტორიოგრაფიის ფონზე ეს ნამდვილი მკრეხელობა იყო და მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამით აიხსნება ორთოდოქსულად მოაზროვნე მარქსისტების განრისხება. მათ ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ამ ნაშრომს დღის სინათლე არ ეხილა, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ "ისტორიული ცოდნის განვითარების თითოეულ ეტაპზე ფაქტის შესახებ განსაკუთრებული გაგება გამომუშავდება, მთლიანობაში, ისტორიული მეცნიერების მდგომარეობისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის შესატყვისი. საეჭვოა, პროდუქტიული ყოფილიყო სწრაფვა, ენახათ, ამ პრობლემის "საბოლოო" გადაწყვეტა, ვინაიდან ნებისმიერ მის გადაწყვეტას ძალა მხოლოდ იმ ეტაპისათვის ექნება, რომელშიც ის არის მოცემული. საქმე ისტორიის მეთოდოლოგიის კითხვების საბოლოო გადაწყვეტაში როდია - ეს "უსასრულო დავაა" - არამედ, სულ ახალ-ახალი კატეგორიების მოფიქრებაშია, რომლითაც ისტორიკოსები სარგებლობენ".

მკვლევარმა სწორად დასვა საკითხი და შეეცადა მის გადაწყვეტას. ეს იმ პერიოდის საბჭოთა ისტორიოგრაფიის ფონზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და სიახლეს წარმოადგენდა. მას აქვს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი ხედვა, გვთავაზობს ამ საკითხის გააზრების საკუთარ ვერსიას. განა არის ამაში რაიმე მიუღებელი?

ნათელა ვაჩნაძის ეს თარგმანი თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი შენაძენია და მას ამ პრობლემატიკით დაინტერესებული ვერც ერთი ქართველი მკვლევარი გვერდს გულგრილად ვერ აუვლის. ნაშრომის "რა არის ისტორიული ფაქტი?" ქართულად თარგმნა აღნიშნული თემატიკის ნორმალურ მეცნიერულ კალაპოტში დაბრუნების გზაზე კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯად გვევლინება. ნაშრომი კარგად დააკვალიანებს ამ პრობლემატიკით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერებს და საშუალებას მისცემს მათ, სწორი მეთოდოლოგიური ორიენტირები დასახონ. ამას კი დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს.

მერაბ კალანდაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#95