ჰოჰენცოლერნების ციხე-დარბაზი - პრუსიის მეფის ახალგაზრდობის ოცნების ასრულება - კვირის პალიტრა

ჰოჰენცოლერნების ციხე-დარბაზი - პრუსიის მეფის ახალგაზრდობის ოცნების ასრულება

ბრწყინვალე ციხე-დარბაზი ჰოჰენცოლერნების დინასტიის საიმპერატორო სახლს წარმოადგენს. ეს დინასტია პრუსიასა და ბრანდენბურგს, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე მართავდა.

შესანიშნავი ანსამბლი აგებულია შტუტგარტის სამხრეთით, 50 კილომეტრში, ფედერალურ ბადენ-ვიურტემბერგში, ვრცელ დაბლობზე ეულად აღმართულ 855 მეტრის სიმაღლის ბორცვზე. მას ადგილობრივი მოსახლეობა ცოლერნბერგს, ცოლერნს და შემდგომში ჰოჰენცოლერნს უწოდებდა...

შუა საუკუნეების ეს ციხე-დარბაზი პირველად 1267 წელს იხსენიება, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქ სიმაგრე უფრო ადრე, XI საუკუნეში აიგო. XV საუკუნეში, რომის საღვთო იმპერიის ჯარების მიერ შვაბიის თავისუფალი ქალაქების ხანგრძლივი ალყის შემდეგ, 1423 წლის 15 მაისს სიმაგრე აიღეს და მთლიანად დაანგრიეს.

მეორე ციხე-დარბაზი 1454-1461 წლებში აშენდა და ჰოჰენცოლერნების შვაბური შტოს რეზიდენციას წარმოადგენდა. ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) დროს ციხედარბაზული ტიპის ამ სიმაგრეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 1634 წელს იგი აიღეს ვიურტემბერგის საჰერცოგოს ჯარებმა, ხოლო ოცდაათწლიანი ომის დასრულების შემდეგ ციხე-დარბაზი ჰაბსბურგების სამეფო დინასტიას დარჩა. XVIII საუკუნეში ავსტრიული მემკვიდრეობისთვის ამტყდარ ომში (1740-1748) სიმაგრე ერთხანს ფრანგული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, მისი უკანასკნელი მმართველი კი ავსტრიელი იყო, ციხე-დარბაზი მან 1798 წელს დატოვა. ამის შემდეგ სიმაგრემ სამხედრო მნიშვნელობა დაკარგა და თანდათან გაპარტახდა. ნახევრად დანგრეული შენობები დაშალეს. მეორე ციხე-დარბაზის ნაგებობებიდან ჩვენს დრომდე მხოლოდ წმინდა მიხეილის კაპელამ მოაღწია.

სამაგიეროდ, ჩვენამდე სრული სახით მოაღწია მესამე ციხე-დარბაზმა, რომელიც პრუსიის კრონპრინცმა (შემდგომში მეფემ) ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ ააგო: 1819 წელს იტალიისკენ მიმავალმა ახალგაზრდა კრონპრინცმა, სამხრეთ გერმანიაში მოგზაურობისას, მოინდომა უფრო მეტის გაგება თავისი საგვარეულოს ფესვების შესახებ, რისთვისაც ჰოჰენცოლერნის ბორცვზეც ავიდა... მშენებლობას, რომელიც ათწლეულების შემდეგ, 1850 წელს დაიწყო, ფრიდრიხ ვილჰელმმა, უკვე მეფემ, "ახალგაზრდობის ოცნების ასრულება" უწოდა.

მშენებლობა მთლიანად ჰოჰენცოლერნების დინასტიის სხვადასხვა შტოების მიერ ფინანსდებოდა. ანსამბლი 1867 წელს დასრულდა ფრიდრიხ ვილჰელმის ძმის, უკვე იმპერატორის, პირველი კაიზერის - ვილჰელმ I-ის დროს. რაკი ციხე-დარბაზი აიგო როგორც საგვარეულო ძეგლი, ამიტომ დინასტიის არც ერთ წარმომადგენელს იგი რეზიდენციად არ გამოუყენებია. გამონაკლისის სახით, მხოლოდ 1945 წელს გახდა ციხე-დარბაზი პრუსიის უკანასკნელი კრონპრინცის, ვილჰელმისა და მისი მეუღლე ცეცილიას საცხოვრებელი რამდენიმე თვით, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა ბრანდენბურგში მათი მამული დაიკავეს. აღდგენილი საგვარეულო არქიტექტურული ანსამბლი, ძირითადად, პრუსიის მმართველი ჰოჰენცოლერნების დინასტიის პრესტიჟის განმტკიცებას ემსახურებოდა და უფრო უყურებდნენ, როგორც ძვირფას ექსპონატს.

ახალი ციხე-დარბაზის მშენებლობის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ბერლინელ არქიტექტორს, ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერს ჩააბარეს. 1842 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი შტიულერი, გამოჩენილი არქიტექტორის, კარლ ფრიდრიხ შინკელის მოწაფე და მემკვიდრე - მეფის არქიტექტორის თანამდებობაზე დაინიშნა შტოლცენფელსის ციხე-დარბაზის აღსადგენად. შტიულერმა ჰოჰენცოლერენის მდიდრულად გაფორმებული ციხე-დარბაზის პროექტი 1844-1846 წლებში მოამზადა, ინგლისური ნეოგოტიკისა და ლუარას დაბლობზე აგებული ფრანგული შატოების სტილში. საინჟინრო სამუშაოები შეასრულა პრუსიის წამყვანმა საფორტიფიკაციო ინჟინერ-ოფიცერმა მორიც კარლ ერნსტ ფონ პრიტვიცმა, ხოლო ქანდაკებები ციხე-დარბაზის შიგნით და გარეთ მოქანდაკე გუსტავ უილგოჰმა შექმნა.

საბოლოოდ, ჰოჰენცოლერნების მესამე ციხე-დარბაზი აიგო ნეოგოტიკურ სტილში, გერმანული რომანტიზმის ძლიერი ზეგავლენით, რომელიც შუასაუკუნეობრივ იდილიას ხოტბას ასხამდა. სასახლე, ფაქტობრივად, წარმოადგენს შუა საუკუნეების რაინდთა უტოპიური ციხე-დარბაზის ხორცშესხმას, როგორიც ის უნდა ყოფილიყო იდეალში. ამ თვალსაზრისით, ჰოჰენცოლერნების ანსამბლი უახლოვდება ნოიშვანშტაინის ზღაპრულ ციხე-დარბაზს, ოღონდ ამ უკანასკნელის ფანტასტიკური დეკორის ელემენტებისა და ჭარბი არქიტექტურული ძიებების გარეშე.

1953 წლიდან პრუსიის პრინცმა ლუი ფერდინანდმა დაიწყო ციხე-დარბაზში ხელოვნების ძვირფასი ნაწარმოებებისა და პრუსიის ისტორიული არტეფაქტების დაბინავება, ჰოჰენცოლერნების ყოფილი მუზეუმიდან მონბიჟუს სასახლეში და საგვარეულოს სხვადასხვა ოჯახიდან. მთავარ რელიკვიებად ითვლება კაიზერ ვილჰელმ II-ის გვირგვინი და მეფე ფრიდრიხ დიდის (1712-1786) სამოსი. 1952-დან 1991 წლამდე აქ იმყოფებოდა აგრეთვე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ისა და მისი შვილის, ფრიდრიხ დიდის ნეშტებიც, თუმცა, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ისინი პოტსდამში დააბრუნეს.

ჰოჰენცოლერნების სასახლეში დაცულია სამეფო იარაღის უზარმაზარი კოლექცია, ასევე სრულიად უნიკალური ნივთებიც, მათ შორის - მეფე ფრიდრიხის ტყვიით გახვრეტილი სამოსი და იმავე ტყვიით დაზიანებული სათუთუნე, რომელმაც იგი 1759 წელს სიკვდილისგან იხსნა კუნერსდორფის ბრძოლის დროს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსში დაცულია პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის სამადლობელი წერილი ბარონ ფონ შტოიბენის - ჰოჰენცოლერნების სახლის შთამომავლისადმი - აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის.

არქიტექტურულ ანსამბლში, რომელსაც ბორცვის ზემო ნაწილი თითქმის მთლიანად უჭირავს, განარჩევენ გამაგრებულ სამხედრო სტრუქტურას, სასახლის კომპლექსს, სამრეკლოსა და ბაღებს. ციხე-დარბაზში შესასვლელ კომპლექსს ქმნის არწივის კარიბჭე და მასზე დამაგრებული ასაწევი ხიდი. შესვლის შემდეგ გზა (ე.წ. ცვინგერი - შუა საუკუნეებში ეწოდებოდა სივრცეს ციხე-სიმაგრის გარეთა და შიდა კედლებს შორის) რამდენიმე მკვეთრ მოსახვევს აკეთებს და ერთ-ერთ ბასტიონთან მთავრდება. აქედან შესაძლებელია მისვლა სხვა ბასტიონებამდე და სასახლის შენობებამდე ზედა კვადრატული კარიბჭით.

თვით სასახლე ისტორიული მეორე ციხე-დარბაზის ნანგრევების კონტურზე დგას და წარმოადგენს მუზეუმს ღია ცის ქვეშ. მას ნალის ფორმა აქვს და პროტესტანტული და კათოლიკური სამრეკლოებით სრულდება. ზედ ნანგრევების თავზე აგებულია სამი შენობა ნეოგოტიკურ სტილში, კოშკებითა და შპილებით შემკული. ციხე-დარბაზის ოთხი კოშკი ბასტიონების გასწვრივ არის განლაგებული: ფუკსლოჰის ბასტიონთან - იმპერატორის კოშკი; შპიცის ბასტიონთან - ეპისკოპოსის კოშკი; შარფეკის ბასტიონთან - მარკგრაფის (მეფის რწმუნებული შუა საუკუნეებში) კოშკი და ბაღის ბასტიონთან - წმინდა მიხეილის კოშკი. მთავარ საცხოვრისზე - გრაფების დარბაზზე (გრაფენსაალი) მიშენებული სადარაჯო კოშკი (ვარტურმი) ერთდროულად ბიბლიოთეკაში მიმავალი კიბეც არის და დროშის აღსამართი ადგილიც.

გრაფენსაალის გარეთა კიბეს წინაპართა დარბაზში მივყავართ, რომელსაც ინტერიერის მთელი მარჯვენა ფრთა უჭირავს. გრაფების დარბაზი შემკულია ჰოჰენცოლერნების სახლის ისტორიული სურათებით, ისრისებრი სარკმლებით, ჭერი კი წითელი მარმარილოს რვა სვეტს ეყრდნობა. გრაფების დარბაზის ქვეშ განლაგებული ძველებური სამზარეულო დღეს კი განძთსაცავად არის ქცეული.

ციხე-დარბაზი 1978 წელს მიწისძვრამ დააზიანა, თუმცა 1990-იანი წლებისთვის სრულად აღადგინეს. წელიწადში ციხე-დარბაზს დაახლოებით 350 ათასი ადამიანი სტუმრობს. ანსამბლი ჰოჰენცოლერნების სახლის საკუთრებაა (ორ მესამედს ფლობს ჰოჰენცოლერნთა ბრანდენბურგულ-პრუსიული შტო, ერთ მესამედს - შვაბური შტო). როცა კომპლექსს პრუსიის პრინცი გეორგ ფრიდრიხ ფერდინანდი ეწვევა, სასახლის თავზე პრუსიის დროშა ფრიალებს.

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი",#95