უცნობი ფრესკა იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ყოფილ ქართულ მონასტერში - კვირის პალიტრა

უცნობი ფრესკა იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ყოფილ ქართულ მონასტერში

წმინდა მიწასთან საქართველოს ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. IV საუკუნიდან მოყოლებული, როცა ქრისტიანობა ჩვენში ოფიციალურ რელიგიად აღიარეს, ქართველ ქრისტიანთა ინტერესი წმინდა მიწის, როგორც რჯულის სამშობლოსადმი, დღემდე არ განელებულა.

ძველ ქართულ წერილობით წყაროებში არაერთი ცნობაა დაცული ქართველთა წმინდა მიწაზე პილიგრიმობისა თუ სხვა სახის მოღვაწეობის შესახებ. ჩვენმა წინაპრებმა მკაფიო კვალი დატოვეს ადგილზეც. წმინდა მიწაზე დღემდეა შემორჩენილი მათ მიერ ნაშენი, მოხატული და ნაქონი ეკლესია-მონასტრები, მათგან შეწირული ხატები თუ ხელნაწერები, ქვაზე ნაკვეთი თუ მოზაიკით გაწყობილი ქართული წარწერები.

წარსულში არაერთი წმინდა სავანის მფლობელ ქართველობას, სამწუხაროდ, დღეს იქ არც ერთი მათგანი აღარ ეკუთვნის. ქართული ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა XVII საუკუნის მიწურულიდან უცხოთა ხელში გადავიდა. წმინდა მიწაზე არსებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობიდან თუ რამ გადაურჩა ჟამთა სიავეს, ამჯერად მათ ახალ მფლობელთა მსახვრალი ხელი სპობს. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი იერუსალიმის ქართული ძეგლების (ფრესკების, წარწერების) მიმართ უკანასკნელ წლებში ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტების შესახებ. ამის მიუხედავად, წმინდა მიწაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია ქართველთა ისტორიული ნაკვალევის ხილვა, მიმდინარე არქეოლოგიური კვლევა-ძიებები კი ახალ-ახალი არტეფაქტებით ამდიდრებენ ამ მიწასთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიას.

ყოფილი ქართული წმინდა სავანეების რიგს ეკუთვნის იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის მონასტერიც. იგი მდებარეობს ძველი ქალაქის ქრისტიანულ უბანში, ბერძნული საპატრიარქოს მახლობლად. გადმოცემის თანახმად, სამლოცველო აქ უკვე V საუკუნეში გაჩენილა, თავის დროზე წმინდა მიწაზე მოსალოცავად ჩასული წმინდა ნიკოლოზის საცხოვრებელი სენაკის ადგილას. VII საუკუნის დასაწყისში ეს სავანე, ისევე როგორც წმინდა მიწის ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა, სპარსთა გამანადგურებელ შემოსევას შეეწირა. მისი ხელმეორედ აღორძინება უკავშირდება ჯვაროსნული ლაშქრობების საწყის პერიოდს. XI-XVII საუკუნეებში მონასტერს მთლიანად ქართველები ფლობდნენ.

ეკლესიის ამჟამინდელი ნაგებობა გვიანდელის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა შეინიშნება ადრინდელი, სავარაუდოდ, XI-XII საუკუნეების ფრაგმენტებიც. კერძოდ, ტაძრის ჩრდილოეთ მცირე აფსიდაში შემონახულია სუფთად თლილი ქვის კვადრების წყობა. ეკლესია თავდაპირველად გეგმაში ჩახაზული ჯვრის ტიპისა იყო, მოგვიანებით კი გუმბათი ყელიანად მოუშლიათ და მის ადგილას ჯვაროვანი კამარა გაუკეთებიათ. ამჟამად ტაძრის ნაგებობა კუბური სივრცეა. აღმოსავლეთის მხარეს ნახევარწრიულად გამოწეულია მხოლოდ შუა დიდი აფსიდა, რომელიც ბერძნული საპატრიარქოს ბაღში გადის. ეს ბაღი წინათ მონასტრის სასაფლაოს წარმოადგენდა. ტაძარს ადრე დასავლეთიდან ღია თაღოვანი სტოა ამკობდა, რომელიც მოგვიანებით ბერძნებს ამოუშენებიათ.

წმინდა ნიკოლოზის მონასტრის ოდინდელ ქართულობას ყველაზე ცხადად ტაძრის კედლებზე შემორჩენილი ძველი წარწერები მოწმობს. ისინი, ისევე როგორც მთლიანად მონასტრის ნაგებობა, ქართველ მეცნიერთა 2001-2002 წლების ექსპედიციისას (ხელმძღვანელი თამილა მგალობლიშვილი) საფუძვლიანად შეისწავლეს. ტაძრის დასავლეთის ფასადზე, სტოას ძველი კედლების ზედაპირზე XV-XVII საუკუნეებით დათარიღებული ბევრი ქართული პილიგრიმული წარწერა გვხვდება. აქ მოხსენიებული ზოგი პირი (ვარძელი მაყა და მისი ცოლი ანუსია, ფოცხვერ თავდგირიძე და მისი ცოლი ეკატერინე, ქავჟინარი და სხვ.)

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარის აღაპებშიც იხსენიებიან. იქვეა ნახსენები ნიკოდიმოსიც, რომლის მოსახსენებელი ასომთავრული წარწერა (XVI-XVII სს.) ასევე ტაძრის დასავლეთის ფასადზეა განთავსებული და ქარაგმების გახსნით იკითხება: "აწყურისა ღ(მრ)თისმშობლისა კ(ა)ნდელ(ა)კსა ნასძესა ნიკოდიმოს შ(ეუნდვ)ნ(ე)ს ღ(მერთმა)ნ". ამავე ფასადზე გვხვდება ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მინაწერებში მოხსენიებული საბა ყოფილი სოფრონისა: "ცოდვ(ი)ლს ს(ა)ბა ყოფილს სოფრ(ო)ნს შ(ეუ)ნ(დო)ს ღ(მერთმა)ნ". ეს უკანასკნელი XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე იერუსალიმში მოღვაწე, ცნობილი წიგნთა შემმოსველ-შემკაზმველი იყო.

წმინდა ნიკოლოზის სავანე კიდევ ერთხელ განუახლებიათ XVII საუკუნის შუა წლებში. 1755-1758 წლებში იერუსალიმში მოსალოცად მისულ არქიეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილს ეკუთვნის ცნობა, რომ მონასტერი კახთა დედოფალმა ელენე ყოფილმა ელისაბედმა ააშენა. რუსი არქიმანდრიტის, ლეონიდ კაველინის (XIX საუკუნის 50-იანი წლები) ცნობითაც, მონასტერი კახეთის დედოფალ ელენე-ელისაბედს აუშენებია. იმავეს გვამცნობს 1888 წელს ალექსანდრე ცაგარელიც; ის მშენებლობის დროზეც უთითებს (XVII საუკუნის შუა ხანები).

იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის (+1707 წ.) ცნობით, მონასტერი XVII საუკუნის ბოლოს განახლებულა. მისი წინამორბედი პატრიარქი ქრისანთი ამ სავანეს ქართულ მონასტრად მოიხსენიებდა. ბერძნული ტრადიციის თანახმად, ეს მონასტერი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი იქაური ქართული წმინდა სავანეები, ბერძნებს ქართველებისგან თითქოს 1685 წელს უყიდიათ. მეფე ერეკლე I-ის მიერ 1681 წელს შედგენილი აქტის თანახმად, საქართველოში სტუმრად მყოფი დოსითეოს პატრიარქისთვის ქართულ მხარეს თავისი მონასტრების დავალიანების დასაფარად გადაუცია 60 ათასი მარჩილი, სტამბოლში გასაყიდად გამიზნული აბრეშუმის ქსოვილი და სხვადასხვა ძვირფასეულობა, რის სანაცვლოდაც ეს წმინდა სავანეები ისევ მის კანონიერ მფლობელებს - ქართველებს უნდა დაბრუნებოდათ. მაგრამ უკვე 1695 წელს დოსითეოსის მხრიდან უწინდელი ქართული მონასტრების (მათ შორის, წმინდა ნიკოლოზის მონასტრის) ბერძნულად გამოცხადების ფაქტი იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ იერუსალიმის პატრიარქს ქართველებისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე შემდგომში აღარ უზრუნია.

რაც შეეხება მონასტრის მაშენებელ ელენე ყოფილ ელისაბედ დედოფალს, ის მოხსენებულია ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე რელიეფურად ამოჭრილ ორსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაში: "წ(მინდა)ო ნიკ(ოლო)ზ მ(ეო)ხ ექმ(ე)ნ წ(ინაშ)ე ქ(რი)ს(ტეს)ა კახთა დედოფ(ა)ლსა ელენე ყ(ო)ფ(ილ)სა ელისაბ(ედს)". 2002 წლის მარტში ეს წარწერა ვანდალურად განადგურდა უცნობ პირთა მიერ. იმავე წლის სექტემბერში ქართველ მეცნიერთა ექსპედიციამ შეძლო იმავე ადგილას წარწერის ზუსტი ასლის აღდგენა (სამუშაო შეასრულა მოქანდაკე პაატა გიგაურმა).

მართალია, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ოფიციალურად მოქმედ ტაძართა რიგში ირიცხება, მაგრამ ლიტურგიკული წლის განმავლობაში წირვა-ლოცვა იქ მუდმივად არ მიმდინარეობს; ეკლესია მეტწილად დაკეტილია. ამ მიზეზით, მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა და მცდელობისა, მასში შეღწევა წლეულს იანვარში არ მოგვიხერხდა. თუმცა აპრილის მიწურულს ტაძრის კარი ჩვენდა საბედნიეროდ, ღია დაგვხვდა. უნდა ითქვას, რომ მონასტრის ამჟამინდელი წინამძღვარი - არქიმანდრიტი არისტობულოსი საზოგადოდ კეთილგანწყობილია საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ბოლო წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია, რომლის დროსაც მოიხსნა ბათქაში და კედლებზე გამოჩნდა ქვისმთლელთა ნიშნები, რომლებსაც ბერძნები ჯვაროსნული ლაშქრობების საწყისი პერიოდით (XI-XII სს.) ათარიღებენ. რესტავრაციამ ტაძრის საკურთხევლის კედელზეც გამოავლინა ძველი კედლის მხატვრობის საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტი, რომლის ძირითადი ნაწილი უჭირავს წმინდა ნიკოლოზის მოღვაწეობის ეპიზოდებს. შეუიარაღებელი თვალით ფრესკაზე ორ ადგილას შეინიშნება ბერძნული წარწერის კვალი.

აღნიშნული აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შარშან, დეკემბერში ისრაელიდან მოგვაწოდა ქალბატონმა ელეონორა გორმა, რომელიც ისრაელელ ენთუზიასტ მხარეთმცოდნეებთან - მიხეილ კოროლთან და ილია მაზიასთან ერთად, შეიძლება ითქვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დიდი პროპაგანდისტია წმინდა მიწაზე. ცნობისთვის, მათ შეადგინეს იერუსალიმის ე.წ. "ქართული" საექსკურსიო მარშრუტი, რომელზეც უცხოურ ტურისტულ-პილიგრიმულ ჯგუფებს დეტალურად აცნობენ წარსულში ქართველთა მფლობელობაში მყოფი ეკლესია-მონასტრების ისტორიას. სამწუხარო ფაქტია, რომ მათი მომსახურებით საკუთრივ ქართველ მომლოცველთა ჯგუფებს დღემდე არ უსარგებლიათ.

ქართველ მეცნიერთა ზემოხსენებული ექსპედიციების დროს ტაძრის საკურთხევლის კედლები ჯერ კიდევ არ იყო გაწმენდილი, რის გამოც წმინდა ნიკოლოზის მოღვაწეობის ეპიზოდების ამსახველი ფრესკა მაშინ ჩვენს მკვლევართა ყურადღების მიღმა დარჩა. ამ ფრესკის ფოტოგამოსახულება დღეს პირველად ქვეყნდება ქართულ ბეჭდვით სივრცეში. თუკი სადავო არ გახდება თვალსაზრისი წმინდა ნიკოლოზის მონასტრის უკვე XI-XII საუკუნეებიდან ქართველთა მფლობელობაში ყოფნის შესახებ, მაშინ ცხადია, ძეგლის ისტორიის მკვლევართათვის ინტერესმოკლებული არ იქნება ახალგამოვლენილი ფრესკის შესწავლით მიღებული შედეგები. იმედია, ჩვენი ხელოვნებათმცოდნეები ამ საკითხით დაინტერესდებიან.

ბესიკ ხურცილავა ჟურნალი "ისტორიანი",#43