ქვის იდუმალი გიგანტები... ტანფეხიანი ყოფილა! - კვირის პალიტრა

ქვის იდუმალი გიგანტები... ტანფეხიანი ყოფილა!

აღდგომის კუნძული, ჩილის სანაპიროდან 3700 კილომეტრში, ერთ-ერთი ყველაზე მაგიური და იზოლირებული დასახლებული ადგილია დედამიწის ზურგზე. მისი მოსახლეობა საუკუნის განმავლობაში იყო გარესამყაროს მოწყვეტილი. უცხო ცივილიზაციამ უცნაური სკულპტურებით მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ქანდაკებები პოლინეზიელმა აბორიგენებმა დაახლოებით 1250-1500 წლებში შექმნეს. ამჟამად კუნძულზე შემორჩენილია ქვის 887 სტატუა.

აღდგომის კუნძულების ქანდაკებათა სილუეტები ლამის მთელი მსოფლიოსთვის იყო ცნობილი, თუმცა რჩებოდა კითხვა - მაინც რა არის ამ გიგანტური ქვის თავების ქვეშ? მეცნიერებს ისიც აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა ამ სკულპტურებს ტანი და ფეხები.

12-წლიანი გათხრების შემდეგ მკვლევართა ჯგუფი ანა ვან ტოლბურგის ხელმძღვანელობით მივიდა დასკვნამდე, რომ კუნძულზე განლაგებულ სკულპტურებს თავის ზომის შესაფერისი სხეული აქვთ და ქვის გიგანტების სრული სიმაღლე 7-დან 20 მეტრამდეა. მათი შეფასებით, მოსაზრება, თითქოს აღდგომის კუნძულის ქანდაკებებს მხოლოდ თავები ჰქონდა, დამკვიდრდა ფოტოსურათების წყალობით, რომლებზეც მხოლოდ ქანდაკებების თავები იყო გამოსახული და იგულისხმებოდა, რომ ისინი უბრალოდ ეწყო მიწაზე.

გათხრებისა და მასალების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქანდაკებები თავდაპირველად სულაც არ ყოფილა მიწაში ჩაფლული. მაგრამ დროთა განმავლობაში, სიმძიმისა და კლიმატური პირობების გავლენით, ნელ-ნელა მიწის სიღრმეში ჩაეშვნენ. ცნობილია, რომ სტატუები შეღებილი იყო წითელი პიგმენტებით, მათ შორიახლოს კი სასაფლაო მდებარეობდა.

ქანდაკებების უკანა მხარე წარწერებით არის დაფარული. ვარაუდობენ, რომ ისინი ან თავად სკულპტორის ვინაობას მიუთითებს, ანდა დამკვეთისა.

გათხრების დროს ის მოწყობილობებიც იპოვეს, რომელთა მეშვეობითაც ეს უზარმაზარი კოლოსები გადაჰქონდათ. სტატუას ჯერ ჰორიზონტალურად მიიტანდნენ საგანგებოდ გაჭრილ ორმოებამდე, შემდეგ კი თოკებისა და ხის ბერკეტების დახმარებით აღმართავდნენ.

ქანდაკებებს კუნძულის ცენტრში არსებულ ქვის სამტეხლოებში ამზადებდნენ და შემდეგ გადაჰქონდათ. აღდგომის კუნძულის ქვის გიგანტები კუნძულის მფარველ ღვთაებებად მიიჩნეოდნენ. მათ ადგილობრივები მოაის უწოდებენ. ზოგიერთ მოაის წითელი ქვის ქუდი აქვს. აღსანიშნავია, რომ ყველა ქანდაკება იყურება კუნძულის სიღრმეში და არა ოკეანის მხარეს. მათი სიმბოლიზმი დღესაც აუხსნელია. მეცნიერები იმითაც დაინტერესდნენ, რატომ არა აქვთ სკულპტურებს ადგილობრივი იერი და რატომ არ იყურება არც ერთი მათგანი ზღვისკენ.

მომზადებულია livejournal-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#44