როგორ იწერება აფხაზეთის ისტორია - კვირის პალიტრა

როგორ იწერება აფხაზეთის ისტორია

აფხაზეთის შესახებ თანამედროვე ისტორიკოსთა ნაშრომებს რომ ვეცნობით, გვახსენდება ცნობილი ფრანგი პოეტისა და მოაზროვნის, პოლ ვალერის სიტყვები: "ისტორია ყველაზე სახიფათო პროდუქტია, ინტელექტის ქიმიის მიერ გამომუშავებული. მისი ნიშან-თვისებები კარგად არის ცნობილი. იგი იწვევს ოცნებებს, იბრიყვებს ხალხებს, წარმოშობს მათში ყალბ მოგონებებს, ამძაფრებს მათ რეფლექსებს, აღიზიანებს მათ ძველ წყლულებს, არღვევს მათ სიმშვიდეს, მიჰყავს ისინი განდიდების ან დევნის მანიისკენ და ხდის ერებს მწარეს, ყოყლოჩინას, აუტანელსა და ფაციფუცას". ჩვენს შემთხვევაში აფხაზი ისტორიკოსები ამ მხრივ ძალიან "გამოირჩევიან". მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიტყვით, რომ ქართველ ისტორიკოსთა შორისაც არ არიან მსგავსი განწყობილების მქონენი.

თუ ჩავუკვირდებით, ფრანგი პოეტის მოსაზრება ადამიანთა ინტელექტისა და ფსიქოლოგიის განსაზღვრულ დონეს გულისხმობს, ხოლო თვით ისტორია არაფერ შუაშია. ფრანგებსა და გერმანელებს ბევრად უფრო მძიმე ისტორიული მემკვიდრეობა აქვთ, ვიდრე აფხაზებსა და ქართველებს, ან რუსებსა და ქართველებს, მაგრამ იქ სუბიექტივიზმი, ტენდენციურობა და ახირებულობა დაძლეულია.

მაინც რა გახდა იმის მიზეზი, რომ აფხაზეთის, აფხაზი ხალხის ისტორიის ობიექტური, არატენდენციური გაგება-გააზრება ასე ჭირს (ვიმეორებთ, განსაკუთრებით აფხაზ ისტორიკოსებში). ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს სათანადო განწყობა და კეთილი ნება და ამის გამოისობით, პოლ ვალერისეული დაკვირვება გამართლებულად ჩანს.

უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდში აფხაზთა, აფხაზეთის ისტორია შედარებით ობიექტურად, კეთილმოსურნედ აღიქმებოდა აფხაზი და ქართველი ისტორიკოსების მხრიდან. მაგრამ უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით აფხაზეთის მიერ "დამოუკიდებლობის" მოპოვების შემდგომ, ვითარება ბევრად გაუარესდა. ამას ათვალსაჩინოებს 1991 წელს დაბეჭდილი აფხაზეთის ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, 2006-2007 წლებში გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოები (აღნიშნულის შესახებ კრიტიკული რეცენზია აქვს გამოქვეყნებული პროფესორ ზურაბ პაპასქირს).

ავტორთა სუბიექტივიზმი, მეტსაც ვიტყოდით, ახირებულობა, ცხადად იკვეთება შემდეგი მაგალითით. მართალია, ისინი სავსებით სწორად მიუთითებენ თითოეული ხალხის განვითარებაში ისტორიული გარემოს (სხვა ხალხების სახით) დიდ მნიშვნელობას. კერძოდ, წერენ, რომ "კავკასია ერთიანია თავის მრავალსახოვნებაში და მრავალსახოვანია თავის ერთიანობაში, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია" (ამის შესახებ აღნიშნულია ოლეგ ბღაჟბასა და სტანისლავ ლაკობას შედგენილ სახელმძღვანელოში), მაგრამ ამ თვალსაზრისით აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ურთიერთზემოქმედება უკიდურესად დაკნინებულია. თუნდაც უძველესი დროიდან დავიწყოთ: აფხაზი ავტორები აღნიშნავენ ადამიანთა წინაპრების გავრცელებას აფრიკის კონტინენტიდან, მაგრამ რატომღაც გაურბიან ე.წ. დმანისელი ჰომინიდის მოხსენიებას. აღიარებულია ობსიდიანის შემოტანის ფაქტები, მაგრამ არა აფხაზეთთან ახლოს მდებარე თრიალეთის ქედიდან, არამედ სომხეთის ზეგნიდან. ერთ-ერთი პარაგრაფი ეძღვნება სკვითებისა და ძველი აფხაზების თემას, ერთი კი გუთებსა და აფხაზებს. ავტორთა აზროვნების "კრიტიკულობას" ნათლად წარმოაჩენს მათი თითქოსდა გულუბრყვილო დამოკიდებულება რუსი ფილოლოგის, გიორგი ტურჩანინოვის ბლეფობისადმი - ძვ.წ. XIII საუკუნეში აფხაზური დამწერლობის არსებობის შესახებ...

აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხი რთულია და მისი გააზრება უდავოდ მოითხოვს ინტელექტუალურ ძალისხმევას, ამის სანაცვლოდ, ორივე მხრიდან გაუბრალოებულ წარმოდგენებს ვხედავთ. ქართულ მეცნიერებაში თავის დროზე გაჩნდა შეხედულება, თითქოს "ძველი აფხაზები" ქართველური (მესხური, კოლხური ან სვანური) წარმოშობისა გახლდნენ და შესაბამისად, "ახალი აფხაზები" აფხაზეთის რეგიონში გაჩნდნენ XVI-XVII საუკუნიდან მოყოლებული (პავლე ინგოროყვა, სიმონ ყაუხჩიშვილი, გიორგი ჩიტაია, თეიმურაზ მიბჩუანი). მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენში არსებობდა და დღესაც არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, აფხაზები მათი უშუალო წინაპრების - აფშილებისა და აბაზგების სახით, შესაბამის ტერიტორიაზე ძველთაგანვე ცხოვრობენ (ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი მელიქიშვილი, მერი ინაძე, ნოდარ ლომოური, ზურაბ პაპასქირი, ბეჟან ხორავა და სხვანი). მეტიც, ივანე ჯავახიშვილისა და სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით, მათი ნაკვალევი ჩანს უფრო უწინაც, გურიის, აჭარისა და სამხრეთი შავი ზღვისპირეთის ტოპონიმიკაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი საკითხთან დაკავშირებით მერყეობს, მათთვის გაურკვეველი რჩება საკითხის არსი. მაგალითად, რას გვეუბნება ასეთი განმარტება: "ქართველები აქ (აფხაზეთში. - გ.ყ.) უძველესი დროიდან ცხოვრობენ, აფხაზები ან უძველესი დროიდან ან XVII საუკუნიდან, ან უძველეს დროსაც და XVII საუკუნიდან".

როგორც ჩანს, ე.წ. გვიან შუა საუკუნეებშიც აფხაზეთში ხდებოდა თანამოძმე მთიელთა ჩამოწოლა, რაც თავის მხრივ განაპირობებდა რეგრესს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროში.

"გაღმა ნაპირი"

რა მოსაზრებას გვთავაზობენ საკითხზე თანამედროვე აფხაზი ისტორიკოსები? ერთი მხრივ ისინი მიიჩნევენ, რომ აფხაზურ-ადიღური ეთნიკური ჯგუფის ხალხების წინარესამშობლოს წარმოადგენდა ჩრდილოეთ-დასავლეთი კავკასია, ე.ი. რეგიონი, სადაც მოგვიანებით ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს ამ ხალხების უმეტესობა. მეორე მხრივ კი, იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომ ხათები (პროტოხეთები), ქაშქ//კასკები და აბეშლაელები აფხაზურ-ადიღური მოდგმისანი იყვნენ, წინარე ენის, წინარე სამშობლოს არსებობას შესაბამისად ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში გულისხმობენ. ცხადია, ლოგიკის თვალსაზრისით ეს შეხედულებები ურთიერთგამორიცხავია. თითქოს ამ მხრივ თვალსაჩინო შედეგისთვის უნდა მიეღწია ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში მომუშავე აფხაზ ისტორიკოს ვლადისლავ არძინბას, მაგრამ მისი ნამდვილი მოწოდება უფრო "პოლიტიკა" აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერება...

2007 წელს გამოქვეყნებულ სასკოლო სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ აფხაზთა წინაპრებს ეკავათ შავი ზღვის მიმდებარე ამიერკავკასიის რეგიონი. მეტიც, გულისხმობენ იმასაც, რომ რაკი აფხაზ-ადიღები და ნახურ-დაღესტნური ხალხები ერთიან ჩრდილოეთკავკასიურ ენათა ოჯახს წარმოადგენენ, თითქოს უკანასკნელნიც ამავე ტერიტორიაზე, ე.ი. გვიანდელ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდნენ, საიდანაც განსახლდნენ აღმოსავლეთის (აღმოსავლეთ საქართველო და ა.შ.) მიმართულებით. ასე რომ, წინარე ქართველთათვის საქართველოში ადგილი აღარ რჩება. და ეს მაშინ, როდესაც რუსი ისტორიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე იგორ დიაკონოვიც კი, უბრალოდ, საღი აზრიდან გამომდინარე, უშვებდა შესაძლებლობას ქართველთა წინაპრების ცხოვრებისა შიდა ქართლის დასავლეთში ანდა მდინარე ყვირილის აუზში.

სხვათა შორის, თავიანთი წინაპრების აბორიგენობის დასამტკიცებლად ავტორები მიუთითებენ შესაბამისი ენობრივი ფაქტების (ბუნების მონაცემების ასახვას) არსებობას, რაც არადამაჯერებელია. უკეთესი იქნებოდა მათ კულტურის სათანადო მიმანიშნებელი ფაქტები წარმოედგინათ. ცხადია, ამ თვალსაზრისით არაფრის მთქმელია აფხაზთა შორის გავრცელებული ხსოვნა სამხრეთიდან მათი მოსვლის თაობაზე. ამგვარი მეხსიერება და ხსოვნა არც ერთი ძველი ისტორიის მქონე ხალხს არ ახასიათებს.

მაინც სად ცხოვრობდნენ ქართველთა წინაპრები აფხაზური საისტორიო სახელმძღვანელოს მიხედვით? თურმე კარდუ-ქართები, ლუშა-ლაზები და ა.შ. ძვ.წ. I ათასწლეულამდე ცხოვრობდნენ სხვაგან, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, საიდანაც ჭოროხის ხეობით მოსულან.

წიგნში ასევე ვკითხულობთ, რომ ძველ ქართველურ ტომთაგან თვითონ კოლხებიც კი ძვ.წ. V საუკუნეში ცხოვრობდნენ ქალაქ ფაზისის სამხრეთით, უფრო ზუსტად, მდინარე ღალისის მიდამოებში, ვიდრე მათ არ გადააადგილეს ჩრდილოეთის მიმართულებით თითქოსდა აფხაზურ-ადიღური წარმომავლობის ჰენიოხები. თუ გულახდილები ვიქნებით, უნდა შევნიშნოთ, რომ ქართველთა ეთნოგენეზისის მსგავს ვერსიას ზოგი ქართველი ავტორიც ავითარებს. საკითხავია როგორ უნდა გავიგოთ კოლხური არექოლოგიური კულტურის გენეზისი და განვითარება. 2009 წელს მოსკოვში გამოცემულ "ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში" (ბორის ლიაპუსტინის რედაქტორობით) აღნიშნულია, რომ ჩრდილოკავკასიური ეთნიკური ერთობის ტომები ძვ.წ. VI-V ათასწლეულებში ცხოვრობდნენ მცირე აზიის ცენტრიდან მოკიდებული კასპიის ზღვამდე, ე.ი. საქართველოს სამხრეთით. აფხაზურ-ადიღური მოდგმისანი ბინადრობდნენ დასავლეთ ნაწილში, ვაინახურ-დაღესტნური წარმოშობისა - აღმოსავლეთში.

წყაროების მიხედვით, არგონავტების მითი შექმნილია საბერძნეთში, ძვ.წ. VIII საუკუნეში. ავტორები დასძენენ: "ეს არ იძლევა საფუძველს გამოყენებულ იქნას ერთი ხალხის მითი (ამ შემთხვევაში, ბერძნული. - გ.ყ.) სხვა ხალხის ისტორიის წყაროდ". ვფიქრობთ, ეს საფუძვლიანი მოსაზრება გახლავთ.

ავტორები ასევე გაურბიან ძველი კოლხეთის სამეფოს არსებობისა და მის საზღვრებში აფხაზთა წინაპრების აღნიშვნას. მე ამ თვალსაზრისსაც შემწყნარებლურად ვეკიდები. მიმაჩნია, რომ კოლხეთის (კულხას) სამეფო, როგორც სახელმწიფო, ყალიბდებოდა სამხრეთით, ჭოროხის აუზში ძვ.წ. VIII საუკუნეში, მაგრამ მისი განვითარება აღიკვეთა გარეგანი ფაქტორით - კიმერიელთა შემოსევით. ამის შემდგომ კი არ მომხდარა კოლხეთის სამეფოს ცენტრის გადანაცვლება ჩრდილოეთისკენ (თითქოსდა ძვ.წ. VI საუკუნიდან მოყოლებული). სამაგიეროდ, აუცილებელი ფაქტია ლაზთა (ლაზიკის) სამეფოს წარმოშობა-ფუნქციონირება ახ.წ. II საუკუნიდან დაწყებული VII საუკუნის ჩათვლით. იმავეს ვიტყოდით მის შემადგენლობაში აფშილებისა და აბაზგების (ასევე სვანების) ყოფნის შესახებაც. ამის დადასტურებას სახელმძღვანელოში ვერ ვხედავთ. იქ მხოლოდ ნათქვამია, რომ: "(ბიზანტია) სწორედ ლაზების მეშვეობით ატარებდა თავის პოლიტიკას. უქმნიდა რა მათ მოთავეობის ილუზიას". ასევე გაუგებარი გახლავთ, რატომ მოიხსენიება ლაზების მეფე გუბაზი მეფედ ბრჭყალებში.

ანაკოფია

რასაკვირველია, ჩვენ, რიგ ქართველ ისტორიკოსთა დარად, არავითარი ეჭვი არ გვეპარება რომ აფსუები და აბაზგები, ვითარცა აფხაზთა წინაპრები, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ უკვე ახ.წ. I-II საუკუნეებიდან მოკიდებული. მაგრამ საფიქრებელია, რომ ისინი მანამდე აქ არ ცხოვრობდნენ (საისტორიო წყაროები არ მოიხსენებენ) და გაჩნდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან - ჯერ აფსილ//აფშილებია, შემდეგ - აბაზგები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ნათელია ის გულისტკივილი, რასაც აფხაზებში იწვევს საწინააღმდეგო მოსაზრების მტკიცება.

მაგრამ მეორე მხრივ, გაუგებარია აფხაზ ისტორიკოსთა კატეგორიული მსჯელობანი ხალიბების, ჰენიოხების, სანიგებისა და მისიმიელების აფხაზური ეთნოსისთვის მიკუთვნებაზე. ისე გამოდის, თითქოს საწინააღმდეგო თვალსაზრისის მტკიცებისას ქართველ ისტორიკოსებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდეთ. სხვას რომ თავი დავანებოთ, რატომ ივიწყებენ შესაბამის სვანურ ტოპონიმებს. ფლავიუს არიანეს თხზულებაში (დაწერილია ახ.წ. II საუკუნის 30-იან წლებში) დასახელებული სანიგების, აფშილებისა და აბაზგების მეთაურნი საისტორიო სახელმძღვანელოში მეფეებად ბრჭყალებში არიან მოხსენიებული. ასევე ბრჭყალებში მოიხსენიება აფსუების ტომობრივი კავშირიც, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ მისიმიელებიც. ამავე დროს, სახელმძღვანელოს ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ აფსილეთისა და მისიმიელების "ეთნოპოლიტიკურ ადრეკლასობრივ წარმონაქმნებს". ამ შემთხვევაშიც ლოგიკურ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, რადგან ადრეკლასობრიობა გულისხმობს სახელმწიფოსა და სოციალური კლასების (ყოველ შემთხვევაში, მმართველი და მართული კლასების) არსებობას. ამის მტკიცება კი იმ ეთნიკური ერთეულებისთვის და იმ დროს გაუმართლებელი ჩანს - ისინი, ალბათ, სამხედრო დემოკრატიის საწყის ფაზაში იმყოფებოდნენ.

დასასრულ, დავძენთ, რომ აფხაზეთის უძველეს და ძველ ისტორიაში მართლაც არსებობს პრობლემები, რომლებიც თავიანთი სიძნელიდან გამომდინარე, შემდგომ კვლევა-ძიებას საჭიროებენ, მაგრამ რიგ შემთხვევაში, სათანადო ნების არსებობისას და ინტელექტის მოშველიებით, მათი გაგება-გააზრება შეუძლებელი როდია.

ამჯერად აფხაზეთის ისტორიის ადრეული სტადიებით შემოვიფარგლებით. შემდგომ მოგახსენებთ, როგორ წარმოიდგენენ ავტორები რეგიონის ფეოდალურ, ახალ და უახლეს ხანებს.

გურამ ყორანაშვილი

ფილოსოფიის მეცნიერებათა

დოქტორი, პროფესორი

(დასასრული შემდეგ ნომერში) ჟურნალი "ისტორიანი",#44