ჯორჯ ბალანჩინი "ღარიბი მილიონერი" - კვირის პალიტრა

ჯორჯ ბალანჩინი "ღარიბი მილიონერი"

"გიორგი თავის მიერ ჩამოყალიბებულ "ახალგაზრდულ საბალეტო ჯგუფთან" ერთად პეტროგრადის ახლომდებარე ქალაქებში მოგზაურობდა და ასე შოულობდა რაღაც კაპიკებს. ხან კინოთეატრებში აკომპანიმენტს უკრავდა თურმე. გასამრჯელოდ პურს, საპონს, ასანთს აძლევდნენ. ძლივძლივობით გაჰქონდათ თავი. დიდი შიმშილობა გადაიტანეს... ერთი სიტყვით, ბევრ გაჭირვებას გაუძლეს"... - გიორგის ძმის, ანდრია ბალანჩივაძის ეს მოგონება სხვა მრავალ საინტერესო დეტალთან ერთად შეტანილია ვენაში მცხოვრები მუსიკათმცოდნე ნონა ლომიძის წიგნში. იგი 20 წელიწადია იკვლევს სახელოვანი ბალეტმაისტერის, ჯორჯ ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

ჩვენს სტატიაში დიდ ბიძას გაიხსენებს ძმისშვილი - ცისკარი ბალანჩივაძე, აგრეთვე შემოგთავაზებთ ანდრია ბალანჩივაძისა და "ნიუ-იორკ სიტი ბალეტის" ყოფილი პრიმა-ბალერინა კარინ ფონ აროლდინგენის მოგონებებს აღნიშნული წიგნიდან.

კარინ ფონ აროლდინგენი: "რუსეთის ერთ-ერთი გაზეთის თუ ჟურნალის კორესპონდენტმა ჰკითხა ბალანჩინს, თუ რატომ დატოვა რუსეთი. ბალანჩინმა ძალიან შეწუხებული სახით და ძალიან მშვიდად უპასუხა: "მდაა, მე ისე დამწუხრებული ვიყავი ლენინის სიკვდილით, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი აქედან"... დიდი იუმორი ჰქონდა".

ანდრია ბალანჩივაძე: "იმ პერიოდში ლუნაჩარსკის მეოხებით მოხერხდა ლენინის თანხმობის მიღება, რომ საბჭოთა მსახიობთა ჯგუფები საგასტროლოდ საზღვარგარეთ გაეგზავნათ. ასე მიდიოდნენ მომღერალთა, მუსიკოსთა ჯგუფები. ასე წავიდა გიორგის დასიც მარიის თეატრიდან. დასში იყო ათი-თორმეტი კაცი, მათ შორის გიორგის პირველი ცოლი, ტამარა ჟევერჟეევა (ჟივა). ცოლი სრულიად ახალგაზრდამ შეირთო. საგასტროლოდ რომ წავიდნენ, გიორგის უკვე ტუბერკულოზი სჭირდა. პირველი გამოსვლები მონტე-კარლოს საოპერო თეატრში ჰქონდათ. წარმოდგენას სერგეი დიაგილევიც ესწრებოდა. უჩვენეს სკრიაბინის "პა-დე-დე" და რამდენიმე ნაწყვეტი სტრავინსკის "ფასკუნჯიდან". დიაგილევს ძალიან მოეწონა თურმე ჩემი ძმის ქორეოგრაფიული სცენები და ცეკვები. თავისთანაც მიიწვია, რომ იქ დაედგა რამე. დიაგილევს ძალიან უყვარდა გვარების გადასხვაფერება, მით უფრო, როცა დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარის პატრონი სახელს გაითქვამდა... 1924 წლის 21 დეკემბერს კი მოხდა გიორგის გვარის ისტორიული ტრანსფორმაცია. ბალანჩივაძე ბალანჩინად იქცა. ათეული წლების მერე, როცა გიორგი თბილისში მესტუმრა, ვუთხარი, რომ აკაკი შანიძემ ჩემი თხოვნით გამოიკვლია ჩვენი გვარის წარმომავლობა და მივიდა დასკვნამდე, რომ შუა საუკუნეებში ბალანჩი მეფის კარის მასხარას ერქვა. ბალანჩის მოვალეობა მარტო მეფეთა გამხიარულება კი არ იყო, არამედ მუსიკის თხზვა და ლექსების კითხვაც. გიორგი აღაფრთოვანა ამან. თანაც ამბობდა "ბალანჩის" მრავლობითი ფორმა - "ბალანჩნი", ანუ "ბალანჩინი" იტალიურად ჟღერსო...

კი გადაუკეთა დიაგილევმა გიორგის გვარი, თავისთანაც მიიწვია, მაგრამ ავადმყოფობა ისევ გაურთულდა, იძულებული გახდა, უარი ეთქვა. დიდი სიკეთე გამოიჩინა მაშინ დიაგილევმა: თავისი ხარჯით შვეიცარიაში გაგზავნა ჩემი ძმა სამკურნალოდ. იქ გიორგის ოპერაცია გაუკეთეს, ნახევარი ფილტვი ამოაჭრეს. ამისთვის ორი ნეკნის ამოღება გახდა საჭირო. ეს ყველაფერი შვეიცარიიდან მომწერა გიორგიმ. ის წერილი დღესაც მაქვს შენახული. ოპერაციის შემდეგ გიორგიმ თავი დაანება ცეკვას. ძალიან ადრე წავიდა სცენიდან - 18 წლის ბიჭი იყო. შვეიცარიის საავადმყოფოში გიორგი თვე-ნახევარი დარჩა და მთელი ამ ხნის განმავლობაში დიაგილევს მზრუნველობა არ მოუკლია. დაბრუნდა გიორგი პარიზში და დასი სამშობლოში წამოსული დახვდა. მაშინვე გაგზავნა წერილი თეატრის დირექციაში: უხსნიდა თავის მდგომარეობას, წერდა, რომ ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა საზღვარგარეთ დარჩენილიყო და ითხოვა, რომ თვენახევრით კიდევ გაეგრძელებინათ მისთვის უცხოეთში ყოფნის ვადა. წერილი კი გააგზავნა, მაგრამ პასუხად ასეთი დეპეშა მიიღო: "დაბრუნდით სასწრაფოდ, პასუხს აგებთ!" რაღა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრიც აღარ შეეძლო. თუმცა მისი სული აქ იყო... დედა, მამა, და-ძმა აქ ვიყავით. აქ ეგულებოდა თავისი დასი, მეგობრები, ყველა ახლობელი... რაღას იზამდა, დარჩა დიაგილევთან და მისი თხოვნით საბალეტო დადგმებზე დაიწყო მუშაობა. მართალი გითხრათ, ერთმანეთს რომ შევხვდით მე და ჯორჯი, ამ ტელეგრამის შესახებ მიამბო, ვუპასუხე ბედი შენი, რომ ტელეგრამა მიიღე, თორემ აქ არც ასეთი ბალეტმაისტერი გამოხვიდოდი, ან სულაც საპყრობილეში დალევდი სულს-მეთქი".

ცისკარი ბალანჩივაძე: "ბებია ძალიან ნერვიულობდა, როდესაც ბალანჩინმა ამერიკაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მე და ჩემი ძმები პატარები ვიყავით, მაგრამ ვგრძნობდით, ბებია რომ ძალიან სევდიანი გახდა. ბალანჩინმა ბებიას ასეთი წერილი მოსწერა: მსურს დედა დაგვლოცო მე და ჩემი საცოლე, გკოცნი ჩემს საყვარელ დედიკოს და ძმისშვილებსო... ბებია - მარია ნიკალაევნა განსაკუთრებული ქალბატონი იყო. ბევრი გადაიტანა... საქართველოში ისე ჩამოვიდა საცხოვრებლად, რომ ქართული არ იცოდა. მამა გერმანელი ჰყავდა, მაგრამ დედ-მამა გაცილებული იყვნენ და დედის გვარი ჰქონდა აღებული. თბილისში იმ პერიოდში ბევრი გერმანელი ცხოვრობდა, ბებიასთან მეგობრობდნენ და სტუმრადაც მოდიოდნენ. თუმცა ბებია იმდენად ჩაიკეტა და სხვანაირი გახდა, რომ აღარაფერი ახარებდა. სიკვდილის წინ განუწყვეტლივ იმეორებდა - ამერიკა არ დაგვითმობს... მაშინ მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ბალანჩინს გულისხმობდა"...

ანდრია ბალანჩივაძე: "ამერიკაში გიორგის ჰქონდა თავისი სკოლა, საბალეტო დასი, მაგრამ არ ჰქონდა საკუთარი თეატრი. წარმოდგენებს "მეტროპოლიტენ ოპერაში" დგამდნენ. პირველად რომ ჩამოვიდა თბილისში, 1962 წელს, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა თავისი თეატრი.

მერე, უფრო გვიან, პრეზიდენტ კენედის დროს, როკფელერმა თორმეტი მილიონი დოლარი გაიღო ამერიკის ბალეტის განვითარებისთვის. აქედან სამი მილიონი პერიფერიებისთვის იყო განკუთვნილი, ცხრა მილიონი კი მან პირადად გიორგის გადასცა. გადაწყდა თეატრის აშენება. ასე აშენდა "ნიუ-იორკ-სიტი-ბალე" ბროდვეიზე.

ცისკარი ბალანჩივაძე: "ჯორჯ ბალანჩინი 1962 წელს ჩამოვიდა პირველად საქართველოში. 45 წელი მას და მამას - ანდრია ბალანჩივაძეს ერთმანეთი არ ენახათ. ცნობილია მათი შეხვედრის ისტორია: ბალანჩინი პირველად მოსკოვში ჩამოვიდა და მამაჩემი დასახვედრად მოსკოვში გაფრინდა. საკვირველია, აეროპორტში ზღვა ხალხი ელოდებოდა, ბალანჩინი როგორც კი კიბეზე გამოჩნდა, მაშინვე იყვირა - ანდრიუშა, ძმაო... 45 წელი ერთმანეთი არ ენახათ და ამდენ ხალხში მაშინვე იცნო თუ რომელი იყო მისი ძმა. ერთმანეთს გადაეხვივნენ და ირგვლივ ყველა ტიროდა. არსებობს ფოტოც თუ როგორ ემოციურად შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ იყო ბალანჩინი ყველაზე გახსნილი. საქართველოში რომ ჩამოვიდა უკვე ძალიან დაძაბული იყო. სულ ეგონა, რომ ვიღაც დასდევდა.

ბალანჩინი ჩამოსვლისთანავე მშობლების საფლავზე წავიდა ქუთაისში. ამბობდა, როცა ცუდად ვხდები, მამა აისახება ჩემ თვალწინ და მაწყნარებს, ყველაფერი კარგად იქნებაო... დიდი დანანებით იხსენებდა დედასაც, მარია ნიკალაევნას... მისი უძვირფასესი მედალიონი დედაჩემმა გამოუტანა. ბაჯაღლო ოქროსი იყო სამი ფოტოთი - ანდრია, გიორგი და თამარი - ანუ შვილები. დედის ნაქონი ეს ნივთი ბალანჩინისთვის ალბათ ყველაზე ძვირფასი და სათუთი საჩუქარი იყო...

მამას ძალიან უნდოდა მისთვის მთელი საქართველო ეჩვენებინა. ბოლოს ბალანჩინი იმდენად დაიღალა, ჭამაც აღარ შეეძლო. ოზურგეთშიც წაიყვანა ქართული ცეკვების სანახავად... თუმცა ბალანჩინს მხოლოდ თავისი ბალერინები ახსოვდა..

- რა იყო მასში ქართული?

- ქართული ტალანტი ჰქონდა. ქართველები ნიჭიერები არიან, მაგრამ ამ ნიჭს განვითარება უნდა. ბალანჩინმა რუსეთში მიიღო ცოდნა, ევროპაში კულტურა და ამერიკაში შეძლო ყველა იდეა განეხორციელებინა. აქედან გამომდინარე, ბალანჩინი კულტურაში მსოფლიო გამაერთიანებელია. ქართული სიმღერები და ცეკვები იცოდა. ქართული ცეკვებიდან ილეთები გამოიყენა თავის დადგმებში. ქართულად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ თუ მის დასში ვინმე საუკეთესოდ იცეკვებდა, ბალანჩინი შესძახებდა - შენი ჭირიმე!.. მისი დევიზი იყო - ცეკვაში ხედავდე მუსიკას, - უსმენდე ცეკვას და ხედავდე მუსიკას - ანუ პირიქით...

1962 წელს ვნახე მისი სპექტაკლები პირველად. მაყურებლის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ეს სულ სხვა სამყარო იყო. ჩვენ სრულიად განსხვავებულ დადგმებს ვიყავით მიჩვეულები, უფრო რომანტიკულებს, რომლებიც ასევე საუკეთესო იყო. თუმცა ბალანჩინის დადგმები უკვე სრულიად ამაღლებული რამ იყო. ახლა სამწუხაროდ ბალანჩინის ბალეტები მთელ მსოფლიოში ისე იდგმება, რომ ბალანჩინისას არ ჰგავს. თავად ამბობდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ მოძრაობები დარჩება, მაგრამ სული აღარ იარსებებსო... მისი ყველა უჯრედი მუსიკას გრძნობდა და აღელვებდა. იმ პერიოდში ბალანჩინის დასი უძლიერესი იყო. 1962 წელს რომ ჩამოვიდა ბალანჩინის დასი, მაშინ იყვნენ ზენიტში. 1972 წელს ისევ ჩამოვიდნენ სპექტაკლებით, მაგრამ მაშინ უკვე ძველებურ ფორმაში აღარ იყვნენ.

ბევრი ცოლი ჰყავდა. ჩვენ მხოლოდ პირველი მეუღლის ფოტო დაგვრჩა, რომელიც ბებიას გამოუგზავნა. ულამაზესი ქალი იყო - ტამარა ჟევერჟეევა. მახსოვს ბავშვობისას აღტაცებით დავცქეროდით ამ ფოტოს... როდესაც ბალანჩინი ჩამოვიდა, ფოტო მივუტანე და ვუთხარი, თქვენი და თქვენი მეუღლის ფოტოა, ბებიას რომ გამოუგზავნეთ-მეთქი... სათვალე მოირგო, ეს რომელი მეუღლეაო?..

ბალანჩინის ყველა ცოლი მისი მუზა იყო. ამბობდა, ქალები თავად მტოვებდნენ, მე არავისგან მივდიოდიო... არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო მაშინ. ბოლოს სიუზან ფარელი შეუყვარდა. ფარელი ძალიან მაღალი, ლამაზი და გასაოცარი ბალერინა იყო. სხვა მოცეკვავეები ბრაზობდნენ თურმე, ყველა სპექტაკლი სიუზან ფარელისთვის იდგმებაო...

- ცნობილია, რომ ბალანჩინი მოკრძალებულად ცხოვრობდა... ამბობდით, რაღაც სკოჩივით ჩამოიტანა, ტანსაცმელი თუ დაგეხევათ, ამით გადააწებებთო...

- გაგვაოცა მისმა სიტყვებმა. თავად მართლა ჰქონდა ლაბადაზე რაღაც საკერებელივით მხართან.. იმ პერიოდში ძალიან ხელგაშლილად ვცხოვრობდით, რადგან საბჭოთა კავშირი ყვაოდა. ნათესავები მთელ დასს იწვევდნენ და გასაოცარ სუფრებს უშლიდნენ... მახსოვს, ერთ-ერთ ნათესავთან ვიყავით მიწვეული და გვერდიგვერდ ისხდნენ მამაჩემი და ბალანჩინი.. ბალანჩინმა სევდიანად თქვა, ალბათ საქართველოში ვეღარ ჩამოვალო და ცრემლები წასკდა...

- თქვენ თბილისში წამყვან პარტიებს ცეკვავდით, რატომ არ წაგიყვანათ თავის დასში?

- ყველას ეგონა, აუცილებლად წამიყვანდა ამერიკაში. მეზობლები მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, ჩასვით ეს გოგო ჩემოდანში და როგორმე წაიყვანეთო. იმ პერიოდში წასვლა ადვილი არ იყო. თავად ბალანჩინი სულ კედლებს შეჰყურებდა და გვეუბნებოდა, აქ ხომ არ არის რამეო? მეცინებოდა, მაგრამ მეც შევცქეროდი კედლებს. სხვათა შორის, ცოტა საეჭვოდ ერთი ამერიკელიც დაჰყვებოდა. თითქოს ძველი მოცეკვავე იყო, წუთითაც არ ტოვებდა ბალანჩინს მარტო... ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია, ჩემი წაყვანა გვეთხოვა. ეს მისთვის ძალიან დიდი ტვირთი იქნებოდა და უკმაყოფილებასაც გამოიწვევდა დასში ჩემი გამოჩენა. სადღაც დაწერეს, ბალანჩინმა თავისი ძმისშვილი არ წაიყვანაო, მაგრამ ასე არ იყო. ბალანჩინმა მითხრა, რომ წამიყვანდა და ორ-სამ წელიწადში მის სკოლას ავითვისებდი... იქ არ ვიცი, რა დადგებოდა ჩემგან და თან ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა ვერ წარმომედგინა...

ზოგჯერ ვსაუბრობდით ძალიან თბილად და ახლობლურად, ზოგჯერ კი ძალიან დაძაბული ხდებოდა. გარეგნობაზეც ეტყობოდა, რომ ჩვენსავით ლაღი არ იყო... 1972 წელს სულ სხვანაირი იყო, თითქოს რაღაცის ეშინოდა და ძალიან მოწყენილი იყო. მისი სპექტაკლებიც აღარ ბრწყინავდა ძველებურად. თავად ამბობდა, დასში ხელფასების მომატებას ითხოვენო და ამას განიცდიდა. ბევრი წავიდა დასიდან, სხვები მოიწვია და უამრავი დაბრკოლება ჰქონდა.

სანამ საბჭოთა კავშირში ჩამოვიდოდა, ძალიან აკრიტიკებდნენ. თავად ყვებოდა, მოსკოვში რომ ჩამოვედი, ჩემს დანახვაზე ეცინებოდათ, ყელზე რომ "ბანტიკები" მქონდაო... მოსკოვში მისი სპექტაკლები რომ ნახეს, ყველა აღფრთოვანდა, მაგრამ კრიტიკაც ისმოდა, სპექტაკლებში სული არ იგრძნობაო... ბალანჩინი ამბობდა, ამ ხალხს ვეუბნებოდი, თქვენ ღმერთი გწამთ, სულზე რომ ლაპარაკობთო?!"

კარინ ფონ აროლდინგენი: "იგი ძალზე რელიგიური იყო, დადიოდა ეკლესიაში, აღდგომა მისთვის ბევრს ნიშნავდა. ერთხელ დავეხმარე, ბევრი საჭმელი მოამზადა და წავედით მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც ახლა ბალანჩინის მემორიალია და სადაც ყოველ წელს აღვნიშნავთ მის ხსოვნას. ძალიან უყვარდა შემწვარი ხბოს ხორცი, ლორი, საჭმლები ნიგვზით, ქინძით და ყვითელი ყვავილით. თვითონაც ამზადებდა კერძებს. ძალიან გემრიელი იყო მისი ბორშჩი და მჟავე კომბოსტო. ისევე, როგორც მისი ქორეოგრაფიული დადგმები, ბალანჩინის მიერ მომზადებული კერძებიც გამორჩეული იყო. ბალეტი ჩემთვის ბიზნესი არ არისო, ხშირად ამბობდა. დიახ, ეს სიმართლე იყო. მე ვიტყოდი, რომ ბალანჩინი ღარიბი მილიონერი იყო. იცხოვრა, როგორც მილიონერმა, მაგრამ ფული არ ჰქონდა. რაც ჰქონდა, ყოველთვის გასცემდა. დიახ, ბალანჩინი ღარიბი მილიონერი იყო"...

ცისკარი ბალანჩივაძე: "მახსოვს, კანადაში ვიყავი გასტროლებით. რუსმა ემიგრანტმა რომ გაიგო, ბალანჩინის ძმისშვილი ვიყავი, მითხრა, დავრეკავ ამერიკაში, თქვენი ბიძა გაიგებს, აქ რომ ხართ და მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება, ჩვენთან რომ ჩამოვიდესო... რუსი ემიგრანტი ბევრი ეცადა, მაგრამ ბალანჩინს ვერაფრით დაუკავშირდა. ყოველდღე რეკავდა და ეუბნებოდნენ, ბალანჩინი ევროპაშიაო. რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა მენახა. ეჭვი გამიჩნდა, რომ ბალანჩინს თავად არ სურდა ჩვენი ნახვა, რადგან საბჭოთა კავშირის დასთან ერთად ვიყავი და ისევ რაღაცის შიში ჰქონდა. არც ამერიკაში იყო სრულიად თავისუფალი. ხელისუფალთაგან მხოლოდ კენედის აქებდა, რომელთანაც მეგობრობდა კიდეც".

ბალანჩინი რომ გარდაიცვალა, მამას ტელეგრამა გამოუგზავნეს. მამას ჩემთან ერთად სურდა გამგზავრება. საქართველოდან თითქოს გვიშვებდნენ, მაგრამ გვითხრეს, ჯერ კანადაში უნდა ჩავსულიყავით, იქ დავრჩებოდით რაღაც პერიოდი და შემდეგ ჩავიდოდით ნიუ-იორკში... მამა აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ერთ ფილმშია, რომ ბალანჩინი სიკვდილის წინ მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდა. სიკვდილის წინ ზოგიერთებს ხომ ბავშვობა ახსენდებათ და მასაც ეს დაემართა"...

ანდრია ბალანჩივაძე: "1981 წელს გიორგისთან ჩავედი ამერიკაში. მაშინ მითხრა, გული მაწუხებსო. თეატრი არ უშვებდა ოპერაციის გაკეთებას, არც ექიმებს უნდოდათ ოპერაცია. მაგრამ ამავე დროს, მკვეთრ მოძრაობებს უკრძალავდნენ. ამის გარეშე კი გიორგი ვერაფერს უხსნიდა დასის წევრებს. გიორგის აჩემებული ჰქონდა გულის ოპერაციის გაკეთება. დამშვიდობებისას ვუთხარი, - ოპერაცია აუცილებლად გაიკეთე, მუშაობა ხომ გინდა, რამე თუ მოხდა, მაშინ იქ შევხვდებით ერთმანეთს-მეთქი. ეს ჩემი ბოლო სიტყვები იყო... ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ამის შემდეგ მალე მისი დასი საგასტროლოდ გაემგზავრა. გიორგის მკვეთრი მოძრაობები აკრძალული ჰქონდა, ის კი ადგა და თვითმფრინავით გადაფრინდა. ეს გასტროლები საბედისწერო გამოდგა მისთვის. ისევ ბალეტის სიყვარულმა იმსხვერპლა. ვერ წარმოედგინა, დასთან ერთად რომ არ ყოფილიყო.

ბალანჩინის პირველი ცოლი ტამარა ჟევერჟეევა

გიორგის სიკვდილის შემდეგ მე მოვითხოვე მისი საკუთრებიდან ზოგიერთი რელიკვიის თბილისში დაბრუნება, რადგან ყველაფერი გიორგის, ქართველებს და საქართველოს ეკუთვნის. მათ შორის გუდიაშვილის ორი სურათიც, რომლებიც თბილისში ყოფნის დროს ლადომ აჩუქა. ამერიკიდან შემომითვალეს, რომ "ნიუ-იორკ-სიტი-ბალესთან" იხსნება მუზეუმი, რომელსაც გადაეცემა ჯორჯ ბალანჩინის ყველა რელიკვია. მე დავთანხმდი.

გიორგი დაკრძალულია ნიუ-იორკის ფრანგულ სასაფლაოზე. მას ძალიან მოსწონდა ეს ადგილი. გიორგის გარდაცვალება რომ გავიგე, ვთხოვე და სიონის ტაძარში პარაკლისი გადაუხადა ილია მეორემ. პატრიარქმა ქართული მიწაც აკურთხა. ეს მიწა მე ამერიკაში გავაგზავნე. მოკლე ხანში ნატაშა გლებოვასგან, რომელიც თუ არ ვცდები, გრიმიორი იყო გიორგის დასში, ასეთი წერილი მივიღე: ძვირფასო ანდრია მელიტონოვიჩ, 30 აპრილს თქვენი ძმის გარდაცვალების წლისთავზე, გადავიხადეთ პანაშვიდი და მის საფლავზე მოვაბნიეთ მიწა, რომელიც თქვენ გამოგზავნეთ საქართველოდან".

ვის დარჩა ჯორჯ ბალანჩინის მემკვიდრეობა?

1983 წლის 7 მაისს გაზეთ "ნიუ-იორკ პოსტის" წერილში "ქალები იყოფენ ბალანჩინის მემკვიდრეობას", ვკითხულობთ:

"ბალეტმაისტერმა ჯორჯ ბალანჩინმა მისი მემკვიდრეობის ($869. 970) დიდი ნაწილი დაუტოვა ორ ქალს. ბალანჩინი გარდაიცვალა გასულ კვირას, 79 წლის ასაკში.

განსვენებულის ანდერძი გუშინ გამოქვეყნდა "მანჰეტენ-სუროგეიტ-კურტში". ანდერძით (მისი ანდერძის აღმსრულებელია ბარბარა ჰორგანი) მისის ჰორგანს დარჩა საუთჰემპტონში მდებარე ნახევარი იმ შემოსავლისა, რასაც მოიტანს ბალანჩინის 37 ბალეტი. მეორე ნახევარი ეძლევა კარინ ფონ აროლდინგენს, რომელსაც ასევე დარჩა მისი "მერსედესი" და 200 000 დოლარად ღირებული აპარტამენტი.

ბალანჩინის ერთადერთ პირდაპირ მემკვიდრეს, მის უმცროს ძმას, ანდრია ბალანჩივაძეს, რომელიც ცნობილი კომპოზიტორია საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში, გაეგზავნა ორი ოქროს საათი, როგორც ჩანს, ოჯახის რელიკვიები.

დანარჩენი მემკვიდრეობა - ორმოცდაათზე მეტი ბალეტის შემოსავალი - სხვადასხვა პირს გაუნაწილდა...

მანანა გაბრიჭიძე ჟურნალი "ისტორიანი",#44