ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები - კვირის პალიტრა

ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები

...და ქართული საფორტეპიანო და საორკესტრო მუსიკის პირველი ნიმუშები პირველი ქართველი კომპოზიტორისა და საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტის, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებლის, პირველი სამუსიკო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის - ალოიზ მიზანდარის (1837-1912) პირადი საარქივო ფონდი დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში. ფონდი მოიცავს ძვირფას მასალას ქართული მუსიკის ისტორიისთვის. აქ ნახავთ იმ სამუსიკო სკოლის გახსნასთან დაკავშირებულ საბუთებს, რომელიც 1886 წელს სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წლის პირველ მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა...

ალოიზ მიზანდარის პირად საარქივო ფონდზე მუშაობისას ოთხ ხელნაწერს გავეცანი. მათი გაშიფვრისას მივხვდი, რომ ჩემ წინ იყო ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები და ქართული საფორტეპიანო და საორკესტრო მუსიკის პირველი ნიმუშები!

Fugative musings for my friend, Composed by A.O. Mizandari, Vienna, jan. . 1867 ("წუთიერი ფიქრები ჩემი მეგობრისთვის", შეთხზული ა. ი. მიზანდარის მიერ, ვენა, იანვარი, 1867") - ასე ეწოდება ნაწარმოებს, რომელიც ალოიზ მიზანდარმა ვენაში გასტროლების დროს დაწერა. ის მსმენელმა 147 წლის შემდეგ ჯერ ციფრული ვარიანტით, ხოლო ივნისში ცოცხალი შესრულებით, ალოიზ მიზანდარის სახელობის #1 ხელოვნების სკოლის საიუბილეო კონცერტზე მოისმინა.

თუ აქამდე მხოლოდ დაბეჭდილი სახით გვქონდა ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუში, ალოიზ მიზანდარის რომანსი "ჩვენ დავშორდით" (გამოიცა პეტერბურგში 1863 წელს), ახლა უკვე ხელთ გვაქვს ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ხელნაწერი ნოტები და ამასთანავე, ქართული საფორტეპიანო მუსიკის პირველი ნიმუში.

მეორე ხელნაწერი -  Tiflis - Polka ("თბილისი - პოლკა") სიმფონიური ორკესტრისთვის დაწერილია 1867 წელს ვენაში, ამას ადასტურებს "ფიქრების" მეორე გვერდზე ავტორის მიერ ჩაწერილი მთავარი თემის ესკიზები ფორტეპიანოსთვის. ეს არის ერთადერთი საორკესტრო ნაწარმოები ალოიზ მიზანდარის შემოქმედებაში და პირველი პარტიტურა ქართულ პროფესიულ მუსიკაში.

მესამე ხელნაწერი, ცეკვა "ლეკური" (Lesghinka arrange par A. Misandari) საზოგადოებისთვის ცნობილი ნაწარმოებია. ის ავტორს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1867-1870 წლებში ფორტეპიანოსთვის გადაუტანია. იმავე სანოტო ფურცლის მესამე გვერდზეა მეოთხე ხელნაწერი: ალოიზ მიზანდარის მიერ ფორტეპიანოსთვის გადატანილი "ალეგრეტო" - ფელიქს მენდელსონის მეორე სიმფონია-კანტატიდან ოპ.52, რომელსაც აკლია სატიტულო გვერდი და შესავალი 73 ტაქტი.

"ლეკური" და "ალეგრეტო" XIX საუკუნის ბოლოს პეტერბურგში, "ბესელის" სანოტო გამომცემლობამ გამოსცა.

"ფიქრები", "ლეკური" და "ალეგრეტო" დაწერილია ფანქრით. "პოლკა" მელნით. "ფიქრების" სათაური და ხელმოწერა შესრულებულია ინგლისურ ენაზე მელნით, ბოლო 9 ტაქტს მარცხენა ხელის პარტია აკლია (დავასრულე მე, - ლ. მ.) "ლეკურსა" და "პოლკას" აქვს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ხელმოწერა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებებისა, ალოიზ მიზანდარს ეკუთვნის საფორტეპიანო პიესები, რომლებიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოსკოვსა და პეტერბურგში ცნობილმა სანოტო გამომცემლობამ "ბესელმა" და "იურგენსონმა" გამოსცეს: "აღმოსავლური მელოდია", "მაზურკა-ფანტაზია", მაზურკა "მოგონება აბასთუმანზე", "ორი პატარა ვალსი".

1860-1867 წლებში ალოიზ მიზანდარი კონცერტებს მართავდა პეტერბურგში, პარიზსა და ვენაში. მისი მეგობრები იყვნენ პეტრე ჩაიკოვსკი, ანტონ რუბინშტაინი, ფერენც ლისტი, ჯოაკინო როსინი, იოჰანეს ბრამსი. გადმოცემის თანახმად, მიზანდარი და ლისტი ორ როიალზე უკრავდნენ.

მიზანდარის საკონცერტო გამოსვლებსა და საკომპოზიტორო მოღვაწეობას კრიტიკა ასე აფასებდა:

"იშვიათი მოხდენილობითა და გენიალური შესრულებით ბატონმა მიზანდარმა მსმენელები განაცვიფრა".

ვენა, გაზეთი "დერ ვანდერერ",

1.IV.1867 წ. #89

"იმ დღეს უფ. ალოიზ მიზანდარმა გაგვაგონა ჩვენ ზოგიერთი ჩვენებური სიმღერის "ხმები", რომელიც იმას პიანოზე დასაკრავათ გადაუკეთებია. ჩვენ დიდი სიამოვნებით შევნიშნეთ, რომ მის შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. იმიტომ, რომ მის ხელში პიანომ მშვენიერათ მიჰბაძა ჩვენებურ მუზიკას და მისი ხასიათი მსმენელებს უცხოთ გადმოგვცა...

ჩვენი აზრით, დიდ ღირსებათ უნდა ჩაეთვალოს უფ. მიზანდარს, რომ ასე სწორეთ გადაუცია პიანოსათვის ეს თვისებები, რომელიც ჩვენებურ მუზიკას ჩვენი ხალხის და საზოგადოების ხასიათიდგან გადასდებია".

გაზეთი "დროება", 12.06.1870 წ. #23

"ბ-ნი მიზანდარის დაკრული ბრამსის შესრულებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ უფრო მეტად ზემოქმედებს სულზე".

გაზეთი "კავკაზ", 2.05.1877 წ. #86

"მისი ნაწარმოებებიდან საუკეთესოდ ითვლება "მაზურკა-ფანტაზია", "აღმოსავლური მელოდია" და რამდენიმე სხვა პიესა. როგორც აღვნიშნეთ, ის ჩვენთვის ძვირფასია როგორც არა მხოლოდ დაუღალავი, ნიჭიერი პედაგოგი, არამედ პირველი კომპოზიტორი თანამემამულეთაგან".

გაზეთი "ტიფლისკი ლისტოკ",

1.05.1893 წ.

იოსებ შარლემანი. "ალიოზ მიზანდარი და პეტრე ჩაიკოვსკი ბორჯომში მესტვირეს უსმენენ" (ავტოლითოგრაფია, 1953 წ.)

"პირველ რიგში, ეს ის ნაწარმოებებია, რომელთაც მეკვლეობა გასწიეს ქართულ საკომპოზიტორო ხელოვნებაში და წინ უძღვიან ქართულ პროფესიულ მუსიკალურ ნაწარმოებთა შექმნას. და კიდევ, სწორედ მათი წყალობით გაისმა პირველად მშობლიური ხმების ანარეკლი".

ნიკოლოზ გიორგაძე, "ალოიზ

მიზანდარი", თბილისი, "მერანი" 1969 წ.

"თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმ ნაწარმოებს, რომლებიც მაშინ დაიწერა და გამოიცა, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა პროფესიული მუსიკა, დავინახავთ მიზანდარის - პირველი განათლებული ქართველი კომპოზიტორის მოღვაწეობის დიდ მნიშვნელობას".

მარგარიტა ვაჩნაძე, "ნარკვევები ქართული საფორტეპიანო მუსიკის ისტორიიდან", თბილისი, "ხელოვნება" 1973 წ.

ლევან მიზანდარი

კომპოზიტორი ჟურნალი "ისტორიანი",#44