მანგლისის სიონი გამორჩეული ძეგლია როგორც ქართული ქრისტიანობის ისტორიისთვის, აგრეთვე ქართული ხელოვნების ისტორიისთვისაც - კვირის პალიტრა

მანგლისის სიონი გამორჩეული ძეგლია როგორც ქართული ქრისტიანობის ისტორიისთვის, აგრეთვე ქართული ხელოვნების ისტორიისთვისაც

მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, იგივე მანგლისის სიონი მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში. ეს ძეგლი გამორჩეულად მნიშვნელოვანია როგორც ქართული ქრისტიანობის, ასევე ქართული ხელოვნების ისტორიისთვისაც.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. ლეონტი მროველის თანახმად, კონსტანტინე კეისრის მიერ მირიან მეფისთვის გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, რომელსაც წმინდა რელიკვიები და უხვი განძეული მოჰქონდა საქართველოში ეკლესიათა ასაშენებლად, მცხეთაში ჩასვლამდე მანგლისში დაყოვნებულა, ტაძრის აშენება დაუწყია და ქრისტეს წმინდა ჯვრის ნაწილიც დაუტოვებია. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ საეპისკოპოსოებს შორის მანგლისი რიგით მეოთხედ მოიხსენიება. ძეგლზე თვალნათლივ გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა. პირველი - მარტივი ტეტრაკონქის გეგმის მქონე ტაძარია, რომელიც გარედან რვაწახნაგა მოხაზულობაში ეწერებოდა და გუმბათით იყო გადახურული (ტეტრაკონქი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპია, რომლის გეგმის საფუძველს აფსიდებით შედგენილი ჯვარი წარმოადგენს). სავარაუდოდ, პირველი ფენა სწორედ გორგასლის პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ტაძრებს შორის მანგლისი უადრესი ნიმუშია. ამიტომ მისი დეტალები, არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთგვარ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს საქართველოში ამ ტიპის ხუროთმოძღვრების განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს ტეტრაკონქის განვითარების სამი ქვეტიპი:

I. მარტივი ტიპის ტეტრაკონქი ოთხი აფსიდით - შედგენილი ჯვრული სივრცეა და როგორც ითქვა, მისი პირველი ნიმუში მანგლისის სიონია.

II. კუთხის ოთახებიან ტეტრაკონქში აფსიდებს შორის ჩნდება წრიული ნიშები, რომლის საშუალებითაც თავდაპირველად ერთმანეთთან მიბჯენილი ოთხი აფსიდი ერთმანეთს შორდება და არქიტექტორს ეკლესიის შიდა სივრცის გაზრდის საშუალება ეძლევა, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა.

III. გარშემოსავლელიანი ტეტრაკონქი. მისი ყველაზე მაღალმხატვრული ნიმუში ბანას ტაძარია.

მანგლისის სიონის ძირითადი სივრცის გარშემომწერ კედლებში ჩაშენებული იყო ოთხი მცირე სათავსი, რომლებიც ძირითად სივრცეს უკავშირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ მანგლისის მაშენებელი არქიტექტორი V საუკუნეში უკვე გრძნობდა ამ ხუროთმოძღვრული ტიპის ნაკლს - შიდა სივრცის სიმცირეს და დამატებითი სათავსების აგებით, ფაქტობრივად, წინასწარმეტყველებდა, რომ აშენდებოდა მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძარი. ამიტომაც არის ტეტრაკონქებს შორის მანგლისის სიონი უადრესი ნიმუშიც და იმავდროულად, ამოსავალიც ამ ტიპის განვითარებისთვის.

VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევის დროს აოხრებულა და აქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაცებიათ. ისტორიული წყაროები მანგლისის შესახებ აღარაფერს მოგვითხრობენ XI საუკუნის პირველ მეოთხედამდე ანუ გიორგი I-ის (1014-1027) მეფობის ხანამდე, როცა ტაძრის არქიტექტურა რადიკალურად შეიცვალა. თავდაპირველი, V საუკუნის ნაგებობის აღმოსავლეთ მხარეს წინ წაიწია საკურთხევლის აფსიდამ, აქეთ-იქიდან მიემატა საკურთხევლის დამხმარე სათავსები, სამკვეთლო და სადიაკვნე. მიუშენდა სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები, დაედგა ახალი გუმბათი, შენობა მთლიანად ახალი ქვის პერანგში ჩაისვა, ხოლო ექსტერიერი ეპოქის შესაბამისად მოჩუქურთმდა. მოიხატა ინტერიერი. მანგლისის სიონმა საბოლოო ცვლილებები (რომლებითაც დღემდე მოაღწია) განიცადა XIX საუკუნის შუა ხანებში, რუსული მმართველობის დროს, ეგზარხოს ისიდორეს ინიციატივითა და ადგილობრივი რუსული პოლკის ოფიცრების მცდელობით. ჯერ ლეკების თავდასხმებით, შემდეგ კი აღა-მაჰმად ხანის ლაშქრობის შედეგად დაზიანებული ტაძარი გაწმინდეს და შეაკეთეს. მართალია, ამის შემდეგ წირვა-ლოცვა აღდგა, თუმცა ტაძრის ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი სამუდამოდ დაიკარგა.

აღმოსავლეთ ფასადზე მხატვრულ სახეს ქმნის კედელში ღრმად შეჭრილი, წყობის შემამსუბუქებელი ორი ნიში, რომელთა შუაშიც საკურთხევლის საკმაოდ დიდი, მოჩუქურთმებული სარკმელია მოთავსებული. სარკმლის ზედა ნაწილში მოცემულია სტილიზებული მცენარეული ორნამენტის ჩუქურთმებით შედგენილი ქუსლიანი წარბი (რკალისებური ზოლი სარკმლის ზედა მხარეს, ფაქტობრივად, წარბის ფუნქციას ასრულებს), რომელიც ნიშების ზედა ნაწილშიც მეორდება და ერთმანეთს ებმის. მათ ზემოთ ჯვარია გამოყვანილი, ირგვლივ რამდენიმე დეკორატიული დეტალით. უჩუქურთმო სარკმლები აქვთ პასტოფორიუმებს, დიდ სარკმელთან შედარებით ქვემოთ (პასტოფორიუმი - დამხმარე საღვთისმსახურო სათავსო ცენტრალური აფსიდის ორივე მხრიდან).

თაღოვანი კარიბჭე დასავლეთ ფასადის მთავარი აქცენტია. მის ორივე მხარეს ამოყვანილია სამმაგ დეკორატიულ ნახევარსვეტზე დაფუძნებული თაღები და შემკულია რამდენიმე სახის ჩუქურთმით. ეს კარიბჭე XIX საუკუნეში შეაკეთეს, რაზეც მიუთითებს როგორც რუსული წარწერა რესტავრაციის შესახებ, აგრეთვე გადაწყობილი ქვებით შექმნილი ერთგვარი სიჭრელე. შესასვლელის მაღლა ორ რომბზე დამდგარი ჯვარია გამოსახული.

დასავლეთის მხრიდან კარგად ჩანს ყველა მინაშენი და მათ შორის განსხვავებული სიმაღლის დონეები. აქაც აქცენტი გადადის თაღოვან კარიბჭესა და მის დეკორატიულ დეტალზე, რომელიც სამხრეთის მსგავსია, მაგრამ უფრო მასშტაბური და პომპეზური. მათ შორის გამოირჩევა ორთავიანი არწივის ჰერალდიკური გამოსახულება შესასვლელის მაღლა მდებარე ჯვრის თავზე, რომელსაც ერთ კლანჭში ჯვარი უჭირავს, ხოლო მეორეში - სკიპტრა. როგორც ჩანს, იგი XIX საუკუნის რესტავრაციის დროინდელია. იგივე მოტივი მეორდება ტაძარში, საკურთხევლის მოპირდაპირედ მდგარ ხის საპატრიარქო ტახტზეც. ზოგადად, ინტერიერში რუსული ხატების სიმრავლეც ცხადყოფს, რაოდენი გავლენა მოახდინა რუსული პოლკის ხანგრძლივმა მფლობელობამ. ამ ფასადზეა XI საუკუნის გადაკეთების აღმნიშვნელი წარწერაც, რომელიც ახლა დაზიანებულია, მაგრამ თავის დროზე მარი ბროსეს მოუსწრია ამოკითხვა.

ჩრდილოეთი კედელი არ არის დატვირთული მხატვრული დეტალებით, მისი მუდმივად ჩრდილში ყოფნის გამო.

მთლიანი ტაძრის მასის დომინანტია უზარმაზარი თორმეტწახნაგა გუმბათი, რომელიც წითელი კრამიტით არის გადახურული. ყელის გარშემო მას ექვსი სარკმელი შემოსდევს, ყოველი მათგანი შემკულია სხვადასხვაგვარი ორნამენტით. მათ შორის გამოირჩევა ე.წ. სოლისებური ფოთლების ჩუქურთმა, რომელიც მრავლად გვხვდება ტაძრის სხვა ნაწილებშიც. ეს მოტივი XI საუკუნისთვის სახასიათო გახლავთ, რითაც ხშირად გვევლინება სხვადასხვა ძეგლის დამთარიღებლადაც და ფართოდ არის გავრცელებული ამ პერიოდის როგორც ქვაზე კვეთილ ორნამენტში, ისე ჭედურობაშიც. ამ ორნამენტის სახეობები გვხვდება სხვადასხვა ძეგლზე, სხვადასხვა რაკურსით, ხან უკიდურესად სტილიზებული, ხანაც თითქმის რეალურ მცენარეულ პირველსახემდე დაყვანილი. საინტერესოა, რომ მანგლისის სიონში თითქმის ყველა სახესხვაობა დასტურდება.

მოხატულობა

XI საუკუნეშივეა შესრულებული მოხატულობა, რომელიც ახლა მხოლოდ გუმბათის ყელში შემორჩა. იგი შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, მრავალი ასპექტით საინტერესო.

თავდაპირველად ტაძრის მთლიანი ინტერიერი უნდა ყოფილიყო მოხატული, მაგრამ XIX საუკუნეში, შეკეთების დროს ის ხელახლა შეულესავთ და შეუთეთრებიათ, ხელუხლებლად მხოლოდ გუმბათში არსებული ნაშთები შემორჩა.

კომპოზიციური თვალსაზრისით ამ რთულად მოსახატავ სივრცეს მხატვარი აღნაგობის მიხედვით ორ ნაწილად ყოფს, ფართო გეომეტრიული მოტივის ლენტით. რადგან გუმბათის ყელი მასში გამავალი ექვსი სარკმლით ექვს ტოლ ნაწილად არის დაყოფილი, მხატვარი იყენებს მათ შორის არსებულ სიბრტყეს და ქრისტიანული მხატვრობისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიციას ქმნის. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია მაკურთხებელი ქრისტე, ზევით აწეული მარჯვენა ხელით. ქრისტეს მარჯვნივ მისკენ მიმართული ღვთისმშობელი დგას, მარცხნივ - იოანე ნათლისმცემელი. სარკმლებს შორის დანარჩენ სიბრტყეზე კი ორ-ორი ფეხზე მდგომი წმინდანის გამოსახულებაა. თითოეული ფიგურა მთლიანად ავსებს სარკმლებს შორის სივრცეს. წმინდანებს ხელში გაშლილი გრაგნილები უჭირავთ, რომლებზეც კარგად გამოყვანილი, დიდი ასომთავრული ასოებით, წითელი და შავი საღებავით შესრულებული წარწერებია. მოხატულობა გუმბათის ყელიდან სარკმლების წირთხლებზეც ინაცვლებს. თაღებში დახატულია ნიღბები, თითოეულში განსხვავებული.

გუმბათის სფეროში მოთავსებულია ჯვრის ამაღლების გრანდიოზული კომპოზიცია. ცის ფონზე, ოთხი მფრინავი ანგელოზი აღამაღლებს ტოლმკლავებიან ჯვარს. მათგან მხოლოდ ერთმა მოაღწია ჩვენამდე თითქმის დაუზიანებლად. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ ანგელოზს მრგვლოვანი ასოებით ეწერა სახელები. ახლა მხოლოდ ერთი მათგანის სახელი გაირჩევა - რაფიელი.

გუმბათის ყელისა და სფეროს გამყოფი ორნამენტული ლენტის თავზე, სამხრეთ ნაწილში, სადაც ორი მფრინავი ანგელოზის ფეხები ხვდება, დისკოს ფონზე სტილიზებულ ლომზე ამხედრებული მამაკაცია გამოსახული, რომელსაც ხელში უჭირავს სიუხვის რქა (დიდი ავსებული ყანწი). ლომი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართება. ამ გამოსახულების შესახებ არსებობდა რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ვახუშტი ბატონიშვილს იგი მუჰამედის გამოსახულება ეგონა, ზოგი კი ცხენზე ამხედრებულ წმინდა გიორგიდ მიიჩნევდა. ამ ადგილზე გიორგი ჩუბინაშვილი მიუთითებდა მედალიონზე ცხოველის გამოსახულებით, ხოლო პროფესორი შოთა ამირანაშვილი წერდა, რომ ის მზის გამოსახულებას წარმოადგენს. სხვები მას წმინდა მამაი კესარიელთან აიგივებენ და პარალელებს ავლებენ ქართული ჭედურობის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშთან - წმინდა მამაის ტონდოსთან გელათიდან (10-თეთრიანზე დატანილი გამოსახულება). აქ გამოსახული ლომი სტილისტიკურად და ნიუანსობრივად მართლაც ავლენს მსგავსებას მაგლისში გამოსახულ ლომთან, განსაკუთრებით, ბრჭყალების დამუშავებით - ორივე მათგანს ისინი გრიფონისას მიუგავს. თუმცა ამჟამად უკვე გაწმენდილი გამოსახულებიდან იკვეთება ლომი გრიფონისებური ბრჭყალებით, რომელზეც მამაკაცის ფიგურაა ამხედრებული, ხელში სიუხვის რქით, ხოლო მამაკაცის თავზე გარკვევით მოჩანს თეთრი ასოებით შესრულებული წარწერა "მზე". აშკარაა, რომ იგი მზის პერსონიფიკაციას უნდა წარმოადგენდეს და სიმბოლურად განასახიერებდეს ქრისტეს ყოვლისმპყრობელობას. მზისა და მთვარის სხვადასხვა სახით პერსონიფიცირება ქართული კედლის მხატვრობისთვის უცხო არ არის და მათი ერთ-ერთი პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ დავით გარეჯის მრავალმთის მოხატულობებში გვხვდება.

ამ ფრესკების კომპოზიციურ და სტილისტიკურ პარალელებად ტაო-კლარჯეთის ძეგლები მიიჩნევა. როგორც ჩანს, მანგლისის ტაძარში შესრულებული მოხატულობა იმ მაღალმხატვრული პერიოდის არცთუ შორეული გამოძახილია და პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, იმ ეპოქაში არსებულ საერთო კულტურულ გარემოზე მიუთითებს.

ქრისტიანული ტრადიცია მანგლისის სიონს რამდენიმე მნიშვნელოვან სიწმინდეს უკავშირებს - უფლის სამსჭვალსა და წმინდა ჯვრის ნაწილებს. აქვეა დაბრძანებული იოანე მანგლელის თანმხლები სასწაულმოქმედი ხატი - მანგლისის ღვთისმშობელი. გადმოცემის თანახმად, სამხრეთი შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს, ხოლო ტაძრის ეზოს განაპირას, გალავანთან მოთავსებულ წისქვილის ქვასაც სასწაულმოქმედი კურნების ძალა აქვს.

ამგვარად, მანგლისის სიონი მრავალი ნიშნით გამორჩეული ტაძარია და ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლებს შორის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

მარიტა სახლთხუციშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#44