ლიანა ასათიანი: არის კი ვინმე ბედნიერი თავისი ცხოვრებით? - კვირის პალიტრა

ლიანა ასათიანი: არის კი ვინმე ბედნიერი თავისი ცხოვრებით?

ფოტოგალერეა

ერთხელ მითხრა, - ყველას ჰგონია, ცხოვრების ნებიერი ვარ, "რძეში ვბანაობ"... ეს იმიტომ, რომ არასოდეს დამიწუწუნია, არ მითქვამს, "მიჭირს", არ მითხოვია არაფერი...

ცხოვრების მეცხრე ათეულ წელში გადამდგარი ისევ ისეთი იყო: არ წუწუნებდა, არც გადატანილ ავადმყოფობაზე ლაპარაკობდა, არც - სულიერ ტკივილზე.

მასთან ყველა ოთახში შვილებისა და შვილიშვილების ფოტოები ეწყო. ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანები შორს ჰყავდა...

2014 წლის 8 ივლისს ქალბატონი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა. ჩვენ დაგვრჩა მისი შესრულებული როლები და ბევრი ამბავი - უკვე ლეგენდის ტოლფასი. გავა დრო და როცა ვინმე იკითხავს, მაინც როგორი იყო ლიანა ასათიანიო, შეგიძლია მშვიდად, სრულიად დარწმუნებულმა უპასუხო: ძლიერი!.. ეს მისი ცხოვრებითაც კარგად ჩანს.

- დედაც მსახურობდა, მამაც, შინ მარტო მტოვებდნენ, მიყვარდა ფანჯრის რაფაზე დაწოლა. მივიტანდი მუთაქას და დავწვებოდი. ერთი უხერხული გადატრიალება და გადავვარდებოდი. ალბათ არ ვიყავი განწირული და არ გადავვარდნილვარ.

ვცხოვრობდით ოპერის უკან. ეს სახლი ოპერაში ჩამოსული პრიმადონების საცხოვრებლად ქირავდებოდა. სასტუმროს ნაცვლად აქ ცხოვრობდნენ. ბინა პატარა გვქონდა, მაგრამ შედარებით კეთილმოწყობილი. მთელ სახლში მარტო ჩვენ გვქონდა ცალკე საპირფარეშო.

მამა სახელმწიფო დაგეგმარებაში მუშაობდა. დედაჩემი - მერი ბურდული ძალიან ნიჭიერი ქალი იყო. მუშაობდა რედაქციებში. ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და აშუქებდა. სკოლიდან რომ მოვიდოდი, ვხედავდი, გაზეთებს როგორ ატარებდნენ და ყვიროდნენ: იყიდეთ, მერი ბურდულის სასამართლოო... ასე უწევდნენ რეკლამას.

მყავდა 6 წლით უმცროსი ძმა - რეზო. ხან ვამბობ, ბავშვობა არც მახსოვს-მეთქი. სკოლიდან მოვიდოდი თუ არა, დაკავებული ვიყავი მისი მოვლით. ჩვილი რომ იყო, მაშინ ცხადია, მე ვერ მოვუვლიდი, მაგრამ ცოტა წამოიზარდა თუ არა, ხელში აყვანილი დამყავდა ეზოში. საღამოობით გავიდოდი ბაღში, ჩამოვჯდებოდი, კალთაში რეზო მეჯდა... გულდაწყვეტილი ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ჩემი ტოლები დახუჭობანას, დაჭერობანას. მე არ შემეძლო, ძმას ვერ დავტოვებდი.

რეზო ძალიან ცელქი ბიჭი იყო... მაგრამ დარდიანიც. 6 წლის რომ იყო, მაშინ გაშორდნენ მშობლები ერთმანეთს. მე დედამ წამიყვანა. რეზო დატოვა მამასთან. მას კი არავინ არ უნდოდა დედის გარდა. სულ დედა ენატრებოდა.

მერე როგორღაც მოახერხა დედამ და სუვოროვის სასწავლებელში მოაწყო. ჯერ მახინჯაურში სწავლობდა. მერე პეტერბურგში გადაიყვანეს.

ადრე ამდენს არ ვფიქრობდი... დედას რაკი მეც თან მივყავდი, აღარ მინერვიულია... თან დიდ კაცზე თხოვდებოდა. ვასო ეგნატაშვილი, ვისაც ცოლად გაჰყვა, პრეზიდიუმის მდივანი იყო.

მამას მეზობლის ქალი შეუყვარდა და სამი შვილი მასთან ეყოლა, დედასაც შეეძინა კიდევ ერთი შვილი... ასე რომ, ნახევარძმები და დებიც მყავს.

რაკი მამინაცვალთან კარგ პირობებში ვცხოვრობდი, ხალხს ეგონა, არაფერი გვიჭირდა. ასე, ცხადია, არ ყოფილა. 1938 წლიდან ვიყავით მასთან... გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთ დღესაც ეს კაცი სამსახურში წავიდა. სადილად შინ მოვიდოდა ხოლმე. აღარ მოვიდა. თქვა, მივდივარ უკან ჩემს პირველ ოჯახშიო... საუკეთესო ოჯახი ჰქონდა, 25 წლის ვაჟი და 20 წლის ქალიშვილი, ვარსკვლავებივით შვილები ჰყავდა... ან საერთოდ რატომ დატოვა ისინი, როგორ შეიძლებოდა!

ეს იყო ტრაგედია. დროც ისეთი იყო, ყველას უჭირდა... ისე, ხელმოკლეობის ამბავი უფრო ადრინდელიც მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი და მგონი ცოტა მარილს ვყრიდით და ისე ვსვამდით ჩაის, შაქარი არ გვქონდა.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მათემატიკას საქართველოში საუკეთესო პედაგოგი - ვასილ აბდუშელიშვილი მასწავლიდა. კარგად ვიცოდი ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია...

მშობლები არ მანებივრებდნენ. საშუალებაც არ იყო ამისი...

იცით, რა მახსოვს? ჩემს პირდაპირ, ცოტა მოშორებით ცხოვრობდა ერთი ბიჭი... ვუყურებდი მის ფანჯარას და მეჩვენებოდა, რომ ისიც მიყურებდა.

მუსიკაზე დავდიოდი ჩემივე ქუჩაზე. ჟიტკოვსკაია იყო, ანჩხლი ქალი. მასთან სწავლობდა ერთი გენერლის ქალიშვილი - ჩასუქებული, ნებიერი... შემთხვევით ვნახე, ის ბიჭი, მე რომ მომწონდა, არ არის ჩახვეული ამ გოგოსთან?! ის იყო და ის. ამოვიგდე გულიდან.

ძალიან მიყვარდა თეატრი, ოპერა. ერთხელ ბიძაჩემმა წამიყვანა, დამსვა ადმინისტრაციის ლოჟაში. იმავე დღეს ვეცადე, რომ იმ ქალს, ვინც კარში იდგა, კარგად დავემახსოვრებინე. მას მერე ხშირად მივდიოდი თეატრში. მიშვებდნენ სპექტაკლებზე... ვბრუნდებოდი შინ და ვცეკვავდი, ვმღეროდი... სასაცილო სანახავი ვიქნებოდი. თავზე რაღაცას ვიხვევდი ხოლმე, ვითომ სცენაზე გამოვდიოდი.

თექვსმეტი წლის ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრში წავედი მეგობრებთან ერთად. "გიორგი სააკაძე" გადიოდა. შესანიშნავი მსახიობები თამაშობდნენ. მთავარ როლში იყო შალვა ღამბაშიძე. ანტრაქტზე მე და ჩემი გოგონები დერეფანში გამოვედით. იცით რა ლამაზ გოგონებთან ერთად ვიყავი? - მახლდნენ პაოლოს ქალიშვილი მედეა, გოგლა ლეონიძის ქალიშვილები - თინა და ნესტანი... უცებ ორი ადამიანი მოგვიახლოვდა - ნატაშა ჟუჟუნაძე, მიხეილ ჭიაურელის ასისტენტი და შალვა გედევანიშვილი - ფილმის მეორე რეჟისორი. მკითხეს, ვინ ვიყავი და შემომთავაზეს, ფილმში გადაღება არ გინდაო?

ამ დროს მსახიობობაზე ვოცნებობდი. ყოველდღე თეატრში დავდიოდი, შინ რომ მოვიდოდი, თუ არავინ დამხვდებოდა, ვიწყებდი იმის განსახიერებას, რაც სცენაზე მქონდა ნანახი... ცხადია, ბედნიერი ვიყავი და დავთანხმდი.

ჯერ სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. ჩამაცვეს, გამიკეთეს გრიმი. სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მომეწონა ჩემი თავი. გადაიღეს კადრები. რომ ვნახე, ისიც ძალიან მომეწონა. დამამტკიცეს როლზე.

პირველი ფილმი იყო "გიორგი სააკაძე". რომ მივიდოდი, სასწრაფოდ ჩავიცვამდი, გავიკეთებდი გრიმს, რომ ჩემი სიმორცხვე დამემალა. უკვე თეკლას სახით გავდიოდი გადასაღებ მოედანზე. ძალიან მინდოდა, რომ მიხეილ ჭიაურელს აღენიშნა, კარგია, კარგად ასრულებო.

ამ ფილმმა მაშინ ფურორი მოახდინა... ახლა რაც უნდა გადაიღო, ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყვება.

სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე სამედიცინო ინსტიტუტში მესწავლა. აკაკი ხორავაც და შალვა ღამბაშიძეც თეატრებში მეპატიჟებოდნენ... არ წავედი. მე ხომ ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ ჭიაურელთან ცნობილი მსახიობები და სთხოვდნენ გადაგვიღე, "მასოვკაში" მაინც დაგვაყენეო... ვფიქრობდი, მე რომ გამიჭირდეს, ამას შევძლებ-მეთქი? ვერ შევძლებდი. ასეთი ხასიათი მქონდა... კინო ხომ პროფესია არ არის, რომელიმე რეჟისორს ან მოეწონები, ან - არა... ასე ცხოვრება არ შემეძლო.

სამედიცინო რომ დავამთავრე, ექიმად ვიმუშავე კიდეც. მერე ისევ კინოს გამო, მომიხდა სამსახურის დატოვება.

ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად "თავადის ქალი მაია" მომწონს.

1945 წელს 24 წლის ვიყავი. შოთა მანაგაძე მიღებდა "ჭირვეულ მეზობლებში". სოფლის გოგოს მათამაშებდა. ამ სურათზე მუშაობდა კომპოზიტორი გუგული თორაძე, ძალიან კარგი აურა ჰქონდა. ჩავთვალე, რომ კარგი კანდიდატურა იყო ჩემი მეუღლეობისთვის და დავთანხმდი...

გუგულის არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა. შემოსავლისთვის, მატერიალური კეთილდღეობისთვის არასოდეს არაფერი დაუწერია. ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ჯაზორკესტრს, დიდ წარმატებებსაც აღწევდა.

გასაოცარი ხასიათი ჰქონდა. ისე, ალბათ ეჭვიანობდა კიდეც. როცა კინოსტუდიამ წოდებაზე წარმადგინა, თურმე გუგული დადიოდა ცეკაშიც, სამინისტროშიც და ყველას სთხოვდა, არ მისცეთ ლიანასო... მე რომ გავიგე, გავლილი იყო ეს ამბავი. აღარაფერი მითქვამს.

ახლა ვფიქრობ და ვამბობ: ქალს დამხმარე უნდა ჰყავდეს... მე მარტო ვიყავი... ბავშვებს საკმაოდ მკაცრად ვზრდიდი.

ლექსო მუსიკაზე რომ მივიყვანე, პირველი ორი წელიწადი მე ვამეცადინებდი, ნინო ხელში მყავდა და მის გვერდით ვიჯექი ინსტრუმენტთან. მერე მერვე კლასამდე რეპეტიტორი დაუდიოდა შინ, ასე ვამეცადინებდი...

ერთხელ სკოლაში მივედი და ვნახე, ორიანი გამოუყოლებიათ რაღაცაში. ვუთხარი, ორიანი ერთი კი არა, თუ გინდათ ათი გამოაყოლეთ, მაგრამ მშობელი უნდა დაიბაროთ და უთხრათ, მისი შვილი რომ არ სწავლობს-მეთქი.

გადავიყვანე ამ სკოლიდან მუსიკალურ ათწლედში.

ჩემი ცხოვრების ძალიან მძიმე ეპიზოდი იყო, როცა ლექსო უცხოეთში დარჩა. მე და გუგული მოსკოვში ველოდით შვილის დაბრუნებას, მაგრამ მის ნაცვლად მისი ნივთები მოგვიტანეს.

სამწუხაროდ, სხვა გზა არ ჰქონდა, მოსკოვის ტელერადიო ორკესტრის დირექტორი ძალიან უსამართლოდ მოექცა. გასტროლებამდე ექვსი თვით ადრე შეუკვეთა რახმანინოვის მეორე კონცერტი... წასვლა არც უნდოდა. წინა წელს ლეჩხუმში გამოიარა რაჭიდან და იქ დაუკრა კულტურის სახლში. ძალიან მოეწონა ის დარბაზი და ლეჩხუმლებს შეჰპირდა, გაისადაც ჩამოვალ, დავუკრავო. ამბობდა, სიტყვას ვერ გავტეხ, ლეჩხუმში მელოდებიან, გასტროლებზე ვერ წავალო. მე დავაძალე. მოამზადე კონცერტი, არ თქვან, ვერ შეძლოო.

მადრიდის აეროპორტში გაირკვა, რომ ბინძური ფინანსური გარიგების გამო მისი კონცერტი მოიხსნა. აღარც მოსკოვში დააბრუნეს. ოცი დღე აწოწიალეს აღმა-დაღმა. ამ დროს ამერიკაში რვაჯერ იყო ნამყოფი კონცერტებით, ვან კლაიბერნის კონკურსის ლაურეატი იყო... ესპანეთში ამერიკელებს უნახავთ, რა დღეში იყო და 16 ანგაჟემენტი მისცეს ამერიკის პრესტიჟულ დარბაზებში. ლექსოს სურათები იყო გაკრული ყველგან, ეძებდნენ. საბჭოთა კავშირსა და ესპანეთს შორის არსებობდა ხელშეკრულება თავშესაფრის მთხოვნელთა უკან დაბრუნების თაობაზე. ოჯახები მალავდნენ თურმე. დღედაღამ ვლოცულობდი, კა-გე-ბეს არ ეპოვა. მერე იტალიაში გადაიყვანეს ჩუმად და იქ უკვე თავისუფალი იყო.

ხუთი წელიწადი არ მენახა ჩემი შვილი... მე ვიყავი პირველი დედა, რომელიც საზღვარგარეთ გამიშვეს იქ დარჩენილი შვილის სანახავად. რეიგანის ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ბუში ჩამოვიდა მოსკოვში და წერილი დაუტოვა პატიაშვილს, ლექსო თორაძესთან იქნებ დედამისი გაუშვათო. გამომიძახეს ცეკაში და მითხრეს, გიშვებთ და იქნებ უკან დააბრუნოთ ლექსოო.

საოცარი შეხვედრა მომიწყო ლექსომ. აეროპორტი თითქმის დაიხურა. ტელევიზია, პრესა, ფოტორეპორტიორები გვეხვივნენ თავს. ვფიქრობდი, რომ ჩავიდოდი, წყნარად დავსხდებოდით სადმე, ვისაუბრებდით, ვიტირებდი... გუგული უკვე აღარ იყო ცოცხალი... ლექსომ კი თვითონაც გაიადვილა ჩემთან შეხვედრა და მეც გამიადვილა. თაიგულებით ამავსო, სულ მეუბნებოდა ყურში, გაიცინე, გაიცინეო...

ათი დღის შემდეგ კონცერტი ჰქონდა. იქ სცენაზე თაიგულები არ მიაქვთ, სამსახიობოში შეაქვთ. როცა ლექსოსკენ გაემართა ადმინისტრატორი თაიგულით ხელში, მე არა, დედაჩემს მიართვითო. დარბაზში ერთი ამბავი ატყდა. სიხარულის ცრემლები ღვარად მომდიოდა.

ლექსომ დიდი სიყვარულის მოპოვება შეძლო წასვლამდე არა მარტო მუსიკალურ წრეებში, უბრალო ხალხშიც კი. ერთი ქურთის ქალი გვილაგებდა სადარბაზოს, ერთხელ დავპატიჟე, მოდი, ერთად ვისაუზმოთ-მეთქი. არ მინდა, ლექსოს გეფიცებიო... განცვიფრებული დავრჩი, რა ხიბლი აქვს ასეთი. რით შეაყვარა ასე თავი ხალხს.

ახლა ვფიქრობ, რომ სწორი ქნა, რომ წავიდა ამერიკაში...

მე რატომ არ წავედი? მე არ წავსულვარ, წავიდა ის, ვინც არის საქმის გამკეთებელი, აბა, მე ჰოლივუდში არავის ვუნდივარ და...

შეცდომაა, რომ ახალგაზრდობაში არ ფიქრობ მოხუცებულობაზე... უნდა ფიქრობდე. სამი წლის წინ ჩიტივით დავფრინავდი. ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მომინდებოდა ადგომა და ვერ ავდგებოდი...

ახლა რომ ცხოვრებას ვიწყებდე, ბევრ რამეს შევცვლიდი... თუმცა, კინოში ისევ ვითამაშებდი, ექიმიც გავხდებოდი...

ამას წინათ გადავათვალიერე, რას ვწერდი დღიურებში. მთელი რვეული დაწერილი მაქვს იმაზე, როგორ გვიჭირდა, როგორ გვაკლდებოდა პურის ფული...

ყველას ჰგონია, კარგად ვცხოვრობდი. მე ხომ არაფერს ვიმჩნევდი... დავფიქრდი: ობიექტური რომ ვიყო, ბევრი კარგი რამ მქონდა ცხოვრებაში და ამდენი პრობლემა რა ამბავია, რაც დღიურში მიწერია? ლექსომ მითხრა, ეგ შენი ხასიათია, დედა, არ შეგიძლია პრობლემა არ შეიქმნაო.

ახლა ვიხსენებ, ჯერ მარჯანიშვილის მოედანზე მოგვცეს ბინა, მერე ვაკეში...

მარჯანიშვილზე ოროთახიანი ბინა მოგვცეს, უცებ გადავაკეთე სამოთახიანად... შევცვალე ყველაფერი. მერე ვაკეში გადავედით და რემონტი დავიწყე. გუგული ამიტეხდა ჩხუბს, რა ამბავიაო! მივცემდი საგზურს ხელში, გავუშვებდი დასასვენებლად და ერთ თვეში ვამთავრებდი რემონტს... ასეთი ვიყავი. ყველაფერი ჩემი დიდი წვალების შედეგად მოდიოდა...

ხასიათის გამო სულ უკმაყოფილო ვიყავი ჩემი გარეგნობითაც კი... ცხვირის შეცვლაც მინდოდა, სახის ოვალისაც... მართალია ვერაფერი შევიცვალე, მაგრამ მაინც... რას ვდარდობდი, ღმერთმა რაც მოგცა, ისე უნდა იცხოვრო...

საერთოდ, ჩემს საფიქრალს შვილებსაც კი არ ვუმხელ, არ ვაწუხებ. ერთხელ მომივიდა შეცდომა, ლექსოს დავურეკე და შეტყობინება დავუტოვე - ლექსუნა, მომენატრე, გამეცი ხმა, შემოგევლოს ჩემი თავი-მეთქი. შუაღამისას დამირეკა გულგახეთქილმა - რა მოხდაო. ამასაც კი არ არიან მიჩვეული ჩემგან. როცა ჩემი ქალიშვილი ნინოც უცხოეთში წავიდა, გავაფრთხილე: როცა მოგენატროთ, თვითონ დამირეკეთ, მე არ დავრეკავ-მეთქი...

იცით, რა არის ჩემი სიმდიდრე? ლექსომ რაღაც საბუთები გამოგზავნა, კონვერტზე დააწერა: ლექსოს ლიანას. ვუყურებ ამ კონვერტს და ვფიქრობ, ამაზე მეტი რა უნდა მომწეროს?

მყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი... ჩამოდიან ხოლმე ჩემთან...

ახლაც მომხიბვლელი ვარ? რას ბრძანებთ! სარკეში იცით რამდენი ხანია აღარ ჩამიხედავს!..

ახლა შეგეკითხებით: ვინ არის ბედნიერი თავისი ცხოვრებით? - ვინმე არის კი ბედნიერი? მგონი, არავინ...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#44