ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორის სვეტი - კვირის პალიტრა

ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორის სვეტი

"კოლხები ეგვიპტელები არიან - ამას მე თვით მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები... მხოლოდ ესენი და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთისა", - ასე გააცნო 2500 წლის წინ ისტორიის მამად წოდებულმა ჰეროდოტემ კოლხები მაშინდელ მსოფლიოს. განთქმული ბერძენი ისტორიკოსი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანუ კოლხების წინაპრებად ეგვიპტელებს მიიჩნევდა.

კოლხების ეგვიპტური წარმოშობის შესახებ საუბრობენ სხვა ავტორებიც. მაგალითად, ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრის პოეტი გაიუს ვალერიუს ფლაკუსი თავის პოემაში "არგონავტიკა". კოლხთა ეგვიპტურ ფესვებზე საუბრობს ძვ.წ. III საუკუნის ეპიკოსი პოეტი აპოლონიოს როდოსელიც... ამდენად ის, რაც საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ხელაღებით უარყო, ძველ სამყაროში საკმაოდ პოპულარული იყო. ვფიქრობთ, საკითხი მეტ ყურადღებასა და შესწავლას იმსახურებს, - ამ თემის შესახებ ვრცლად იხილეთ სტატიაში "კოლხეთი და ეგვიპტე უძველეს წყაროებში".

იმერული სოფელი ნაბოსლევი თითქოს არაფრით გამოირჩევა სხვა ქართული სოფლებისგან, თუმცა ამ სოფელში დაბადებული კაცი - სპირიდონ ხუჯაძე, პირდაპირ უკავშირდება XX საუკუნის საზარელ პირველ მსოფლიო ომსა და რომანოვების სახლის ისტორიას. სპირიდონ ხუჯაძე, როგორც საუკეთესო მძღოლი, "ველური დივიზიის" სარდალს, რუსეთის დიდ თავად მიხაილ რომანოვს ემსახურებოდა. სპირიდონ ხუჯაძის ისტორიას წაიკითხავთ წერილში "ერთი იმერელი კაცისა და რუსეთის დიდი თავადის საოცარი თავგადასავალი".

ჟურნალი აგრეთვე წარმოგიდგენთ მრავალფეროვან მასალებს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან, რუბრიკებით: "ქართლ-კახური ისტორიები", "საცხოვრისი ქართული", "ეროვნული ჯილდოთმცოდნეობა", "სპორტის ისტორია", "ქართული ძეგლები" და სხვ.