"უსაფრთხოების ქოლგა" უფლისციხისთვის - კვირის პალიტრა

"უსაფრთხოების ქოლგა" უფლისციხისთვის

უფლისციხე, უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 3 300 ექსპონატს აერთიანებს. ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში 150 ქვაბულია, რომლის საერთო ფართობი 4 ჰექტარია. ბრინჯაოს ხანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს უკვე რამდენიმე წელიწადია, საფრთხე ემუქრება. ადგილ-ადგილ აშკარად შეიმჩნევა კლდის ქარაფის ჩამოშლა. ამ პროცესების შესაჩერებლად, ძეგლის გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები იმუშავებენ. მათ მიერ წარდგენილი პროექტი აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული და მთავარი გრანტის მფლობელია.

პროექტის მიზანი ეროვნული მნიშვნელობის სტატუსის მქონე კლდეში ნაკვეთი ქალაქის დაცვა და კონსერვაციაა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაში წარდგენილი უმნიშვნელოვანესი ძეგლისთვის, რომელსაც მიმდინარე ეროზიული პროცესებით, ბუნებრივი კატასტროფებითა და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული სტრუქტურული შლის საფრთხე ემუქრება, სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი დაცვის სრულფასოვან მექანიზმებს შეიმუშავებს.

მიხეილ ელიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, პროექტის ავტორი: "ახლაც, შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ შეაჩნიოთ კლდის ჩამოშლის პროცესი, რომელიც არ წყდება. ჩვენი მიზანია, ასეთი უბნები სრულად გამოვავლინოთ, მათი გამაგრების კონკრეტული ღონისძიებები შევიმუშაოთ და გადაუდებელ ღონისძიებებს მივმართოთ ".

გარემო პირობების ზემოქმედება ანტიკური ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზოგიერთ უბანზე ქვათა ჩამოშლის საშიშროებაზე საუბრობს. კვლევის დასრულების შემდეგ შემუშავდება რეკომენდაციები, რომელიც ძეგლის ე.წ. მკურნალობის რეცეპტად უნდა იქცეს.

ნიკოლოზ ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი: "დაგეგმილი მულტიდისციპლინური კვლევების ნაწილია ჰიდროლოგიური კვლევა, იმის დასადგენად, როგორ ზემოქმედებს ძეგლზე ქარების გავრცელების არეალი, წყალი. უფლისციხის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გეგმა კომპლექსური კვლევების საფუძველზე შემუშავდება".

თამარის დარბაზი უფლისციხის უძველესი ციხე-ქალაქის შიდა ცენტრალური სივრცეა. სწორედ იგი ესაზღვრება დაზიანებული ზონის დასავლეთ კედელს და კლდის შემადგენლობისა და შლის მიზეზების შესწავლაც აქედან დაიწყება.

სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან ერთად, იგეგმება ძეგლის კონსერვაცია, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, ილიას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ჩაერთვება.

გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: "კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ყოველთვის იყო ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ სფეროში ჩვენ დიდი კომპეტენცია გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს დაეხმარება უფლისციხის შენარჩუნებას".

უძველესი ქართული ძეგლი, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულად, შეერთებულ შტატებში ჟიურიმ 131 ქვეყანას შორის გამოარჩია. 2001 წელს დაფუძნებულ პროექტში საქართველო უკვე წლებია უპრეცენდენტო ყურადღებას იმსახურებს. საგრანტო პროგრამის თვრამეტამდე გამარჯვებული არ უკვირს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუთს, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ამერიკაში წლებია ლობირებს. საელჩოს მონაწილეობით, ფინანსური კონტრიბუცია ამ წლებში 1 მილიონ დოლარს ითვლის.

ელისაბედ რუთი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში (2018 წლის 8 ნოემბრამდე): "საქართველო კულტურითა და მემკვიდრეობით ნამდვილად გამორჩეულია. მოხარული ვარ, რომ ამჯერადაც ასეთი მნიშვნელობის ძეგლის კვლევაში ვერთვებით. მსგავსი კულტურის მქონე ქვეყნის გამარჯვება გასაკვირი არ არის. ჩვენ განვაგრძობთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხარდაჭერას როგორც ძეგლების, ასევე ხელნაწერთა თუ პოლიფონიის შენარჩუნების საქმეში".

კომპლექსური მონიტორინგის პირველი ეტაპი უფლისციხეში გაისად გაზაფხულზე დასრულდება. კონსერვაციასთან ერთად, შეიქმნება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმაც. მონიტორინგის ონლაინსისტემა მუშაობას პროექტის დასრულების შემდეგ, მუდმივ რეჟიმში განაგრძობს და ძეგლზე დაკვირვების შესაძლებლობას მისცემს როგორც კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქის ადმინისტრაციას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

ნინო ჯაფარიძე ჟურნალი "ისტორიანი", #96