დავითგარეჯის საგანძურის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

დავითგარეჯის საგანძურის გადასარჩენად

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ევროპული ძეგლის ნუსხაში დასახელდა - როგორც "ისტორიანის" მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ეს მოხდა წლეულს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის გახსნაზე. ნუსხას ყოველწლიურად ადგენს კულტურული მემკვიდრეობის წამყვანი ევროპული ორგანიზაცია ევროპა ნოსტრა. დავითგარეჯა 7 ძეგლის ნუსხაში დასახელდა, როგორც ქართული კულტურის უნიკალური ძეგლი და ღირსშესანიშნავი კომპლექსი. ის გამორჩეული მნიშვნელობის, კულტურული ღირებულებისა და მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა, დაფინანსების მოსაზიდად თანამშრომლობს ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან. სპეციალური მისია საქართველოს 2018 წლის 6-9 ნოემბერს ესტუმრა. დელეგაციის წევრები იყვნენ პიტ ჯასპაერტი (ევროპა ნოსტრას ვიცე-პრეზიდენტი), კემპბელ თომსონი (ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტი) და გაიანე კასნატი (ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრი).

დელეგაციას მასპინძლობდნენ პროექტის წარმდგენი და ევროპა ნოსტრას წარმომადგენელი ორგანიზაცია საქართველოში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო; აგრეთვე, დავითგარეჯის კედლის მხატვრობისა და უნიკალური ლანდშაფტების კვლევებზე მომუშავე ქართველი სწავლულები. ვიზიტის მიზანი იყო დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შეფასება და მის გადასარჩენად არსებული პრობლემების გადაჭრის გზების რეკომენდაციების შემუშავება.

ევროპა ნოსტრა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. ევროპა ნოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ორგანიზაციის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო. ევროპა ნოსტრა პროგრამის "საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი" მიხედვით ახორციელებს ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლებისა და ლანდშაფტების გადარჩენის კამპანიას.

მარიტა სახლთხუციშვილი

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალი "ისტორიანი",#96