მეფე თეიმურაზ II-ის "დაბრუნება" სამშობლოში - კვირის პალიტრა

მეფე თეიმურაზ II-ის "დაბრუნება" სამშობლოში

ოქტომბრის მიწურულს საქართველოს ხელოვნების სასახლემ უნიკალური ექსპონატის - ცნობილი რუსი მხატვრის, ალექსანდრ ანტროპოვის მიერ შესრულებული მეფე თეიმურაზ II-ის პარადული პორტრეტის სამშობლოში ჩამოსვლა აუწყა საზოგადოებას. "მოდი ხელოვნების სასახლეში და აღმოაჩინე აღორძინების ხანის ქართული მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, მეფე-პოეტისა და მეფე-მთარგმნელ თეიმურაზ II-ის პორტრეტი", - ინტერნეტსივრცეში ამ მიმართვის გავრცელება საკმარისი აღმოჩნდა, რათა ია კარგარეთელის ქუჩაზე, ხელოვნების სასახლის ეზოში საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის მოსწავლეებისაც) რიგი დამდგარიყო.

პრეამბულის სანაცვლოდ

ცნობილი ირანისტის, პროფესორ მაგალი თოდუას არქივი მნიშვნელოვან ცნობებს ინახავს ქართულ-ირანული ურთიერთობის შესახებ. მეცნიერის არქივში დაცული ერთ-ერთი დოკუმენტი გვამცნობს: "ინდოეთში ლაშქრობაში ნადირ-შაჰს ახლდა ახალგაზრდა ერეკლე II. შაჰმა აღურაცხელი სიმდიდრე გამოზიდა ინდოეთიდან, უმთავრესად ოქროს ნაკეთობანი.

ეს ნაკეთობანი ხელოვნების უძვირფასეს ძეგლებს წარმოადგენდა, მაგრამ ნადირ-შაჰს ისინი აინტერესებდა, როგორც ოქრო. ოქროთი დატვირთული რამდენიმე ქარავანი გამოზიდა და მონეტებად გადაადნო. მაგრამ ნადირ-შაჰმა ინდოეთიდან წამოიღო სამი ფასდაუდებელი რამ: 1. ძვირფასი თვალ-მარგალიტით მოოჭვილი ხმალი. 2. ძალიან დიდი ზომის ალმასი "შაჰი", რომელიც შემდეგ ირანელებმა რუსებს გაუგზავნეს საჩუქრად გრიბოედოვის სისხლის ფასად და დღეს მოსკოვის "ორუჟეინაია პალატაში" ინახება. 3. ე.წ. "თაუსის ტახტი". ესაა არა დასაჯდომი, არამედ დასაწოლი ტახტი, მოოჭვილია ძვირფასი თვალ-მარგალიტით და დღეს თეირანში, ყაჯართა სასახლეშია დაცული. თაუსის ტახტი მას იმიტომ ეწოდება, რომ პირველ ღამეს აქ იწვა ფათალი-შაჰი ქართველ ცოლთან, ზიბა ჩენარ ხანუმთან, რომელიც წიქარაშვილების საგვარეულოდან იყო.

პორტრეტი თბილისში გამოიფინა

რაც შეეხება ხმალს, ის ნადირ-შაჰმა ერეკლეს აჩუქა ჯერ კიდევ ინდოეთში ლაშქრობისას გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. ეს ხმალი, ჩანს, მემკვიდრეობით ერგო ალექსანდრე ბატონიშვილს და 1971 წელს ირანში აუქციონზე იყიდებოდა. ეს გაიგო საბჭოთა კავშირის ელჩმა ირანში ვლადიმირ ეროფეევმა, რომელიც თავის დროზე ვიაჩესლავ მოლოტოვის თანაშემწედ იყო დიდხანს ნამუშევარი და ამიტომ ხშირად უხდებოდა სტალინთან შეხვედრა. ის სტალინის სახელის თაყვანისმცემელი გახლდათ. ეროფეევმა დაარეკვინა აუქციონზე და სთხოვა, ხმლის გაყიდვა რამდენიმე დღით გადაედოთ, რადგან დღე-დღეზე ელოდა ირანში ჩემს ჩასვლას სამეცნიერო მივლინებით და იმედი ჰქონდა, რომ დავუკავშირდებოდი მჟავანაძეს და ის შეისყიდდა ხმალს საქართველოს მუზეუმისთვის. მე რომ ჩავედი, თბილისში დავრეკე, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ხმალი იყიდეს პორტუგალიელმა ბერებმა და დღეს როგორც გავიგე, ლისაბონის მუზეუმში ინახება როგორც უძვირფასესი რელიკვია"...

ეს ისტორია გამახსენდა, როცა ინტერნეტით ქართველი მეფის პორტრეტი ვიხილე. მისი არც წარმომავლობა და არც ნამდვილობა დადასტურებული არ იყო... ერთადერთი, რასაც კარგად ვაცნობიერებდი, იყო ის, რომ მაშინდელმა საქართველომ დააგვიანა, დღევანდელ საქართველოს კი შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა. ამის იმედი ნამდვილად მქონდა და ასეც მოხდა... თუმცა, დაბრუნებას ვნებათაღელვა, მოლაპარაკებათა ვრცელი პროცესი და არაერთი თეთრად გათენებული ღამე უძღოდა წინ.

პორტრეტის გამოჩენა

მეფე თეიმურაზის პორტრეტი ონლაინსივრცეში ცნობილი გალერეის https://www.1stdibs.com-ის გვერდზე 2018 წლის 9 სექტემბერს გამოჩნდა. გამყიდველი ლონდონში არსებული Daniel Hunt Fine Art Gallery იყო. არ იყო მითითებული არც პორტრეტზე გამოსახული პირის და არც მხატვრის ვინაობა. მითითებული იყო ნახატის შექმნის სავარაუდო თარიღი - 1760 წელი და შეფასებული იყო 186 ათას დოლარად. გასაყიდი ნახატის პასპორტში ეწერა: "ეს მდიდრულად გაფორმებული ძეგლი XVIII საუკუნის აღმოსავლური პორტრეტების იმ იშვიათ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ისპაჰანური სკოლის ერთ-ერთი მხატვრის მიერ უნდა იყოს შექმნილი. ნახატზე გამოსახული პირი სპარსეთის შაჰის ქერიმ-ხან ზენდის (1705-1779, სპარსეთის შაჰი იყო 1750-1779 წლებში) დინასტიის ან სამეფო კარის წევრია. შეიძლება ის თავად ქერიმ-ხან ზენდადაც მივიჩნიოთ...

ნახატის რესტავრაცია 2017-2018 წლებში მიმდინარეობდა, ფერწერა შემორჩენილია ბრწყინვალედ, ტილო გამაგრებულია და დუბლირებული, გადაჭიმულია ახალ ქვეჩარჩოზე და მასზე არანაირი ტალღა ან ამობურცვა არ შეიმჩნევა. დუბლირების ქვეშ გაკეთდა სამუზეუმო ხარისხის ძველი ტილოს იმიტაცია. ფერწერის ფენა საუკეთესოა და პიგმენტებთან ერთად შემონახულია შესანიშნავად. თავსაბურავის ფერები იდეალურ მდგომარეობაშია, სითეთრეს დღემდე არ დაუკარგავს სიკაშკაშე, სამოსის ფერებიც შესანიშნავად გამოსჭვივის. წვერის ადგილას შეიმჩნევა დამცავი ლაკის დაბურვა, რაც ამდენი ხნის ნახატისთვის აბსოლუტურად ნორმალურია".

ალექსეი ანტროპოვის ნახატის მიხედვით შესრულებული თეიმურაზ II-ის პორტრეტის გრავიურა

მოგვიანებით, მოლაპარაკების პროცესში დილერი ისეთ სიტყვებს მოგვწერს, რომ ეს ნახატის შეძენის სურვილს გაგვიათმაგებს: "ხელოვნების ეს ნიმუში გერმანიაში, სამეფო წარმომავლობის ერთ-ერთი ოჯახისგან შევიძინე. ნახატის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ერთხელაც, უცნაური ამბავი მოხდა - პორტრეტი ლონდონში, ლოუერ სლოუნის ქუჩაზე, ჩემი გალერეის ვიტრინაში ეკიდა. მის წინ ავტობუსმა ჩაიარა, რომელშიც კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის მხატვრობის საუკეთესო ექსპერტი იჯდა. ვიტრინაში პორტრეტი რომ დაუნახავს, ისე აღფრთოვანებულა, რომ მძღოლს ავტობუსი გააჩერებინა, გადმოხტა და ამ პორტრეტის სანახავად გალერეაში აღელვებული შემოიჭრა. სწორედ მან დაგვაყენა სწორ გზაზე, ამიტომ მასზე გამოსახული პირის ძებნა ირანის სამეფო კარზე და ზენდების დინასტიის წევრთა შორის დავიწყეთ. სხვათა შორის, მას შემდეგ ამ ნახატის შესაძენად ჩვენთან მოლაპარაკებას ინგლისის პორტრეტების ეროვნული გალერეა აწარმოებს"...

პორტრეტის ისტორია

1761 წლის 8 აპრილს რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ იმდენად მოხიბლა რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედი, რომ მონარქმა რუსეთის საიმპერატორო კარის ერთ-ერთ უპირველეს მხატვარს, ალექსეი ანტროპოვს ქართველი ხელმწიფის პორტრეტის დახატვა დაავალა.

მეფე თეიმურაზ II-მ 21 ივნისს დაათვალიერა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტიპოგრაფია, სადაც მას ანტროპოვის ნახატის მიხედვით შესრულებული გრავიურა გადასცეს საჩუქრად. ამ გრავიურის მარჯვენა კუთხეში წერია, რომ ნამუშევრის გრავირება მოხდა ალექსეი ანტროპოვის მიერ შესრულებული პორტრეტის მიხედვით, ოსტატების - ე. ვინოგრადოვისა და ა. ეფიმოვის მიერ, სანქტ-პეტერბურგში 1761 წელს. შემორჩენილია თეიმურაზის გრავიურის სულ რამდენიმე ეგზემპლარი. ამის მიზეზი ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა ე.წ. ანაბეჭდი. ამიტომ შემორჩენილი გრავიურები რუსეთის ეროვნული საგანძურის ნაწილად არის მიჩნეული და ძირითადად მუზეუმებშია დაცული.

დღემდე სწორედ ეს გრავიურა ითვლებოდა თეიმურაზის ყველაზე ძველ და ფაქტობრივად, ერთადერთ გამოსახულებად. მომდევნო პერიოდის მეფის ყველა პორტრეტი (მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული გვიანდელი ასლი) ზემოხსენებული გრავიურის მიხედვით არის შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ ალექსეი ანტროპოვის ტილო დღემდე დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა ის წლეულს ოქტომბერში ცნობილმა ონლაინგალერეა 1შტდიბს-მა გასაყიდად გამოიტანა 186 ათას აშშ დოლარად. ნახატზე გამოსახული პირი ვინოგრადოვისა და ეფიმოვის მიერ 1761 წლის გრავიურაზე გამოსახული თეიმურაზის იდენტური იყო. დაემთხვა ყველა დეტალი: კოსტიუმი, გაფორმება, ორნამენტები თავსაბურავსა და სამოსზე, სახის ყველა დეტალი.

Daniel Hunt Fine Art Galery-ს ექსპერტ სანდი მალეტისა და ცნობილი რესტავრატორის, ფაბიო მაძოკინის გაცემული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ნახატი დათარიღებული იყო 1760 წლის ახლო პერიოდით, რაც ასევე ზუსტად პასუხობდა ცნობას, რომ რუსეთის იმპერატრიცას დავალებით ქართველი მეფის პორტრეტი 1761 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიხატა. ამდენად, საქართველოს ხელოვნების სასახლეში მივიჩნიეთ, რომ საქმე გვქონდა აღმოჩენასთან - მეფე თეიმურაზ II-ის პორტრეტის ორიგინალთან, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, ხელოვნებათმცოდნე ლელო ჭიჭინაძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ლევან თაქთაქიშვილი ჩვენს მოსაზრებას იზიარებდნენ.

პორტრეტის დაბრუნება

თეიმურაზ II-ის პორტრეტი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით დაბრუნდა. ხელოვნების სასახლის ადმინისტრაციამ, მუზეუმის საგარეო და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ მერი ხარაიშვილის აქტიური მონაწილეობით, 1Stdibs გალერეასთან მოლაპარაკება დაიწყო. დავუკავშირდით ფონდ "ქართუს", რომელმაც სრული ფინანსური და ორგანიზაციული დახმარება გასწია ნახატის შესაძენად... რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ პორტრეტი ფონდმა "ქართუმ" 38,4 ათას აშშ დოლარად შეიძინა და ხელოვნების სასახლეს გადასცა.

როცა ტვირთი ლონდონიდან დაიძრა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი აღმოჩენა უნიკალური იყო რამდენიმე გარემოების მიხედვით - ისტორიული ძნელბედობის გამო, ქართველ მეფეთა სულ რამდენიმე თანადროული ფერწერული პორტრეტია შემორჩენილი. ესენია: ვახტანგ VI-ის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის, სოლომონ II-ის და ამჯერად უკვე თეიმურაზ II-ისაც.

თავსაბურავის ორნამენტები პორტრეტსა და გრავიურაზე

პორტრეტის მნიშვნელობა

პორტრეტის განსაკუთრებულ ღირებულებას მხატვრის ვინაობაც განაპირობებს. ალექსეი ანტროპოვი (1716-1795) რუსული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და საერო პორტრეტების გამორჩეულ ოსტატად მიიჩნევა. ანტროპოვის ფერწერული ტილოები მეტად მცირე რაოდენობით, თხუთმეტ ნიმუშამდეა შემორჩენილი და შედევრებად არის შეფასებული.

ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში ჩამოსვლას ემოციური დატვირთვაც ახლდა - თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო, ის უკანა გზაზე შეუძლოდ გახდა, გზაშივე გარდაიცვალა და სამეფო ამალამ ქართველი მეფე ასტრახანში დაკრძალა. მას შემდეგ საქართველო არაერთხელ შეეცადა გვირგვინოსნის სამშობლოში გადმოსვენებას, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა. ამდენად, პორტრეტის სამშობლოში დაბრუნებას, ისტორიულის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს.

როცა 1745 წელს სვეტიცხოველში თეიმურაზი მეფედ ეკურთხა, უკვე 130 წელიწადი იყო გასული, რაც აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანული წესით არც ერთი მეფე არ ეკურთხებინათ. აღსანიშნავია, რომ 1962 წელს ასტრახანში ქართველი მეცნიერების მონაწილეობით გაიხსნა მეფეების აკლდამა, რა დროსაც მეფე თეიმურაზის პრაქტიკულად უხრწნელი ცხედარი აღმოაჩინეს. მეფის ნეშტს ზუსტად ის სამოსელი ემოსა, რაც ნახატზეა გამოსახული.

პორტრეტის პირველი გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კერძოდ, მინისტრის მიხეილ ბატიაშვილისა და მისი მოადგილე მიხეილ გიორგაძის აქტიური მხარდაჭერით, ასევე ფონდ "ქართუსა" და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანის თანადგომით, უნიკალური განძი სამშობლოში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდა.

ნახატს საქართველოშიც ჩაუტარდა პირველადი საექსპერტო დათვალიერება (ხელოვნებათმცოდნეები: მაია ციციშვილი, ლელო ჭიჭინაძე) და სარესტავრაციო შემოწმება (რესტავრატორი მარიამ იმედაშვილი), რითაც სრულად დასტურდება უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნის ყველა პირობა. აი, რა წერია სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაში: "შავი ფერის წარბები, მორკალული, მუქი, არცთუ დიდი ზომის ნუშისებრი ფორმის თვალები, საკმაოდ მსხვილი, სწორი ცხვირი, სავსე, მტკიცედ მოკუმული ბაგეები. მის აღმოსავლურად დანახულ გარეგნობას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს გამოკვეთილი ყვრიმალები, თითქოს მცხუნვარე მზით გარუჯული მუქი ფერის სახის კანი, დაღარული შუბლი და ღაწვები. მეფე პოზირებს... თვალშისაცემია მისი გამომეტყველება: თითქოს მნახველისკენ მომართული, მაგრამ იმავდროულად თავის თავში წასული მზერით. შესაძლოა, მხატვარმა ტილოზე მეფის ის განწყობა გადმოიტანა, რომელიც მას პეტერბურგში, ელისაბედ პეტრეს ასულთან დიპლომატიური მისიით ჩასულს უნდა ჰქონოდა: პასუხისმგებლობით გამოწვეული ღრმა, მშვიდი დაფიქრება, ერთგვარ დაძაბულობასთან ერთად".

განსაკუთრებული ინტერესის გამო პორტრეტის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში 25 ოქტომბერს გაიმართა, ნახატის სანახავად უამრავი ხალხი მოვიდა, დაგეგმილი 2-დღიანი გამოფენის ნაცვლად ექსპოზიცია 2 კვირას გაგრძელდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობისა და ღირებულების სამეფო საგანძური, შეიძლება ითქვას, დღემდე არ დაბრუნებულა. მალე ის სასახლის მწვანე დარბაზში მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი ჟურნალი "ისტორიანი",#96