სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის ხელნაწერი ლილის ბიბლიოთეკაში - კვირის პალიტრა

სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის ხელნაწერი ლილის ბიბლიოთეკაში

გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის ქართული ენის ლექსიკონზე ბევრი დაწერილა.

ლექსიკონზე მუშაობა სულხან-საბამ ჯერ კიდევ 1680-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მისი დასრულება მხოლოდ ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, 1716 წელს მოახერხა. "სიტყვის კონა" არაერთხელ გამოიცა და ეს ბეჭდური გამოცემები საქართველოში შემორჩენილ ხელნაწერებს ეყრდნობოდა. მაგალითად, რაფიელ ერისთავი 1884 წლის გამოცემაში (რომლის რედაქტორიც თავად იყო) დაეყრდნო მელქისედეგ კავკასიძის მიერ 1758 წელს სანქტ-პეტერბურგში გადაწერილ ასლს, ხოლო იოსებ ყიფშიძის 1928 წლის გამოცემას საფუძვლად ედო სულხან-საბა ორბელიანის ძმის, ზოსიმე ორბელიანის მიერ 1727 წელს მოსკოვში გადაწერილი ხელნაწერი. 2018 წლის შემოდგომაზე ინდიანის უნივერსიტეტის სახელგანთქმული ლილის ბიბლიოთეკაში კვლევითი საქმიანობის დროს საშუალება მომეცა მენახა "სიტყვის კონის" ხელნაწერი, რომელიც დღემდე გამოუცემელია და დაუმსახურებლად არის მივიწყებული.

ლილის ბიბლიოთეკა 1960 წელს დაარსდა და მალევე გაითქვა სახელი, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევითმა ცენტრმა. მისი შექმნა ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის, ჯოსაია კირბი ლილის კერძო კოლექციას უკავშირდება. ლილი მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა ხელნაწერებს, ნაბეჭდ წიგნებსა და სხვადასხვა ანტიკვარულ ნივთს. 1954-1957 წლებში ინდიანის უნივერსიტეტისთვის საჩუქრად გადაცემული კოლექცია ითვლიდა 20 ათასზე მეტ წიგნს, 17 ათასზე მეტ ხელნაწერს, ასობით ნახატსა და გრავიურას. ამ კოლექციის საფუძველზე ინდიანის უნივერსიტეტმა დააარსა ლილის ბიბლიოთეკა.

საზედაო გან-ი ლილის ბიბლიოთეკაში დაცული "სიტყვის კონის" ხელნაწერიდან (Courtesy Lilly Library, Indiana University, Bloomington, Indiana)

დღეისთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრია აშშ-ში და მოიცავს თითქმის ნახევარ მილიონ წიგნსა და 8 მილიონზე მეტ ხელნაწერს. ბიბლიოთეკის შენაძენთა შორის ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბრიტანელი ისტორიკოსის, უილიამ ალენის პირადი ფონდი, რომელიც მოიცავს როგორც ალენის პირად მიმოწერასა და საბუთებს, ასევე მის მიერ შეძენილ სხვადასხვა ხელნაწერსა და ისტორიულ პირთა წერილებს. მაგალითად, კოლექციაში დაცულია IX საუკუნის ყურანი, სპარსული და არაბული ხელნაწერები და მინიატურები (XVI-XVIII საუკუნეები), რუმინული, რუსული და პოლონური სახელმწიფო და რელიგიური საბუთები, წესდებები და წერილები. საბუთებს შორის არის ასევე ქართველ მკვლევართა - აკაკი შანიძის, პავლე ინგოროყვას, ვიქტორ ნოზაძის მოხსენებების ასლები.

უილიამ ედვარდ დევიდ ალენი დაიბადა შეძლებულ ბრიტანულ ოჯახში 1901 წელს. მამამისი, წარმატებული გამომცემელი უილიამ ედუარდ ალენი (1860-1919) სათავეში ედგა საოჯახო კომპანია David Allen & Sons-ს. ალენმა განათლება მიიღო სახელგანთქმულ იტონის კოლეჯში და ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა ისტორიით; 18 წლის ასაკში გამოსცა თავისი პირველი წიგნი "თურქები ევროპაში". 1920-იან წლებში ალენი სათავეში ჩაუდგა David Allen & Sons-ს და მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ალენი არასოდეს იშურებდა სახსრებს თავისი საყვარელი საქმისთვის - ხელნაწერებისა და ძველი ნაბეჭდი წიგნების შეგროვებისთვის. ამავე დროს, ბევრს მოგზაურობდა. 1920-იან წლებში მუშაობდა ბრიტანული ჟურნალ-გაზეთების სპეციალურ კორესპონდენტად, მივლინებული იყო აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში; სწორედ ამ პერიოდში ეწვია ის აღმოსავლეთ თურქეთსა და საქართველოს, შეიძინა არაერთი ხელნაწერი და ხატი, გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას. ამავე დროს ალენმა დაიწყო ქართული ისტორიის კვლევა და 1932 წელს გამოსცა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი "ქართველი ხალხის ისტორია" (History of the Georgian People).

ხელნაწერი ჩასმულია ლამაზად მორთულ ხის ტყავ-გადაკრულ ყდაში მომდევნო წლებში ალენი განაგრძობდა კვლევით საქმიანობას და აქტიურად აგროვებდა მასალებს საქართველოზე, რის გამოც მისი კერძო კოლექცია ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესოდ ევროპაში. ამ კოლექციის დიდი ნაწილი საბოლოოდ ინდიანას უნივერსიტეტის ლილის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა (ლილის ბიბლიოთეკამ "სიტყვის კონის" წარმოდგენილი ხელნაწერი 1952 წლის იანვარში შეიძინა, როცა ალენმა იგი ლონდონის სახელგანთქმულ "სოთბის" აუქციონზე გაიტანა. ჩემი მოთხოვნის საპასუხოდ, "სოთბის" არქივმა მომაწოდა ამ აუქციონის დეტალები, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული ლექსიკონი გაიყიდა ინდური და სპარსული წარმოშობის ნივთებთან ერთად. იგი შეფასებული იყო 450 გირვანქა სტერლინგად, რაც სადღეისოდ დაახლოებით 12.000 გირვანქის ტოლფასია. 2018 წლის შემოდგომაზე სწორედ ამ კოლექციაზე მუშაობისას შემხვდა ორი ქართული ხელნაწერი. პირველი ხელნაწერი (Allen mss. 18) წარმოადგენს მომცრო ზომის წიგნს, რომელიც თეიმურაზ ბატონიშვილმა საჩუქრად გადასცა სანქტ-პეტერბურგში მყოფ ბრიტანეთის დესპანს, სერ გორ ოუსლის 1815 წლის აპრილში; ხელნაწერი შედგება 55 გვერდისგან და შეიცავს ლოცვების ტექსტებს და რვა მინიატურას, რომლებშიც ნათლად ჩანს ევროპული ზეგავლენა. მეორე ხელნაწერი (Allen mss. 22) კი სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის პირს წარმოადგენს. ლილის ბიბლიოთეკის თანამშრომლების ხელშეწყობით შევძელი ამ ხელნაწერის შესწავლა და მისი ერთი ნაწილის ელექტრონულ ფორმატში მოპოვება.

ლილის ბიბლიოთეკაში დაცული "სიტყვის კონა" სულხან-საბა ორბელიანის ნაშრომის ადრეული ვერსიაა (ე.წ. B რედაქცია). მასში არ არის შესული საბოლოო ხელნაწერში დართული რამდენიმე ნაწილი, მათ შორის, გეოგრაფიული სახელების სია, რომელიც სულხან-საბამ ხელნაწერს ევროპაში მოგზაურობის შემდეგ დაამატა.

ხელნაწერი დიდი მოცულობისაა (33 სმ/13 დუიმი X 21,5 სმ/8,5 დუიმი) და 326 ფურცელს შეიცავს. ჩასმულია ლამაზად მორთულ ხის ტყავგადაკრულ ყდაში. სამწუხაროდ, გვერდების ნაწილი დაზიანებულია, მათი კიდეები მოცვეთილია და არაერთს ატყვია სინესტის კვალი. თვით ტექსტი გადაწერილია ხელით, ლამაზი მხედრულით, წითელი და შავი მელნით, ქაღალდზე. ხელნაწერის პირველ გვერდზე მოყვანილია ანბანი და რიცხვები. მე-6 გვერდზე შენიშვნები ქართულ გრამატიკაზე, ხოლო მე-8 გვერდიდან იწყება სულხან-საბა ორბელიანის ანდერძი და შესავალი. ხელნაწერის 305-ე და 306-ე გვერდებზეა ქართულ და თურქულ სიტყვათა სია (ოთხ წყებად), რომელსაც მოსდევს ზოდიაქოს ნიშნების სია და წლებისა და დღეების აღმნიშვნელი სიტყვები ქართულ, არაბულ, სპარსულ, ლათინურ და სხვა ენებზე. 312-ე გვერდიდან ქართულ-თურქული მოკლე ლექსიკონი იწყება.

ტექსტი გადაწერილია ხელით, ლამაზი მხედრულით, წითელი და შავი მელნით, ქაღალდზე

ეს ხელნაწერი დიდად საყურადღებოა თავისი უნიკალური საზედაო ასოებით, რომელთა ანალოგი ქართულ ლიტერატურაში არ მოგვეპოვება. ერთობლივად ეს ასოები წარმოადგენს ქართული ანბანის ანტროპომორფული სახით წარმოსახვის უნიკალურ მცდელობას. ხელნაწერში სულ 37 დიდი მხედრული ასოა, რომელიც შესრულებულია ფერადი მელნით. ასოები გაფორმებულია ანტროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებებით, რომლებშიც შეინიშნება დასავლური და აღმოსავლური (კერძოდ, სპარსული) ზეგავლენა. ზოგიერთი ასო წარმოადგენს მთელ სცენას; მაგალითად ასო ჯ წარმოდგენილია ჯოჯოხეთის სცენით, ხოლო ასო ს ასახავს მსაჯულობის სცენას. ასოების ნაწილი არ არის დასრულებული: უ, ძ, ჯ, ჰ და Ä ფიგურების სახეები დაუსრულებულია; ფ, ქ, ყ, შ, ხ, Ã - ნახევრად გაფერადებული მონახაზის დონეზეა, ხოლო წ წარმოადგენს პირველად მონახაზს. მიუხედავად ამისა, მოხატული ასოები გამოირჩევა შესრულების გაწაფულობით, ოსტატობითა და გრაფიკული ნახატისა და ფერის ვირტუოზულობით. სამწუხაროდ, ეს ანბანი დღემდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა უილიამ ალენმა გამოიყენა ოთხი ასო ილუსტრაციებად თავის ერთ-ერთ გამოცემაში. ექვთიმე თაყაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ "ერთი ნიმუში ამ ლექსიკონის მხატვრული მეთაური ასოის, სახელდობრ ტ, ალენმა მოათავსა ახლად გამოსულს თავის საანტიქვარო კატალოგში, თუმცა ეს ასო აქ ფერადებით არ არის წარმოდგენილი, როგორც დედანში".

ლილის ბიბლიოთეკისა და "სოთბის" აუქციონის მასალებში აღნიშნულია, რომ ხელნაწერი 1724 წელს გადაიწერა. ეს უდავოდ შეცდომაა. ხელნაწერის 324-ე ფოლიოზე შემორჩენილია ანდერძი, რომელიც გვამცნობს:

"აქა ესე დასრულდა, დიდება და ბუნებით ერთსა

დასრულდა ლექსთა კონანი

ღირსმან ჰყოს, ადრე პოვნანი.

აღმაწერინა წიგნი ესე სასურ-საწყურ-სატრფოოი

მსაჯულმან საქართუÀლოისამან ბრძენმან ტომ

ორბელითმან მზეჭაბუკ. მე უუნდოესსა მონასა

სქეს ლარაძესა იოანეს: დაღაცათუ საზოგადობისა არა

მოსაწონ არს ნაღუაწ-ნაწერი ესე, გარნა შესანდობელ

არს ბრალი უსწავლელობისა, უკეთუ არა იყოს

ნაშვი დახსნილობისა,

მონა ვარ უხმარი და რომელი იგი თანამედვა, ყოფად

ვჰყავ".

ამ ანდერძიდან ცხადი ხდება, რომ ხელნაწერის დამკვეთი მზეჭაბუკ ორბელიანია, ხოლო გადამწერია იოანე ლარაძე. ორივე მათგანი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. მზეჭაბუკ ორბელიანი იყო ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მდივანბეგი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი მწიგნობრობითა და გონებამახვილობით. იოანე ლარაძე კი XVIII საუკუნის მიწურულის ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ლარაძეები წარმოშობით სამეგრელოდან იყვნენ, მაგრამ XVII საუკუნეში დასახლებულან საორბელიანოში. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ლარაძეები გვევლინებიან ქართლ-კახეთის სამეფო კართან დაახლოებულ პირებად.

იოანეს და პეტრეს მამა, გიორგი ლარაძე, იყო ქაიხოსრო ორბელიანის სარდალი, რომელმაც თავი გამოიჩინა 1747 წელს და მეფე თეიმურაზ II-ის ბრძანებით გადაიყვანეს თბილისში, სადაც მან თავისი დიდი ოჯახი (ვაჟები დავითი, პეტრე, პავლე, იოსები, იოანე და პაატა, ქალიშვილი ნინა) აღზარდა. ერეკლეს მეფობის პერიოდში ლარაძეებმა თავი გამოიჩინეს როგორც ერისკაცებმა და მწიგნობრებმა - პეტრე ლარაძე იყო თეიმურაზ ბატონიშვილის აღმზრდელი და მეფის წიგნთსაცავის გამგე, ხოლო მის ძმას იოანეს დაუწერია არაერთი ლექსი, რის გამოც იოანე ბატონიშვილი მას "მშვენიერ მწერალსაც" უწოდებს. იოანეს ლიტერატურულ შემოქმედებაზე საუბრისას იოანე ბატონიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ "იოანე ლარაძე აღიზარდა საფილოსოფოსოსა სწავლასა შინა მზეჭაბუკ ორბელიანთან. იგი იყო მშვენიერი მწერალი და კარგი დიალიკტიკოსი".

პეტრე ლარაძის პორტრეტი მის მიერ შექმნილ 334-გვერდიან "დილარიანში" (ეს ხელნაწერი ქართველმა კოლექციონერმა არჩილ გელოვანმა ევროპაში, ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინა 2014 წელს) ამრიგად, ლილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერის შექმნა, სავარაუდოდ, დაიწყო 1794 წლამდე, როდესაც მზეჭაბუკ ორბელიანი გარდაიცვალა. ეტყობა, იოანე ლარაძემ, რომელიც 1804 წელს გარდაიცვალა, ვერ მოასწრო ხელნაწერის დასრულება და საზედაო ასოების ნაწილი დაუსრულებელი დარჩა.

ხელნაწერის შიდა ყდაზე არსებული მინაწერის მიხედვით, XIX საუკუნის მიწურულს იგი ეკუთვნოდა გიორგი ნიკოლოზის ძე ბაგრატიონ-მუხრანელს (1834-1882), რომლის შვილი იყო ცნობილი ნიკო ბაგრატიონი (1865-1933). ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებში არსებობს ძალიან საინტერესო მინიშნება, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ხელნაწერი ბრიტანეთში. ექვთიმე თაყაიშვილს შეუსწავლია ეს ხელნაწერი დაბა მუხრანში, მუხრანბატონების ოჯახში.

"ჩემი იქ ყოფნის დროს პატრონი სახლში არ დამიხვდა, - აღნიშნავს მკვლევარი, - შემდეგ, როდესაც ტფილისში ვნახე, აღმითქვა შემოწირვა საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმისათვის. მესტუმრეთ მუხრანში და მოგართმევთო". სამწუხაროდ, ექვთიმე თაყაიშვილმა ვერ შეძლო მუხრანში ჩასვლა, რის გამოც ხელნაწერმა მალე დატოვა საქართველო. როგორც მკვლევარი აღნიშნავდა, "მუხრანის ასულს წიგნი პარიზში მოეტანა, მისგან ხელნაწერი შეუძენია ინგლისელ ანტიქვარს ალენს"...

ექვთიმე თაყაიშვილი გამოთქვამდა დიდ იმედს, რომ ანბანის ყველა ასო ერთ ალბომად გამოქვეყნდებოდა. დიდი მკვლევრის ამ სურვილს დაგვიანებით ვასრულებთ და ქართველ მკითხველს სულ მალე ექნება საშუალება, გაეცნოს საქართველოს ხელოვნების სასახლის მიერ გამოცემულ კატალოგს, რომელშიც ყველა საზედაო ასო იქნება შეტანილი.

ალექსანდრე მიქაბერიძე

ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი", #96