ბალტიისპირეთი ქართველთა თვალსაწიერში - დასასრული - კვირის პალიტრა

ბალტიისპირეთი ქართველთა თვალსაწიერში - დასასრული

როგორ აისახნენ თავისუფლებისმოყვარე ბალტიელები ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ აზროვნებაში (1939-1991 წწ.)

დასაწყისი იხ.

საბჭოთა კავშირის ჩარევამ ესპანეთის სამოქალაქო ომში ქართველ ემიგრანტებს გაახსენა როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული ფურცელი - საბჭოთა ჯარის ვერაგული თავდასხმა, ასევე საბჭოელ მესვეურთა არაერთგზის მცდელობა - თავის ორბიტაში დაებრუნებინა ბალტიის დამოუკიდებელი რესპუბლიკები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

პარიზში გამომავალ ჟურნალში "ახალი ივერია" (1939, #12) გამოქვეყნდა ალექსანდრე ცომაიას (1907-1956) სტატია "ფრანკოს გამარჯვება", რომელშიც ავტორი სიხარულს ვერ ფარავდა საქართველოს დამოუკიდებლობის დამასამარებელი სსრ კავშირისა და კომინტერნის მარცხის გამო.

ალექსანდრე ცომაია წერდა: "ფრანკომ გაიმარჯვა. დამარცხდა სტალინი და კომინტერნი! ამ მოვლენის სიდიდე და მნიშვნელობა ყველასათვის ცხადია. კომინტერნი დასავლეთ ევროპიდან იდევნება. ამიერიდან ეს ქვეყნიერების ამაოხრებელი ბოროტი ძალა იძულებულია თავის ბუნაგს დაუბრუნდეს, მოსკოვში ჩაიკეტოს, ვიდრე იქვე არ ჩაკლავენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ესპანეთში დამარცხება კომინტერნის სამარადისოდ განადგურებას გვიახლოვებს. საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ ევროპის ცივილიზაციის, ყოველგვარი წესრიგისა და კანონიერების მტერი მოსკოვი, დიდი ხანია არცერთ საშუალებას არ ერიდება მსოფლიოში ახალი ომის გასაჩაღებლად. მოსკოვი თავის თავსა სთვლის მოწოდებულად ქვეყნიერებაზედ იბატონოს, თუნდაც "პროლეტარიატის დიქტატურის" დროშით. ამიტომ, ევროპაზე იერიშები საბჭოთა ხელისუფლების გამაგრების პირველ დღეებიდანვე დაიწყო. 1918 წელს მან შეუტია ლიტვა-ლატვიას. ამავე დროს, სცადა ფინლანდიაში გადატრიალების მოწყობა.

მოსკოვის რჩეული მეთოდია - სადაც ომი ვერ ხერხდება, მოსყიდული ხალხით შიგნიდან აფეთქება: 1919 წელს - არეულობა ბავარიაში და უნგრეთში; 1920 წელს - ომი პოლონეთთან; 1921 წელს - ლაშქრობა კავკასიაზე და ჩვენი ქვეყნის დაპყრობა; 1922 წელს - ისევ პოლონეთში, კრაკოვში არეულობის დაწყება; 1923 წელს - გერმანიაში გადატრიალების ცდა, სადაც კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ მოსკოვის მიერ უკვე დანიშნული იყო უფრო გვიან ჯაშუშად გამოცხადებული კარლ რადეკი; 1924 წელს - შეთქმულება და გადატრიალების ცდა ესტონეთში. კომინტერნი ამავე დროს უტევს აღმოსავლეთითაც...

ფრანკოს გამარჯვება ჩვენთვის დიდათ საგულისხმო იმიტომაა, რომ ეს მოსკოვის დამარცხებაა, კომინტერნის ევროპიდან განდევნაა და საქართველოს ამაოხრებელ კომუნიზმთან მებრძოლი ბანაკის გამაგრებაა. რამდენადაც გაძლიერდებიან მოსკოვის კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები, იმდენად ვუახლოვდებით საქართველოს განთავისუფლების საათს".

სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკების ოკუპაციის (1940 წ.) შემდეგ, ამ ქვეყნების მამულიშვილთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მსგავსად ქართველი პატრიოტებისა, იძულებული გახდა, ემიგრაციაში გახიზნულიყო.

ქართველ, ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ ემიგრანტებს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.

საზღვარგარეთ გამომავალ ქართულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა სტატიები, საიდანაც ჩანს, თუ რას ფიქრობდნენ ქართველი ემიგრანტები სსრ კავშირის მიერ ბალტიის რესპუბლიკების ოკუპაციის შემდეგ ამ ქვეყნებსა და იქ გაჩაღებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაზე.

საგულისხმოა, რომ სსრ კავშირის მიერ ბალტიის რესპუბლიკების ოკუპაციამ და ფინეთთან ომმა ქართველ ემიგრანტებს კვლავ ცხადად გაახსენა საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერაგული თავდასხმა საქართველოზე.

ქართველი ემიგრანტი ვიქტორ ნოზაძე. იგი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა დასავლეთ ევროპასა და არგენტინაში

ჟურნალში "ბრძოლის ხმა" (1940, #14) გამოქვეყნდა წერილები, რომლებშიც გაცხადებული იყო ქართული ემიგრაციის და, საერთოდ, ქართველ მამულიშვილთა პოზიცია ზემოხსენებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მასში ვკითხულობთ: "საბჭოების მზაკვრულმა თავდასხმამ პატარა ფინლანდია მთელი კაცობრიობის ყურადღების ცენტრში მოაქცია... აი, ამ ხალხს მოუნდომა მონობის უღელში შებმა დამარცხებული პოლონეთის ნაწილის დაპყრობით და განიარაღებული ბალტიის ქვეყნების გავასალებით წაქეზებულმა მოსკოვმა. 170-მილიონიანი დამონებული ბრბო მან მზაკვრულად მიუსია 3,5-მილიონიან კულტურულ ერს. პირწმინდად განმეორდა საქართველოს მაგალითი... ფინლანდია დღეს ცივილიზაციის ავანგარდი და ციტადელია... მთელი კაცობრიობა განცვიფრებაში მოჰყავს ფინლანდიის ჯარის გმირულ მამაცობას და მისი სარდლობის შეუდარებელ სტრატეგიას. ჯერჯერობით პატარა დავითი ამარცხებს დიდ გოლიათს. ვუსურვოთ მას საბოლოო გამარჯვება... ქართველი ერის თანაგრძნობა სავსებით მებრძოლი ფინეთის მხარეზეა. იგი აღფრთოვანებულია ფინეთის ჯარების გმირობით და იმედიანად შეჰყურებს პატარა, გმირი ერის მომავალს". ქართველ და ბალტიელ ემიგრანტებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ არა მხოლოდ ევროპასა და აზიაში, არამედ ამერიკის კონტინენტზეც. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქართველ ემიგრანტთა ნაწილი დასავლეთი ევროპიდან ამერიკაში გადასახლდა. ისინი დამკვიდრდნენ ამ კონტინენტის როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნაწილებში, მათ შორის ძირითადად - არგენტინაში. მაგალითად, 1958 წელს ამ ქვეყანაში 260 ქართული ოჯახი ცხოვრობდა. მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში გაბნეული ქართველი ემიგრანტები ყველგან ზეიმით აღნიშნავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26 მაისს. ასე ხდებოდა არგენტინაშიც, სადაც ეს დღე უშუალოდ მოსდევდა ამ სახელმწიფოს ეროვნულ დღესასწაულს - 25 მაისს. ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველთა ორგანიზაციას ეწოდებოდა "არგენტინაში მყოფ ქართველთა საზოგადოება "წმიდა გიორგი". მისი თავმჯდომარე იყო ვიქტორ ნოზაძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარე - აკაკი პაპავა.

არგენტინაში გამომავალი ქართული ჟურნალი "მამული" (1951, # 1) იუწყებოდა, რომ 1951 წლის 24 თებერვალს, ბუენოს-აირესში მდებარე ლიტველთა კლუბში შედგა არგენტინაში მცხოვრებ ქართველთა საზოგადოების სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ვიქტორ ნოზაძე. იმავე წლის 26 მაისს, ბუენოს-აირესში თავმოყრილ ქართველთა მიერ გამართულ ზეიმს დაესწრნენ უცხოელი სტუმრები და მათ შორის ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის წარმომადგენლებიც. ეს დიდი ეროვნული დღესასწაული ბალტიელებმა თავიანთ ქართველ მეგობრებს გულითადად მიულოცეს. საჯაროდ წაიკითხეს ადგილობრივი ლიტვური გაზეთის "ბალსას" მილოცვა.

ამ დღესასწაულის შესახებ "მამული" (1951, # 2) იუწყებოდა: "განსაკუთრებით მხურვალე და ფრიად შინაარსიანი სიტყვა წარმოსთქვა ლატვიელთა საზოგადოების თავმჯდომარემ ფრისეს გაიშაისმა. მან მოუწოდა რკინის ფარდის იქით დარჩენილ ერთა წარმომადგენლებს ერთობისაკენ, ორგანიზაციული, პოლიტიკური შეკავშირებისაკენ. განსაკუთრებით, ყოფილი რუსეთის იმპერიის უღელ ქვეშ მდრტვინავმა ერებმა, რომელთაც ერთხელ მაინც იგემეს თავისუფლება და იგრძნეს თავიანთი 26 მაისის ძალა, უნდა ძმურად გაუწოდონ ურთიერთს ხელი და შეიგნონ, რომ ცალკეულის თავისუფლება მოპოვებული ვერ იქნება: ან მტერი მთლიანად უნდა განადგურდეს და თავის ეთნოგრაფიულ საზღვრებში მოექცეს და ყველა ერებმა სუვერენობა დაიბრუნოს, ან თუ ეს არ მოხდა - ყველანი მონობაში დაიღუპებიანო. ჩვენ არა მარტო წითელი რუსეთის უნდა გვეშინოდეს, არამედ არანაკლებ თეთრი რუსეთისა, რომელიც დღეს გაცხოველებული ირაზმება, დიდ მოკავშირეებთან ახალ ქსელებს აბამს, რათა ხვალ საბჭოების მემკვიდრეობა ხელთ იგდოს და ჩაგრულ ერებს უფრო მძიმე იმპერიალისტური უღელი დაადგასო. აი, ამისათვის ირაზმებიან რუსის მემარჯვენე წრეებიო".

საგულისხმოა, რომ არგენტინაში მცხოვრები ლიტველები თავიანთი კლუბის შენობას შაბათობით უფასოდ უთმობდნენ ქართველ მეგობრებს. ამ კლუბში იმართებოდა ქართული ეროვნული სიმღერისა და ცეკვის კონცერტები, რაც პირველად 1951 წლის 15 აპრილს მოხდა.

1952 წლის 22 ნოემბერს, ხსენებულ კლუბში, ქართველთა მიერ გამართულ მორიგ კონცერტში ბალტიელებიც მონაწილეობდნენ. კონცერტს ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები და მათ შორის ბალტიის სამივე რესპუბლიკის წარმომადგენლებიც.

არგენტინაში მცხოვრები ბალტიელები თავიანთ ღონისძიებებზე ასევე სისტემატურად იწვევდნენ იქაურ ქართველებს. ერთ-ერთ ასეთ კონცერტს დაესწრო ქართველი ემიგრანტი, რომელიც "მამულში" (1951, #4) გამოქვეყნებულ სტატიაში "ლიტველთა კონცერტი" აღფრთოვანებული წერდა: "კონსეხო დე მუხერეს დარბაზში ვიჯექი და ლიტველთა გუნდს ვუსმენდი. გუნდი გამოწყობილი იყო ეროვნულ, ფერად და ნაქარგ სამოსელში. სცენაზე იდგა 19 დედაკაცი და 20 მამაკაცი, ახალგაზრდა კომპოზიტორის კუპრიავიჩიუსის ხელმძღვანელობით. ვისმენდი ამ შესანიშნავი გუნდის ლიტვურ ჰანგებს... მახსენდება ერთი ქართველი ასულის ნათქვამი - სანამ დიდი სახელმწიფონი არსებობენ, პატარა ერებს თავისუფალი ცხოვრების საშუალება არ მიეცემათო! მართალია! ოღონდ ეს პატარა ერები ქედს მაინც არ იხრიან დიდ ერთა წინაშე, იბრძვიან და იბრძოლებენ თავისი სიტყვით, გალობით, სიმღერით, ცეკვით, ყოველგვარი ეროვნული გამოხატულებით. ამ ბრძოლის ერთი მშვენიერი ნიმუში ვიხილეთ ამ დღეს ლიტვურ საღამოზე და იმედიანი, ნასიამოვნები, მხიარულ და კმაყოფილ ხალხთან ერთად, გამოვედით დიდი დარბაზიდან. მოვდიოდი და ვფიქრობდი - არა! პატარა ერებს მაინც ვერ მოერევიან!"

ეს სტატია ითარგმნა და დაიბეჭდა ბუენოს-აირესში გამომავალ ლიტვურ გაზეთში "ბალსა".

ქართველი ემიგრანტი მიხეილ ქავთარაძე. ფოტო გადაღებულია იმ პერიოდში, როდესაც მ. ქავთარაძე პარიზში აკრედიტებულ ინდოეთის საელჩოში მუშაობდა

1953 წლიდან ნიუ-იორკში, ალექსანდრე ცომაიას რედაქტორობით, ინგლისურ ენაზე გამოიცემოდა ჟურნალი თჰე Vოიცე ოფ Fრეე Gეორგია ("თავისუფალი საქართველოს ხმა"). ამ ჟურნალში გამოქვეყნდა სრული ტექსტი ალექსანდრე ცომაიას სიტყვისა, რომელიც მან წარმოთქვა 1956 წელს, "სსრ კავშირის შემსწავლელი ინსტიტუტის" მიერ "კარნეგი ჰოლში" გამართულ კონფერენციაზე. იგი აცხადებდა: "რას უნდა ელოდონ აზიის ხალხები მოსკოვისაგან მას შემდეგ, რაც რუსეთი მათ ხელში ჩაიგდებს? - უდავოდ იგივე მოპყრობას, როგორიც მიიღო უკრაინის, ბალტიის ქვეყნების, ბელორუსიის, თურქესტანის, კავკასიის და ყველა იმ ქვეყნების ხალხებმა, რომლებიც ასე გულმოწყალედ "გაათავისუფლა" რუსეთმა".

იმავე წელს, ნიუ-იორკში ქართულ ენაზე გამომავალ გაზეთში "ქართული აზრი" გამოქვეყნდა ალექსანდრე ცომაიას წერილი "სტალინის მემკვიდრეობა", რომელშიც ვკითხულობთ: "სტალინმა... დააკმაყოფილა რუსული ნაციონალისტური და იმპერიალისტური ამბიციები და რუსეთს დაუმორჩილა ისეთი ქვეყნები და ტერიტორიები, რომელთა დაპყრობას რუსეთი უკვე ოთხასი წელია ცდილობდა. წყნარ ოკეანეზე და ბალტიისა და შავ ზღვებზე გამაგრება და აღმოსავლეთ ევროპის სლავიანური ქვეყნების რუსეთისათვის დამორჩილება, უკვე დიდი ხნის ოცნება იყო რუს იმპერიალისტთათვის. სტალინმა მათ ეს ოცნება შეუსრულა. ამ მოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთში სტალინის რეჟიმის სტაბილიზაციისთვის. იმპერიის ასეთი ზრდით მოხიბლული რუსული ინტელიგენცია ადვილად შეურიგდა რეჟიმს და საშინაო პოლიტიკით უკმაყოფილება გულში ჩაიკლა. ამით აიხსნება, რომ ეთნიკური რუსეთის ტერიტორიაზე სტალინის წინააღმდეგ არცერთი აჯანყება არ მომხდარა. ამით აიხსნება ისიც, რომ სტალინის საშინაო პოლიტიკის მოწინააღმდეგე და კომუნიზმის უარისმყოფელი რუსული ემიგრაცია სტალინის მიერ შექმნილი იმპერიის ტერიტორიის მთლიანობას გააფთრებით იცავს. ამ საკითხში ყველა რუსს ერთი პირი აქვს. წითელ და თეთრ რუსეთს აერთებს აგრეთვე სიამაყე რუსეთის მოწინავე ინდუსტრიის ქვეყნად და დიდ სამხედრო ძლიერებად გადაქცევისა. სტალინმა ეს იცოდა. მან იცოდა, რომ მისი საყრდნობი მხოლოდ რუსობა იყო. ამიტომ, ყველაფერი ჰქნა, რომ რუსეთში პოპულარული და საყვარელი გმირი გამხდარიყო...

კრემლში ამ ახალი ბატონების (იგულისხმება ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი თანამზრახველები. - ნ. ჯ.) დამკვიდრების შედეგად განსაკუთრებით ტრაგიკულ პირობებშია ქართველი ერი. სტალინ-ბერიას ეპოქაში ქართველობა იჟლიტებოდა იმიტომ, რომ მოსკოვში სტალინისადმი ორგულებად სთვლიდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ ბრალდებას ჰქონდა საფუძველი - საქართველომ სტალინის წინააღმდეგ სამი შეიარაღებული აჯანყება მოაწყო. მაგრამ დღეს ქართველობას სდევნიან იმიტომ, რომ სტალინ-ბერიასადმი ერთგულებას სწამებენ!

სინამდვილეში, გუშინაც და დღესაც მოსკოვის რეპრესიების ნამდვილი მიზეზი სულ სხვაა: ქართველი ხალხი იბრძვის მოსკოვის უხეში ბატონობიდან თავის დასაღწევად და ამ ბრძოლის სამართლიანობა მრავალ ქართველ კომუნისტსაც ბრძოლაში ითრევს. აი, ამ მებრძოლ, თავისუფლების ერთგულ სულს ებრძოდა სტალინი და ებრძვიან მისი მემკვიდრეებიც. ამაო შრომაა: ათასი წლობით ნაწრთობ მებრძოლ სულს მოსკოვი ვერას დააკლებს!"

იმავე გაზეთის მომდევნო ნომერში გამოქვეყნებულ წერილში "ნაპერწკლიდან ხანძარიც ჩნდება" ალექსანდრე ცომაია წერდა: "ომის პერიოდში, 1943-1944 წლებში ჩვენ გვქონდა ვრცელი ცნობები კრემლში ორი ბანაკის წარმომადგენელთა შორის მწვავე კონფლიქტის შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, არარუსი ერების სახელით მოლაპარაკეთ გამოდიოდა თავისი წარსულის მიხედვით ასეთი როლისათვის სრულიად შეუფერებელი ლავრენტი ბერია. ის თურმე მოითხოვდა საბჭოთა კონსტიტუციით ერებისათვის მინიჭებული უფლებების განაღდებას. მაშინ ეს ცნობა მე პირადად მივიჩნიე ბერიას მომხრეების მიერ შეთხზულად და არ დავიჯერე. მაგრამ უფრო გვიან მომხდარმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ ეს ბრძოლა კრემლში მართლაც არსებულა...

ქართველი ემიგრანტები აკაკი პაპავა (1890-1964) და მისი მეუღლე თამარ გოგოლაშვილი (1888-1976). ისინი 1949 წლიდან გადასახლდნენ არგენტინაში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ფოტო გადაღებულია 1963 წელს, არგენტინაში

სიკვდილამდე სტალინი იცავდა რუსების პრიორიტეტს, მაგრამ მის სიკვდილს მოჰყვა ამ კონფლიქტის კვლავ გამწვავება და ბერიას ლიკვიდაციის ერთი უმთავრესი მიზეზი ეს უნდა იყოს. რუსული ელემენტი დღეს სავსებით გამარჯვებულია... რესპუბლიკებში მოსკოვს ჰყავს თავისი ერთგული, პარტიისა და ადმინისტრაციის მოხელეთა კადრი და მათი საშუალებით დამყარებულია სასტიკი კონტროლი. ასეთ პირობებში, პერიფერიებიდან ბრძოლას, პოლონეთი იქნება ეს, საქართველო თუ ბალტიის ქვეყნები, გამარჯვების შანსები მუდამ ნაკლები აქვს, ვიდრე თვით ცენტრში დაწყებულ ბრძოლას... მაგრამ არსებობს რუს ხალხში ასეთი განწყობილება? - ამას მომავალი გვაჩვენებს".

ქართული სათვისტომოს გაზეთი "ქართული აზრი" (1961, #42) იუწყებოდა, რომ 1961 წლის 25 თებერვალს, ნიუ-იორკში, სასტუმრო "პიერში" აშშ-ის ქართულმა სათვისტომომ აღნიშნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის 40 წლისთავი. ამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ლატვიური, ლიტვური და ესტონური სათვისტომოების წევრები.

1964 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აშშ-ის ქართულ სათვისტომოს სხვებთან ერთად, ბალტიელებმაც მიულოცეს. აშშ-ში არსებული ლიტველთა საზოგადოების თავმჯდომარის, პროფესორ პ. ლეჟინსის მიერ ქართული სათვისტომოს თავმჯდომარისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში ვკითხულობთ: "ლიტვურ-ამერიკული საზოგადოების სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავს... 1918 წელს საქართველო იყო ცნობილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც 1921 წელს წითელმა ჯარმა დაამარცხა ქართული შეიარაღებული ძალები და იქ კომუნისტური რეჟიმი დაამყარა, ქართველი ერი, როგორც ლიტველები და მრავალი სხვა დაპყრობილი და რკინის ფარდაში გამომწყვდეული ხალხი, ებრძვის კომუნისტურ ტირანიას. ისინი ცხოვრობენ ერთი და იგივე იდეებით, რომ თავიანთ კუთვნილ ადგილს კვლავ დაიჭერენ თავისუფალ და დამოუკიდებელ ერთა ოჯახში".

1966 წლის 22 მაისს, კავკასიელთა გაერთიანებულმა ორგანიზაციამ ნიუ-იორკში აღნიშნა კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადების 48 წლისთავი. ამ ზეიმს დაესწრნენ ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის სათვისტომოთა წარმომადგენლებიც.

1971 წელს გაზეთში "ქართული აზრი" (#88) აღნიშნული იყო: "ქართული ემიგრაცია მწუხარებით შორიდან შეჰყურებდა წითელი რუსეთის მიერ ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ანექსიას და მათ არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ფიზიკურ განადგურებას".

1974 წლის 2 ივნისს, ნიუ-იორკში, სასტუმრო "რუზველტში" ქართულმა სათვისტომომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 56 წლისთავი აღნიშნა. ამ საზეიმო ღონისძიებას სხვებთან ერთად დაესწრო ლატვიის სათვისტომოს წარმომადგენელიც.

საქართველოში მომხდარი ანტიბოლშევიკური სახალხო აჯანყების სისხლში ჩახშობისა (1924 წ.) და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მასობრივი რეპრესიების დაწყების შემდეგ, მრავალ სხვა მამულიშვილთან ერთად, მიხეილ ქავთარაძეც (1906-2008) იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. იგი ძირითადად ცხოვრობდა პარიზში, სადაც პოლიტიკურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას მისდევდა. მისი რედაქტორობით პარიზში ქართულ ენაზე გამოდიოდა ჟურნალი "ივერია". ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მიხეილ ქავთარაძე შეეცადა აეხსნა რუსული იმპერიალიზმის ბუნება, რომელსაც სძულდა დასავლური ღირებულებები და, ასევე, ქართველი და ბალტიელი ხალხები, რომლებიც ტრადიციულად ილტვოდნენ ევროპული ცივილიზაციისკენ.

არგენტინის დედაქალაქი ბუენოს-აირესი. ამ ქვეყანას XX საუკუნის შუა ხანებში ქართველი და ბალტიელი ემიგრანტების ასობით ოჯახი აფარებდა თავს

სტატიაში ვკითხულობთ: "რუსული საზოგადოებრივ და ადმინისტრაციულ ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში მონღოლურ-თურქულმა (თათრულმა) ელემენტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს. აი, რა უფსკრული ჰყოფს რუსეთს დასავლურ კულტურისაგან. ის ფაქტი, რომ რუსმა ერმა დიდი კულტურა შეიძინა, უმდიდრესი ლიტერატურა აქვს და მეცნიერულ-ტექნოლოგიურადაც დაწინაურებულია, მას მაინც უნარს არ აძლევს ცხოვრების დასავლეთურ ყაიდაზე მოწყობისას. დასავლეთი რუსებისათვის სულიერად უცხოა. კიდევ მეტი, რუსეთს სძულს ევროპა და ყოველივე ევროპული, როგორც ზანგს - თეთრი, მდაბიოს - არისტოკრატი, მახინჯს - ლამაზი. რუსებმა ყველაფერი გადმოიღეს ევროპიდან, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. ხოლო ევროპული გაგებები, როგორიცაა: შემწყნარებლობა, მონაწილეობა, თანამშრომლობა, ზომიერება, ურთიერთგაგება და შიშის ნაცვლად - შეგნებული მორჩილება, მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი დარჩა". დასავლეთ ევროპაში არსებული ქართველთა სათვისტომოები XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსაც თანამშრომლობდნენ ბალტიელ ხალხთა სათვისტომოებთან.

1989 წლის 26 მაისს პარიზის ქართველთა სათვისტომომ ბულონში აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 61 წლისთავი. იქაურ ქართველებთან ერთად, ზეიმს დაესწრნენ უცხოელი საპატიო სტუმრებიც, რომლებიც საგანგებოდ მიიწვიეს. მათ შორის იყო საფრანგეთში მცხოვრებ ლიტველთა სათვისტომოს თავმჯდომარე - ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვაჟი, რომელიც ქართველ ემიგრანტებთან მეგობრობდა. სიტყვით გამოსულმა ლიტველმა სტუმარმა სრულიად გულწრფელად განაცხადა: "ევროპას არა აქვს ჩვენი დარდი. ამიტომ, უმჯობესია ქართველმა და ბალტიელმა ხალხებმა ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი".

ქართველ და ბალტიელ ემიგრანტთა თანამშრომლობა გრძელდებოდა სსრ კავშირის დანგრევამდე (1991 წ.).

ამდენად, საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში გახიზნულ გამოჩენილ ქართველ სამხედრო-პოლიტიკურ მოღვაწეებსა და მეცნიერებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ თავიანთ ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ კოლეგებთან. ამის დამადასტურებელი ცნობები შემონახულია იმდროინდელ ქართულ ემიგრანტულ პრესასა და მემუარულ ლიტერატურაში, საიდანაც ჩანს, რას ფიქრობდნენ ქართველი ემიგრანტები ბალტიის დამოუკიდებელ რესპუბლიკებზე, რომლებსაც საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიანთ მოკავშირეებად მიიჩნევდნენ. საზღვარგარეთ გამომავალ ქართულ პრესაში ხშირად იხსენიებიან თავისუფლებისმოყვარე ლატვიელი, ლიტველი და ესტონელი ხალხები, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ ჯერ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ხოლო შემდეგ სსრ კავშირისგან თავდასაღწევად.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#96