"შამილი ქართველ ტყვე ქალებს პატივითა და ღირსებით ექცეოდა" - მეგობრობით დამარცხებული მტრობა - კვირის პალიტრა

"შამილი ქართველ ტყვე ქალებს პატივითა და ღირსებით ექცეოდა" - მეგობრობით დამარცხებული მტრობა

ავტორთა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა დუშეთის ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, კერძოდ, დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის გუნიბისა და დუშეთის რაიონების მეგობრული ურთიერთობის ამბავი, რასაც საფუძველი XX საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა.

ვფიქრობდით, არ გაგვეხსენებინა ის ავად მოსაგონარი მოვლენა, რომელიც ლეკიანობის სახელით არის ცნობილი საქართველოს ისტორიაში და რომელიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებდა ჩვენს ქვეყანას. მაგრამ რადგან ჩვენი სტატია ისტორიული ხასიათისაა, სიტყვა ისტორია კი, როგორც ბერძნები ამბობენ, გარდასულ ამბების თხრობას ნიშნავს, გადავწყვიტეთ წარსულით დაგვეწყო.

"მე ლეკებმა დამიჭირეს,

თასმით შემკრეს მაგრა ხელთა,

წამიყვანეს ტყვეთა, მტანჯეს,

ცრემლით ვჩივი მაღლა ღმერთთან"...

ქართული ხალხური ფოლკლორიდან

ლეკთა ბრბოების თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა ჩვენს ქვეყანას. XVIII საუკუნეში ჩამოყალიბებული სამხედრო სისტემა შეუფერებელი იყო ლეკიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ქართული ფეოდალური ლაშქარი ძირითადად გლეხებისგან შედგებოდა და ჩვეულებრივ, იკრიბებოდა მტრის ჯარის შემოსევის ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში, მცირე დროით. დიდი ხნით გლეხის მიწისგან მოწყვეტა არ შეიძლებოდა, ხოლო მუდმივი ან დაქირავებული ჯარის ხანგრძლივად შენახვისთვის საჭირო სახსრები სამეფო ხაზინას არ გააჩნდა. ლეკების გამუდმებული თავდასხმისთვის კი მუდმივი ჯარი იყო საჭირო.

აუცილებელი იყო დაღესტნიდან გადმოსასვლელი უამრავი გზა-ბილიკის სამხედრო ძალით გამაგრება. საქმეს ართულებდა ლეკების მიერ შემუშავებული ტაქტიკა, ისინი დიდი ლაშქრით იშვიათად შემოდიოდნენ, ძირითადად მცირერიცხოვანი ბრბოებით მოულოდნელად ესხმოდნენ თავს მშვიდობიან სოფლებს, სამუშაოზე გასულ გლეხებს, მწყემსებს, მგზავრებს; ტეხდნენ ციხეებსა და ეკლესია-მონასტრებს და მიჰქონდათ და მიჰყავდათ ყველაფერი, რისი წაღება და წაყვანაც შეიძლებოდა. ასეთი გზით ქართლ-კახეთიდან გაედინებოდა ქართველი მეურნის თავდაუზოგავი შრომით შექმნილი დოვლათი, მაგრამ რაც მთავარია, ქვეყანა იცლებოდა შრომისუნარიანი მოსახლეობისგან. იმ შემთხვევაში, თუ გატაცებულს მისი ახლობლები ვერ გამოისყიდდნენ, ტყვეებს ოსმალეთის ბაზარზე გზავნიდნენ. საქართველოს ეცლებოდა მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი. ლეკთა ყაჩაღური ბრბოების მსხვერპლი გახდა არაერთი ოჯახი და ცალკეული ადამიანი.

ჩვენ კი მხოლოდ ზოგიერთზე მოგითხრობთ: ...თავად დავით ჭავჭავაძის ოჯახი ზაფხულში თბილისიდან წინანდალში ჩავიდა დასასვენებლად. მათ თან ახლდათ ფრანგი გუვერნანტი ქალი ანა დრანსე. ანაც ჭავჭავაძის ოჯახთან ერთად გაიტაცეს ლეკებმა. მანაც იგემა ლეკების ტყვეობაში ყოფნის სიმწარე. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და გამოაქვეყნა სათავგადასავლო ნაშრომი "შამილის ტყვე ქალები". აი, რას წერს ლეკების ვერაგობის შესახებ ანა დრანსე: "ძნელია იპოვო ქვეყანა, რომელიც ამაზე მეტად იყოს დაჯილდოებული ბუნების სიკეთით. უდავოდ ეს იქნებოდა ამიერკავკასიის საუკეთესო კუთხე, საშინელი უბედურება რომ არ სჭირდეს. მისი მიუდგომელი მთების გაღმა შეფარებული არიან ლეკთა ყაჩაღური ტომები, რომლებიც ხან დიდი რაზმებით, ხანაც პატარ-პატარა გუნდებით მოულოდნელად აცხრებიან ამ კუთხის მცხოვრებთ, ძარცვავენ, ხოცავენ ან ტყვედ მიჰყავთ".

ფრანგი ავტორი სულ სხვა აზრს გამოთქვამს დაღესტნისა და ჩეჩნეთის უმკაცრეს იმამზე, ლეგენდარულ გმირ შამილზე. "შამილი ქართველ ტყვე ქალებს პატივითა და ღირსებით ექცეოდა და დიდად წუხდა, რომ საშუალება არ ჰქონდა შესაფერისად შეენახა ისინი". როდესაც საფრანგეთში ალექსანდრე დიუმამ წაიკითხა ეს ნაშრომი იმდენად დაინტერესდა ამ უცნაური ხალხის ცხოვრების წესით, რომ გადაწყვიტა, საქართველო თავისი თვალით მოენახულებინა. მოინახულა კავკასია და გაკვირვებული და მოხიბლული დარჩა კავკასიის მკაცრი ბუნებით, მისი ხალხით, უცნაური ტრადიციებით და ყოველივე ეს გადმოსცა თავის წიგნში "კავკასია".

ლეკიანობის მსხვერპლი გახდა გამოჩენილი ქართველი მწერალი დავით გურამიშვილი. იგი 22 ან 23 წლისა სოფელ ლამისყანაში ტყვედ ჩაიგდეს ლეკებმა. დავითი მძიმე ტყვეობიდან გაიქცა და დიდი გაჭირვებით მოსკოვში ჩავიდა. შემდეგ კი უკრაინაში დასახლდა. იქ დაწერილ პოემაში "ქართლის ჭირი" აღწერილია XVIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს მდგომარეობა, ურთიერთობა პეტრე I-თან, შინა ფეოდალური არეულობა და ქიშპობა.

"ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის,

თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!

იფქლი ღვარძლად გარდაიქცა,

ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი..."

აქვე გვინდა გავიხსენოთ გრიგოლ ორბელიანის უმცროსი ძმა - გენერალი ილია ორბელიანი, რომელიც რვა თვე იტანჯებოდა შამილის ტყვეობაში. "ხარო, რომელიც ბნელ დილეგად გადაგვეშალა, სიღრმით ერთი საჟენი იქნებოდა და ნახევარი საჟენი სიგანე. თხუთმეტი კაცი ვიქნებოდით ძალიან მძიმე პირობებში... დასაძინებლად რომ ვწვებოდით, იძულებულნი ვიყავით ფეხები ერთმანეთზე დაგვეწყო. არსად არ გვიშვებდნენ, თვით ფეხისადგილისთვისაც კი".

შამილთან შეხვედრისას ილია ორბელიანს ამაყად ეჭირა თავი. მათი დიალოგის შესახებ ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს: "შამილ, როგორ ეკადრება შენ სახელს მაგისთანა უწყალოება! თუ გინდა, მაგით შეაშინო ვინმე, ვინ უნდა შეაშინო? ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ჭეშმარიტად ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნას"... მოგვიანებით გრიგოლ ორბელიანისადმი გაგზავნილ წერილში ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს: "ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი, ისე, რომ სამი დღე გაბრუებული ვიყავ ათასის სხვადასხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ ჩემთვის, მეც არ ვიცოდი რა მინდოდა, ბოლოს, მესამე დღეს, ეს ლექსი დავწერე და თითქოს ამან შვება მომცა. ვცდილობ, რომ ილიკოს როგორმე მივაწვდინო, ვიცი გულში ჩაიცინებს და არ იქნება, მით არა ენუგეშოს რა". ეს ლექსი კი ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი "მერანი" იყო.

"დუშეთისა და გუნიბის სოფლის მეურნეობის მუშაკები ათვალიერებენ სასოფლო-სამეურნეო ლიტერატურას, დაღესტნის სოფლის მოწინავეთა თათბირზე"

ლეკ აბრაგთა წვრილ-წვრილი შემოსევების გარდა 1754-1755 წლებში დაღესტნელმა მთიელებმა რამდენიმე მსხვილი ლაშქრობაც მოაწყეს. ამ ლაშქრობის ორგანიზატორი ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგი იყო.

1754 წელს ხუნძახის ბატონი დიდი ჯარით შემოიჭრა კახეთში, გადმოვიდა ალაზანზე და ახმეტის გავლით არაგვის ხეობაში გადავიდა. ააოხრა არაგვის ერისთავის მამული და შემოადგა მჭადიჯვრის ციხეს (დუშეთის რაიონი). ნურსალ-ბეგს გაუჭირდა ციხის აღება. მეციხოვნეები მომხდურებს დიდ ზიანს აყენებდნენ. "ჩამოხთა თითონ ხუნძახის ბატონი ციხის ბოლოს, ჭალაში, გააკეთებინა სანგარი მაგარი, დაადგმევინა კარავი, დადგა შინ და აბრძოლა ციხეს ჯარი. იყო დღედაღამ ბრძოლა და ომი განუწყვეტელი. არ ავად იყვნენ მყოფნი ციხოსანი. მრავალი ლეკი მოკლეს. დიდითაც გულმამაცად იყვნენ ციხის კაცნი".

მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა სამხედრო ძალა ლეკებთან შედარებით მცირე იყო, ქართლ-კახეთის მეფეებმა გადაწყვიტეს ლეკებთან შებმა. "შეიქმნა ომი ფიცხელი... რა გაჭირდა ომი, ბრძანა ბატონმა დაქვეითება ჯარისა, გარდახდა თვით მეფე ერეკლე ცხენისაგან და ებრძანა გადახდომა ყოველთა. ეს არის ბრძოლა ვაჟკაცობისაო და სიყვარული რჯულისაო... შეუტიეს ქართველთა და კახთა გულსრულად, დაუშინეს ზამბერაკნი, გააქცივეს ერთი დასი ჯარი ლეკისა... შეუტივეს ხმალდასმით, დაერივნენ შიგ, რომ ვითა კატა, ეგრე ხოცავენ ლეკთა, თვითონ მეფე ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალდახმალ, მიყვნენ ხოცითა არაგვამდის, რომ მათის მძორით აღავსეს ტყე და ველი, ვინა მორჩა მათი ცხენიც და იარაღიც ჩვენს ჯარს დარჩა". ამ ბრძოლაში ერეკლე მეფე თვითონ წარუძღვა ჯარს და გაბედული დაკვრით უკუაქცია მტერი.

დოკუმენტურთან ერთად შემორჩენილია ლიტერატურული მასალაც ქრისტინე მჭადიჯვრელის ლეგენდარული ქმედებების შესახებ, რომელიც მან გამოიჩინა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

ლეკთა შემოსევის შესახებ მჭადიჯვარში პაპუნა ორბელიანს აქვს მოთხრობილი: მჭადიჯვრის ბრძოლის მონაწილე ბებერი ქრისტინე, რომელიც ცხოვრობდა XVIII საუკუნის შუახანებში, დაბადებულა დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში. გვარად ცქირიაშვილი. *როგორც გიორგი ლეონიძე აღნიშნავდა, ქრისტინე ახალგაზრდობაში განთქმული ცხენოსანი და მარჯვე მსროლელი ყოფილა, მჭადიჯვრელ მეციხოვნეთა შორის იბრძოდა და პირადი მაგალითით ამხნევებდა მებრძოლებს...

მტერზე შურისძიებით აღვსილი ქალი სიმაგრიდან გამოსულა, გადმომდგარა ციხის ბურჯზე და მტრის სამი ბელადი მოუკლავს. ამ მამაცი ქალის გმირულ ამბავს ალყაშემორტყმულ მეციხოვნეთა სულიერი განწყობა აუმაღლებია. ქართველ ხალხს ქრისტინე ცქირიაშვილის სახელი და დიდება სამუდამოდ უკვდავუყვია. ერთ ხალხურ ლექსში თვით ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი ლაპარაკობს ქრისტინეს გმირობაზე:

მჭადიჯვარს რომ მივატანეთ, საქმე მაშინ გაჭირდება...

იქ რო ბებერმა საქმე ჰქნა,

ის არ უქნია სხვასაო,

ორი ბელადი მოგვიკლა

მთელ შაყრილ დაღესტანსაო,

მესამე რომ გამოვიდა,

დახე იმ ჭკუამცდარსაო,

ესროლა თავის მაჟარი,

მოარტყა შუა ძვალსაო,

ამისი ჭამა ქელეხი,

მჭადიჯვარს ედო თავსაო,

ღმერთო აცხონე ბებერი,

წავიდა თავის გზასაო...

ქართველებმა მეფე ერეკლეს სარდლობით დაამარცხეს და გააქციეს ნურსალ-ბეგი. მჭადიჯვრული სირცხვილი ახრჩობდა და აშფოთებდა ლეკთა უპირველეს ბელადს. "მჭადიჯვრის ციხეზე რომ ჯარი ამოუწყვიტეს და დამარცხებული და სირცხვილეული გაიქცა, იმ დღის ნაცვალს ცდილობდა ნურსალ-ბეგი"...

1755 წელს უფრო დიდი ლაშქრით გამოემართა ნურსალ-ბეგი ქართლ-კახეთისკენ. 20-ათასიანი ჯარით ყვარლის ციხეს შემოადგა. ერეკლე II-მ გონივრული გეგმით ნურსალ-ბეგი აქაც დაამარცხა და იძულებული გახადა, უკან გაბრუნებულიყო. მაგრამ წარმატებების მიუხედავად, ლეკიანობის პრობლემა კვლავ გადაუწყვეტელი რჩებოდა.

"გუდამაყრის კოლმეურნეობის თავმჯდომარე შ. ხუცურაულმა მიიღო საჩუქარი - ორი მოზვერი ამხ. ალიევისგან"

ვიდრე დუშეთისა და გუნიბის რაიონების არაჩვეულებრივ მეგობრობაზე მოგითხრობთ, გვინდა ერთი საინტერესო დუშელ კაცზე ვისაუბროთ, რომლის სახელი ალექსანდრე როინაშვილია და რომლის ბიოგრაფიის ნაწილი სწორედ დაღესტნელ ლეკებს უკავშირდება.

პირველი ქართველი ფოტოგრაფი

ალექსანდე როინაშვილი 1846 წელს დაიბადა ქალაქ დუშეთში. მამა ადრე გარდაეცვალა. 15 წლის ჭაბუკი ხელმოკლე დედამ კავკავში (ვლადიკავკაზი) წაიყვანა და ხელოსანს მიაბარა. თუმცა ხელოსანი ჩარჩ-ვაჭარი უფრო იყო, ვიდრე ხელოსანი. ალექსანდრეს თავისი ახალი პატრონი არ მოეწონა და ფარულად თბილისში წამოვიდა რაიმე ხელობის შესასწავლად. აქაც გაუჭირდა სამუშაოს შოვნა. ხელოსნები არაფერს ასწავლიდნენ, რადგან ახალი კონკურენტი არ სჭირდებოდათ. მხოლოდ ერთს ვინმე ხლამოვს, რომელიც მხატვარი და ფოტოგრაფიც ყოფილა, შესცოდებია, უსწავლებია ფოტოგრაფია და რამდენიმე ხნის შემდეგ რჩევაც მიუცია მისთვის, წასულიყო დაღესტანში, სადაც საქართველოდან გატაცებული უნიკალური ნივთები ინახებოდა.

1881 წელს ალექსანდრე დაღესტანში წავიდა და თემირხანშურაში დასახლდა, სადაც რვა წელიწადი გაატარა. როგორც პატრიოტს, კარგად ესმოდა, რომ საქართველოდან ბევრი ნივთი იყო გატაცებული და ამ ნივთების მოძიება და შეგროვება გადაწყვიტა. ალექსანდრემ მოიძია, გაეცნო და ბევრი მათგანიც შეიძინა. მაგრამ მისი საქმიანობა მხოლოდ არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვებით არ ამოიწურებოდა. იგი იწერდა და ფირზე აღბეჭდავდა ლეკების ტრადიციებსაც. იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც უნიკალურ ნივთებთან ერთად, ფოტოსურათების უძვირფასესი კოლექცია დაგვიტოვა, სადაც ასახულია მთელი კავკასიის ბუნება, ხალხი და მათი ცხოვრება. შეგროვებული ნივთებითა და ფოტოებით შექმნა მოძრავი მუზეუმი. იმოგზაურა რუსეთის დიდ ქალაქებში და მათ კავკასიელი ხალხის კულტურა გააცნო.

ალექსანდრე როინაშვილმა ორი ათეული წლის განმავლობაში დიდი შრომით შეძენილი მოძრავი და უძრავი ქონება უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ დაიტირა ილია ჭავჭავაძემ ასე გულით: "ალექსანდრე როინაშვილი თავისთავს კი არ მოუკვდა, მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას... თითოეული ასეთი ადამიანი ძალ-ღონე და ციხესიმაგრეა ერისა, ქვეყნისა და მის მიერ განვლილი ღვაწლი დაქნილი გზაა, მთელი სკოლაა".

ვფიქრობთ, სწორედ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ალექსანდრე როინაშვილის მოღვაწეობით იწყება დუშეთისა და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის გუნიბის რაიონების მეგობრობა.

"დუშეთის კარლ მარქსის სახელობის კოლმეურნეობის მწველავი ქალის, ე. პირმისაშვილის შეხვედრა გუნიბის რაიონის ჩოხის კოლმეურნეობის მწველავ ქალთან, ს. ახმედოვასთან, 1955 წ."

გავიდა დრო, წაიღო მტრობა და დაპირისპირება ადრე დამტერებულ ხალხებს შორის. მეგობრობას უმღერა დაღესტნელმა პოეტმა რასულ გამზათოვმა თავის შესანიშნავ ლექსში:

"...გზაზე მიდის მოგზაური

იარაღში ჩამჯდარი,

მომაპყარი, მგზავრო, ყური,

რად გჭირდება აბჯარი?

სიყვარულით დაგხვდებიან

სტუმარს, გულით საფიცარს

გზად თუ მტრები დაგხვდებიან,

მასპინძელი დაგიცავს".

1954 წლის ნოემბერში დუშელებმა და მაშინდელი რაიკომის პირველმა მდივანმა ალექსი ბექაურმა წერილი გაუგზავნეს გუნიბის რაიონის მშრომელებს და იმდროინდელი "საბჭოთა ტრადიციისამებრ", სოციალისტურ შეჯიბრებაში გამოიწვიეს. გუნიბის რაიონმა სიხარულით მიიღო ეს გამოწვევა.

მალე დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხის კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მეფურიშვილმა გუნიბის რაიონის ასევე სოფელ ჩოხის კოლმეურნეობის თავმჯდომარის, ისლამ ისლამოვისგან წერილი მიიღო, რომელშიც იგი ქართველ ჩოხელებს დაღესტნელ ჩოხელებთან იწვევდა.

1955 წლის იანვარში დუშეთის რაიონის დელეგაცია ჩავიდა დაღესტანში. გუნიბელებმა დუშელები დიდი პატივისცემით მიიღეს. დელეგაციის წევრები წერდნენ: "ხუთი დღე გავატარეთ დაღესტნის მთებში და არა მარტო ყველა სახლის კარი იყო ჩვენთვის ღია, არამედ ადამიანთა გულებიც". იმავე წლის ივლისში გუნიბის რაიონის დელეგაციაც ესტუმრა დუშეთს. მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებით დუშეთში ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა, ხოლო დუშეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, ქალაქ დუშეთის ახალ ქუჩას მიეკუთვნა გუნიბის სახელი. ამ ქუჩას დღესაც ასე ჰქვია.

ქართველ და დაღესტნელ ხალხთა დამეგობრების ამბებს იმდროინდელი საბჭოთა პრესაც გამოეხმაურა. გაზეთები "კომუნისტი", "ზარია ვოსტოკა", "დაგესტანსკაია პრავდა", დუშეთის რაიონული გაზეთი "სტალინური გზით" ხშირად აქვეყნებდნენ სტატიებს ორი რაიონის მიღწევებსა და გამოცდილებებზე.

გაზეთ "კომუნისტის" ჟურნალისტი აბიბო თომაძე, რომელიც იმავდროულად დუშეთის დელეგაციის წევრი გახლდათ გუნიბში, ბევრ საინტერესო მოგონებას გვაწვდის თავის შესანიშნავ ნაშრომში "ამღერებული მთები". გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

"შორიდან გუნიბის სახლები მერცხლის ბუდეებს ჰგავს, ჩვენ დიდხანს ვუცქერდით ზეცაში ატყორცნილ აულს და გვეგონა, რომ იქ უამრავ მერცხალს მოეყარა თავი. დაკლაკნილი გზით მაღლა და მაღლა რომ ავედით, გასაგები გახდა, რომ ისინი მერცხლები კი არა, გუნიბელები იყვნენ, რომლებიც ქართველი სტუმრების შესახვედრად გზაზე გამოსულიყვნენ. მრავალჯერ ვყოფილვარ სტუმრად, მასპინძლობაც ბევრჯერ გამომიცდია, მაგრამ ასეთი გულითადი შეხვედრა იშვიათად თუ სადმე გვინახავს... სალამ! ალეიქუმ სალამ! ზდრავსტვუიწე! გამარჯობათ! - ისმოდა ყველგან".

"გუნიბელი მასპინძლები ცდილობდნენ ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი დაგვეთვალიერებინა, ვნახეთ ის ადგილიც, სადაც ლეგენდარული შამილი დაატყვევეს. დიდხანს ვისხედით იმ ისტორიულ ქვაზე, სადაც გენერალი ბარიატინსკი დატყვევებულ შამილს ესაუბრებოდა. შამილი დღესაც განსაკუთრებულად უყვართ მთიელებს".

"დუშეთის დელეგაციის წევრები გუნიბში"...

"შეხვედრა გრძელდება გუნიბის რაიონის სოფელ ჩოხში, სადაც გაიმართა მიტინგი. სიტყვები წარმოთქვეს გუნიბის რაიონის სოფელ ჩოხის კოლმეურნეობის თავმჯდომარემ შამსუდინ არბუხანოვმა და დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხის კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ფილიპე აფციაურმა.

შესანიშნავი სანახავი იყო სოფელი ჩოხი, რომელიც მერცხლის ბუდესავითაა მიკრული მთის ფერდობზე, სახლი სახლზეა შემდგარი, ორმოც სართულამდე დავითვალე. ამის შემდეგ მოგზაურობა გაგრძელდა სოღრატლის აულისაკენ. მას ბრძენთა აულს უწოდებენ. სოფელს რომ მივუახლოვდით, პირველ რიგში მოხუცები შეგვხვდნენ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნი. მათ უკან მოჰყვებოდნენ ბავშვები. მოხუცებს ბევრი უნახავთ და ბევრიც ახსოვთ. აულში ვერც ერთი სტუმარი ვერ შევა მათი დახვედრის და დალოცვის, და ვერც ერთი სტუმარი ვერ წამოვა მათივე გამოცილებისა და ხელის ჩამორთმევის გარეშე. ეს პროცესი კი სოფლის ბოლოს ხდება. სოღრატელები ხშირად ახსენებენ დუშეთის რაიონის მაქართის კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ადამ ქავთარაძეს, რომელიც მათთან იყო ჩაბმული შეჯიბრებაში".

სტატიაზე მუშაობისას შევხვდით დუშელ პედაგოგსა და ჟურნალისტს ჯილდა ცხადაიას, რომელიც გახლდათ მეგობრობის დელეგაციის წევრი დაღესტანში და რომელმაც ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა. აი, რას იხსენებს ქალბატონი ჯილდა: "როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტს, შესაძლებლობა მომეცა გუნიბის რაიონში წარგზავნილი დელეგაციის წევრი ვყოფილიყავი. დელეგაციაში იყვნენ რაიონის მოწინავე ადამიანები, მათ შორის იყო პირველი სოციალისტური შრომის გმირი მეცხვარე ყარამან გაგაძე. ასევე დელეგაციის ყველაზე პატარა წევრი მოცეკვავე მიშიკო ხუციშვილი.

...დაუვიწყარია ის რამდენიმე დღე, რაც გუნიბში გავატარე. ოთხმოცი წლისას არ მავიწყდება ის გულთბილი შეხვედრები. ყველა დაბაში თუ სოფელში, სადაც მივდიოდით, გვხვდებოდნენ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი უხუცესი ადამიანები. ყველა გაგვაოცა წარსულის მიმართ ჩვენი მასპინძლების დიდმა პატივისცემამ".

დუშელებისა და გუნიბელების მეგობრობა მხოლოდ შეხვედრებით არ ამოიწურებოდა. გაჭირვების ჟამს ისინი ძმურად ედგნენ ერთმანეთს მხარში. აი, რას ვკითხულობთ აბიბო თომაძის წიგნში:

"1962 წლის თებერვალში ნოღაეთის ველზე მოულოდნელად ცა მოიქუფრა, ამოვარდა ქარი, რომელიც მალე ქარიშხლად იქცა. ქართველმა მწყემსებმა ფარა ვერ დაიმორჩილეს. ცხვარი დაფრთხა და ტრამალებში გაიფანტა. ცხვარსა და მეცხვარეებსაც გარდუვალი დაღუპვა ელოდათ. სწორედ მაშინ მიეშველნენ მათ დაღესტნელი მეგობრები. ესენი იყვნენ დაღესტნის ჩაროდინის რაიონის გალიბის მწყემსები, რომლებიც ასევე ცხვარს ეძებდნენ და თავიანთი გასაჭირი ჰქონდათ. მათ არ მიატოვეს ქართველი მეგობრები, ცხვრის შეგროვებაში დაეხმარნენ და ფარა თავიანთ ბინაში მიარეკინეს. ...ძმობა და მეგობრობა დაეხმარა ადამიანებს დაეძლიათ სტიქია. როდესაც 1970 წლის მაისში დაღესტანს თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, მეორე დღესვე დუშელებმა გუნიბელებს გაუგზავნეს გულთბილი წერილი. დუშელები წერდნენ: გთხოვთ, გვაცნობოთ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება, სიამოვნებით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ. ...მალე დუშეთში ბაზალეთის ტბასთან მოწყობილ ბანაკში დაღესტნიდან ჩამოვიდა ორმოცი მოსწავლე დასასვენებლად. მათ ჩამოჰყვათ პედაგოგი - ამინატ ბუდახანოვა. სამი კვირის განმავლობაში დაღესტნელ ბავშვებს არ მოჰკლებიათ დუშელების ზრუნვა და სიყვარული.

დამშვიდობებისას მათმა პედაგოგმა განაცხადა, რომ არასოდეს დაავიწყდებათ დუშელი მეგობრების ზრუნვა და სიყვარული, ბაზალეთის ბანაკში ყოფნის დღეები.

სარეცელზე მიჯაჭვულმა თვითნასწავლმა კომპოზიტორმა - ახმედ ტურვილოვმა შექმნა შესანიშნავი სიმღერა "სალამი დუშეთს" და ამ სიმღერით ახმიანებდნენ ბაზალეთის ბანაკს დაღესტნელი მოსწავლეები...

ამხ. ვ.ბურდული უკითხავს გაზეთ ,,კომუნისტის" სტატიებს გუნიბელებზე

წლების განმავლობაში დუშეთისა და გუნიბის დელეგაციებს ხშირი საქმიანი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ ერთმანეთთან. დუშელები ხუთჯერ იყვნენ დაღესტანში, ხოლო გუნიბელები კი საპასუხო ვიზიტად ოთხჯერ ჩამობრძანდნენ ქართველ ძმებთან.

1966 წლის მაისში ბოლოჯერ ჩავიდა დუშეთის მშრომელთა დელეგაცია გუნიბში. დუშელებმა რამდენიმე დღე გაატარეს იქ და ეს იყო მეგობრობის, პატივისცემის და ძმობის დიდი დემონსტრაცია.

ჩვენ მიერ დაწერილი სტატია, რომელიც დუშელი და გუნიბელი მშრომელების მეგობრობის გახსენებას მივუძღვენით, გვინდა დავამთავროთ ცნობილი სიტყვებით: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!"

ელენე (თინა) პატაშური, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. დუშეთის #I საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

თეა პატაშური, დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი

ლალი ებიტაშვილი, ქ. დუშეთის #I საჯარო სკოლის დირექტორი ჟურნალი "ისტორიანი",#96