ორი საგვარეულო სამარხი - ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - კვირის პალიტრა

ორი საგვარეულო სამარხი - ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

არის საქართველოში ორი საგვარეულო სამარხი, ორივე მივიწყებული და მიბინძურებული; ორივე მოწმობენ იმ გვარეულობათა სულით დაცემას, რომელთ სამარხსაც იგინი შეადგენენ.

მკითხველი მიხვდება, რომელ სამარხებზე გვაქვს ლაპარაკი. ეს გახლავთ მცხეთის სამთავრო ტაძარი - საგვარეულო სამარხი ბაგრატოვანთ ჩამომავლობისა - ქართლში და მარტვილის საჭყონდიდლო ტაძარი - სამარხი მეგრელიის მთავართა, დადიანთა გვარეულობისა. გულმოსაკლავ სურათს წარმოადგენს დღეს ერთიცა და მეორეც.

კაი ხანია მცხეთის ტაძარს გულშემატკივარი არავინ გამოსჩენია, არავის უზრუნია მის კეთილდღეობისათვის, არავის ასტკენია გული მის სიბეჩავეზე. ამ უკანასკვნელ ხანებში ტაძრის უმთავრესი ნაწილი გადუხურავთ ქვის ფიცრით, მაგრამ დიდი ხნის გადუხურაობას თავისი კვალი უკვე დაუმჩნევია მისთვის: სხვა და სხვა კედლის მხატვრობიდგან მხოლოდ ერთი ღა მაცხოვრის ხატი დარჩენილა საკურთხევლის გუმბათში და ისიც ეხლახან გაუცხოველებიათ. კედლები დღესაც ჩამოფლეთილ ჩამონგრეულია. შესაძლებელი კი იყო, რომ ეს დიდებული ნაშთი დაეცვა, შაენახა იმ გვარეულობას, რომლის სამარხსაც შეადგენს იგი. ბაგრატიონთ ჩამომავალ მუხრან-ბატონებს კი შესწევდათ იმდენი შეძლება, რომ თავის საუკუნო განსასვენებელი გაემშვენიებიათ და თანხაც დაედოთ, რომ მშვენება არ მოკლებოდა ამ დიდებულ ნაშთს. ამისთვის საკმარისი იქნებოდა იმ ფულის მეათედი ნაწილი, რაც მუხრან-ბატონებს ბანქოს თამაშში წაუგიათ ან სხვა დაბალ ვნებათა დაკმაყოფილებაზე მოუხმარიათ.

ქართველ სამღვდელოების დაუდევრობასაც აღნიშნავს აქ კაცი, მაგრამ რა ჰქნას იმ სამღვდელოებამ, რომელიც თავიდგან ბოლომდე შებოჭილია ბორკილით და მოძრაობის ღონე არა აქვთ. ქართლ-კახეთის ტყვედქმნილი ეპისკოპოსები უუფლებონი, უგავლენონი, დამცირებულნი და ფეხ-ქვეშ გათელილნი რა გავლენას იქონიებენ სამწყსოზე, რომ შეინახონ ეს დიდებული ძეგლი ჩვენი ქრისტიანული ხუროთ-მოძღვრისა. ხალხსაც უსაყვედურებდით, მაგრამ რა უნდა მოსთხოვო ხალხს, რომელმაც ერთხელ და საუკუნოთ უზრუნველჰყო ეკკლესია თავის უხვი შეწირულებით. "რომ თავი ჩვენი ჩვენ გვახლდეს, შოთასი არ იყოს, ღარიბად არ ვიხსენებით". რომ საქართველოს ეკკლესიის ფული ასე უწყალოდ არ იფლანგებოდეს და მას მისი მეოთხედი მაინც ეძლეოდეს რაც კანონით ერგება უძრავ მოძრავ ქონებათაგან, რა საკვირველია, არ მისცემდა განსაცდელს თავის საუკეთესო განძს (როგორც შემთხვევით გავიგეთ მცხეთის სამთავრო ტაძარში დაცული საქართველოს სამეფო რეგალიები ამ რამოდენიმე ხნის წინეთ პეტერბურგს წაუღიათ და მათ ნაცვლად 2000 მანეთი გამოუგზავნიათ, მაშინ როდესაც სხვაგან რომ გაყიდულიყო მილიონსაც სიხარულით გაიღებდნენ. ასე იფლანგება ჩვენი საზოგადო ქონება - საქართველოს ძველი დიდება! - ავტ.).

ეხლა კი მან უნდა იზრუნოს ასეთ საგნებზე, ვინც მის ქონებასთან ერთად მისი ბედ-იღბალიც ჩაიბარა, ე.ი. უნდა იზრუნოს უწ. სინოდმა, რომლის ხელშიდაც არის დღეს საქართველოს ეკკლესიის ქონება. ეს დღესავით ცხადია და თუ უფლების ფეხ-ქვეშ გათელვას არ გვიპირებენ, უფლება გვაქვს მოვითხოვოთ, რომ მცხეთის ტაძარი და სხვა ამისთანები კეთდებოდეს სრულიად რუსეთის საეკკლესიო ხარჯით.

მარტვილის მონასტერი

მაგრამ მოცემას ვიღა ჩივა, როცა ჩვენი მიბარებულიც კი გაგვიფლანგეს და რის ვაი ვაგლახით შეკრებილი ფული სამთავროს ტაძრის განსაახლებლად ვიღაც არდაზიანს შეაჭამეს. როგორც სამთავროს ტაძრის შესაკეთებლად დაარსებულ კომიტეტის უკანასკნელ კრებაზე გაირკვა, ჩვენი საკონტროლო დაწესებულების - კონტორის ზედამხედველობის ქვეშ 84 ათასი მანეთი დაკარგულა იმ თანხიდგან, რომელიც შეკრებილი იყო კომიტეტისაგან მცხეთის ტაძრის შესაკეთებლად.

კანონიერება და კაცობრიობა მოითხოვს, რომ ეს ფული მართებლობამ აზღვევინოს დამნაშავეთ, ან თითონ უზღოს უნუგეშო მდგომარეობაში მყოფ ტაძარს და მით დააკმაყოფილოს შემომწირველთა აღშფოთებული სინდისი.

ვერაფერი მადლიერი ვართ კომიტეტის იმ გადაწყვეტილებისა, რომ 31 ათასი მანეთი, რომელიც სინოდს უბოძებია ტაძრის შესაკეთებლად და რომელიც შეადგენდა აღმოსავლეთ მონასტრების საკუთრებას, ჩაითვალოს მიღებულად დაკარგულ 84 ათასი მანეთიდგან. ამას არაფერი ლოგიკა და ისტორიული სიმართლე არ მოთხოვს. კომიტეტმა მედგრად უნდა მოითხოვოს კონტორისაგან დაკარგული ფული. რომ ეს ფული თვით კომიტეტს დადებოდა, ციმბირში ხომ გაგზავნიდნენ, თუ მეტი არა, კომიტეტის წევრებს. და აბა რა განრჩევაა კომიტეტის წევრებსა და კონტორის იმ წევრებს შორის, რომლებიც განაგებდენ მაშინ ჩვენი ქონებისა და ეკლესიის ბედ-იღბალს, როცა სხვა ფულთან ერთად ხსენებული 84 ათასი მანეთიც დაიკარგა? პატრონი არ არი, თორემ არათუ ეს, დანარჩენიც მოსათხოვია და მართებლობას არ შეუძლია, თუ კანონიერებას ადგია, არ გვიზღოს ან მას არ აზღვევინოს, ვის ხელშიდაც დაიკარგა.

მეგრელიის მთავრების სამარხს-მარტვილს არაფერი ჰქონია და არც არაფერი დაკარგვია, მაგრამ ამ ბოლო ხანამდი იგიც მრთელ სამწუხარო მდგომარეობაში იყო. სინესტისაგან გუმბათში ბალახები იყო ამოსული. ყ-დ სამღვდელო ლეონიდეს წყალობით იგი ეხლახან გადიხურა და გადიხურა სამუდამოთ - სპილენძით. ეხლა სხვა გამშვენება აკლია, რომელზედაც ვალდებულია იზრუნოს მთავრების მემკვიდრეებმა. მაგრამ მეტი არაა შენი მტერი, მკითხველო, მათ არაფერი გაარიგონ ამის შესახებ. ის კი არა ქუდი რომ ეკლესიაში შეუგდო, გამოსატანათ არ შევლენ. მარტვილში მოღვაწე მამებს თუ დავუჯერებთ, არა თუ მთავრების მემკვიდრეებს, არც ერთ დადიანის გვარეულობას არ გაუვლია ამ ტაძრის ახლოს...

ვნახოთ რას მოგვიტანს უნუგეშო შემდეგი!

მოგზაური.

"შინაური საქმეები", 1909 წ. #26

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა ჟურნალი "ისტორიანი",#96