დიდი მწერლის თვალით დანახული საქართველო - ალექსანდრე დიუმა - კავკასია - კვირის პალიტრა

დიდი მწერლის თვალით დანახული საქართველო - ალექსანდრე დიუმა - კავკასია

როგორ აპირებდა ალექსანდრე დიუმა საქართველოში ხელმეორედ ჩამოსვლით მილიონერად გახდომას...

როგორ გაიხადა ქართველმა თავადმა შარვალი ფრანგი მწერლისთვის...

როგორ "მეთვალყურეობდნენ" დიდ მწერალს რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე II-ის ჟანდარმები...

რატომ ვერ შეხვდა მოგზაური შამილს...

როგორ უვლიდა თავის ხუჭუჭ თმას ფრანგი მწერალი, რომლის დიდი ბებია შავკანიანი ყოფილა...

ამ და უამრავ საინტერესო კითხვაზე პასუხს იპოვით წიგნში, რომელიც საუკუნე-ნახევრის წინ დაწერა დიდმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ.

წიგნს "კავკასია" ჰქვია და იგი ალექსანდრე დიუმას მოგზაურობას ასახავს. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ფრანგულიდან თინათინ ქიქოძეს უთარგმნია გასული საუკუნის 60-იან წლებში. შესავალი წერილი, რედაქცია და შენიშვნები მწერალ აკაკი გაწერელიას ეკუთვნის. მას დიდი შრომა გაუწევია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი მწერალი საკმარისად მომზადებული ჩამოსულა კავკასიაში (იმ დროს არსებულ თითქმის ყველა ლიტერატურულ თუ ისტორიულ მასალას გასცნობია), თავი მაინც ვერ დაუღწევია უზუსტობებისა და ლაფსუსებისთვის. ამიტომ წიგნში "გაპარულ" ავტორისეულ შეცდომებსა და ამა თუ იმ ფაქტისა და მოვლენის დაზუსტებას სწორედ თარგმანზე დართულ შენიშვნებში ვეცნობით. მათი წყალობით მკითხველს არ დასჭირდება ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში ამა თუ იმ ისტორიული პერსონის, მოვლენისა თუ ფაქტის მოძიება.

* * *

საქართველოში ალექსანდრე დიუმა 1858 წლის დამლევს ჩამოსულა. მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს დაწერილი ჰქონდა თავისი თითქმის ყველა დიდი ნაწარმოები. მრავალ ქვეყანაში უკვე ეთარგმნათ "სამი მუშკეტერი", "ოცი წლის შემდეგ", "დედოფალი მარგო"... საქართველოში კი... თუმცა უმჯობესია 1858 წლის "ცისკარში" (დეკემბერი, #12) დაბეჭდილ ქრონიკას გავეცნოთ: "სხუა და სხუა ანბავი - დეკემბერს პირველითგან ამაწლისა. ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელნიცა იყო ამ ახლო ხანში ჩუენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაკციისა. მთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წაუკითხავს "გრაფი მონტე კრისტო", ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და ვისაც არ წაუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანაც კიდევა გვაქვს რედაქციაში გადმოთარგმნილი".

კოლხეთის შესახებ საუბრისას ალექსანდრე დიუმა ბერძენი ისტორიკოსსა და გეოგრაფოსს, სტრაბონსაც იხსენიებს და წერს, "სტრაბონი დაბეჯითებით ლაპარაკობს კოლხეთის ოქროს საბადოებზე. ამ საბადოებიდან წვიმებისგან ღელეებში ჩარეცხილი ოქრო ძვირფასი ქვიშით ამდიდრებდა კოლხებს. სუანები ანუ დღევანდელი მეგრელები მათ კრეფდნენ ცხვრის ბალნიანი ტყავის შემწეობით, რომელიც ბრჭყვიალა ქვიშას აკავებდა. აქედან წარმოსდგება ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ". ალბათ ყურადღება მიაქციეთ მწერლის შეცდომას, როცა იგი წერს "სუანების, ანუ დღევანდელი მეგრელების" შესახებ. როგორც ჩანს, მას სვანები და მეგრელები ერთი და იგივე ხალხი ჰგონია. ზემოხსენებულ შენიშვნებში ეს შეცდომაც განმარტებულია.

"ოქრომრავალი კოლხეთის" არსებობას დიუმა წიგნში კიდევ ერთი დეტალითაც ადასტურებს: "ოსეთში, ნუზალის ეკლესიაში დღესაც შენახულია წარწერა ქართულ ენაზე, რომელიც გვაუწყებს, რომ კოლხეთში ოდესღაც იმდენივე კეთილშობილი ლითონი ყოფილა, რამდენიც დღეს მტვერია".

ნაწარმოებში ბევრი არაფერია თქმული იმის შესახებ, იცნობდნენ თუ არა ქართველი მასპინძლები ფრანგი მწერლის მსოფლიოში უკვე პოპულარულ რომანებს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ხელს არ უშლიდა ქართველებს, განუმეორებელი სტუმართმოყვარეობა გამოეჩნიათ, როგორაც ამას დიუმა წერს.

პირველ ყოვლისა, დასაფასებელია დიუმას ინტერესი კავკასიისა და საქართველოსადმი, მისი უძველესი წარსულისადმი. მწერალი "მომზადებული" ჩამოსულა სამოგზაუროდ, თითქმის ყველაფერი წაუკითხავს და შეუსწავლია, მოყოლებული ანტიკური ხანის მწერლებიდან. აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკასაც" იცნობს და თავისი ეპოქის ევროპელ მწერალთა და ისტორიკოსთა ნაშრომებსაც. მისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია ქართველი მეფეების - ფარნაოზის, მირიანის, ბაკურის, დავით აღმაშენებლის, თამარის, თეიმურაზ I-ისა და ვახტანგ VI-ის ღვაწლი და დამსახურება. მაგრამ რამდენადაც მწერალი საკუთრივ საფრანგეთის ისტორიასაც კი თავისი შეხედულებისამებრ "ამკობდა", ბუნებრივია, არც საქართველოს წარსულის აღწერისას შეიძლება ვენდოთ ბოლომდე. მართლაც, ფანტასტიკური თავგადასავლების მოყვარულმა მწერალმა ჩვეულებას ვერც ამჯერად უღალატა.

თუმცა კი არ შეიძლება არ დავუჯეროთ, როცა რუსეთის ცარიზმის ტყვეობაში მყოფი ხალხის დიდი ნაწილის დაბეჩავებაზე წერს. მწერლის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია ქართველ თავად-აზნაურთა ერთი ნაწილის დახეული სამოსი, წარმოუდგენელი სიღატაკე სამეგრელოში...

მწერალი საქართველოთი მოიხიბლა. აი, როგორ ახასიათებს იგი ქართველებს: "ევროპაში წარმოდგენაც არა აქვთ კოლხეთის ხალხის სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს"; "მეგრელი ქალები, მეტადრე ქერა შავთვალა და შავგვრემანი ცისფერთვალება ქალები, ულამაზესი არსებანი არიან დედამიწის ზურგზე".

ფრანგი მწერლის მახვილ თვალს არც ღვინის უზომო სმისადმი ქართველთა მიდრეკილება გამორჩენია, არც ქართული სიმღერები და ქართული კერძები...

მწერალი შთამბეჭდავად მოგვითხრობს რუს ოფიცრებზე, ლეკებზე, შაჰ-აბასის ქარვასლაზე, შამილსა და მის ცოლებზე, თამარ მეფის ციხეზე, თბილისზე, სპარსულ აბანოებზე, შამილის ტყვე ქართველ ქალებზე, არაერთგზის უბრუნდება თბილისს, არც ფაზისის შესართავები ავიწყდება და არც ფოთის პორტი...

ნაწარმოებში გამოვარჩევდით ფრანგი მწერლისა და 12 წლის ქართველი თავადიშვილის, თავად ივანე თარხნიშვილის ვაჟის (რომელსაც ასევე ივანე ერქვა) დამეგობრების ამბავს. ამ ამბავს მთელი ერთი თავი ეძღვნება და თარხნიშვილების ოჯახს მომდევნო თავებშიც მოიხსენიებს მწერალი. პატარა ივანე ფრანგულად ელაპარაკება მწერალს, ბოდიშს უხდის, რომ მისი რომანები ჯერ არ წაუკითხავს და ჰპირდება, თქვენი გაცნობის შემდეგ ყველა თქვენს ნაწარმოებს წავიკითხავო. მწერალი აღფრთოვანებულია ქართველი პატარა თავადიშვილის გამართული ფრანგულით, მისი თარჯიმნობით და იმ გულითადობით, რასაც ბიჭი უცხოელი სტუმრისადმი იჩენს.

მწერლის თოფები მოეწონა ქართველ თავადიშვილს. განსაკუთრებით ფრანგი მეიარაღის, დევიმის საუცხოო თოფი, ოცი წელიწადი რომ გვერდიდან არ მოუშორებია მწერალს. ამ თოფით მიზანშიც ისვრიან სტუმარ-მასპინძლები და ალექსანდრე დიუმა პატარა ივანე თარხნიშვილს მიზანში სროლის საიდუმლოსაც გაანდობს.

როგორც ჩანს, მწერალმა ოცი წლის "მეგობარი" თოფი ვერ გაიმეტა ქართველი თავადიშვილისთვის (რომლის მამისგანაც უამრავი საჩუქარი მიიღო), მაგრამ დაჰპირდა, სამი-ოთხი თვის შემდეგ პარიზიდან ჩემი თოფის მსგავს თოფს მიიღებთო.

"- გაცნობამდე ხომ მიყვარდით, მაგრამ რაც გაგიცანით, უფრო შემიყვარდით, - მითხრა პატარა ბიჭმა და ყელზე შემომეხვია.

საყვარელი ბავშვო, დანაპირებს აუცილებლად მიიღებ და დაე, მან შენ ბედნიერება მოგიტანოს!" - ვკითხულობთ ნაწარმოებში.

დევიმის თოფი არა მხოლოდ პატარა ივანეს, არამედ იარაღის კარგად შემფასებელ არაერთ ქართველ თავადიშვილსა თუ ოფიცერს მოეწონა და ყიდვის სურვილი გამოთქვა. ამდენად, ბუნებრივი იყო ფრანგი მწერლის სიტყვები: "თუ კიდევ ოდესმე დავბრუნდები კავკასიაში საკუთარი პატარა გემით, რაც განზრახული მაქვს უახლოეს დროში, უსათუოდ თან ჩამოვიტან დევიმის თოფების დიდ ტვირთს და საფრანგეთში მილიონერი დავბრუნდები".

ქართველები. XIX საუკუნის ჩანახატი

სამწუხაროდ, ვერსად მოვიძიე ცნობები, როგორ წარიმართა ახალგაზრდა თავადიშვილის, ივანე თარხნიშვილის ცხოვრების გზა. წაიკითხა თუ არა მან ფრანგი მწერლის რომანები. არც ის ვიცით, შეუსრულა თუ არა დანაპირები დიდმა ფრანგმა კლასიკოსმა და გამოუგზავნა თუ არა დევიმის საუცხოო თოფი...

მაგრამ ვიცით, რომ ვერც ოცნება აისრულა მწერალმა - კავკასიაში პატარა გემით დაბრუნებას რომ აპირებდა.

ერთი რამ ცხადია, ალექსანდრე დიუმას "კავკასია" ჩვეულებრივი მოგზაურის შთაბეჭდილებები როდია, იგი ისეთივე გატაცებით წასაკითხი "რომანია", როგორიც "გრაფი მონტე კრისტო" ან სულაც "სამი მუშკეტერი".

P.შ. "კავკასია" დიდი ხნის წინ, სტუდენტობისას წავიკითხე. ამჯერად უბრალოდ თვალის გადავლებას ვაპირებდი. არ გამომივიდა, თავიდან ბოლომდე წამაკითხა თავი. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე მოიქცევით, ვისაც უკვე დიდი ხნის წინ წაგიკითხავთ ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები. ახალგაზრდა მკითხველს კი, მერწმუნეთ, საინტერესო შეხვედრა ელის ალექსანდრე დიუმა-მოგზაურთან.

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#45