ანექსიის "ტექნოლოგია" - ლიტვის ექსპრემიერის სახიფათო "თამაში" ბერიასა და სტალინთან - კვირის პალიტრა

ანექსიის "ტექნოლოგია" - ლიტვის ექსპრემიერის სახიფათო "თამაში" ბერიასა და სტალინთან

მოსკოვი, 1939 წელი.

ლავრენტი ბერიამ დოსიე დახურა. აგენტი, მეტსახელად "სწავლული", უამრავ კითხვას აღუძრავდა.

- საინტერესოა, ეს კაცი ჩვენზე მუშაობას რად დათანხმდა?

"სწავლულის" ნამდვილი გვარ-სახელი აუგუსტინას ვოლდემარასი იყო. ოდესღაც ამ კაცს ლიტვის პრემიერის პოსტი ეკავა.

აუგუსტინას ვოლდემარასი (1893-1942) ლიტველი არისტოკრატის იჯახში დაიბადა, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. სტაჟირება რომის უნივერსიტეტში გაიარა. როგორც მეცნიერმა, ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში გამოქვეყნებული შრომებით გაითქვა სახელი. პარალელურად, პოლიტიკაშიც აქტიურად ჩაება. 1912 წელს ჩამოაყალიბა პარტია "ლიტველი ერის ნება", რომელმაც ლიტვის ავტონომია მოითხოვა.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამ პარტიის ბაზაზე ტაუტინინკების (ლიტველი ნაციონალისტების) კავშირი იქმნება. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ვოლდემარასი ანტანას სმეტონასთან ერთად ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთ-ერთი ინიციატორია. აქტიურად მონაწილეობს 1918-1920 წლების ომში. შედეგად ლიტვის დამოუკიდებელი რესპუბლიკა მართლაც შეიქმნა, მაგრამ ეს ძალიან ძვირი დაჯდა. პოლონეთმა ლიტვას მისი ძირძველი დედაქალაქი, ვილნიუსი (პოლონურად ვილნო) წაართვა. ამან არჩევნებში ტაუტინინკების მარცხი განაპირობა. ხელისუფელებაში ისინი 1926 წელს დაბრუნდნენ, როცა პოლკოვნიკმა პლეხავიჩუსმა კანონიერად არჩეული მთავრობა დაამხო. პრეზიდენტის პოსტი კვლავ სმეტონამ დაიკავა, ვოლდემარასი კი პრემიერი გახდა.

- მალე სმეტონასა და ვოლდემარასს შორის ბრძოლა დაიწყო, - წერს ლიტველი ისტორიკოსი და მწერალი იურგის სავიცკისი.

ვოლდემარასს დიქტატორის ამბიციები ჰქონდა, მაგრამ სმეტონასთან დუელში დამარცხდა. 1929 წელს სმეტონას ბრძანებით ვოლდემარასი თანამდებობიდან მოხსნეს. პრემიერი მარცხს არ შეეპუა. 1934 წელს მან მოაწყო პუტჩი, რომელიც მარცხით დასრულდა. ვოლდემარასი დააპატიმრეს და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1938 წელს სმეტონამ ის გაათავისუფლა და ლიტვიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, ვოლდემარასი მაინც განაგრძობდა ძალაუფლებისთვის ბრძოლას.

მძიმე სენი

დოსიეს გაცნობის შემდეგ ბერიამ პაველ სუდოპლატოვი გამოიძახა. საუბარი ძირითადად ვოლდემარასს შეეხო.

- პაველ ანატოლიევიჩ, თქვენ ვოლდემარასს იცნობთ, ხომ ასეა?

- დიახ, - თავი დაუქნია სუდოპლატოვმა, - "სწავლული" ჩემს უშუალო დაქვემდებარებაშია. რამდენჯერმე პარიზში გავემგზავრე, რათა პირადად შევხვედროდი. ჩვენ გარდა, ვოლდემარასი გერმანელებზე, ინგლისელებსა და ფრანგებზეც მუშაობს.

- პაველ ანატოლიევიჩ, - ბერია ჩაფიქრდა, - ვოლდემარასი ლიტველი რადიკალი ნაციონალისტია, მისი ანტიკომუნიზმი უფრო შეურიგებელია, ვიდრე სმეტონასი. როგორ მოხდა, რომ ჩვენზე მუშაობას დათანხმდა?

- ვოლდემარასი ავადაა! - სუდოპლატოვს სახიდან ღიმილი გაუქრა, - მას აეკვიატა იდეფიქსი, რომ ლიტვის დიქტატორი უნდა გახდეს. ამიტომ ყველაფერზე წავა ამ სურვილის აღსასრულებლად.

შეხვედრა სტოკჰოლმში

1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი დაიდო. ორმა დიქტატორმა - სტალინმა და ჰიტლერმა მსოფლიო გადაინაწილა. ლატვია და ესტონეთი საბჭოთა გავლენის ზონაში მოხვდნენ, ლიტვა კი ორმაგი - რუსულ-გერმანული პროტექტორატის ქვეშ უნდა ყოფილიყო.

- ანტანას სმეტონას რეჟიმი ისეთ ხელისუფლებას უნდა ჩაენაცვლებინა, რომელიც ხელსაყრელი იქნებოდა როგორც მოსკოვის, ისე ბერლინისათვისაც, - წერს სამხედრო ისტორიკოსი მიხაილ სემირიაგა.

პაქტის ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლავრენტი ბერიამ პარიზში მცხოვრებ ვოლდემარასს შეუთვალა, რომ მასთან შეხვედრა სურდა. ბერია ლიტვის ექსპრემიერს მოსკოვში იწვევდა. ვოლდემარასი არ დათანხმდა. მაშინ ლავრენტიმ შესთავაზა, სადმე ნეიტრალურ ადგილას შევხვდეთო. ხანმოკლე დისკუსიის შემდეგ შეთანხმდნენ, ერთმანეთს შვედეთის დედაქალაქში შეხვედროდნენ.

შეხვედრა სტოკჰოლმში, შინსახკომის კონსპირაციულ ბინაზე მოეწყო. ლავრენტი ლიტველ სტუმარს ყურადღებით აკვირდებოდა. სახის სწორი ნაკვთები, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ამაყად მომზირალი თვალები... - სუდოპლატოვი მართალია, - გაიფიქრა ბერიამ, - ამ კაცს მართლაც დიქტატორობა სურს და ამის გამო ყველაფერზე წავა.

- ბატონო ვოლდემარას, - ბერიამ გაიღიმა, - მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

ვოლდემარასმა არაფერი უპასუხა. ბერიამ საქმის არსი მოკლედ, ლაკონიურად აუხსნა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად რუსეთ-გერმანიას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ სმეტონას რეჟიმი უფრო ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს. ბერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვის მომავალ პრეზიდენტად ვოლდემარასს ხედავს.

- დიდი მადლობა, - ექსპრემიერმა გაიღიმა, - მაგრამ ბატონი სტალინი ამ საკითხზე რას ფიქრობს?

- თქვენთან შეხვედრა მან დამავალა.

- ძალიან კარგი, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი სათანადო გარანტიებს თვით ბატონი სტალინისგან მივიღებ, - ვოლდემარასი კვლავ იღიმოდა, - თქვენი მხარდაჭერისთვის უღრმეს მადლობას გიხდით.

ლიტვის რესპუბლიკის პირველი მთავრობა (1918 წლის 18 ნოემბერი - 26 დეკემბერი). ცენტრში: პრემიერ-მინისტრი აუგუსტინას ვოლდემარასი

"საქართველოში შეხვედრამდე" სტოკჰოლმიდან დაბრუნებულმა ბერიამ ყოველივე სტალინს მოახსენა. დიქტატორი ჩაფიქრდა: - მაშ, ვოლდემარასი მისაღები ფიგურაა?

- თუკი ლიტვა ჩვენი და ბერლინის ერთობლივი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს, მასზე უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს, - ფიცხლად მიუგო ბერიამ.

- დავუშვათ ასეა, - სტალინი წამით გაჩუმდა, - ვოლდემარასის ხელისუფლებაში მოსვლა რას მოგვცემს?

- ერთ სახლში ორი ბატონი ვერ მორიგდება, - ბერიამ პაუზა გააკეთა, - ადრე თუ გვიან ლიტვა ან ჩვენი უნდა გახდეს, ან გერმანელების. ვოლდემარასის დახმარებით ლიტვა ჩვენი გახდება.

სტალინმა არაფერი უპასუხა. მეორე დღეს გერმანელებს აცნობა, კარგი იქნება, თუკი სმეტონას ვოლდემარასი შეცვლისო. გერმანელები სიხარულით დათანხმდნენ. ამის შემდეგ სტალინმა ვოლდემარასი მოსკოვში მიიწვია და პირადად მიიღო.

საუბარმა სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა. დამშვიდობებისას ვოლდემარასმა უთხრა:

- მოხარული ვიქნები, თუკი მალე ლიტვაში გიმასპინძლებთ.

- დიდი მადლობა, - მიუგო სტალინმა, - მაგრამ უფრო გამიხარდებოდა, თუკი თქვენ, როგორც ლიტვის მომავალ პრეზიდენტს, ჩემს მშობლიურ გორში ჩაგიყვანთ და იქაურობას დაგათვალიერებინებთ. რამდენადაც ვიცი, რევოლუციამდე გორში ხშირად ჩადიოდით, ასეა?

- ასეა, - ვოლდემარსამა გაიცინა, - გორშიც ხშირად ჩავდიოდი, თბილისშიც, ქუთაისშიც. ქართული სუფრა ახლაც მახსოვს.

- ჰოდა, მომავალ შეხვედრამდე საქართველოში, - ამ სიტყვებზე ერთმანეთს გულთბილად დაემშვიდობნენ.

ბაზები დედაქალაქის  "სანაცვლოდ"

ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლიტვაში ე.წ. ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი შეიქმნა. მასში გაერთიანდნენ კომუნისტები, ლიაუდინინკები (ხალხოსნები), ესერები და ვოლდემარასის მომხრე ლიტველი რადიკალი ნაციონალისტები, რომლებიც უკიდურეს მემარჯვენე პოზიციებზე იდგნენ. ასეთი კურიოზული ბლოკი ალბათ ისტორიას არ ახსოვს. მართალია, კომუნისტები ერთიანი ფრონტის შემადგენლობაში ვოლდემარასის მომხრეთა მიღებას აპროტესტებდნენ, მაგრამ მათ უბრალოდ ყურს არავინ უგდებდა.

- ხელისუფლებაში ყოფნისას ვოლდემარასი კომუნისტებს სდევნიდა, ზოგიერთი მათი ლიდერი დახვრიტა კიდეც. კომუნისტებიც გაიძახოდნენ, ვოლდემარასი ფაშისტია, ჩვენთან რა უნდაო, მაგრამ მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა. ყველაფერს რუსები წყვეტდნენ, - წერს წინააღმდეგობის ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი, შემდგომში კი ემიგრანტი ერნესტას გალვანაუსკასი.

ვოლდემარასის დახმარებით რუსებმა ლიტვაში თავიანთი პოზიციები განიმტკიცეს. საბჭოთა აგენტურულმა ქსელმა არმიის ზედაფენაში, მთავრობაში და თვით პრეზიდენტ სმეტონას უახლოეს გარემოცვაშიც კი შეაღწია. 1939 წლის 1-ელ სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ლიტველმა კომუნისტებმაც ქვეყანაში საბჭოთა ბაზების განლაგებისთვის აქტიური პროპაგანდა გააჩაღეს. ვოლდემარასი ამაში აშკარად არ მონაწილეობდა, თუმცა თავისი აგენტების მეშვეობით იმდენი მოახერხა, რომ რუსული ბაზების განლაგების მომხრენი მთავრობასა და არმიის ზედაფენაშიც გაჩნდნენ.

- საბჭოთა ბაზების განლაგების საკითხი განსაკუთებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ვარშავა დაეცა, ვილნიუსი (იმჟამად ვილნო) კი საბჭოთა არმიამ დაიკავა. სტალინმა პრეზიდენტ სმეტონას შეუთვალა: მზად ვარ ვილნიუსი დაგიბრუნოთ, სამაგიეროდ ლიტვაში საბჭოთა ბაზები უნდა განლაგდესო. მემარცხენეებმა (კომუნისტები, სოციალისტები) ბაზების განლაგების სასარგებლოდ დემონსტრაციები დაიწყეს. მთავრობაში ვოლდემარასის მომხრეებმა რუსული ბაზების განთავსებას მხარი დაუჭირეს.

- სმეტონა ორმხრივი წნეხის ქვეშ მოექცა. ერთი მხრივ ქუჩა, მეორე მხრივ მთავრობის ცალკეული წევრი და არმიის ზედა ფენის ნაწილი, - წერს გალვანაუსკასი.

ლიტვის პრეზიდენტიც იძულებული გახდა, რუსული ბაზების განთავსებას დაჰყაბულებოდა. სტალინმა "პირობა" შეასრულა, ლიტველებს პოლონელების მიერ ოკუპირებული ვილნიუსი დაუბრუნა.

ლავრენტი ბერია და იოსებ სტალინი

ანექსია მომწიფდა

1940 წლის ივნისში ჰიტლერმა საფრანგეთზე ლაშქრობა დაიწყო. მესამე რაიხის მთელი რესურსები აქეთ იყო მიმართული. სტალინმა მიიჩნია, რომ ბალტიისპირეთში ხელ-ფეხი გაეხსნა.

- ჰიტლერს ახლა ბალტიისპირეთისთვის არ ეცალა. სტალინმაც ამ მხარის ანექსია გადაწყვიტა. ლიტვა, ისევე როგორც ლატვია ან ესტონეთი, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში უნდა შესულიყო, - წერს სემირიაგა.

ბალტიისპირეთის ანექსიის გეგმა უშუალოდ სტალინმა დაამტკიცა. თავდაპირველად ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში დამატებითი რუსული ქვეგანაყოფები უნდა განთავსებულიყო. ამის შემდეგ შეიქმნებოდა ე.წ. სახალხო მთავრობები, რომლებიც ნიადაგს მოამზადებდნენ ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესაყვანად. სტალინმა ამ მთავრობების სია პირადად დაამტკიცა.

- ვოლდემარასს რა ვუყოთ? - ეს საკითხი მთელი სიმწვავით დადგა.

ბერიას ვერდიქტი მოკლე და ლაკონიური იყო. ვოლდემარასი ლიტვის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლას არასდიდებით არ დათანხმდებოდა. სტალინმა შინსახკომის შეფის არგუმენტი მშვიდად მოისმინა.

- ჰო, მაგრამ არც ვოლდემარასის საზღვარგარეთ დატოვება შეიძლება, - ჩუმად წარმოთქვა სტალინმა.

- როგორ მოვიქცეთ?

- კარგი იქნება, თუ ეს ვაჟბატონი ლიტვაში დაბრუნდება. იქიდან მაშინვე მოსკოვში გადმოვიყვანდით, - სტალინი წამით გაჩუმდა, - შემდეგ, შესაძლოა, საბჭოთა ხელისუფლებაც აღიაროს...

ულტიმატუმი

1940 წლის 15 ივნისს ლიტვა-საბჭოთა კავშირის საზღვარზე რუსებმა პროვოკაცია მოაწყვეს. კრემლმა მომხდარში ლიტველები დაადანაშაულა. მალე ლიტვის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს:

1. დაუყოვნებლივ მიეცნენ პასუხისგებაში შინაგან საქმეთა მინისტრი აგუსტინას პოვილაიტისი და უშიშროების დეპარტამენტის შეფი კაზის სკუჩასი, როგორც ანტისაბჭოთა პროვოკაციების ძირითადი ორგანიზატორები;

2. ლიტვის ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე დამატებითი საბჭოთა ქვეგანაყოფების განთავსება;

3. შეიქმნას ახალი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ლიტვა-საბჭოთა კავშირს შორის დადებული პაქტის შესრულებას (ლიტვის ხელისუფლებას გადაეცა ამ "მთავრობის" სრული სია).

ანტანას სმეტონა

პრეზიდენტმა სმეტონამ ულტიმატუმის უარყოფა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა მოითხოვა. მთავრობის ბევრმა წევრმა, მათ შორს პრემიერმა ანტანას მერკისმა, ამას მხარი არ დაუჭირა. რუსების მხარეს დადგა თავდაცვის მინისტრი, გენერალი ვინცას ვიტკაუსკასიც. სმეტონამ ლიტვა დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. 1940 წლის 16 ივნისს ლიტვაში რუსული არმია შევიდა. შეიქმნა ე.წ. სახალხო მთავრობა, რომელსაც სათავეში ცნობილი მემარცხენე ჟურნალისტი იუსტას პალეცკისი ჩაუდგა. ლიტვის ოკუპაცია 24 საათში დასრულდა. ამის შემდეგ უკვე ანექსიის პროცესი დაიწყო.

ხაფანგი

ვოლდემარასი ამ დროს სტოკჰოლმში იმყოფებოდა. რუსულმა ულტიმატუმმა და ხელისუფლებაში იუსტას პალეცკისის მოსვლამ მასზე დამთრგუნველი ეფექტი მოახდინა. ამ დროს ვოლდემარასმა სტალინის ოფიციალური წერილი მიიღო. საბჭოთა დიქტატორი მას ლიტვაში ჩასვლასა და ახალი მთავრობის სათავეში ჩადგომას სთავაზობდა.

- ვოლდემარასი თავდაპირველად შეყოყმანდა, თუმცა შემდეგ მაინც დათანხმდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სტალინი ლიტვის ანექსიას აპირებდა, - წერს მიხაილ სემირიაგა.

საბჭოთა ჯარების შესვლა ვილნიუსში. 1939 წლის 18 სექტემბერი

ვოლდემარასი დათანხმდა, ლიტვა რუსეთის სატელიტი გამხდარიყო. ცოლს ასეც უთხრა: - დღეს ან რუსებთან უნდა ვიყოთ, ან გერმანელებთან. ამ ორი ბოროტებიდან ისევ რუსეთი მირჩევნია. სტალინმა ლიტვაში ჯარი შეიყვანა. საამისოდ დროც ზუსტად შეარჩია, ჰიტლერი საფრანგეთის დაპყრობითაა გართული და ბალტიისპირეთისთვის არ სცალია. სტალინი ხედავს, რომ გერმანიასთან ომი გარდაუვალია და ბალტიისპირეთის ქვეყნები მოკავშირეებად სჭირდება. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ხომ მტკიცე ანტიგერმანულ პოზიციებზე დგანან და ეს საზოგადოების ყველა ფენას ეხება.

- დარწმუნებული ხარ, რომ რუსეთი ლიტვის ანექსიას არ აპირებს?- შეეკითხა ცოლი.

- რა თქმა უნდა! - ვოლდემარასმა გაიცინა, - საბჭოთა კავშირში შესვლა ხომ ლიტველი კომუნისტების მეტს არავის უნდა! კომპარტია კი მცირერიცხოვანი, უკიდურესად არაპოპულარული ორგანიზაციაა!

- სტალინი რუსულ ხიშტებს ეყრდნობა და არა ლიტველ კომუნისტებს.

- სტალინი ჭკვიანი კაცია! როგორ, გერმანიასთან ომის წინ ანტიგერმანულად განწყობილ ლიტვას მტრად გადაიკიდებს? არავითარ შემთხვევაში!

ვოლდემარასიც კაუნასში გაემგზავრა. ძალაუფლების დაბრუნების ცდუნება ძალიან დიდი იყო, თუმცა გული მაინც ცუდს უგრძნობდა და ცოლი სტოკჰოლმში დატოვა.

კაუნასში ჩასვლისთანავე ვოლდემარასი დააპატიმრეს. ექსპრემიერი ვაგზალშივე აიყვანეს. რამდენიმე საათში იგი უკვე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო.

აღსასრული

პატიმრობაში ვოლდემარასმა ორი თვე გაატარა. ის ბუტირკის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ორი თვის შემდეგ ლიტვის ექსპრემიერი გაათავისუფლეს.

- ეს ბერიას პროტექციის შედეგად მოხდა, - წერს სუკის ყოფილი ოფიცერი გალინსკისი, - მან შეძლო სტალინის დარწმუნება, რომ ვოლდემარასის გათავისუფლება საშიში არ იქნებოდა.

გათავისუფლებული ვოლდემარასი ორჯონიკიძეში (ამჟამინდელი ვლადიკავკაზი) გაემგზავრა, სადაც შინსახკომის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა. თუმცა ეს ყოველივე 1941 წლის 22 ივნისს დამთავრდა, როცა ჰიტლერული გერმანია საბჭოთა კავშირს დაესხა თავს. ვოლდემარასი კვლავ დააპატიმრეს. ერთხანს ორჯონიკიძის ციხეში გამოამწყვდიეს, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს, 1942 წლის მაისში კი მოსკოვში. ბერია მას პირადად ესაუბრა.

ლიტვის სახალხო სეიმის დელეგაციის მოსკოვში ჩასვლის დღეს, ლიტვის სსრ-ის პრემიერ-მინისტრი იუსტას პალეცკისი მიტინგზე მისალმებით გამოდის

- ამხანაგი სტალინი მზადაა ნდობა გამოგიცხადოთ, - ჩუმად წარმოთქვა ლავრენტიმ, - შექმნილია ანტიფაშისტური კომიტეტი, რომლის ამოცანაც ლიტვის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებაა. ამხანაგი სტალინი გთავაზობთ, ამ კომიტეტს სათავეში ჩაუდგეთ. - დიდი მადლობა, - ცივად წარმოთქვა ვოლდემარასმა, - მაგრამ ომის შემდეგ ლიტვის დამოუკიდებლობა თუ აღდგება? - ლიტვა ისედაც დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ისევე რიგორც საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკა.

- გასაგებია, - ვოლდემარასმა გესლიანად გაიღიმა, - ლიტველები ამას არასოდეს შეურიგდებიან, არც მე შევურიგდები.

- კარგად დაფიქრდით, - ბერია წამით გაჩუმდა, - ასეთი გაჯიუტება შესაძლოა ძალიან ძვირი დაგიჯდეთ.

- არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აღარაფრის აღარ გეშინია, - ვოლდემარასი ჩაფიქრდა, - მე მზად ვიყავი თქვენთან მეთანამშრომლა, ახლაც მზად ვარ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: ლიტვა დამოუკიდებელი უნდა იყოს! კი ბატონო, რუსეთის მოკავშირენი ვიქნებით, რუსულ ბაზებზეც თანახმა ვართ, მაგრამ მოსკოვთან ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელია როგორც სახელმწიფოსი სახელმწიფოსთან! სხვა ნებისმიერი ვარიანტი გამორიცხულია.

- ომის შემდეგ ლიტვაში და ბალტიისპირეთში ბევრი რამ შეიცვლება.

- ეს ცარიელი სიტყვებია, - აღნიშნა ვოლდემარასმა, - საბჭოთა მთავრობამ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ 1940 წლის ანექსია შეცდომა იყო და საჯაროდ მოგვცეს პირობა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგება.

- კარგად დაფიქრდით, ასეთი გაჯიუტება შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ!

- მე უკვე ყველაფერი მოვიფიქრე, - მტკიცედ მიუგო ვოლდემარასმა.

ლიტვის ექსპრემიერი კვლავ ბუტირკის ციხეში დააბრუნეს, სადაც ის 1942 წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#45