კრონბორგი - ჰამლეტის ციხე-დარბაზი - კვირის პალიტრა

კრონბორგი - ჰამლეტის ციხე-დარბაზი

კრონბორგი დანიის ყველაზე სახელგანთქმული ციხე-დარბაზია ქალაქ ელსინორის (იგივე ჰელსინგერის) მახლობლად, კუნძულ ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ამ ადგილზე დანიისა და შვედეთის გამყოფი ერესუნის სრუტის სიგანე სულ რაღაც 4 კილომეტრია, რაც დიდხანს ანიჭებდა ციხე-დარბაზს დიდ სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას. იგი იუნესკოს მიერ შეტანილია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც ჩრდილოეთ ევროპაში აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხე-დარბაზი.

უზარმაზარი ციხე-დარბაზის გაჩენამდე კრონბორგის ადგილას აგურის სიმაგრე კროგენი იდგა, რომელიც 1420-იან წლებში მეფე ერიკ პომერანიელმა ააშენა. სიმაგრე წარმოადგენდა გალავნით გარშემორტყმულ რამდენიმე შენობას, რომლის ძირითადი დანიშნულება ბალტიის ზღვიდან გამავალი ხომალდებისგან ბაჟის აკრეფა იყო.

თავისი დღევანდელი სახელწოდება კრონბორგმა 1582 წელს მიიღო, როცა მეფე ფრედერიკ II-მ იგი მთლიანად გადააკეთა და საბოლოოდ აღორძინების ეპოქის გამორჩეულ ევროპულ ციხე-დარბაზად აქცია. მშენებლობა თავდაპირველად 1574 წელს დაიწყო არქიტექტორმა ჰანს პასკემ. მას დაევალა აეგო სამეფო ქალაქგარე რეზიდენცია ისე, რომ სასახლეს შეენარჩუნებინა ციხესიმაგრის დანიშნულებაც. თუმცა, 7 წლის შემდეგ პასკე ფინანსების პირადი მიზნით გამოყენებისთვის დააპატიმრეს. მის ნაცვლად კი მეფემ ჰოლანდიელი არქიტექტორი ანტონიუს ოპ-ბერგენი მოიწვია. 1582 წელს კომპლექსი აკურთხეს და "გვირგვინის ციხე-დარბაზი", ანუ კრონბორგი უწოდეს. სამუშაოები კი საბოლოოდ 1585 წელს დასრულდა.

კრონბორგის მშენებლობისას აგურთან ერთად იყენებდნენ ქვას, რომელიც მოჰქონდათ ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან და კუნძულ გოტლანდიდან. შედეგად, კრონბორგი გახდა დანიის მეფეთა პირველი რეზიდენცია, რომელიც გარედან თლილი ქვით იყო მოპირკეთებული. კომპლექსს თითქმის კვადარტული ფორმა ჰქონდა, მის კუთხეებში კი მრგვალი კოშკები აღმართულიყო.

1629 წლის 25 სექტემბერს კრონბორგი თითქმის მთლიანად დაიწვა. გადარჩა მხოლოდ სამრეკლო. ფრედერიკ II-ის მემკვიდრემ, მეფე კრისტიან IV-მ, 1639 წლისთვის ციხე-დარბაზის გარეგნული სახე პრაქტიკულად სრულად აღადგინა, თუმცა ინტერიერების ბოლომდე აღდგენა ვერ მოხერხდა. საერთოდ, კრისტიან IV-ის სახელთანაა დაკავშირებული დღევანდელი დანიის უამრავი გამორჩეული ნაგებობა - კოპენჰაგენის მრგვალი კოშკი და ბირჟის შენობა, როზენბორგის სასახლე, ქალაქგარე სამეფო რეზიდენცია ფრედერიკსბორგი და მრავალი სხვა, რის გამოც მას ხალხმა "აღმშენებელი" უწოდა. კრონბორგმაც სწორედ მის ხელში მიიღო დასრულებული სახე.

ციხე-დარბაზში შესასვლელი ჭიშკარი ჩრდილოეთის მხრიდან დამშვენებულია პორტალით, ფლანკირებული (ანუ ცენტრისადმი სიმეტრიულად განლაგებული) კოლონებით და მდიდრულადაა შემკული ქვის ორნამენტებით. თავდაპირველად ჭიშკარი ცალკე იდგა - ციხე-დარბაზის გარშემო არსებული თხრილის გადაღმა, ხოლო სიმაგრის კედლები თავის კაზემატებიანად ჭიშკრამდე მოგვიანებით მიიყვანეს.

სამი მხრიდან კრონბორგი შემორტყმულია მიწაყრილებითა და თხრილებით. მისი მეოთხე - ზღვისკენ მიმართული მხარე თავდაპირველად უფრო დაბალი - ერთსართულიანი იყო, ბასტიონების თავზე არ მაღლდებოდა და აქედან ზღვის უფრო ფართო ხედი იშლებოდა. მთავარი მნიშვნელობა ენიჭებოდა "ფრედერიკის ბასტიონს". ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ადრე არსებული კროგენის ციხესიმაგრის გადაკეთებულ ძველ ბასტიონს. ციხე-დარბაზის შესასვლელი ჭიშკრიდან ფრედერიკის ბასტიონამდე საიდუმლო მიწისქვეშა გვირაბი იყო გაყვანილი.

კრისტიან IV-ის მეფობის პერიოდში მედიდური ციხე-დარბაზი დანიის ძლევამოსილების უთვალსაჩინოესი სიმბოლო იყო. როგორც სახელმწიფო ციხესიმაგრე, იცავდა ერესუნის სრუტის შესასვლელს, ხოლო მოსახლეობას აგონებდა "ოქროს ხანას", როცა სრუტის ორივე ნაპირი დანიის სამფლობელო იყო და აქ გამავალი ნებისმიერი გემი ბაჟს იხდიდა.

1658 წელს კრონბორგი შვედებმა დაიპყრეს კარლოს გუსტავ ვრანგელის სარდლობით, ხოლო როცა ციხე-დარბაზი კვლავ დანიის მფლობელობაში დაბრუნდა, გადაწყდა მასთან მისასვლელი სახმელეთო გზების გამაგრება, რისთვისაც 1688-1691 წლებში ციხე-დარბაზთან მასიური კრონვერკი ააგეს. კრონვერკი (გერმანულად - გვირგვინის ფორმის სიმაგრე) წარმოადგენს ციხესიმაგრის გასამაგრებელ ნაგებობათა კომპლექსს, რომელიც შედგება გალავნებით შეერთებული ერთი ცენტრალური ბასტიონისა და ორი საფლანგო ნახევარბასტიონისგან, რაც მას გვირგვინის მოყვანილობას აძლევს და რომელიც ძირითადი ციხესიმაგრის გალავანთან ორი გრძელი გვერდითი კედლითაა შეერთებული.

სამეფო ოჯახი XVIII საუკუნის შემდეგ კრონბორგის ციხე-დარბაზს საცხოვრებლად სულ უფრო იშვიათად იყენებდა. 1739 წლიდან XIX საუკუნის შუა ხანებამდე კი კრონბორგს, სამხედრო დანიშნულების გარდა, ციხის როლიც დაეკისრა. ერთ დროს სამეფო ციხე-დარბაზის ყველაზე ცნობილი პატიმარი კი გახდა კაროლინა-მატილდა უელსელი, მეფე კრისტიან VII-ის ცოლი და გეორგ III-ის და, რომელმაც პატიმრობაში სულ რაღაც 3 თვე გაატარა (1772 წლის 17 იანვრიდან 30 აპრილამდე). 1785 წლიდან 1924 წლამდე კრონბორგი მთლიანად დანიის სამხედროთა განკარგულებაში იყო, თუმცა უკანასკნელმა ჯარიკაცმა სიმაგრე მხოლოდ 1991 წელს დატოვა, როცა გაუქმდა 1425 წლიდან უწყვეტად მოქმედი ელსინორის გარნიზონი.

სწორედ ელსინორის სახელითაა ციხე-დარბაზი კრონბორგი ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის - როგორც შექსპირის პიესა "ჰამლეტის" მოქმედების ადგილი. სინამდვილეში დანიის პრინცი ჰამლეტი აქ ვერ იცხოვრებდა, რადგან პიესაში მოქმედება კრონბორგის აგებამდე ასწლეულებით ადრე ხდება. არც იმის საბუთი არსებობს, რომ თავად უილიამ შექსპირი ციხე-დარბაზს ოდესმე სწვევია. მიუხედავად ამისა, 1816 წელს, დიდი დრამატურგის გარდაცვალების 200 წლისთავის აღსანიშნავად, "ჰამლეტი" ციხე-დარბაზში დაიდგა და ამ პირველ დადგმაში მასობრივ სცენებში ელსინორის გარნიზონის ჯარისკაცები გამოდიოდნენ. მას შემდეგ პიესა დანიის პრინცის შესახებ აქ მუდმივად იდგმება - ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან თეატრალური დასები "ჰამლეტის" საკუთარი ვერსიის საჩვენებლად. ციხე-დარბაზისკენ მიმავალ გზაზე კი დგას ჰამლეტისა და ოფელიას ქანდაკებები, რომელსაც არც ერთი ტურისტი გვერდს არ უვლის...

კრონბორგი დანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ცენტრია, რომელსაც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს. ტურისტებისთვის ღიაა ციხე-დარბაზის ბასტიონები, დარბაზები და მრავალრიცხოვანი ოთახები, მიწისქვეშა საკნები და სამრეკლო. 2010 წელს ტურისტებისთვის გაიხსნა "დენთის სახლი". 1915 წლიდან კრონბორგში მუშაობს დანიის საზღვაო მუზეუმი, რომელიც დანიის ფლოტის ისტორიას ასახავს აღორძინების ეპოქის დროიდან დღემდე. შარშან მუზეუმი იქვე არსებული "მშრალი დოკის" განახლებულ ნაგებობებში გადაიტანეს, რასაც თავად დანიის დედოფალი მარგრეტე II დაესწრო. კრონბორგში ყველა ტურისტს აუცილებლად ურჩევენ, ციხე-დარბაზის სარდაფების სიღრმეში ნახონ დანიის სახელმწიფოს დამაარსებლის - ლეგენდარული მეფე ჰოლგერ-დანსკეს მჯდომარე ქანდაკება. ლეგენდის თანახმად, მას მანამდე სძინავს, სანამ დანიას სასიკვდილო საფრთხე არ დაემუქრება. და თუ ასეთი მოხდა, გოლიათი მეფე გაიღვიძებს და თავის ხმალს მამულის მტრებს ისე დაჰკრავს, რომ ამ ხმას მთელი ქვეყნიერება გაიგონებს.

რამაზ გურგენიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#45