სევდანარევი მხიარული მოგონებები - კვირის პალიტრა

სევდანარევი მხიარული მოგონებები

წლებს თავისი მიაქვს. უამრავი ახლობელი წავიდა ჩვენგან. ადამიანებთან ურთიერთობებისგან კი სევდანარევი მხიარული მოგონებები რჩება, რომლებიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.

გთავაზობთ რამდენიმე ასეთ მოგონებას, რომლებიც ჩემი ძველი ჩანაწერებიდან შევარჩიე.

არც ახლა დამსვამ?

ერთხელ, 80-იან წლებში, ჰამბურგიდან თბილისში მოვფრინავდი. ვნუკოვოს აეროპორტში ამბები ხდებოდა, ვერც წარმოიდგენთ - დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ბილეთები თბილისზე მარტო იმ დღის კი არა, მთელი ორი კვირის რეისებზე არ იყო. როგორც იქნა, რაღაც მოვახერხე და თვითმფრინავის სალონშიც აღმოვჩნდი ჩემი დიდი ჩანთით (ჩაბარება არ გამოდიოდა, ყველაფერს იპარავდნენ). ეს ჩანთა, სანამ მოვწესრიგდებოდი და მისთვის ადგილს გამოვძებნიდი, გვერდით სავარძელზე დავდე.

ამ დროს სტიუარდესა მოვიდა და მთხოვა, ჩანთა ამეღო, "ცისფერი ტრიო" მოფრინავს და გოგი დოლიძეო. ტრიო უკვე მოვათავსე და ჩანთა რომ დევს, ეგ ადგილი გოგისთვის მინდაო!

- გოგი დოლიძე არ ვიცი, ამ ჩანთას რომ უყურებ, მთელი ოჯახი და საახლობლო ელოდება და ვერ მოგცემ-მეთქი, - ეს ისე, ხუმრობით (ოღონდ ძალიან სერიოზული ტონით) ვუთხარი, თორემ ძლივს ნაშოვნი ერთი ბილეთით ორ ადგილს ვინ მომცემდა.

სტიუარდესა ჩემმა უარმა დააფრთხო და აღარ იცოდა, რა ექნა. მე კიდევ უფრო "გავამძაფრე" სიტუაცია: - იდგეს და თანაც გვიმღეროს, მისი საქმე სიმღერაა-მეთქი, შევთავაზე!

სტიუარდესა ნელ-ნელა წავიდა სალონისკენ (დარწმუნებული ვიყავი, ორ წუთში ხომალდის მეთაურს შემოიყვანდა) და უცებ, სიმღერა მომესმა, - გოგი მადგა თავზე და მღეროდა!

- არც ახლა დამსვამო? - მკითხა.

მთელი "გზა" სულ სიმღერ-სიმღერით ვიფრინეთ...

კლასიკოს წინაპართან თქვენ

ისაუზმეთ!...

მე და დათო ახობაძე თანაკურსელები ვიყავით. უნივერსიტეტში ვსწავლობდით, დასავლეთ ევროპულზე. დათო კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი იყო, მისი უფროსი ქალიშვილის, ნათელას ვაჟი. ერთხელ დათომ შემომთავაზა, საღამოს ბაბუასთან ვივახშმოთ, თან "მუკუზანიც" დავლიოთო. უარს როგორ ვეტყოდი.

ავედით კოლხურ კოშკში, ბატონმა ზვიადმა და დათომ ბატონ კონსტანტინესთან წარმადგინეს. უკვე საკმაოდ მოხუცი იყო.

"მუკუზანს" გვიანობამდე შევყევით და მათთან დარჩენა შემომთავაზეს. მეც ამაყად დავრეკე შინ და ჩემებს მოვახსენე, რომ კოლხურ კოშკში ვრჩებოდი.

ბიჭები დიდხანს ვისხედით სუფრასთან, გამთენიისას დავიშალეთ.

დამაძინეს ოთახში, სადაც ბატონ კონსტანტინეს კედელზე ნაჩუქარი იარაღი გამოეფინა: ხმლები, ხანჯლები, თოფი, დანები...

იქნებოდა ასე დილის 9-10 საათი, როცა ოთახში ვიღაცის შემოსვლის ხმაურმა გამაღვიძა. წამოვდექი და რას ვხედავ, ბატონი კოწია მადგას თავზე გაოცებული. მიყურებს, მიყურებს და უცბად ატეხა ყვირილი, - ქურდი შემოსულაო!

თანაც სატევრისკენ იწევს, უნდა ავჩეხოო!

დავიბენი, არ გინდა, ამხელა კლასიკოსის წინაში ტრუსით დადგე?

თანაც, გკლავს!

ამ დროს დათო და ზვიადიც შემოცვივდნენ და ძლივს დააწყნარეს აღელვებული კლასიკოსი.

მე კი ამჯერად შემომთავაზეს, ჩაიცვი და ერთად ვისაუზმოთო!

როგორც იქნა, ჩავიცვი, მოვუტრიალდი მეგობრებს, კლასიკოს წინაპართან თქვენ ისაუზმეთ-მეთქი და სირბილით ისე დავეშვი გალის ქუჩაზე, უკან არც მიმიხედავს...

ახალი "მეთოდი"

გასული საუკუნის 70-იანი წლებია. ცნობილი მომღერალი და ლოტბარი მამია ხატელიშვილი, მამაჩემის მეგობარი იყო. რამდენადაც კარგი მუსიკოსი გახლდათ, იმდენად ცუდი მძღოლი. არადა, ხშირად უწევდა რაიონებში გამგზავრება (ადგილობრივ მომღერალთა გუნდებს ამზადებდა) და ასევე ხშირად ხან ხეს შეეჯახებოდა და ხან გაჩერებულ მანქანას... ერთ-ერთი მორიგი ასეთი "წარმატებული" ტურნეს შემდეგ მუსკომედიის თეატრის დირექტორის, ბატონ აკაკი გოგუაძის კაბინეტში მამიასა და მისი მეგობრების ე.წ. სასტავი შეკრებილიყო "საქმის" შესასწავლად. მათ შორის იყო კომპოზიტორი არჩილ კერესელიძეც. ზოგი როგორ არიგებდა და ზოგი როგორ მამიას, რომ ყურადღებით უნდა ყოფილიყო ან სულაც საჭე ვინმე გამოცდილისთვის მიენდო, სანამ გვიან არ იყო. არჩილ კერესელიძემ აიღო სიტყვა. ერთხანს მთელი სერიოზულობით უხსნიდა მამიას, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ უსაფრთხოდ ემგზავრა. მერე კი ასევე სერიოზული ტონით დასძინა: - კაცმა რომ თქვას, სულ ტყუილად დადიხარ ამ რაიონებში. დაიბარე ეგ შენი მომღერლები კვირაში ერთხელ რიკოთზე. იქამდე როგორმე ჩვენ ჩაგიყვანთ. დადექი "პერევალზე", ყველაზე მაღალ ადგილას, აქნიე ხელები და ასე მოამზადე გუნდებიო.

შემიხვიეთ... ლენინი!

მსახიობი რამაზ გიორგობიანი მეგობრებს ყოველთვის გვაოცებდა თავისი არაორდინარული ხუმრობებით.

ინდოეთიდან მოსკოვში დავბრუნდი და გავიგე, რომ რამაზს სახელმწიფო პრემია მიუღია ელდარ შენგელაიას ფილმ "ცისფერ მთებში" შესრულებული როლისთვის და თურმე ჩემი ძმაც, კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ჭუბაბრიაც ახლდა თან.

მივედი სასტუმროში, შევედი ნომერში და რას ვხედავ!

რამაზი და ზურა სახელმწიფო პრემიას "ასველებენ". მაგიდაზე კი მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ლენინის ბიუსტები "მატრიოშკებივითაა" ჩალაგებული!

განცვიფრებულს იცით, რა მითხრა?

- იმაზე მაგარი რა არის, ბიჭო! სასტუმრო "მოსკვაში", სუვენირების მაღაზიაში რომ შეხვალ და ეტყვი - გეთაყვა, შემიხვიეთ ლენინი!.

* * *

ჩემი უახლოესი მეგობარი იყო მხატვარი და არქიტექტორი მიტო მანჯგალაძე. ვერ ვიხსენებ ვერც ჩემს და ვერც მის მეგობარს, ახლობელსა თუ უცხოს, მიტოსთვის რამე ეთხოვოს და მას დახმარებაზე უარი ეთქვას. თან ისეთი მახვილი იუმორი ჰქონდა...

ერთხელ ინდოეთში ვართ მივლინებით და საბჭოთა საელჩოს ექიმი გვიხსნის, ჭამის წინ ხელები აუცილებლად უნდა დაიბანოთ, ვინაიდან აქ უამრავი დაავადება მძვინვარებსო(!).

ამ დროს გაისმა რუსულად: -  შე ბრიყვო!

ყველამ გაიხედა და მიტო დაინახეს!

- ხელების დაბანა შინ უნდა გესწავლა და ინდოეთს რაც შეეხება, ინგლისელებმა ყველაზე კარგი ანტისეპტიკი გამოიგონეს ვისკის სახითო.

რუს ექიმს ფერი ეცვალა. 1985 წელი იყო და მთელი სისასტიკით მძვინვარებდა ანტიალკოჰოლური კანონი!

მარცხნიდან: ლევან ჭუბაბრია და მიტო მანჯგალაძე

* * * თურქეთთან საზღვარი ახალი გახსნილი იყო და მიტო ტრაპიზონში გაემგზავრა.

ჩამოსვლისას ვკითხე, როგორ მოგეწონა-მეთქი!

- რა უნდა მომწონებოდა, თურქეთის სოღანლუღში ვიყავიო.

* * *

მიტომ აკაპულკოში ფაეტონი დაიქირავა, მოართვევინა გასაბერი ბუშტებით, ჩაჯდა, სიგარას მოუკიდა და ქალაქის ცენტრში გაისეირნა. გზაში სიგარით ბუშტებს ხეთქავს.

მეგობარი ეუბნება, მიტო, არ გინდა, ქართველებმა არ დაგვინახონო (ამ დროს რუსთაველის თეატრს ჰქონდა გასტროლები მექსიკაში), სირცხვილიაო!

- ქართველებმა რომ დამინახონ, იმიტომ ვაკეთებ, თორემ აკაპულკოში ჩამოსულ მილიონრებს რაში აინტერესებთ, მიტო მანჯგალაძე რას აკეთებსო!

მოამზადა ლევან ჭუბაბრიამ ჟურნალი "ისტორიანი",#45