ირაკლი ოჩიაური: - მე ვარ ხევსური, რომელსაც შურისძიების გრძნობა არ აქვს... - კვირის პალიტრა

ირაკლი ოჩიაური: - მე ვარ ხევსური, რომელსაც შურისძიების გრძნობა არ აქვს...

"ჩემთვის მეფე ერეკლეს სახელი დაურქმევიათ. მე სამი სახელი მაქვს. ერთი სულის სახელია. ხევსურეთში აუცილებელი იყო რომელიმე ვაჟკაცის სახელი დაერქმიათ ვაჟისთვის. ჩემთვისაც ჩაჩაური დაურქმევიათ. კარგი ჟღერადობაა - ჩაჩაურ ოჩიაური. მე კი ერეკლე შემრჩა სახელად. მესამე სახელი კი ღვთისო მქვია..."

ცნობილი მოქანდაკე, მხატვარი ირაკლი ოჩიაური კარს მიღებს და სახელოსნოდ ქცეულ სასტუმრო ოთახში შევდივართ. ნახატებსა და საღებავებს შორის სავარძლებზე ვსხდებით.

შვილები შინ არ არიან. კედელზე მეუღლის გადიდებული სურათი გაჩენილა, როგორც წერტილი - რაღაც დიდისა და მშვენიერის დასასრული. თუმცა სიმარტოვისა რა მოგახსენოთ. ოთახი სავსეა ქალებით და ყველას ირაკლი ოჩიაურის მშვენიერი მეუღლის, ირა ჯანდიერის თვალები აქვს. ისინი ჭრელ-ჭრელი კაბებით შემოსილნი თუ მხოლოდ ერთ ფერში დახატულნი, მოღიმარნი და ზოგჯერ გულდაწყვეტილად მომზირალნი, ნელ-ნელა, თვეობით ნამუშევარი თუ ერთი ხელის მოსმით დახატულნი გვიყურებენ და გვისმენენ.

თავის თავზე როგორ ალაპარაკებდი, მაგრამ რაკი კარი გამიღო და შინაც მიმიპატიჟა, რაკი მე სტუმარი ვარ და თვითონ - მასპინძელი, რა ხევსური იქნება, სტუმარს აწყენინოს... ნელა, მოფრთხილებით, მაგრამ მაინც ვახერხებ და "ვტაცებ" მოგონებებს სიტყვაძვირ მასპინძელს, რომელიც დროდადრო მიღიმის, პასუხსაც მაძლევს და მაინც - მთავარზე ხმას არ იღებს. მთავარი ისე აქვს გადამალული სულში, როგორც მტრის ალყაში მოქცეულ ხევსურს - ბოლო ტყვია...

* * *

- ჩემთვის მეფე ერეკლეს სახელი დაურქმევიათ, - მიამბობს მასპინძელი, - ამიტომ მთაში ყველა ერეკლეს მეძახდა. აქ რომ ჩამოვედი და სკოლაში შევედი, გავხდი ირაკლი. მე სამი სახელი მაქვს. ერთი სულის სახელია. ხევსურეთში აუცილებელი იყო რომელიმე ვაჟკაცის სახელი დაერქმიათ ვაჟისთვის. ჩემთვისაც ჩაჩაური დაურქმევიათ. კარგი ჟღერადობაა - ჩაჩაურ ოჩიაური. მე კი ერეკლე შემრჩა სახელად. მესამე სახელი კი ღვთისო მქვია. ჩემს მშობლებს ვაჟი უნდოდათ ძალიან, სამი ქალი ჰყავდათ და როცა მე მელოდნენ, მკითხავთან წავიდნენ. მას უთქვამს, როცა დაიბადება, ღვთისო დაარქვით, რომ ღვთის მფარველობა არ მოაკლდესო, თანაც ორი წელიწადი თეთრი სამოსით ატარეთო. მაქვს კიდეც პატარაობის სურათი, თეთრ სამოსში გადაღებული. დედა და მამა მოკვეთილი იყვნენ სოფლიდან. მათ ის წესი დაარღვიეს, რომ ერთი სოფლის მცხოვრებლებს ხევსურეთში დაქორწინების უფლება არ აქვთ. ეტყობა, ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ ვერ შეელივნენ ამ გრძნობას და ორივე გვარმა - ოჩიაურებმაც და ბალიაურებმაც მოიკვეთეს. ამიტომაც გადმოვიდნენ ჯერ ფშავში საცხოვრებლად... მერე კი ბავშვები თბილისში მიგვიყვანეს სკოლაში. უფროსი დები მყავდა და უმცროსი ძმა.

ყველაზე ადრეული მოგონება სურათივით მიდგას თვალწინ: ჩემი ძმა დედას უზის კალთაში. მე იქვე, ძირს ვზივარ. ხის იატაკი არ გვქონდა, პირდაპირ მიწაზე ვიჯექი. ვიგრძენი, რომ არ მომწონდა. უსამართლობად მიმაჩნდა, დედას გოგი რომ ეჯდა კალთაში და მე - არა... განებივრებული თუ ვიყავი? მსგავსი რამ არ მახსოვს. ხევსურები ემოციურები კი არიან, მაგრამ სენტიმენტალურები - არა! მახსოვს, რომ მამაჩემის ძმას ავყავდი ხელში. დედისგან შინაგან სითბოს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ამის გამოხატვაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

ჩვენ ყველა ბავშვობიდან ვხატავდით. თბილისში რომ ჩამოვედით, მამას საიდანღაც ნაცრისფერი ფურცლები მოჰქონდა, რომ გვეხატა. საშინელი ფურცელი იყო, კარაქს ახვევდნენ შიგ. ფერადი ფანქრებიც არ გვქონია... მაგის საშუალება არ იყო.

სკოლა თბილისში დავამთავრე. ატესტატი რომ უნდა ამეღო, სწორედ იმ დღეს, ბესიკის ქუჩაზე ლახტს ვთამაშობდით, მახსოვს, რადიომიმღები ჩართეს და მოვისმინეთ, რომ ომი გამოცხადდა. დედაჩემმა მოგვკიდა მე და ჩემს ძმას ხელი და წაგვიყვანა მთაში. კიდევ კარგი, თორემ მოგვიწევდა რუსეთისთვის სისხლის დაღვრა.

ირაკლი ოჩიაური ხევსურულ ტალავარში

მთაში რომ ავედით, თვითონ ბავშვი ვიყავი, მაგრამ სკოლაში მასწავლებლად მოვეწყვე. რა უნდა მესწავლებინა ან რას ვასწავლიდი, არც მახსოვს. 6-7 ბავშვი იყო კლასში. ხევსურეთში ვაჟებს ძალიან უფრთხილდებიან, ამიტომ ვერ ვიტყვი, მძიმე შრომა მაქვს გამოვლილი-მეთქი... თუმცა ცოტა შრომა მაინც შეგვხვდებოდა ხოლმე... გვყავდა საქონელი, ფუტკარი... დედას მეფუტკრეობა თბილისში შეესწავლა. ძალიან ძლიერი ქალი იყო, მთავარ სიმძიმეს თავის თავზე იღებდა, ჩვენ შეშის დამზადებასა და თივის მომარაგებაში ვეხმარებოდით.

გაჭირვება იყო. თავი უნდა გვერჩინა როგორმე. თიბვა ჩვენი საქმე იყო. მთაში ავიდოდით. ქვემოთ, ხეობებში რომ ბნელა, ზემოთ ჭიუხზე უკვე მზის სხივი ანათებდა ყველაფერს. ვდგებოდით და ვთიბავდით. მთელი დღე ისე გადიოდა, არ ვჩერდებოდით. სამი-ოთხი დღე მოწყვეტილი ვიყავით ქვეყანას, კაცის ხმა არ გვესმოდა, მხოლოდ ცელის შხუილი. იმ წლებმა მაინც დიდი კვალი დატოვეს ჩემზე. ახლა რომ მკითხონ, ვაჟკაცობით შემკული ვინ გახსენდებაო, პირველი თომა ბალიაური მახსენდება, მერე ბიძაჩემი - ლადო ბალიაური, რომელიც 1942 წელს ციმბირში დაიღუპა.

თომა ბალიაური 36 წლისა იყო, რომ მოკლეს. ჩეკისტებმა მოისყიდეს სოფელ ამღაში ერთი ტუტუცი ახალგაზრდა, თანაც ამათი ნათესავი, გვარად წიკლაური. ფანჯრიდან ესროლა და მოკლა. ლადო მაშინ ლენინგრადში სწავლობდა უნივერსიტეტში. ყველაფერი მიატოვა, ჩამოვიდა, რომ სისხლი აეღო. თომას მკვლელს წვრილა ერქვა. სახელოვანი მამა ჰყავდა. ის მოუკლეს სისხლის ასაღებად. ლადო ბალიაური მწერალი იყო. ჩვენებმა თბილისში ერთი ოთახი დაუთმეს ყიფიანის ქუჩაზე. იქ იყო ჩვენი თაობის მწერლების თავშეყრის ადგილი. მოდიოდა იოსებ ნონეშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, ალეკო შენგელია, მირზა გელოვანი...

მახსოვს, მოსკოვში რომ მივდიოდით დემონსტრაციაზე გამოსასვლელად. გვარჩევდნენ სპორტსმენებს და ფიზიკურად კარგი აგებულების ბიჭებს. ტრიბუნებზე მაშინ ვნახე სტალინი, ბერია და ძმანი მათნი. ბოლო წასვლაზე კი მოგვივიდა სასაცილო ამბავი. ჩვენ კოშკი უნდა გაგვეტანა. რეპეტიციაზე არ გვქონია კოშკზე დროშა, პარადზე კი დიდი დროშა დაგვიმაგრეს. მსუბუქმა ქარმა დაუბერა, დაინგრა ეს კოშკი, ჩამოვარდა დროშა და სტალინის წინ დაენარცხა მიწაზე. გოგოებს აუვარდათ ტირილი, ბიჭები აზრზე მოვიდნენ, ჩქარა გავიტანოთ ეს ნამტვრევები, სომხეთი მოდის, ხელი შეეშლებაო.

ისე, ის დროშა რომ სტალინის თვალწინ ჩამოფრიალდა მიწაზე, გულის კუნჭულში გამეხარდა. თუ ასეთი განწყობა მქონდა, პარადზე რას გავდიოდი? მაგას თქვენ ვერ გაიგებთ. ჯერ ერთი, სხვა საშუალება არც გვქონდა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გვენახა რამე. მეორეც, იქ გვაძლევდნენ ფორმას, რეზინისძირიან ფეხსაცმელს. ესეც დიდი ამბავი იყო. მთელი ერთი წელიწადი იმ ფეხსაცმლით დავდიოდი აკადემიაში.

ძალიან მშვიდი ბიჭი ვიყავი. ახლა რომ ხმარობენ ტერმინს - კანონმორჩილი, ჩემზე იყო ზედგამოჭრილი.

ირაკლი ოჩიაური სახელოსნოსში

გოგი იყო მოუსვენარი, სულ ჩხუბობდა. უფროსკლასელებთან, უმცროსკლასელებთან, მაგისი ჩხუბის ამბავი იყო მთავარი მოსაყოლი. შეუპოვარი იყო ძალიან. მე პირიქით, - გამშველებელი ვიყავი. სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე. ჩემი ძმა კი უნივერსიტეტში - ინგლისური ენის ფაკულტეტზე შევიდა. ერეკლე ტატიშვილის სტუდენტები იყვნენ ეგ და ნოდარ ანდღულაძე. მეორე კურსზე იყვნენ, ერეკლე ტატიშვილი რომ გარდაიცვალა და ორივემ აიცრუა გული ინგლისურის სწავლაზე. ნოდარი გადავიდა კავკასიური ენების ფაკულტეტზე, გოგი კი აკადემიაში წამოვიდა. ისე დაეხმარა ნოდარის მამა - დავით ანდღულაძე, რომ შუა წელში უგამოცდოდ ჩაარიცხვინა ქანდაკების ფაკულტეტზე. ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა, რომ საბუთების შემოსატანად რომ მოდიოდა ჩემი ძმა, კარში ექვსი სტუდენტი შეხვდა. რა იყო, რა მოხდა, არ ვიცი. შემოსასვლელში იჩხუბა. მასაც მოხვდებოდა, მაგრამ იმ ექვს ბიჭსაც კარგად სცემა და შემოვიდა გამარჯვებული სახით... მე კი მშვიდობისმოყვარე ვიყავი... არც დაიჯერებენ, რომ მე ვარ ხევსური, რომელსაც შურისძიების გრძნობა არ აქვს. როცა რამეს მიშავებენ, მწყინს, მაგრამ შურისძიება მაინც არ მომდის აზრად...

აკადემია რომ დავამთავრე, ცხადია, იმედითა და წარმატების სურვილით მოსკოვში წავედი. ერთი წელიწადი ვიცხოვრე იქ და მივხვდი, იმდენი მოქანდაკე ჰყავდათ რუსებს, მე არავის ვჭირდებოდი. ბავშვური გულუბრყვილობით მომივიდა... დავბრუნდი თბილისში. აღმოჩნდა, არც სამსახური მქონდა, არც სახელოსნო, არც პერსპექტივა. გამოფენა ეწყობოდა. გავიტანე ჩემი პირველი პორტრეტი - მარინე ყუბანეიშვილის პორტრეტი. ირაკლი ციციშვილს წაუყვანია არქიტექტორები გამოფენაზე. როგორც ჩანს, ჩემი პორტრეტი მოსწონებიათ. მომძებნეს. მაშინ კათედრის გამგე მიხაკო შავიშვილი იყო, მასთან მიმიყვანეს. გამესაუბრნენ და სამსახური შემომთავაზეს.

ირაკლი ოჩიაური. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაცია

არქიტექტურის ფაკულტეტზე მიმიღეს პედაგოგად. ერთ დღეს, დერეფანში დავინახე, სტუდენტები მოდიოდნენ, ერთი გოგონა გამორჩეული იყო გარეგნობით. საიდან მქონდა ამის გამბედაობა, არ ვიცი, მაგრამ გავიკითხე, ვინ იყო. აღმოჩნდა, ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტის, ლევან ჯანდიერის და იყო. მოქანდაკეებსა და მხატვრებს არაჩვეულებრივი საშუალება გვაქვს გავიცნოთ სასურველი ადამიანი პორტრეტზე მუშაობის საბაბით. მეც ვთხოვე ლევანს, შენი დის - ირას პორტრეტზე მუშაობა მინდა-მეთქი. დამთანხმდა. ერთი წლის თუ ცოტა მეტის მერე დავქორწინდით კიდეც...

ჯანდიერებმა როგორ მიმიღეს? კარგად შემხვდნენ. ისეთი ჯოჯოხეთური ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი, ისეთ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, თავადურ წარმომავლობაზე სიტყვას არ ამბობდნენ. ეტყობა, მეც არ ვიყავი მიუღებელი მათთვის. ასე რომ, წინააღმდეგობა არ გამოუხატავთ. ყველა ქალს ირას თვალებით ვხატავ? შეიძლება... მაგაზე რა მოგახსენოთ. მოგრძო თვალის ჭრილი ალბათ მართლაც ირასგან ჩამრჩა მეხსიერებაში. მეუღლე პირველად რომ წავიყვანე ხევსურეთში, დედა წამოჰყვა. საბარგო მანქანაზე ავბობღდით. დატვირთული იყო ხალხით. ჩემ გვერდით ხევსური იჯდა, მოპირდაპირე მხარეს - ფშაველი. მაგათ ხომ არ მოსწონთ ერთმანეთი. გაუჭირა ხევსურმა ფშაველს საქმე. ამას კეტი ჰქონდა მომარჯვებული, ადგა და გადაუჭირა ხევსურს. გაშველებაში მეც მომხვდა ის კეტი... აი, ასე ვიმგზავრეთ პირველად ერთად ხევსურეთისკენ.

სახელმწიფოსგან თუ ვგრძნობდი შევიწროებას? ასე ვერ ვიტყოდი... ისე კი, მეც და ჩემი ძმაც არასაიმედოებად ვითვლებოდით. მამა ციხეში იჯდა ერთხანს პოლიტიკური ბრალდებით. ბიძაჩემი ლადო ბალიაური პოლიტიკურზე იყო გადასახლებული. სიძე - ნიკო მაკალათიაც ნაციმბირალი იყო. ყველაფერი იცოდნენ ჩვენზე და გვაკვირდებოდნენ. ერთხელ სტუდენტმა - ლევან ტატიშვილმა საიდუმლოდ გამიმხილა: კა-გე-ბეში დაგვიბარეს და თქვენზე გვკითხეს, ლექციებზე ხომ არაფერს გელაპარაკებათ ისეთსო...

ირაკლი ოჩიაურის ჭედური ნამუშევარი "დედა"

როგორ ვცხოვრობდი? საშუალოდ, მოკრძალებულად... ყაზბეგის ქანდაკება დამიკვეთეს და მაშინ ავიღე დიდი ჰონორარი, იმით ავიშენე სახლი. მერე ჭედურობამ გამიმართლა... მართალია, ჯერაც დაუმთავრებელი მაქვს სახლი, კედლები შეუღებავია, მაგრამ რას ვიზამ... ახლა რომ მეკითხებით ჩემი ცხოვრების შუადღეზე, დავფიქრდი: მქონდა კი შუადღე?

საღამო როდის დგება, არც მაგისი ზღვარი მიგრძნია ოდესმე. უბრალოდ, ჩემი ცხოვრების ოთხმოცდამეერთე წლისთავზე ვიგრძენი, რომ ძალაც მომაკლდა და ფიზიკური უნარიც. აღარც გაქცევა შემიძლია, აღარც გადახტომა. აღმართზეც ვეღარ ავდივარ ძველებურად. ამდენი წლისა ვარ და რა გასაკვირია, გონებაც აღარ დამემორჩილოს, არა? მე კი გაკვირვებული ვრჩები, რამე თუ დამავიწყდა. სამი შვილი მყავს და ორი შვილიშვილი. გულჩათხრობილი ვარ? კი ბატონო, ვარ... კეთილგანწყობილი კი ვარ, არც სიყვარული მაკლია, მაგრამ ცოტა პირქუში გახლავართ. ამას მეც ვხვდები...

ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ წარსულზე, ჩემს მშობლებზე.

ძალიან თავშეკავებული ვიყავი. ჩემს თავზე დედასთან და მამასთანაც კი არ ვიტყოდი სიტყვას, ახლა კი ხომ ხედავთ, რამდენი მალაპარაკეთ. ესეც "მიმწუხრის" ბრალი უნდა იყოს.

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#45 01.09.2014