ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - კვირის პალიტრა

ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან. ყოველკვირეულ გაზეთ "ივერიის" პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს დაიბეჭდა თბილისში.

"ივერიის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. თანარედაქტორი იყო სერგეი მესხი. ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი "დროება" 1866 წლის 4 მარტს თბილისში დაარსდა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად გადაიქცა. მისი პირველი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი. საცენზურო წესდების დარღვევის გამო, დახურეს 1885 წლის 16 სექტემბერს.

ბაკურციხე

სოფელი ბაკურციხე (სიღნაღის მაზრა). 28 მარტი. ბაკურციხე ისტორიულად შესანიშნავი სოფელია. ქართლის ცხოვრებაში სოფელი ბაკურციხე ქალაქად იხსენიება. ახლაც არის ისტორიული ნაშთები-ციხენი მეფე ბაკურის აშენებული. აქედან მიუღია ამ სოფელს თავისი სახელი _ ბაკურის ციხე ანუ ბაკურ-ციხე, თუმცა მეფე ბაკურის დროს დიდ წარმატებაში ყოფილა.

"ივერია", 1894 წ. #70

* * *

საფარის ძველის მონასტრის წინამძღვრად დანიშნულს არხიმანდრიტს მამა პაისს, რომელიც ბაშეთში იყო 1888 წელს ბერებითა, მონაზნობით და რუსის ყაზახებითა აშინოვთან ერთად, წამოუღია იქიდგან, არ ვიცი კი ვისგან და როდის და მოუტანია საფარაში წარსულ საუკუნეში ოლარი, ქართულის ნაწერებით. ამ ოლარს აქვს სიგრძე ორი არშინი და, სიგანე შვიდი გოჯი, სარჩული აქვს მწვანე ყანაოზისა, ხოლო თვითონ რა ფარჩაა, არ ეტყობა, რადგან სრულიად დაფარულია ოქრო-მკედით ნაკერის მხატვრობითა და სადა ადგილებიც ოქრო-მკედ ნაკერი წითელის აბრეშუმის ძაფითა. ოლარზედ ათი ოთხ-კუთხი უჯრედია და ზედ ხატები ნაკერი. ამ ხატებს თავებთან უწერიათ ნაკერის ხუცურის ასოებით: წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი, წმ. ნიკოლოზი, წმ. სპირიდონი, წმ. ბართლომე, წმ. კირილე, წმ. ათანას, წმ. პეტრე, წმ. მაკარი, წმ. მაქსიმე. ერთს გვერდზედ აწერია ხუცურის ასოებითა ზემოდგან ქვემომდე ერთს რიგად ანუ ატრიქონად შემდეგი: წმიდა ცხოვრების მომცემელო და ნათლით შემოსილო საფლაო ქრისტესო შემოგწირე ცოდვილმან და უღირსმან ერისთავის ქალმან თამარ ოლარი ესე სულისა ჩემისა საოხად. მეორე მხარზედ აწერია ზემოდგან ქვემომდე ერთ სტრიქონად შემდეგი: წმიდა ასულისა ჩემისა დედოფლისა ანნას წარსამართებლად შეიწირე, ვითარცა მოგვთა ძღვენი და ქვრივთა წვლილი, და მეოხ მეყავ დღესა მას დიდისა განკითხვისასა ამინ, ამინ, ამინ.

"ივერია", 1894 წ. #38

* * *

ჩვენ შევიტყვეთ, რომ ამ თვის 26-ს მოსკოვიდამ ჩამოიტანენ წმ. დავით და კონსტანტინეს ახალ ლუსკუმას (კუბოს). ეს ლუსკუმა გაკეთებულია მოსკოვის ერთს საუკეთესო ქარხანაში და მართლაც ისე მშვენივრად მოწყობილია თურმე, რომ სრულიად შესაფერისი არის იმ მაღალის საგნისათვის, რისთვისაც დანიშნულია. ძველი კუბო ამ წმიდანებისა მოწამეთის მონასტერში უბრალო ხისაგან და სრულიად უმხატვროდ, უგემოდ გაკეთებული არავის ყურადღებას არ იზიდავდა და ახალი კი, როგორც გადმოგვცეს, შესანიშნავი რამ იქნება; საუკეთესო მასალისაგან და ხელოვნურად ნაწარმოები, მოოქრული ქართულის ზედ-წარწერებით და სურათებით იგი ერთს უძვირფასესს განძს შეადგენს ამ წმიდათა უდაბნოსათვის. ერთს მხარზე ლუსკუმისა გამოქანდაკებულია ძველი ქართული ღერბი, ე.ი. შუაში კვართი უფლისა და იქით-აქეთ ლომები. ამას გარდა სურათების წარწერებს მოვლებული აქვს წმინდა ქართული ჩუქურთმები. წმ. დავით და კონსტანტინეს დღესასწაულობა 2 ოქტომბერს არის და აი, სწორედ ამ დღეს იქნება მოწამეთაში დიდის ლიტანიით ეს ახალი ლუსკუმა და წმიდა გვამთა შიგ ჩასვენება. ყოველწლივ მრავალი ხალხი ესწრება ხოლმე მოწამეთობას.

* * *

ბომონები სოფელ ყუმს

ისტორიული ნაშთები ამტკიცებენ, რომ სოფელი ყუმი ჭარის ოლქისა, შესანიშნავი ყოფილა ქართველთ ისტორიულ ცხოვრებაში. სოფელ კახში არ დარჩენილა იმდენი ისტორიული ყრუ მოწამენი ქართველთა წარსულ დიდებულის ცხოვრებაში ამ მხარეებში, რამდენიც სოფელ ყუმში. ოდესღაც იმას სახელიც შესცვლია. კახის მცხოვრებთა ფოლადიშვილების გაყრის სიგელში აღმოვიკითხე, რომ მე-18 საუკუნეში ყუმს დაჰრქმევია თათართაგან "ბალდაათ შაარი", ესე იგი "თაფლის ქალაქი". ასეთი სახელი მიუღია იმას იმ მიზეზით, რომ აქ ძალიან ბევრია ფუტკარი და თაფლი. სოფელი კახი, თუმცა ყოფილა რეზიდენცია წუქეთის მმართველებისა, მაშასადამე, მოთავე ყუმის სოფლისაც, მაგრამ ისეთი ეკლესიები არ ყოფილა სოფელ კახში, როგორიც სოფელ ყუმში. ის მარტო ქრისტიანულის ნაშთებით არ არის შესანიშნავი. აქვე დღემდე დარჩენილია ორი ბომონი. ისინი მდებარეობენ სოფლის თავში, წყლის პირად აშენებულნი აგურით შაქრის თავის მზგავსად-მაღალს ადგილას, იგინი ვნახე 27 სექტემბერს, თანა მყავდა ერთი იმერელი და ყუმის მამასახლისი. ლეკებს სდომიათ მათი დანგრევა და აგურის წაღება, მაგრამ მკვიდრი შენობისათვის ვერა დაუკლიათ-რა, თუმცა უცემნიათ წერაქვი ძალ-ღონითა.

უეჭველია, ეს შენობა ეკუთვნის იმ დროს, როცა ქართველნი აღიარებდნენ ზოროასტრის სარწმუნოებას. ისინი არიან სიმაღლით თითო ორ საჟენ ნახევრისა, სისქით ოთხი საჟენი, ნაშენია აგურით და ისე შეკავშირებულია აგური კირთან, რომ ქვაზედ უმაგრესია შენობა. სისქეზედ გაკეთებული აქვს ერთის გვერდიდგან მეორეზედ შუაგულში რამდენიმე ხვრელი, ურმის ღერძის სისქის ოდენა. ვის აუშენებია ეს შენობები, რისთვის და რა ყოფილან, ხალხმა არ იცის; მაგრამ როცა მე ავუხსენი, რომ ისინი კერპების ბომონები არიანო, გული არა აქვთ და შიგ კედლებში ისრები აწყვიაო, მაშინ ყუმის მამასახლისი შიხ-მირზა დამეთანხმა და მითხრა: "მჯერა შენი ახსნა; ამისთანა შენობა არის სოფელ წახურშიაც და წახურელები, როცა საღრმთო აქვთ დასაკლავი, ჯერ მას გარშემო შემოუტრიალებენ საკლავს და მერე ჰკლავენ; ეტყობა, რომ ის ოდესღაც სალოცავი ყოფილა და ხალხს ჯერაც არ დაჰვიწყებია და ძველს კერპულს ჩვეულებას კიდევ მისდევსო".

ამ კერპთა სალოცავების მახლობლად ვაკედ ყოფილა ეკლესიაცა, მაგრამ ის საფუძვიანად დანგრეულია და მის გარშემო ხვნის დროს ბევრს მოკლე-მოკლე რკინის ისრებს პოულობენ თურმე ლეკები. ეკლესია უთუოდ წმ. გიორგის სახელობაზედ უნდა ყოფილიყო აშენებული. ასე ვგონებ ამისათვის, რომ ქართველთა საეკლესიო ისტორია მოგვითხრობს: "საცა უწინ კერპთა ბომონები ყოფილა აშენებული, იქ ქართველებს წმინდა გიორგის ეკლესიები აუშენებიათ, როცა მიუღიათ ქრისტიანობაო". მაგრამ ჩემი ფიქრი ის კი არ არის, რომ ვითომც მინდოდეს ვუჩვენო აქ წმ. გიორგის ეკლესია ყოფილაო, არამედ მწადიან შევატყობინო ქართველთ ისტორიის მოყვარეთ, რომ კერპთა ბომონი მარტო ტფილისში კი არ არის დარჩენილი ფეთხაინის ეკლესიის მახლობლად, როგორც სწერს ქ. ტფილისის აღწერილობაში პლატონ იოსელიანი, არამედ ზაქათალის ოლქის სოფელ ყუმშიაც არიან ბომონნი.

მღვდელი დ. ჯანაშვილი

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა ჟურნალი "ისტორიანი"#45