კალაჯუხის ციხე - კვირის პალიტრა

კალაჯუხის ციხე

ზემო ქართლი, იგივე ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, მდიდარია ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებით. თავდაცვით ნაგებობებს შორის მასშტაბითა და სტრატეგიული მდებარეობით გამორჩეული ადგილი უკავია ციხეს, რომელიც კალაჯუხის სახელითაა ცნობილი.

კალაჯუხის ციხე მდებარეობს კოლას პროვინციაში, კოლას საეპისკოპოსო ცენტრის, დადაშენის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ციხე ხეობიდან შემაღლებულ, სამი მხრიდან მიუვალ, კლდოვან ქარაფზე დგას. ჩანს, ფეოდალს კარგად უხელმძღვანელია ციხესიმაგრის მშენებლობის ტრადიციული პრინციპებით და განსაკუთრებული ადგილი შეურჩევია. ციხიდან ულამაზესი პანორამა იშლება - ციხე-გალავანი არცთუ მარტივი სისტემით, მდინარე მტკვრის აუზის სათავე და განუმეორებელი ხედები. კედლები ნაშენია ვეებერთელა ქვებით, რომლებიც ქვითკირითაა შედუღაბებული. კალაჯუხი მასიური ნაგებობაა და კარგად გამაგრებული ციხის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელთან შესანიშნავი, მაღალი კედლებია ამოყვანილი, ერთი ოთხკუთხა და სამი მრგვალი ბურჯით გამაგრებული. აქვეა ოთხკუთხა, მაღალი შესასვლელი.

მას თავზე განიერი სალოდე დაჰყურებს. შიგნით ორივე მხარეს, ზემოთ ორი ბუდეა ქვაში გაჭრილი, ორფრთიანი ქვის კარის ქუსლებისთვის, კედლებში მსხვილი ბუდეებია ურდულისთვის. ნაგებობის წყობა ნარევია. დაბლა გამოირჩევა ძველი, მოზრდილი გათლილი ქვები, რომელთა ზომა ზემოთ შედარებით მცირდება. გალავნის კუთხეს მრგვალი ორსართულიანი კოშკი იცავს, დამოუკიდებელი შესასვლელით ეზოს მხრიდან. მეორე მხარეს მიუყვება კედელი, რომელიც ქარაფთან წყდება. ვინაიდან ამ სიმაგრის მსგავსი თავდაცვითი ნაგებობა კოლას რეგიონში არ მოიპოვება, უნდა ვიფიქროთ, რომ კალაჯუხის ციხე თავის დროზე ამ კუთხის ერთ-ერთ უმთავრეს საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც არტაანისკენ სასაზღვრო ციხის ფუნქციას ასრულებდა.

წლეულს 26 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე თურქეთში, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მოწყობილმა სამეცნიერო ექსპედიციამ მოინახულა, დეტალურად შეისწავლა, აზომა, აღწერა და დააფიქსირა ფოცხოვში, არტაანში, ჩრდილში, ერუშეთსა და კოლაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების ისტორიული ძეგლები და მათ შორის, კალაჯუხის ციხესიმაგრე.

სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში შუა საუკუნეების ამ მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის შესახებ ცნობები მეტად მწირია. კალაჯუხის ციხეს პირველად ყურადღება ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია. მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით, 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო სამეცნიერო ექსპედიცია ისტორიულ კოლა-ოლთისსა და ჩანგლში. სამეცნიერო ჯგუფმა მოინახულა და ადგილზე შეისწავლა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლები და შეძლებისდაგვარად ამ ძეგლების ფოტოფიქსაციაც მოახდინა. ექვთიმე თაყაიშვილმა ამ ექსპედიციის ანგარიში და შედეგები ერთ-ერთ თავის ნაშრომში შეიტანა და მოგვიანებით, 1938 წელს, პარიზში გამოაქვეყნა პუბლიკაცია: "არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისსა და ჩანგლში 1907 წელს".

აღნიშნულ ციხეს მკვლევარი კალაჯუხს უწოდებს, აღწერს მის გეოგრაფიულ მდებარეობას, მაშინდელ მდგომარეობას და გამოთქვამს მოსაზრებას ციხის შესახებ. კალაჯიკ (დიალექტური ყალაჯუხ-ი) არაბული სიტყვის (კალა) თურქული ფორმაა და ციხეს ნიშნავს. XVI საუკუნის თურქულ ხელნაწერ ძეგლში "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" ფიქსირდება უკაცრიელი სოფელი კალაჯიკი, რომლის მოსახლეობა გადასახადის სახით იხდის 1499 ახჩას. სამწუხაროდ, ამ დასახლების, ისევე როგორც ციხის ძველი სახელწოდება ჩვენთვის უცნობია. როგორც ჩანს, ამ ციხის თავდაპირველი სახელწოდება დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, მისი გაუქმების გამო დაიკარგა, ხოლო სოფლის სახელი კი შორიახლოს ამ ციხის არსებობამ განაპირობა.

ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, კალაჯუხი ის ციხეა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ქუმურლუხის სახელით იხსენიებს. ვახუშტი კოლას რეგიონის აღწერისას აღნიშნავს: "ხოლო მტკვრის სათავეს ზევით, ყალნუ-მთის ძირზე, არს ციხე შენი ქუმურლუხი, მაგარი და შეუალი (ვგონებ ბეჭის ციხედ), აწ ცარიელ არს. ამას ზედა გარდავალს გზა ბანას და ფანასკერტს".

ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს ატლასის" მიხედვით, გეოგრაფიული პუნქტი ქუმურლუ დატანილია კოლას უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის სათავის ზემოთ, კოლასა და ტაოს სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს. მართალია, ბატონიშვილმა ქუმურლუხის ლოკალიზაციის საკითხის გარკვევა სცადა და კარტოგრაფიული ინფორმაცია რუკაზე ზედმიწევნით დაიტანა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გეოგრაფიულ არეალში მსგავსი მასშტაბის ციხის არსებობა დღესდღეობით არ დასტურდება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ციხის შესახებ სხვა პირდაპირი ცნობა ისტორიულ წყაროებში არ მოგვეპოვება. ექვთიმე თაყაიშვილი კალაჯუხის ციხეს ქუმურლუხთან აიგივებს და მართლაც, კოლას ვრცელ ტერიტორიაზე, სიდიდისა და სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, გვხვდება მხოლოდ ერთი ციხესიმაგრე, რომელიც თანაბარი წარმატებით დაიცავდა როგორც ფეოდალის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და კომუნიკაციებსაც გააკონტროლებდა. რეგიონში სხვა ციხის არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ კალაჯუხის გაიგივება ქუმურლუხის ციხესთან მართებულია და მის მოსაზრებას სრულიად ვიზიარებთ.

ოქროპირ ჯიქური ჟურნალი "ისტორიანი",#46