გერგეტის სამებაში - "მცხეთის სამკაულის" სახიზარში - ქართველ მეფეთა საგანძურს აგზავნიდნენ დასამალავად, მათ შორის იყო წმინდა ნინოს ჯვარიც... - კვირის პალიტრა

გერგეტის სამებაში - "მცხეთის სამკაულის" სახიზარში - ქართველ მეფეთა საგანძურს აგზავნიდნენ დასამალავად, მათ შორის იყო წმინდა ნინოს ჯვარიც...

ქართული ხუროთმოძღვრების პოპულარულ ძეგლებს შორის გერგეტის სამება გამორჩეულია. ის განსაკუთრებული ადგილმდებარეობითაც იქცევს ყურადღებას და წელიწადის ნებისმიერ დროს იზიდავს უამრავ დამთვალიერებელს როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.

ტაძარი მდებარეობს სტეფანწმინდის რაიონში, მდინარე ჩხერის ხეობაში, ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე.

გერგეტის სამების ტაძარი და სამრეკლო ერთიანი კომპოზიციაა, რომლის სილუეტი უზარმაზარ მთის წვერს აგვირგვინებს. ის საკვირველად ერწყმის ლანდშაფტს, გარშემორტყმულ ნისლიან მთებსა და მყინვარწვერს, რომელიც ღრუბლებიდან ხანგამოშვებით გამოანათებს. ადგილმდებარეობა ამ ტაძარს მართლაც რომ მისტიკურად მომნუსხველი აქვს.

გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სალოცავია და იმითაც არის გამორჩეული, რომ ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ თავიდან სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. ამჟამად ძველი ნაგებობებიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული ყოვლადწმინდა სამების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო. მთიელთა ჩვეულების თანახმად, საბჭეო უხუცესთა შესაკრებ და მნიშვნელოვან თემებზე სათათბირო ადგილს წარმოადგენდა.

თეიმურაზ ბაგრატიონის "ივერიის ისტორიის" მიხედვით, ტაძრის სამების მთაზე აშენებამდე აქ ჯვარი ყოფილა აღმართული. სავარაუდოდ, ადრეული ქრისტიანობის პერიოდისა, ხევის მოქცევის აღსანიშნავად. ტრადიციულად გერგეტელებისთვის ტაძრის მოვლა-პატრონობის ჩაბარებას გიორგი ბრწინვალეს უკავშირებენ. გერგეტელები საუკუნეების განმავლობაში "სამების საყდრის შვილებად", ყმებად ითვლებოდნენ და იწოდებოდნენ. ისტორიული წყაროების თანახმად, გერგეტის სამება "მცხეთის სამკაულის" სახიზარს წარმოადგენდა და როგორც ჩანს, ეს ტაძარი თავდაპირველადვე ამ ფუნქციით ჩაიფიქრა არქიტექტორმა, რადგან ეკლესიის აგებისას სამალავები ოსტატურად გაითვალისწინა. საქართველოს ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებში ქართველ მეფეთა საგანძური სწორედ აქ იგზავნებოდა და საიმედოდ იყო დაცული, მათ შორის, ქართული ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი სიმბოლო - წმინდა ნინოს ჯვარი. გერგეტის კედლებშივე იწერებოდა მატიანე "მოსახსენებელი სულთაი" - დოკუმენტების კრებული, რომელიც მეტად საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.

ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ქართულ ზეპირსიტყვიერებაში არსებობს საინტერესო და საკმაოდ პოპულარული ლეგენდა, რომელსაც ასე ჰყვებიან: "ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: "მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, "ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: "წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო". ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებისთვის მიუსწრია და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. ქვა მის ასაგებად დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

სამწუხაროდ, არ არსებობს ზუსტი დოკუმენტური მონაცემები გერგეტის სამების აგების დასათარიღებლად. სავარაუდო პერიოდს ხელოვნებათმცოდნეები ტაძრის სტილისტური მახასიათებლებისა და მორთულობის მხატვრული ანალიზის საფუძველზე ასახელებენ. მიიჩნევენ, რომ იგი უახლოვდება საფარის, ზარზმისა და ცაიშის გუმბათოვანი ეკლესიების მშენებლობის ეპოქას, რომლებიც XIV საუკუნის ტაძრებადაა მიჩნეული. თუმცა მათ შორისაც არსებობს განსაზღვრული დროითი ინტერვალი, რის გამოც გერგეტის სამება XIV საუკუნის პირველი ნახევრით, უფრო ზუსტად კი XIV საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება.

გერგეტი ცენტრალურგუმბათოვან ტაძრებს მიეკუთვნება, სწორკუთხა მოხაზულობით. კედლები ნაგებია თლილი ქვით. შესასვლელი აქვს ორი მხრიდან - დასავლეთიდან (მოქმედი) და სამხრეთიდან, რომელიც მოგვიანებით რესტავრაციისას ამოუქოლავთ.

საკმაოდ მაღალი გუმბათი აღმოსავლეთ მხარეს საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთის მხრიდან - ორ თავისუფლად მდგომ სვეტს. გუმბათს, წრიულის ნაცვლად, მკვეთრად გამოხატული ოვალური ფორმა აქვს, რაც აგრეთვე ეპოქის ნიშანია. შიგნიდან იგი მთლიანად აგურით არის ამოყვანილი, თუმცა თავდაპირველად თლილი ქვით უნდა ყოფილიყო ნაგები, ისევე როგორც გარედან. გუმბათი ათწახნაგაა, აქედან ხუთში სარკმელია გაჭრილი, ხუთში კი ცრუ სარკმლებია, ორნამენტით მოჩუქურთმებული. თვალი ერთი შეხედვითაც აღიქვამს, რომ გუმბათის ყელი შეუსაბამოდ მაღალია ქვედა ნაწილთან შედარებით. ეს დისპროპორცია აძლიერებს ტაძრის სიმაღლის შთაბეჭდილებას.

შიდა სივრცის აღმოსავლეთით მდებარე საკურთხეველი სამნაწილიანია. მთავარი ნაწილი, სადაც ლიტურგიკული საიდუმლო სრულდება, ბოლოვდება აფსიდათი (ნახევარწრედ გამოწეული ნაწილი), გვერდითი ნაწილები - სამკვეთლო და სადიაკვნე კი სწორკუთხედის ფორმისაა, თუმცა ეს განსხვავება აღმოსავლეთ ფასადზე გარედან არ აისახება. საკურთხეველი სამრევლო დარბაზისგან გამოყოფილია ქვის კანკელით, რომელიც არ არის ტაძრის აგების თანადროული და სავარაუდოდ, XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი არც ერთი ქართული ეკლესიის კანკელს არ ჰგავს და სამი საყდრის ფორმა აქვს, რომელიც უთუოდ გამოხატავს ტაძრის თეოლოგიურ არსს (სამება). აღსანიშნავია, რომ ადრეული ფერწერის ყველაზე კარგად შემონახული ფრაგმენტი სწორედ კანკელზე გამოჩნდა, რომელიც აქამდე კირით იყო დაფარული და შემდეგ თავიდან მოხატული რუსულ სტილში. ახლა კირის ფენისგან გაწმენდილია მხოლოდ მარცხენა ნაწილი, სრულად არის შემორჩენილი მწვანე, ყავისფერი და წითელი ფერებით შესრულებული ფეხზე მდგომი ქრისტეს გამოსახულება, რომელსაც ხელში წიგნი უჭირავს, აგრეთვე წმინდა ნინოს გამოსახულება, რომელიც ჯვრით ამოიცნობა. გერგეტის სამების კანკელის კვლევა ჯერ დასრულებული არ არის, სავარაუდოდ, მის დანარჩენ ნაწილებზეც უნდა იყოს კირის ფენის ქვეშ მხატვრობის ნაშთები.

ტაძრის შიდა სივრცე, ფაქტობრივად, ორსართულიანია: სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო-თითო სამალავია განთავსებული, აგრეთვე, გვერდითი ნავების, დასავლეთის მკლავისა და მცირე ზომის გვერდითი ჯვრის მკლავების მაღლაც დიდი და პატარა ოთახებია პატარა სარკმლებით, რომლებიც გარედან მთლიანად ორნამენტით არის დაფარული და უცხო თვალი ვერაფრით შეამჩნევს. სამალავებში მოხვედრა მხოლოდ სადიაკვნის ჭერში მოწყობილი ხვრელითა და დასავლეთ მკლავის ზედა ნაწილში არსებული ხვრელით არის შესაძლებელი და მხოლოდ მისადგმელი კიბით. უცხო თვალისთვის ამ სათავსების არსებობა გამოუცნობი იქნებოდა.

გერგეტის სამების ქვის პერანგი ეპოქის შესაბამისად სადაა, ერთადერთ მორთულობას ოთხივე ფასადზე გამოსახული სხვადასხვა ზომის ჯვრები წარმოადგენს. ყველაზე გამორჩეული, ტრადიციისამებრ, აღმოსავლეთის ფასადია. აქ გამოსახული ჯვარი თითქმის მთლიანად ავსებს კედლის ზედა ნაწილს. შუაზე მას ჩუქურთმის ფართო ზოლი გასდევს, მკლავებს შორის კუთხეებში კი ოთხკუთხა ქვებია ჩასმული, რომლებსაც ორნამენტებიანი ჩარჩო აქვთ. ამ ფასადზე გამოდის სამი სარკმელი, მარჯვენა ნაწილში მოზრდილი სწორკუთხა, ჯვრის აქეთ-იქიდან - თითო მცირე სარკმელი. ხოლო ჯვრის ქვემოთ დიდი სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც ჩუქურთმის ფართო ჩარჩო უვლის გარს.

დასავლეთის ფასადზე მაღალი თაღოვანი სარკმელი გამოდის, რომელსაც კვლავ ჩუქურთმის არშია აქვს, აქეთ-იქიდან სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ჩასმულია დიდი, მოჩუქურთმებული ქვები (ე.წ. კოპები). აღმოსავლეთ ფასადის მსგავსად, სარკმლის მაღლა ახლაც სწორკუთხამკლავებიანი მოზრდილი ჯვარია მოცემული, თუმცა არა იმ მასშტაბისა. ამ ფასადზეა ტაძრის მთავარი შესასვლელი კარი, რომელიც აგრეთვე მოჩარჩოებულია. კარის თავსა და გვერდებზეც ასევე ჩუქურთმიანი მედალიონებია ჩასმული.

როგორც აღვნიშნეთ, ტაძარს მეორე შესასვლელი სამხრეთი მხრიდან ჰქონდა, რომელიც შემდეგ გააუქმეს. რესტავრაციის დროს მასზე თლილი ქვის კამაროვანი სათავსი მიუშენებიათ, რომელიც კარიბჭის როლს ასრულებდა და სამხრეთით ღია იყო. კარის ამოშენების შემდეგ იგი დახურულ საკრებულოდ - საბჭეოდ ქცეულა. მის ზემოთ ორნამენტიანი თაღოვანი სარკმელი და სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია მოცემული.

ყველაზე ნაკლებად ჩრდილოეთის ფასადია მორთული, აქ მოჩუქურთმებულია მხოლოდ სარკმელი. სხვა ფასადების მსგავსად, აქაც მედალიონები და ჯვარია, რომელსაც თავზე ქუდი ახურავს და ამით სრულიად გამორჩეულ იერს იძენს.

ტაძრის სამხრეთით დაახლოებით ათ მეტრში თანადროული სამრეკლოა, რომლის პირველი სართული გალავანში შესასვლელი კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებდა. მეორეზე კი თაღებით გახსნილია სამრეკლო ფანჩატური. აღსანიშნავია მის დასავლეთ ფასადზე მოცემული სარკმელი, რომელიც გრეხილი ჩუქურთმითაა მორთული, ხოლო თაღზე ორი ხვლიკისებრი გრძელკუდა ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულება აქვს. მათ ზემოთ მცირე სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია. სარკმლის მარჯვნივ გამოსახულია ხელებაპყრობილი მამაკაცის ფიგურა, რომლის ირგვლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა და ტრადიციულად იმ კალატოზის გამოსახულებად მიიჩნევა, ვინც მაშენებლებს წყალი უზიდა.

გერგეტის სამება რამდენჯერმეა რესტავრირებული და მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ საკმაოდ ბევრი დაწერილა, ეს ტაძარი ჯერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კვლავაც გამოსავლენია. გერგეტის სამება, თავისი იდუმალი წარსულით, მუდმივად იმსახურებს მეცნიერთა ყურადღებას და დაინტერესებულ საზოგადოებას კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება.

მარიტა სახლთხუციშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#46