რომან რცხილაძე: უკვე ვიცი, ვის უნდა ვენდო... სევდიანი ოპტიმისტის თავგადასავალი ხმების სამყაროში - კვირის პალიტრა

რომან რცხილაძე: უკვე ვიცი, ვის უნდა ვენდო... სევდიანი ოპტიმისტის თავგადასავალი ხმების სამყაროში

ყვითელი მანქანა ძალიან პატარაა და ძალიან ძველი - 1937 წლისა!..

წარმოუდგენელიც კია, როგორ ეტევა მუსიკოსი რომან რცხილაძე ამ მანქანაში... ის ხომ იმხელაა, სპილოც კი შეარქვეს... ან როგორ სუნთქავს მანქანის სალონში, რომელიც ალბათ მისი გულ-მკერდის შემოწერილობის მოცულობისაა სულ! სუნთქავს კიდეც და თავს ძალიან კარგადაც გრძნობს, რადგან ისეთ წვრილმანებს, სხვა რომ კომფორტს ეძახის, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს: მთავარია იქ იყოს, სადაც სურს... კიდევ ბავშვები უყვარს... და თავისი ცხოვრების შესახებაც ისე ყვება, როგორც ბავშვი - გულწრფელად და უნიღბოდ... - დავიბადე გურიაში, 1953 წლის 27 ნოემბერს. დედაჩემი თავისიანებთან იყო ჩასული და ისეთი თოვლი წამოვიდა, წამოსვლა კი არა, ექიმი ძლივს შეიყვანეს ეზოში... გვარით იმერელი ვარ, მამული კახეთში მაქვს და ვერაზე, მოსკოვის ქუჩაზე ვიზრდებოდი. მერე მამაჩემის სამსახურის გამო მოსკოვის პროსპექტზე გადავედით. თავი რუსეთში მეგონა. მეზობლები სულ რუსები იყვნენ.

პატარა ვიყავი, როცა კახეთში ჩამიყვანეს. ჩვენს პირდაპირ ცხოვრობდა პაპა ალექსი - მჭედელი. ზაფხული იყო, ეზოში ვთამაშობდი. უცებ საოცარი ხმა მომესმა, მივყევი და მის ეზოში აღმოვჩნდი. ახლაც თვალწინ მიდგას, რაც ვნახე. პაპა ალექსის ორი შეგირდი შიშველ ტანზე აფარებული ტყავის წინსაფრებით იდგა და გრდემლს ურტყამდა. პაპა ალექსის თოკი ეჭირა და საბერველს ამუშავებდა. ურმის ბორბლებს ამზადებდნენ. პაპა ალექსი ურმულს მღეროდა: "დაიგვიანეს, ჯერაც არ ჩანან, არალო"... პაუზაში დასწევდა თოკს და საბერველი ბანს აძლევდა. ამ დროს ერთი შეგირდი დარტყამდა უროს, მერე მეორე...

პაპა ალექსი გაასწორებდა კაკუნით მათ ნამუშევარს... ეს არ იყო მუსიკა! ეს გაცილებით მაღალი რამ იყო. მაშინ მივხვდი, ეს ის სამყარო იყო - ხმების სამყარო, სადაც ძალიან მინდოდა ყოფნა. მას მერე ორი ზაფხული გავატარე ყვარელში ალექსი პაპას ეზოში. ჩემი ტოლი ბიჭები რომ მეძახდნენ, წამოდი, ბურთი ვითამაშოთო, უარს ვამბობდი, მჭედლების ყურება და მოსმენა მერჩივნა. თბილისში კი მთელ წელიწადს იმაზე ვფიქრობდი, როდის მოვიდოდა ზაფხული, რომ ისევ ჩავსულიყავი ყვარელში, ისევ ის ხმები მომესმინა. სამწუხაროდ, მესამე ზაფხულს მოხუცი მჭედელი ცოცხალი აღარ დამხვდა... პატარაობიდანვე მუსიკა ჩემი უმთავრესი საფიქრალი იყო. მე და მამა დილით ექვს საათზე ფეხზე ვიყავით. რადიოში რომ საქართველოს ჰიმნს უკრავდნენ, მახსოვს, უკვე ნავარჯიშები ვიყავი და ფორტეპიანოსთან ვჯდებოდი. არავინ მაძალებდა. თვითონ მომწონდა შავ-თეთრ კლავიშებთან მეგობრობა. დილის ექვსიდან ცხრა საათამდე გამებს ვუკრავდი.

კადრი ფილმიდან "ჩხიკვთა ქორწილი", 1984 წ.

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სკოლების ფესტივალები და კონკურსები იმართებოდა. მეშვიდე კლასში ვიყავი, ბეთჰოვენის სონატა დო მინორი რომ შევასრულე. მუსიკალური სკოლა დავამთავრე იმ პროგრამით, რომლითაც მუსიკალურ ტექნიკუმს ამთავრებდნენ.

ტანით თავიდანვე დიდი ვიყავი... ამიტომ კალათბურთზე დავდიოდი. სხვათა შორის, ერთი რამ აქვს საერთო კალათბურთსა და მუსიკას: ორივეგან მაჯა რბილი უნდა იყოს, თითები - მაგარი... სერიოზული მიღწევები მქონდა. მაგრამ 15 წლისას უნდა ამერჩია: ან კალათბურთი, ან - მუსიკა. ცხადია, მუსიკა ავირჩიე.

ქუჩამ ბევრი რამ მასწავლა მაინც... ყველაფერი იყო: ცუდიც და კარგიც. კიდევ კარგი, რომ თბილისში ვიზრდებოდი. თბილისი სხვაა.

მახსოვს პირველი დათრობა: 5 წლისამ ბიძაჩემთან კარადიდან ავიღე წყლით სავსე ჭიქა და გადავკარი. თურმე არაყი ყოფილა... სამი დღე მეძინა...

პირველი სიგარეტი მუსიკალურ სკოლაში მოვწიე... 15 წლის ვიყავი და ამით ვივაჟკაცე. მუსიკალურში დედას ხელჩაკიდებული დავყავდი. სულ არ ვბრაზობდი. მთელი ცხოვრება ერთად დავდიოდით. ამიტომაც ამაცილეს იმ ცუდს, რაც შეიძლება ბიჭს დაემუქროს. მთავარი კი ის იყო, უკვე ცხოვრების ინტერესი რომ მქონდა ნაპოვნი. მუსიკა ყველაფერი იყო ჩემთვის.

ერთხელ, როცა მუსიკალურ სასწავლებელს ვამთავრებდი, ბახის ფა დიეზ მინორის პრელუდია და ფუგა დავუკარი ლა მინორში... ეს ხომ წარმოუდგენელია.

კონსერვატორიაში ვაბარებდი, პირველ წელს გავედი გამოცდაზე. ვუკრავდი... მესმის, ერთი გამომცდელი მეორეს ეუბნება, რა ნაბახუსევი ვარო... იქით ვიღაცამ დაიჩურჩულა კიდევ რაღაც. გავჩერდი. ვკითხე ხმამაღლა: მე თქვენ ხელს გიშლიდით-მეთქი. მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. იმ წელს ვერ მოვეწყვე. მომდევნო წელს მისაღები გამოცდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაიტანეს. ისე იყო მოწყობილი, რომ ფარდის უკან იჯდა გამოსაცდელი და უკრავდა. გამომცდელები ვერ ხედავდნენ. ას მეჩვიდმეტე ვიყავი. მერაბ ოდიშარიას უთქვამს, მოდი, გამოვიცნოთ ვინ უკრავსო. მე რომ დავუკარი, - პატარა, გამხდარი გოგონა უკრავსო, "გამოიცნეს". ისეთი მუსიკალური ბგერა მქონდა, რომ ეს შთაბეჭდილება დავტოვე.

ჩემი და-ძმაც მუსიკით არიან დაკავებული. უფროსი და მუსიკის პედაგოგია. თემური ჩემზე 6 წლით უმცროსია. საერთოდ, რცხილაძეებში პირველი ბიჭი ვიყავი და ერთი ამბავი იყო, ყველა ფიქრობდა, ვინ უნდა გამოვსულიყავი. საბედნიეროდ, მუსიკოსი გამოვედი.

ეკლესიაში ბავშვობიდან დავდიოდი. ამის გამო ხან სკოლიდან მრიცხავდნენ, ხან - მუსიკალური სასწავლებლიდან. ახლა ის ხალხი, ვინც მე მრიცხავდა, ეკლესიაში მხვდება... ხან თვალს ვერ მისწორებენ...

კლასიკურ მუსიკას ყურადღება არ ექცეოდა, ისეთი დრო იყო. ამიტომ დავიწყე ფიქრი, თანამედროვე მუსიკა დამეკრა. 1969 წელს "ციცინათელაში" მივედი, მერე იყო "75", "დიელო"... კლასიკას ჩამოვშორდი, მაგრამ დღეს თუ არანჟირებას ვაკეთებ, სწორედ კლასიკის დამსახურებაა. ამიტომ მაქვს განსხვავებული გემოვნება, სტილი...

1998 წელს კოკა ცქიტიშვილის თაოსნობით შექმნილი ანსამბლის, თ. T. Blues Mob-ის წევრებთან ერთად

1969 წელს, როცა "ციცინათელაში" ვიყავი, სოსო ებრალიძემ სპილო შემარქვა. ჩემი ნათლიაა. თავიდან ცოტა ვბრაზობდი. მერე დავუკვირდი და მივხვდი, რომ სპილო სულაც არ არის ცუდი. საერთოდაც, ცხოველთა სამყაროს ბინადარნი არაფრით არიან ნაკლები ადამიანებზე... ყოფილა, ავი ძაღლი ვინმეს გამოკიდებია, მე ლაპარაკი დამიწყია მასთან და გაჩერებულა, კუდის ქიცინით უპასუხია.

მყავდა შოტლანდიური ნაგაზი. კოლი... ჩემი მეგობარი იყო. როცა ვუკრავდი, ჩუმად იყო. დავამთავრებდი დაკვრას და რა რეგისტრშიც დავამთავრებდი, იმ რეგისტრში იწყებდა "სიმღერას". 1983 წელს ევგენი გინზბურგი "არგონავტებს" იღებდა. სცენა მქონდა, 6-მეტრიანი პითონი უნდა შემომხვეოდა. სამი დღე მქონდა რეპეტიცია ამ პითონთან - კატია ერქვა. ისე შევუყვარდი, რომ გადაღების დასრულების შემდეგ დღე-ნახევარი არ ჭამდა... ჩამოვიდა მისი მწვრთნელი, წამოდი, კატიას დაელაპარაკე, თორემ ეჭვიანობს შენზე და არ ჭამსო...

მე ხომ ზოდიაქოთი გველი ვარ... ძალიან განვითარებული მაქვს ყნოსვა. უცხო გარემოში, უცხო ადამიანთან ჯერ ყნოსვით ვიღებ ინფორმაციას...

მიყვარს ცხენები. არ დამავიწყდება, კახეთში თეთრი ცხენის სიკვდილი ვნახე, მისი ცრემლიანი თვალები ახლაც მახსოვს...

ვამბობ ხოლმე, პირველი ქართველი ბოშა ვარ-მეთქი. მიყვარდა ხეტიალი. ახლაც მიყვარს. თუმცა სანადიროდ არც წავალ. მე ცხოველებს სახლში ვერ მივუვარდები და დედებს, მამებს, შვილებს ვერ დავუხოცავ. ბადით მითევზავია... 1989 წელს დიდი არეულობა დაიწყო. ჯერ იყო 9 აპრილი, მერე სამოქალაქო ომი... მერე ისე მოხდა, მოსკოვში წავედი. იქ იძულებით მომიხდა ცხოვრება. გადავიტანე უმუშევრობა, შიმშილიც კი. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ 33 წლისა ტუბერკულოზით დავავადდი. სამ წელიწადს ვიარე აბასთუმანში, ათ წელიწადს არ დამილევია, არ მომიწევია სიგარეტი. იმაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ გადავრჩებოდი.

კადრი ფილმიდან "არგონავტები", 1986 წ.

აბასთუმანი მგონი ღმერთის სავანეა. ხალხი იმდენად თბილია, ისეთი მგრძნობიარე... აბასთუმანში ბუნება გასაზრდოებს.

აბასთუმანში ცუდად გავხდი ერთხელ. კომიდან რომ გამოვედი, ადგილობრივებმა გამაცნეს აფთიაქარი დეიდა ნუნუ. შინ ედგა პიანინო "პეტროფი". დავიწყე მასთან სიარული, მეცადინეობა. ყველაფერი თავიდან მქონდა გასავლელი. ოქტომბერი იყო, მესამე დღეს გავიგონე ფანჯრის იქიდან კაკუნი. გავიხედე - აუდიტორიაა - ციყვები მოსულან. მას მერე ასე იყო. მე ვუკრავდი, ისინი მოდიოდნენ და მისმენდნენ. ეს პერიოდი კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჭირი მქონდა. აბასთუმანში იდგა გრძელი ხის სახლები. ვიყიდე 6 კუბმეტრი შეშა, დავაჭრევინე მორებად და მთელი 6 თვე თვითონ ვჩეხავდი. მეორე სართულზეც თავად ვყრიდი. ასე ვვარჯიშობდი. ჩემთან ოთახში ტყის სურნელი იდგა.

აბასთუმანში დავწერე "სუფთა ჰაერი". ნებისმიერ ფილმს დაამშვენებდა.

ბოლო წელიწადს ხუდადოვზე ვიცხოვრე, თერაპიული განყოფილებიდან ქირურგიულში გადამიყვანეს. ვემზადებოდი საოპერაციოდ. მარცხენა ფილტვზე ორი ორმო მქონდა, - კავერნა, როგორც ექიმები ეძახიან.

ოპერაციის წინ შემიყვანეს რენტგენზე, ეძებეს და ვერ ნახეს ვერაფერი. ეს როგორ მოხდა?! რწმენითა და ლოცვით, უფლის ნებით!

სირთულეების გადალახვაში ნებისყოფაც მეხმარებოდა. მუსიკა ხომ გასაოცრად აწრთობს ნებისყოფას. თანაც, მუსიკოსის შრომას ადარებენ მუშის შრომას და ამბობენ, რომ პირველი სამჯერ მეტ ენერგიას ხარჯავს მეორეზე.

პირველი მეუღლე 1989 წელს, ავად რომ გავხდი, მაშინ გადავიდა საბერძნეთში საცხოვრებლად. ახლა ჩემი შვილები საბერძნეთში ცხოვრობენ. ჩემს ვაჟს თავისი ბენდი აქვს. ვუსმენ ყველანაირ მუსიკას, რიტმ-ენდ-ბლუზი და ჯაზ-როკი ჩემთვის ყველაზე ახლობელია, მაგრამ მუსიკა ყველა კარგია. ან არის მუსიკა, ან - არა... შემსრულებელი კი შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი...

სამწუხაროდ, დღეს მეფობს პროფესიონალური დილეტანტიზმი, ეს ძალიან ცუდია.

ძალიან მიყვარს სიძველეები - ანტიკვარიატი. ეს მუსიკამ განაპირობა. ჩემი მანქანა - 1937 წლისაა, 1935 წელს გამოშვებული ბე-ემ-ვეს მოტოციკლეტი მყავს, ბიტლს "ხოჭო" მყავს 1975 წელს გამოშვებული. წინა საუკუნეში ვცხოვრობ. განსხვავებულად ვიცვამდი და ვიცვამ, განსხვავებული მეგობრობა ვიცი - პატიება შემიძლია... არ ვთამაშობ. ასეთი ვარ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ჩვენი პატრიარქია უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მაქვს პატივი ხშირად ვიყო მასთან. მისი ლოცვა-კურთხევა ყველაფერში მეხმარება.

ვცდილობ, ჩემი მიმწუხრი ბავშვობიდან შორს არ წავიდეს. ფანტასტიკურად კარგად ვგრძნობ თავს ბავშვებთან. ბავშვები ხომ მართალი და უნიღბო ადამიანები არიან. მყავს 5, 6, 10 წლის მეგობრები, 35 მარტო ნათლული მყავს და ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ვიყო მათთან. მინდა ყველა ნათლული დავპატიჟო... თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე ჩემი ნათლულები არიან...

დღეს რამეს თუ ვწერ ან უნდა მტკიოდეს, ან მიხაროდეს...

როცა შემოქმედი ხარ, დროს ცოტათი მაინც უსწრებ. ამიტომ ბევრს თვალში უცნაურად ხვდება შენი ყველაფერი - ჩაცმა, ცხოვრების წესი. ძალიან მიყვარს გამოთქმა - დროს არ უნდა გაუსწრო, დროს უნდა დახვდე. წინაც იქნები და აქაც... მირჩევნია, 100 მსმენელი 10 ათასს...

თუ მართალი ხარ, გადარჩები.

ჯგუფ "ნატვრის ხის" პლაკატი, 1988 წ.

როცა ვწერ, ვუკრავ, ჩემთვის საათი ჩერდება. ბედნიერება რა არის? ის, რომ ზუსტად იცი, რატომ ხარ აქ.

ბოროტი სული მძიმეა, ვერ ასწრებს სხეულიდან ამოსვლას და სხეულთან ერთად ლპება მიწაში. ალალი იყავი, მართალი, კეთილი... ასე არ ჯობია?

არავის სჯერა, რომ მალე 61 წლის გავხდები. შემეჯიბროს ნებისმიერი 20 წლის ახალგაზრდა... ვაჯობებ... მართლა სამოცის კი არ ვარ! მე რომ ტუბერკულოზისგან განვიკურნე, 40 წლისა ვიყავი. მაშინ ხელმეორედ დავიბადე. აბა, იქიდან დათვალეთ.

რომ არა ის სენი, ჩემს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში მოვკვდებოდი, ალბათ...

ვფიქრობ ყველაფერზე... მარტივი არ არის ცხოვრება. მახსოვს, რა სახეებით მაცილებდნენ, აბასთუმანში რომ მივდიოდი, და რა სახეებით დამხვდნენ, რომ დავბრუნდი. მინდა ჩემი ამბები დავწერო. შემიძლია ვთქვა, რომ სამი ადამიანის ცხოვრება მაინც გავიარე.

ხშირად ვმასხრობ საკუთარ თავზე... იცი, რა კარგია!..

უკვე ვიცი, ვის უნდა ვენდო: თვალებით ვხვდები, ფრჩხილებით და სუნით... სიარულის მანერით. ამიტომ მიყვარს გლეხებსა და ბავშვებთან ურთიერთობა. მათშია სიბრძნე და სიმართლე.

არ მიყვარს ხმაური და ყაყანი. რომ დაღამდება ხოლმე, მაშინ ვჯდები სამუშაოდ... მიყვარს მარტოობაში წერა.

მუსიკა ისეთი რამ არის, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს წერ. მთავარია, რას წერ! შარშან სიმღერას "ნატვრის ხე" 35 წელი შეუსრულდა. ევროპის დიასპორამ მიმიპატიჟა ამ თარიღის აღსანიშნავად, კარგი ტურნე მქონდა ევროპაში. აქ დიდად არ გაახსენდათ. ასეთია ცხოვრება.

მე მაინც ოპტიმისტი ვარ. ოღონდ, ცოტა სევდიანი ოპტიმისტი.

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#46