სახლები, რომლებიც ისტორიაში "მიდიან" - კვირის პალიტრა

სახლები, რომლებიც ისტორიაში "მიდიან"

ღია ცის ქვეშ მუზეუმმა ქართველ საზოგადოებას ბოლო წლებში არაერთი სიახლე შესთავაზა.

სექტემბრის მიწურულს კი მეგრულ კარ-მიდამოში არა მარტო ოდასახლი და საჯალაბო სახლი განაახლა, არამედ ამ სახლების გაცოცხლებული ისტორია წარუდგინა სტუმრებსა და დამთვალიერებლებს. მეტიც - სტუმართა შორის იყვნენ ამ სახლების ყოფილი მფლობელები და შთამომავლები, რომლებიც აუღელვებლად ვერ უცქერდნენ ისტორიაში შესულ თავის ყოფილ საცხოვრისებს.

მეგრული კარ-მიდამო გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიქმნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, როგორც საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების კომპლექსი. საცხოვრებელი სახლი აქ ორი ტიპისაა. ერთი შედარებით ძველია. იგი ღვინჯილიების საკუთრება ყოფილა და XIX საუკუნის შუა წლებში (დაახლოებით 1850 წელს) აუგიათ ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. სახლი თავდაპირველად საჯალაბო ყოფილა, მოგვიანებით კი, როცა ოჯახი გამრავლებულა და ეკონომიკურადაც მომძლავრებულა, ოდასახლი აუგიათ, ძველ საცხოვრისს კი სამზადი სახლის ფუნქცია დარჩენია. იგი მუზეუმმა 1972 წელს შეიძინა ახალ ხიბულაში და თბილისში გადმოიტანა, როგორც ძველი მეგრული საცხოვრისის ტიპობრივი ნიმუში.

რაც შეეხება ამ კარ-მიდამოში განთავსებულ ოდასახლს, იგი აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს მკვიდრ ნადარეიშვილებს ეკუთვნოდათ და მუზეუმში ისიც 70-იან წლებში "გადმოასახლეს". მეგრული საცხოვრისის "კომპლექტს" ასევე დაემატა მარანი წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალიდან, აქაური ნალია და სათხე, ანუ მარაკა.

ჯალაბის მთავარი სამყოფელი

თუ კრამიტით გადახურულ ოდასახლს სარესტავრაციოდ ბევრი მუშაობა არ სჭირდებოდა, ისლით გადახურული სამზადი ლამის ჩამოქცევის პირას მისულიყო, მისი რეაბილიტაცია-აღდგენა გადაუდებელი გახლდათ. პროექტი განხორციელდა შვედეთის სტოკჰოლმის სკანსენთან (ღია ცის ქვეშ მუზეუმთან) ერთად. გადაწყდა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა არა მხოლოდ ნაგებობათა აღდგენა-რეკონსტრუქცია, არამედ მეგრული საცხოვრისის კომპლექსის "გაცოცხლებაც". დამთვალიერებელს უნდა ეხილა არა მხოლოდ გასული საუკუნის საქართველოს ერთი კუთხის კარ-მიდამო, არამედ მის თვალწინ გათამაშებულიყო ეპიზოდები იმ ოჯახის წარსულიდან, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა.

ნადარეიშვილების ოდასახლი ონტოფოდან

ნადარეიშვილების ოჯახის ისტორიის გასაცნობად, ამ ორიოდე წლის წინ, აბაშას ვესტუმრეთ და ონტოფოში ჩავედით. ნადარეიშვილების შთამომავლებმა გულთბილად მიგვიღეს და გვიმასპინძლეს. ოჯახის უფროსი, 80-ს გადაცილებული რეზო ნადარეიშვილი, დარბაისელი კოლხი სიხარულს ვერ ფარავდა და ემოციურად გვიამბობდა თავისი ოჯახის ისტორიას.

სხვათა შორის, როცა თავის დროზე ეთნოგრაფიულ ექსპედიციას აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით, მუზეუმისთვის ეს ოდა შეურჩევია, ბატონი რეზოს ძმები წინააღმდეგი წასულან - ისე არ გვიჭირს, ამ მამაპაპისეულ სახლს შეველიოთო. მაშინ გადამწყვეტი ბატონი რეზოს სიტყვა ყოფილა: - მე თქვენ უფრო ჭკვიანები მეგონეთ, ჩვენი სახლი ხომ ისტორიაში მიდისო!..

ახალგაზრდა ეთნოლოგი სოფო სარიშვილი ახალი ხიბულას სამზად სახლში, დიასახლისის როლში

ოდასახლი XIX საუკუნის ბოლო მეოთხედშია აგებული. ბატონი რეზოს ბაბუას, გიგო ნადარეიშვილს ლაზი ოსტატები მოუწვევია მის ასაშენებლად. მათაც ნადარეიშვილების კუთვნილ ტყეში მოჭრილი წაბლის ხის საუკეთესო მასალით აუგიათ და გაუწყვიათ ეს სახლი.

გიგო ნადარეიშვილს სავაჭრო სახლები ჰქონია სოხუმში. მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ მამის საქმე შვილებს, ნესტორსა და გრიგოლს (ბატას) გაუგრძელებიათ. შეძლებული ყოფილან ჩემი წინაპრებიო, გვითხრა ბატონმა რეზომ და გერმანული ანტიკვარული ლამპა გვაჩვენა, ბათუმში შეუძენიათო. ეს ლამპა მაშინაც კი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. გრიგოლს მასში 25 მანეთი მიუცია. ამ ფულით იმ დროს ხბოიანი ძროხის ყიდვა შეიძლებოდა.

როცა ბატონმა რეზომ გაიგო, რომ მუზეუმში გადმოტანილი მათი წინაპრების სახლში ძველი ყოფითი ექსპონატების გამოფენა იგეგმებოდა, დაუფიქრებლად და დაუნანებლად შემოგვთავაზა საჩუქრად ოჯახის რელიკვიად ქცეული სწორედ ის გერმანული ლამპა, რომლითაც თავს იწონებდა. შეიძლება ითქვას, ამჯერადაც გამართლდა ზემოთ ნათქვამი მისი სიტყვები, სახლის ისტორიად ქცევის შესახებ. ეს ლამპა ახლა უკვე არა მხოლოდ ნადარეიშვილების ოჯახის, არამედ საზოგადოდ ქართული ოდასახლის რელიკვიად იქცა.

* * *

რეზოს მამა, ნესტორ ნადარეიშვილი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა და ბოლშევიკებსაც გმირულად დახვედრია 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან. ონტოფოში კი ქმრის მოლოდინში ათენ-აღამებდა მისი მეუღლე, სამონასტრო სკოლადამთავრებული თამარი.

სწორედ ამ ეპიზოდის პერფორმანსი წარმოადგინეს გასული საუკუნის 20-იანი წლების სამოსში გამოწყობილმა ონტოფოს ოდასახლის ზედამხედველ-დიასახლისმა მარინა მეხაშიშვილმა (თამარის როლში) და დიანა ბაკაშვილმა (მთხრობელი).

მოწვეულ სტუმართა შორის ამ სახლის ძველი მასპინძელი, ბატონი რეზო ნადარეიშვილიც იყო. მღელვარება ვერ დაფარა, როცა მისი ბავშვობა "გააცოცხლა" ძველმეგრულ სამოსში გამოწყობილმა 12 წლის სანდრო ჯებირაშვილმა. იმპროვიზებულ სცენაში სანდრო ამქვეყნიერი ცხოვრებისგან განრიდებულ ბიძას, რომელიც სხვენზე ცხოვრობდა, კალათით აწვდის ტრაპეზს...

საჯალაბო სახლი ახალი ხიბულადან სახლი, როგორც ვთქვით, ადრე საჯალაბო იყო, შემდეგ კი მისთვის სამზადი სახლის "ფუნქცია" დაუკისრებიათ. სტუმრებს ძველებურ ჩითის კაბასა და ქალამნებში გამოწყობილი დიასახლისი (რომლის "როლსაც" ეთნოლოგი სოფო სარიშვილი ასრულებს) ხვდება. შუაცეცხლზე ღომი თუხთუხებს, კედელზე შებოლილი სულგუნი ჩამოუკიდიათ. მომდევნო ეპიზოდში სოფო ლობიოს არჩევს, გოგონები კი ჩონგურზე სევდიან მეგრულ ნანას ამღერებენ.

დამთვალიერებელს, ნადარეიშვილების შთამომავლებთან ერთად, პროექტის შვედი და ქართველი ორგანიზატორები ხვდებიან

მოწვეულ სტუმართა შორის აღმოჩნდა ბატონი ლევან ღვინჯილია. იგი ახალ ხიბულას სახლის ძველ ბინადართა შთამომავალია და სავსებით ბუნებრივი იყო მისი მღელვარება, ათწლეულების შემდეგ ბავშვობის წლებთან შეხვედრას რომ ახლდა.

ლევან ღვინჯილია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამ დამდო პატივი, დავსწრებოდი ამ საცხოვრისის რესტავრაციის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას. მინდა ყველას უღრმესი მადლობა მოვახსენო ჩემთვის ესოდენ სასიამოვნო წუთების მონიჭებისათვის.

იმ წელს, როცა ეს სახლი თბილისში ჩამოიტანეს, მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და მას შემდეგ ამ მუზეუმის სტუმარი არაერთგზის ვყოფილვარ; საამისო საბაბიც მქონდა.

1976 წელს მუზეუმის დასათვალიერებლად წავედით მე და 80-ს გადაცილებული ბებიაჩემი, რომელიც იმხანად თბილისში მყავდა ჩამოყვანილი და პირველი შვილის - უჩას გაზრდაში გვეხმარებოდა მე და თამარს, ჩემს მეუღლეს. ბებიამ არ იცოდა, სად მიმყავდა. როცა ეზოში შევედით, მკითხა, მასპინძელი არ ჩანს და ეს სად მომიყვანე, ვის სახლში ვართო. მე სიტყვა ბანზე ავუგდე და ამასობაში სამზადის წინ მდგარ ოდასახლს გვერდი ავუარეთ.

ბებია უცებ გაშეშდა... რაღაც გაურკვეველი სიტყვები წამოიძახა, მერე გაოცებისაგან ჯერ - დიდუუ, ეს სად მომიყვანე, შენ შემოგევლოს ბებიაშენი, რას ვიფიქრებდი, თუ მე ამას კიდევ ვნახავდიო და მისი ბაგეებიდან ერთად გადმოიღვარა შეცხადებისა და სიხარულის ერთმანეთში აბურდული ლოცვა-დატირება-მოთქმა. მერე სახლს მიუახლოვდა და მის კედლებს ხელისგულებით ეფერებოდა და ლამის ადამიანივით კოცნიდა...

დიახ! ეს ის სახლი იყო, სადაც (1914 წელს) ფაშუ ბებია - ჭანტურიას ქალი, პატარძლის სტატუსით მიიყვანეს და მას მერე მთელმა მისმა ცხოვრებამ (ლუკა ბაბუასთან ერთად) ამ სახლში გაიარა. აქ გააჩინეს და გაზარდეს შვიდი შვილი - მამაჩემი და 6 ბიძა-მამიდა, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ერთიღაა ცოცხალი - ციალა მამიდა. ამ სახლში გაირბინა მთელმა ჩემმა ბავშვობამ სოფელ ახალ ხიბულაში (ხობის რაიონი). დღეს კი ჩემი წინაპრების საჯალაბო სახლი, ჩინებულად აღდგენილ-განახლებული, სტუმრებს იღებდა.

ახალი ხიბულას სახლში ფარდაგიც მოქსოვეს…

შუაცეცხლზე ახლად ჩაზელილი ღომი ფშვინავდა და იქვე მაღლა ჩამოკონწიალებული დასაჭრელად გამზადებული შებოლილი მეგრული სულუგუნი თითქოს ცხელ ღომზე მეპატიჟებოდა.

არ ვიცი, სხვებს რა განცდა ჰქონდათ, მაგრამ მე კი გულმკერდი მითრთოდა და ყელში ბურთად მობჯენილ ზლუქუნს ძლივს ვიკავებდი. ეტყობა, ამასობაში მეც წლები მომეძალნენ და სიყმაწვილესთან პირისპირ შეყრამ ცოტა არ იყოს, წამახდინა... "ვაჰ დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად, წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად"... (მოჭარბებული სენტიმენტების გამო მკითხველს ბოდიშს ვუხდი)".

P.შ. ღია ცის ქვეშ მუზეუმის შვედმა მეგობრებმა სტოკჰოლმის სკანსენიდან გიორგიწმინდის (კახეთი) კარ-მიდამოში გადაინაცვლეს, სადაც ქართველმა მასპინძლებმა იქვე, თონეში სახელდახელოდ გამომცხვარი შოთები დაახვედრეს... მომდევნო რეპორტაჟში მკითხველს სწორედ გიორგიწმინდის კარ-მიდამოში ვამოგზაურებთ.

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#47