ბუკინგემის სასახლე - კვირის პალიტრა

ბუკინგემის სასახლე

ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი იმპერიის მთავარ სასახლეში 775 ოთახია

ბუკინგემის სასახლე ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნაგებობაა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქის უმთავრეს კლასიკურ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. შენობა ბრიტანელი მონარქების ოფიციალურ ლონდონის რეზიდენციად გამოცხადდა 1837 წელს, ჰანოვერთა დინასტიის უკანასკნელი მონარქის, დედოფალ ვიქტორიას ტახტზე ასვლისას. დღეს სასახლე ამჟამინდელი მონარქის - უინძორების დინასტიის წარმომადგენლის, ელისაბედ მეორის ოფიციალური ლონდონის რეზიდენციაა და როცა დედოფალი იქ იმყოფება, შენობის თავზე სამეფო შტანდარტი ფრიალებს.

ბუკინგემის სასახლის თავდაპირველი სახე სრულიად შეიცვალა. 1703 წელს ამ ადგილას, რომელიც მაშინ ლონდონს საკმაო მანძილით იყო მოშორებული, ჰერცოგმა ბუკინგემმა ქალაქგარეთ სახლი ააშენა. თანამედროვენი ამტკიცებდნენ, რომ იგი იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 1762 წელს ინგლისის მეფემ და ჰანოვერის კურფიურსტმა ჯორჯ III-მ (ჰანოვერის დინასტიიდან) ბუკინგემის სახლი 20 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა სერ შეფილდისგან, რომელსაც შენობა მემკვიდრეობით ერგო - ბუკინგემის ჰერცოგის დაქვრივებული მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. ნაგებობა არქიტექტორებმა ჯონ ნეშმა და ედვარდ ბლორმა საფუძვლად აიღეს და მომდევნო 75 წლის განმავლობაში კიდევ სამი მსგავსი შენობა მიამატეს. შედეგად, ანსამბლი კვადრატული ფორმის გახდა, დიდი შიდა ეზოთი.

მონარქმა სახლი კერძო სამეფო რეზიდენციის მოსაწყობად შეიძინა, რადგან ოფიციალური რეზიდენცია - სენტ-ჯეიმსის სასახლე აღარ აკმაყოფილებდა არც მოცულობით და არც შიდა მოწყობით. ხალხმა "ბუკინგემის სახლს" მალევე შეარქვა "დედოფლის სახლი", რადგან ჯორჯ III-ის მეუღლის - დედოფალ შარლოტა მეკლენბურგელის რეზიდენციად იქცა. დედოფალმა უფროსი ვაჟის, უელსის პრინცისა და მომავალი მეფის, ჯორჯ IV-ის გარდა, კიდევ 14 შვილი სწორედ ბუკინგემის სასახლეში გააჩინა.

15-დან ორი შვილი ბავშვობაში დაეღუპათ, ხოლო დანარჩენებს შორის, ჯორჯ IV-ის გარდა, იყვნენ მომავალი მეფე უილიამ IV და ჰანოვერის მეფე ერნსტ-ავგუსტუსი. გულუხვი ქველმოქმედებით განთქმულ შარლოტას ძალიან უყვარდა ხელოვნება. მფარველობდა თავისი მუსიკის მასწავლებელს - იოჰან სებასტიან ბახის ვაჟს კრისტიანს და მოცარტს, რომელმაც დედოფალს 8 წლის ასაკში უძღვნა ერთ-ერთი ოპუსი. დედოფალმა შესანიშნავად იცოდა ბოტანიკა, მეტიც, თავადვე მონაწილეობდა სამეფო ბოტანიკური ბაღის შექმნაში. მასვე ეკუთვნის ვაშლის ტკბილი ნამცხვრის "შარლოტას" რეცეპტი, ხოლო მის პატივსაცემად ეწოდა ქალაქებს ჩრდილოეთ კაროლინაში შარლოტა და კანადაში შარლოტთაუნი.

თავდაპირველად ჯორჯ III-მ სახლი უბრალოდ გააფართოვა, ფასადი გაამარტივა და შესანიშნავი ბიბლიოთეკა ააგო წიგნების უძვირფასესი კოლექციისთვის. ამას გარდა, სხვა სასახლეებიდან "დედოფლის სახლის" შესამკობად გადმოიტანა ხელოვნების მრავალი ნაწარმოები, შეისყიდა იტალიელ მხატვართა ტილოების შესანიშნავი კრებული, ხოლო სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტების შესაქმნელად ინგლისის საუკეთესო ფერმწერები მიიწვია: ალან რამსეი, იოჰან ზოფანი, თომას გეინზბორო და ბენჯამინ უესტი.

სასახლის საფუძვლიანი გადაკეთება არქიტექტორმა ჯონ ნეშმა 1825 წელს, უკვე მეფე ჯორჯ IV-ს ზეობისას დაიწყო. ანსამბლის ყველაზე არსებითი ცვლილებები კი დედოფალ ვიქტორიას სახელს უკავშირდება, რომელმაც 64 წელიწადს იმეფა და ბუკინგემი ქვეყნის სიმბოლოდ აქცია. სასახლის რეკონსტრუქცია სამეფო ხაზინას იმ დროს უზარმაზარი თანხა - 640 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. სასახლის წინ მოეწყო ვრცელი წრიული ფორმის მოედანი, რომლის ცენტრში მრავალი ალეგორიული ფიგურით გარშემორტყმული ვიქტორიას ძეგლი დაიდგა.

არქიტექტორმა ედვარდ ბლორმა, რომელმაც ნეში შეცვალა 1846 წელს, წინამორბედის კომპოზიცია მთლიანად გადააკეთა. სასახლის ძველი არქიტექტურული სტილი ისე გადაასხვაფერა, ბევრი კომენტატორი და მკვლევარი მას ნაკლებად მიმზიდველად მიიჩნევდა. ბლორმა სასახლეს მიაშენა კორპუსი, რომელმაც შეკრა ეზო ქუჩის მხრიდან. 1853 წლისთვის დამთავრდა სამეჯლისო დარბაზის მშენებლობაც, რომელიც თვით დედოფალ ვიქტორიას მოთხოვნით აიგო. მისი სიგრძე 36, ხოლო სიგანე 18 მეტრია. უზარმაზარი დარბაზი დედოფალმა პირველად 1856 წელს გამოიყენა ყირიმის ომის დასრულების აღსანიშნავი მიღების დროს. უწინდელი სახე მხოლოდ ბუკინგემის სასახლის სამეფო ბაღისკენ გამავალმა დასავლეთის ფასადმა შეინარჩუნა.

ბუკინგემში დაიბადა (1842 წელს) და აქვე აღესრულა (1910 წელს) ვიქტორიას ვაჟი და მემკვიდრე ედუარდ VII. სწორედ მან გადააკეთა მნიშვნელოვნად სასახლის ინტერიერი, რომელშიც მანამდე უხვად იყო ხელოვნური მარმარილო და ვარდისფერი ლაპისი (აზოტმჟავა ვერცხლი). ედუარდმა ინტერიერი ე.წ. Belle Epoque - ფრანგულ სტილში შეცვალა, რომელშიც ჭარბობს ღია და ოქროსფერი ტონები. მომცრო აპარტამენტები კი ჩინური სტილის ავეჯით გააწყო.

სასახლემ მომდევნო რეკონსტრუქცია 1913 წელს განიცადა, რის შემდეგაც მთავარი უკვე აღმოსავლეთის ფასადი გახდა. არქიტექტორმა ასტონ უებმა ეს ფასადი შედარებით გაამარტივა, მაგრამ სწორედ აღმოსავლეთის ფასადია ყველაზე უკეთ ცნობილი ლონდონელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის. სწორედ აქ, ბრინჯაოსა და ჭედური რკინის ღობით შემორტყმულ ეზოში ცვლიან სამეფო გვარდიელები საპატიო ყარაულს. ეს აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით ყოველდღიურად, 11:30 საათზე ხდება, სხვა თვეებში - დღეგამოშვებით. სასახლის დამცველი სამეფო კარის დივიზიონი შედგება სამეფო ცხენოსანი გვარდიელების პოლკისა და ქვეითი გვარდიელებისგან.

ქვედა სართული შემკულია დორიული, ხოლო ზედა სართული - კორინთული ორდერის სვეტებით. ფრონტონზე ორივე მხრიდან ალეგორიული ფიგურებია: მარცხნივ - ისტორიის, გეოგრაფიისა და ასტრონომიისა, მარჯვნივ - ფერწერის, მუსიკისა და არქიტექტურის. სასახლის მთავარი კორპუსის ცენტრალური ფრონტონი შემკულია ინგლისის გერბით, რომლის თავზეც დგას ნეპტუნის, ვაჭრობისა და ზღვაოსნობის ღვთაებათა ფიგურები. ხოლო ფრიზის ბარელიეფზე გამოსახული ინგლისური ვარდი, შოტლანდიური ნარშავი და ირლანდიური სამყურა სამი გაერთიანებული სამეფოს სიმბოლოა.

ბუკინგემის სასახლის შიდა მოწყობა მართლაც მეფურია. სასახლეში 775 ოთახია, მათგან 19 სახელმწიფო ოთახია, 52 - სამეფო და მონარქთა სტუმრების, 188 - პერსონალის, 92 - ოფისების, 72 კი აბაზანა. შესასვლელს ანუ ვესტიბიულს კარარის თეთრი მარმარილოს 44 სვეტი მიუყვება, რომელთა კაპიტელი და ბაზა ოქროთია მოვარაყებული. უშუალოდ ვესტიბიულის კარიდან იწყება ქანდაკებების გალერეაც, სადაც სამეფო ოჯახის წევრებისა და გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეების ბიუსტებია. დედოფლის კოლექციაში რემბრანდტის, რუბენსისა და სხვა უდიდეს მხატვართა ტილოების გარდა, შედის სევრის ფაიფური, ფრანგული და ინგლისური ავეჯი. სასახლეში არის საცურაო აუზი, ფოსტა და საკუთარი კინოთეატრი. აგვისტოსა და სექტემბერში, როცა დედოფალი ბუკინგემის სასახლეს ტოვებს, სადარბაზო პალატები დამთვალიერებლებისთვის იხსნება.

კერძო სამეფო პალატები სასახლის ჩრდილოეთ ნაწილშია, საპარადო დარბაზებს კი მთავარი კორპუსი უჭირავს, რომლის ფასადი სენტ-ჯეიმსის სასახლისკენაა მიქცეული. სასახლის შენობებს 3 ჰა უჭირავს, მას ეკვრის 17 ჰა კერძო სამეფო ბაღი, რომლის ტერიტორიაზეც არის მომცრო ტბა პატარა კუნძულებით, ხელოვნური ჩანჩქერები და დედოფალ ვიქტორიას მეუღლის, პრინც ალბერტის გეგმის მიხედვით აგებული პავილიონი. ამჟამად ბაღში ბინადრობენ ულამაზესი ვარდისფერი ფლამინგოებიც, რომელთა მყუდროებას ვერც რეზიდენციის უამრავი დამთვალიერებელი არღვევს და ვერც ბაღის თავზე მოტრიალე სამეფო ვერტმფრენები.

ოფიციალური ცერემონიების, ბანკეტებისა და მიღებებისთვის განკუთვნილი საპარადო დარბაზები მიყოლებით არის განლაგებული. მათგან ცენტრალურია "მწვანე სასტუმრო ოთახი", რომელიც ერთ დროს დედოფალ შარლოტას სალონი გახლდათ, შემდეგ კი მოსაცდელი დარბაზი, რომელშიც მონარქთან შესვლის წინ დელეგაციები იყრიდნენ თავს. "მწვანე სასტუმრო ოთახს" მოსდევს სატახტო დარბაზი, რომლის გავლით დამთვალიერებლები სურათების გალერეაში ხვდებიან. ეს სასახლის ყველაზე დიდი დარბაზია - სიგრძე 50, სიგანით კი 8 მეტრი. 1914 წელს გალერეის სახურავს რეკონსტრუქცია გაუკეთდა - დაემატა ჭერიდან განათების სისტემა, განახლდა ინტერიერი. ოთხი ბუხრისთვის თეთრი მარმარილოსგან გენიალურ ხელოვანთა ბარელიეფები გამოაქანდაკეს - ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, ალბრეხტ დიურერისა და ანტონის ვან დეიკის პორტრეტები პროფილში.

დამთვალიერებლებისთვის ასევე ღიაა ბუკინგემის სასახლის საპარადო სასადილო, რომელიც რამდენიმე საპარადო პორტრეტითაა დამშვენებული. წითელი ხისგან დამზადებულ სასადილოს გრძელ მაგიდასთან 600 კაცი ეტევა. სასადილოს ცენტრში, ბუხრის თავზე დაკიდებულია მეფე ჯორჯ IV-ის უზარმაზარი, თითქმის 3 მეტრი სიმაღლის საზეიმო პორტრეტი, სადაც ის საკორონაციო სამოსითაა გამოსახული. პორტრეტის აქეთ-იქით მისი მშობლების - მეფე ჯორჯ III-ისა და დედოფალ შარლოტას პორტრეტებია. სასახლეში დამთვალიერებლებისთვის სულ ბოლოს გაიხსნა "თეთრი სასტუმრო ოთახი". ოთახში თეთრით და ოქროსფრითაა გაწყობილი არქიტექტურული დეტალები, ავეჯი, შანდლები და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი",#47