"სი­მარ­თ­ლის თქმა მიყ­ვარს... ეს ბევრს არ მოს­წონს. რა ვქნა, ასე­თი კა­ცი ვარ... რო­ცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ" - კვირის პალიტრა

"სი­მარ­თ­ლის თქმა მიყ­ვარს... ეს ბევრს არ მოს­წონს. რა ვქნა, ასე­თი კა­ცი ვარ... რო­ცა ძა­ლი­ან მი­ჭირს, მა­ში­ნაც ვმუ­შა­ობ"

ბიძინა კვერნაძეს მისთვის ხუმრობით ამინდის პროგნოზის კომპოზიტორი დაურქმევია... აბა, რა ხარ ასეთი სიმღერების ავტორიო: "ისევ წვიმს", "თოვლი, თოვლი, მდუმარება"... თანაც, მზე ხომ შენი მეგობარიაო...

მზე მართლაც მისი მეგობარია, რადგან ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებებში ყოველთვის არის სინათლე, სითბო - მუსიკის სულის შემძვრელი სხივები...

ზამთრის სუსხიან დღეს, აივნის ფანჯრებს მზის სხივები ანათებს. კომპოზიტორი კარგ განწყობაზეა, ხალისით მხვდება. გათბობაც არ ჩამირთავს, მზე ხომ ჩემი მეგობარიაო, - ამბობს ღიმილით. ვიწყებ ამბის მოსმენას, რომელიც სწორედ მისი მზის ამოსვლიდან - მისი გარიჟრაჟიდან იწყება...

- მახსოვს, პატარაობისას, დედულეთში ვიყავი, გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში... გავიღვიძე... გარეთ გამოვედი ფეხშიშველი და ეკალი შემესო. მაინც ფეხშიშველს მიყვარდა სირბილი... გურიაში ხშირად მიწევდა ყოფნა. ახლა რომ ვფიქრობ, ბავშვი აუცილებლად უნდა გაუშვა სოფელში, რომ ნახოს მთები, მდინარეები... ახლაც მახსოვს, როგორ დავდიოდით მდინარეზე, ღორჯოებს ვიჭერდით. საჭმელი ბევრი არაფერი გვქონდა: ჭადი, ყველი, კიტრი, პამიდორი და ბევრი ხილი!

თბილისში, მარჯანიშვილის 49 ნომერში ვცხოვრობდი, ეგრეთ წოდებულ კირიჩნიზე...

ომი რომ დაიწყო, ჩვენი მამები, ბიძები ფრონტზე წავიდნენ. ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდით. დედა ერთ ნატეხ შაქარს მომცემდა, მე კი შუაზე გავყოფდი. ჭამე, ნუ დარდობ, კიდევ გვექნებაო, მეუბნებოდა. მე კი მეშინოდა, ხვალ რომ ვეღარ ვიშოვოთ-მეთქი...

1945 წელს ჩემმა მეზობელმა, რომელიც VI სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, შემომთავაზა, ვიოლინოზე მესწავლა, რადგან ფორტეპიანო ჩვენ არ გვქონდა. უარი ვუთხარი. მაშინ მამაზე არაფერი ვიცოდი, დაკარგული იყო. ისეთი მძიმე განწყობა გვქონდა ოჯახში, რომ მუსიკაზე ნამდვილად ვერ ვივლიდი!

1946 წლის 13 იანვარია. დედა მუშაობდა, მე დეიდასთან ვიყავი ჭავჭავაძეზე. ერთად უნდა შევხვედროდით ახალ წელს. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა ოლღა ჩხარტიშვილი-კილაძისა, რომელიც დედაჩემის დეიდა იყო. სწორედ მან წაიყვანა დედა ქუთაისში და წმინდა ნინოს გიმნაზია დაამთავრებინა.

ვაჟა აზარაშვილი და ნათია აზარაშვილი

ჩვენთან, ეზოში მისულა მამას ბიძაშვილი გაიანე, ამბავი მაქვს შალიკოსგანო. დაეხვივნენ ნათესავები, რა ამბავიო. წერილი შინ დავტოვე, საღამოს მოვალ და მოვიტანო. საღამოს მოვიდა. ყველა შეიყარა, სად არის წერილიო... წერილი არა და შალვა არის ჩემთან შინო. დედამ იფიქრა, ან ხელი არა აქვს, ან ფეხიო... ყველა დავიძარით ფიროსმანის ქუჩისკენ, გაიანეს სახლისკენ. რომ ამიტყდა ტირილი, ვერ გავჩერდი. თურმე მამა იმიტომ არ მოვიდა შინ, რომ იფიქრა, იქნებ გათხოვდა ჩემი მეუღლე, უხერხულ დღეში არ ჩავაგდოო...

მისი ტანჯვა ამით არ დასრულებულა. კარგა ხანს აკითხავდნენ ღამით და მიჰყავდათ დაკითხვაზე... არასაიმედოდ ითვლებოდა. მაშინ ბოლომდე არც მესმოდა, რა ხდებოდა.

მუსიკის ნიჭი რომ მქონოდა, ამისი დიდი ალბათობა იყო. ჩვენი ოჯახი გამოირჩეოდა ამ ნიჭით. მამაჩემი კონსერვატორიაში სწავლობდა, კარგი ბასბარიტონი ჰქონდა... დედის მხრიდან ბიძა ქართული ხალხური სიმღერების გუნდში მღეროდა, ბაბუა ჩონგურზე უკრავდა.

მეორე წელს წავედი მუსიკალურ სკოლაში. მეც დამცინოდნენ სკრიპაჩ-ტრიპაჩო... მაგრამ გულთან დიდად არ მიმქონდა.

IV კლასში ვიყავი, პირველად რომ ჩამოყალიბდა სიმებიანი საკრავების გაერთიანებული სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა ორკესტრი. იქ ჩემი პარტია მქონდა. პოლიფონია რომ მოვისმინე, ძალიან მომეწონა. მაშინ გადავწყვიტე, რომ არასოდეს მივატოვებდი მუსიკას.

თავიდან სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მერე მუსიკაში რომ დავიწყე სერიოზულად მეცადინეობა, სხვა საგნებს თავი მივანებე. განსაკუთრებით მათემატიკას არ ვსწავლობდი. დირექტორი იყო ალიოშა ცინცაძე. ის ამბობდა, დაანებეთ ამ კაცს თავი, არ უნდა ეს თქვენი მათემატიკაო... მერე, როცა ჩემი ფირფიტა გამოვიდა, ვაჩუქე წარწერით - ლეგენდარულ ადამიანს-მეთქი!

ვაჟა აზარაშვილი (პირველ რიგში მარცხნიდან პირველი) კლასელებთან ერთად. 1949 წ.

ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ერთ წელიწადს მეორე ცვლაში ვიყავი, სკოლაში შუადღისას მივდიოდი. მახსოვს, ფეხბურთის მატჩი იყო. როგორ გინდა, არ წახვიდე! არადა, გაკვეთილებიდან ვინ გამიშვებდა... მეგობარმა მასწავლა, შუბლი დაიზილე მაგრად, გაგიხურდება, მერე მასწავლებელს უთხარი, რომ სიცხე გაქვს და გაგიშვებენო. მართლაც ასე მოვიქეცი და გამიშვეს. მეორედ დახურული კონცერტი მქონდა, არადა ისევ ფეხბურთის მატჩი იყო. ავდექი და გავაცდინე კონცერტი.

ფეხბურთი ჩემი დიდი გატაცება იყო. ერთი ცოდვა უნდა გაგიმხილოთ ამასთან დაკავშირებით. ერთხელ მამიდამ წამიყვანა წითელწყაროში. ბიბლიოთეკაში ვნახე ჟურნალი "სოვეტსკი სპორტი". სოლოვიოვის კარგი შარჟი იყო დაბეჭდილი. სად ვიშოვე "ბრიტვა", არ ვიცი, ამოვჭერი ეს შარჟი, სიჩქარეში ხელიც გავიჭერი და ის ჟურნალი სისხლით დავსვარე. ასე რომ, ახლა ჩემი სისხლი ინახება ალბათ იმ ჟურნალთან ერთად. "დინამოზე" სიმღერა ტყუილად კი არ დავწერე... ვმეგობრობ ბევრ ფეხბურთელთან...

მუსიკის სწავლა ტექნიკუმში განვაგრძე. მე და ნუგზარ ვაწაძე შევედით დირექტორთან - ქსენია ჯიქიასთან. ვუთხარით, მუსიკას ვწერთ-მეთქი. ყურადღება მოგვაქცია, მოიწვია ალექსანდრე შავერზაშვილი. დიდად არ გვაქებდა. თუ გვეტყოდა, ცუდი არ არისო, ვიცოდით, რომ კარგი იყო. ერთ დღესაც, მესამე კურსზე, გამოგვიცხადა, კონცერტი უნდა გამართოთ კონსერვატორიის დიდ დარბაზშიო. გაგვიკვირდა... წარმატებით ჩაიარა ამ კონცერტმა. ბისზე გაიმეორეს "რა კარგი ხარ, რა კარგი".

მეორე კურსზე ვიყავი, როცა კომპოზიტორთა კავშირში გამოცხადდა დახურული კონკურსი რომანსებში. წარვადგინე "მადლი შენს გამჩენს", "მძინარე ქალი" და "ღამე მთაში".

V კურსზე სადიპლომო ნამუშევარი რომ უნდა შესრულებულიყო, დმიტრი შოსტაკოვიჩი დაესწრო მოსმენას. მისი რეკომენდაციით ასპირანტურაში ჩავაბარე... იონა ტუსკიას კლასში ვიყავი.

13 რიცხვი ძალიან ბედნიერია ჩემთვის. 1936 წლის 13 ივლისს დავიბადე. ჩემი ქალიშვილი 13 ივნისს დაიბადა. 1971 წელს 13 მაისს ელდარ ისაკაძემ რომ დაუკრა ჩემი ჩელოს კონცერტი, მაშინ დაიწყო ჩემი შემოქმედებითი აღმავლობა. ესწრებოდნენ დმიტრი შოსტაკოვიჩი, არამ ხაჩატურიანი, სულხან ცინცაძე, ოთარ თაქთაქიშვილი... ჩვენებმა რომ "არარატს" მოუგეს 1976 წელს, დავწერე "დინამო". 13 მაისს, 1981 წელს დიუსელდორფში ევროპის თასი მოვიპოვეთ. ამ სიმღერას მღეროდა მთელი საქართველო.

მორის ფოცხიშვილისა და პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსებზე ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი. მორისთან რომ დავუკრავდი, მეორე დაკვრისას უკვე მოძებნილი ჰქონდა ტექსტი სიმღერისთვის. პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი უფრო ბევრჯერ მაკვრევინებდა: იუზგარ, ერთხელაც დაუკარი, რა! - მეტყოდა...

ორივე დიდოსტატი იყო!

ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი სიმღერებზე... ძალიან მჭირდებოდა მატერიალური სახსრები და გადავწყვიტე დამეწერა სიმღერა საქართველოს ავტოინსპექციაზე. ტექსტისთვის პეტრეს მივაკითხე.

- ბიჭო, მთელი ცხოვრება მაგათ ვაგინებ და ახლა სიმღერის ტექსტი როგორ დავწეროო... რაღაცნაირად დაწერა მანაც და მეც... მივიღეთ პრემია. როცა თავისი ნაწილი მივუტანე, დავაყოლე, ახლა ხომ კარგია გაი-მეთქი. ხომ უნდა გვეცხოვრა, რა გვექნა.

მახსოვს, დეიდაჩემი ებრაელების უბანში რომ ცხოვრობდა, როგორ ჩამოივლიდნენ კინტოები... ეზოში როგორ ჩამოივლიდა მეარღნე. ამ შთაბეჭდილებით დავწერე "კინტო", "არღანი", "ისანი"...

ვაჟა აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტის წევრებს შორის

"ბანტიანი გიტარა" იცით როგორ დავწერე? მოსკოვში იყო კამერული მუსიკის კონცერტი, სამი ავტორი ვიყავით საქართველოდან. სრულდებოდა ცინცაძის "პრელუდიები", რომლებსაც ნატალია შახოვსკაია ასრულდებდა, სულხან ნასიძის "მესამე კვარტეტი" და ჩემი ვოკალური ციკლი შოთა ნიშნიანიძის ლექსებზე. ასრულებდნენ თამაზ ლაფერაშვილი და მედეა ფანიაშვილი.

კონცერტის შემდეგ შახოვსკაიამ ყველანი თავისთან დაგვპატიჟა. იქვე ცხოვრობდა, სადაც კომპოზიტორთა კავშირის დარბაზი იყო. არაჩვეულებრივი საღამო იყო. მედეამ დაუკრა პაროდიები, მეც ვხუმრობდი, სხვებიც... ჩვენმა კვარტეტმა ინსტრუმენტები აიღო და ოთარ ჩუბინიშვილმა ჩელო დაუკრა, როგორც გიტარა... წლები რომ გავიდა, ეს გამახსენდა და დავწერე "ბანტიანი გიტარა".

1969 წელს მუსიკალური კომედიის თეატრში დაიდგა ჩემი ოპერეტა "მეცხრე ტალღა". ცოტა ლიბრეტო იყო სუსტი - რევოლუციაზე, მაგრამ მუსიკა იმდენად მოეწონა მოსკოვის ოპერეტის თეატრის მთავარ რეჟისორს, მაინც წაიღეს გასტროლებზე. სწორედ მაშინ მოხდა ასეთი რამ: მე და მსახიობი ნოდარ პიპინაშვილი, გოგა პიპინაშვილის მამა, წავედით ბიძამისთან ევპატორიაში, წითელი "ზაპოროჟეცით". წავიღეთ ღვინო... კიდევ ერთი ამხანაგი გვახლდა. გაჩნდა ქოლერა, აბა, ბიჭებო, ვიდრე კარანტინი დაიწყება, გავასწროთ-მეთქი... წამოვედით. მოვდივართ რამდენიმე დღე. ჩვენი მასპინძლის ნამღერი ქალაქური სიმღერები სულ ყურში მაქვს. დავწერე მელოდია ამ განწყობით... ჩამოვედით თბილისში.

(მარცხნიდან) შოთა მილორავა, გოგი ცაბაძე, ალექსანდრე შავერზაშვილი და ვაჟა აზარაშვილი. ბორჯომი, კომპოზიტორთა სახლი, 1986 წ.

ამ დროს "ორერა" ახალ პროგრამას ამზადებდა. ამ მელოდიით წავედით პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკისთან შინ მე, ნანი ბრეგვაძე და რობერტ ბარძიმაშვილი. ცოტა აღმოსავლური სიმღერა იქნება და მოდი, სუჟეტი ასე მოვიფიქროთო: ვითომ ნანი აზერბაიჯანელი გოგოა და ქართველი ბიჭები უმღერიანო... ასე, მანქანაში დაწერილი გახლავთ "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება".

ძალიან გამიმართლა შემსრულებლებში. ნანი ბრეგვაძე ჩემი კურსელი იყო. ის ფორტეპიანოზე სწავლობდა. ძალიან მეგობრული და თავმდაბალი იყო ყოველთვის. როგორი პოპულარული ქალია და რა თავდაჭერილი და უბრალოა... მისთვის ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე.

ერთი სიმღერაც მინდა ვახსენო, რომელსაც ვმალავდი... 1984 წელს გრიშა ქსოვრელმა მთხოვა დამეწერა სიმღერა მისი ანსამბლისთვის. დავწერე "ქსოვრელები მღერიან". ეს სიმღერა არც ერთ ალბომში არ შემიტანია, ვფიქრობდი, არ ღირდა ამად... თურმე სულ ტყუილად! ხალხმა ძალიან შეიყვარა...

ლხინი და დროსტარება არ დამიკლია. მაგრამ მქონდა ორი პუნქტი: ყოველდღე 9-დან 2 საათამდე ვმუშაობდი. მერე, თუ ლექცია არ მქონდა, გადავდიოდი მეორე პუნქტზე - მეგობრებთან ქეიფზე... რომ შემხვდებოდნენ ბიჭები, ვკითხავდი: აბა, რომელ პუნქტზე ხართ-მეთქი. მეორეზეო, თუ მეტყოდნენ დილიდან, ვეუბნებოდი, ეგრე არ შეიძლება, ჯერ პირველი პუნქტი უნდა შეასრულოთ-მეთქი.

ძალიან დავიტვირთე ის 11 წელი, როცა ვიყავი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. მაინც ვახერხებდი წერას, მუშაობას. რაღაც ორგანიზებული კაცი ვარ. რადიოში სულ უკვირდათ, როგორი მოწესრიგებული მქონდა კატალოგი: ვინ ასრულებს, რამდენი წუთი მიდის ჩემი ნაწარმოები...

გემახსოვრებათ, მქონდა გახმაურებული კონფლიქტი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის გამო. მე სიმართლის თქმა მიყვარს... ეს ბევრს არ მოსწონს. რა ვქნა. ვიცი ხოლმე თქმა, ონკანში წყალი მოდის და დალიონ-მეთქი.

ასეთი კაცი ვარ. როცა ძალიან მიჭირს, მაშინაც ვმუშაობ. მამა 56 წლისა გარდაიცვალა. მაშინ დავწერე "ჩელოს კონცერტი"... დატირებაა ისეთი, ახლაც რომ მოვუსმინო ელდარ ისაკაძის შესრულებულს, ცრემლი წამომივა. ხშირად მახსენდება დედა... ერთხელ ბათუმში მივდიოდით. გზად ჩემს დისკებს ვუსმენდით. სწორედ დედაჩემის სოფელს რომ მივუახლოვდით, მაშინ დაიწყო ჩემი სიმღერა "დედაზე". თითქოს საგანგებოდ... გადავირიე კაცი!

ცხოვრება საოცარი რამ არის. ხან გგონია, ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაწერე და... არაფერი... ზოგჯერ კი სულ რომ არ ფიქრობ, უცებ პოპულარული ხდება სიმღერა. გააჩნია, ვის ჩაუვარდება ხელში და როგორი არანჟირებაა...

წლები კი გადის. ჩემი საქმე მიყვარდა და ახლაც მიყვარს. გაიხედავ და გაგიკვირდება, ამდენი წელი როგორ გავიდა, როგორ გამეპარაო... სულ ვმუშაობდი, საქმეს ვაკეთებდი! ასე გავიდა დრო, გავხდი ბაბუა... ახლა ჩემს ქალიშვილს ორი შვილი ჰყავს... შვილიშვილებს შევხარი...

ლელა ჯიყაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#47