უდიდესი სამდინარო კატასტროფა ისტორიაში - კვირის პალიტრა

უდიდესი სამდინარო კატასტროფა ისტორიაში

მისისიპის ტრაგედიაში 1700-ზე მეტი ახალგათავისუფლებული ტყვე დაიღუპა

სამდინარო ბორბლიანი ხის გემი "სულტანა" (Sultána) 1865 წლის 27 აპრილს მემფისის ახლოს, მდინარე მისისიპიზე, ორთქლის ქვაბის აფეთქების გამო ჩაიძირა. გემს გადაჰყავდა სამხრეთელთა ტყვეობიდან გათავისუფლებული ჩრდილოელთა ჯარისკაცები. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 1653 ადამიანი, 70-ზე მეტი მიღებული ტრავმებისგან მოგვიანებით გარდაიცვალა და შესაბამისად, მსხვერპლმა 1700-ს გადააჭარბა. გადარჩა 741. დაღუპულთა რაოდენობით, ეს კატასტროფა ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა მთელი XIX საუკუნის განმავლობაში, ხოლო სამდინარო ტრანსპორტისთვის დღემდე ინარჩუნებს სამწუხარო რეკორდს მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით.

XIX საუკუნეში ცინცინატიში აგებული თბომავალი "სულტანა" აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესი გემი იყო. მისი წყალწყვა 1719 ტონას აღწევდა, ჰქონდა სამი გემბანი და გათვლილი იყო კაიუტებში 276 და გემბანით 400 მგზავრის გადაყვანაზე. ავითარებდა მაქსიმალურ 23 კმ/სთ სიჩქარეს და ეკიპაჟის 80 წევრი ემსახურებოდა. გემი რეგულარულად ასრულებდა სამგზავრო რეისებს ახალ ორლეანსა და სენტ-ლუისს შორის.

აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს (1861-1865) ბევრი გემი განადგურდა ან დაზიანდა და მისისიპიზე სამგზავრო რეისებს, "სულტანას" გარდა, კიდევ მხოლოდ ორი გემი ემსახურებოდა. ომი 1865 წლის აპრილში დასრულდა და გენერალ ულის გრანტის შტაბში გადაწყვიტეს, სამხრეთელი კონფედერატების ხელთ ჩავარდნილი ჩრდილოელი სამხედრო ტყვეები შინ გაებრუნებინათ. გემის კაიუტებში 70-მდე მგზავრი იმყოფებოდა, როცა კაპიტან ჯეიმს მეისონს უბრძანეს, ბორტზე 2239 გათავის

ლებული ტყვე მიეღო. შედეგად, გამგზავრების წინ გემზე, ეკიპაჟისა და მგზავრების ჩათვლით სულ 2394 ადამიანი აღმოჩნდა _ ანუ გათვლილზე 3,5-ჯერ მეტი.

გემმა მემფისს 26 აპრილს მიაღწია. გზაზე ორთქლის ქვაბებს ხშირად სჭირდებოდა ქვიშისა და თიხისგან გაწმენდა, რაც მათში გროვდებოდა მდინარის ჭუჭყიანი წყლის გამოყენების გამო. გემზე საწვავი და საკვები დაამატეს და მან შუაღამისას გზა განაგრძო. ვახტზე თავად კაპიტანი დადგა, რადგან ბნელ ღამეში პატარა კუნძულების გვერდით სახიფათო ადგილები იყო გასავლელი. 2:40 საათზე მარჯვენა ქვაბი აფეთქდა და გემბანები ჩამოიქცა. ერთ-ერთი მილი მდინარეში გადავარდა, მეორე კი მძინარე ადამიანებით სავსე ცხვირის გემბანს დაეცა. მეორე ქვაბი და ორთქლის მანქანა არ დაზიანებულა და უკვე ცეცხლმოდებული გემი ცურვას აგრძელებდა. თანდათან ხის გემს ცეცხლი მთლიანად მოედო. წყლის ზედაპირზე გემმა დაახლოებით 1 საათს გაძლო, არადა, ამ ადგილას მისისიპის სიგანე 5 კმ იყო.

კატასტროფამდე ნახევარი საათით ადრე "სულტანამ" გვერდით ჩაუარა ჯავშნოსან გემ "ესექსს". აფეთქების ხმის გაგონებისთანავე ჯავშნოსანმა დასახმარებლად კანჯოები ჩაუშვა. ისინი ცეცხლწაკიდებულ გემს მიუახლოვდნენ და ადამიანთა გადარჩენა დაიწყეს. მთელ ამ ჯოჯოხეთს ისიც დაემატა, რომ სანაპიროზე არსებულმა ფორტმა "პიკირინგმა", სანამ გაარკვევდნენ, რა ხდებოდა, მათ ცეცხლიც გაუხსნა! საბოლოოდ, კანჯოებით ხალხის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. მეზღვაურთა თქმით, მეტი ნაწილი მაინც სიცივისგან დაიღუპა..

უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, "სულტანას" ამბავი ფართოდ არ გახმაურებულა. ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დასასრულმა და პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობამ გადაფარა.

მომზადებულია North and South Magazine-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#97