ტაო-კლარჯეთის საცხოვრებელი ნაგებობები - კვირის პალიტრა

ტაო-კლარჯეთის საცხოვრებელი ნაგებობები

ქართულ ეთნოლოგიაში დასახლებასთან, საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობების შესწავლასთან დაკავშირებით მრავალი კვლევაა ჩატარებული.

რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩენილ კუთხეებს, აქ ყოველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია, ყოველი ახალი მასალა ყოფისა და კულტურის სფეროდან გამორჩეულად საინტერესოა. განსაკუთრებით ეს ითქმის ე.წ. "თურქეთის საქართველოზე~ - ტაოზე, კლარჯეთზე, შავშეთ-იმერხევზე, ნიგალზე, თორთუმზე და სხვ. ამ ისტორიულ მხარეებს დღეს ხშირად ერთი - ტაო-კლარჯეთის ცნების ქვეშ აერთიანებენ. მეტიც, კოლა-არტაანი და მასში შემავალი კუთხეები, ერუშეთი, ჩრდილ-პალაკაციო და სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულებიც მასში შეჰყავთ.

სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ერთიანი სურათი

კლარჯეთში ქართული მოსახლეობა რეალურად, მდინარე ჭოროხის ქვემო წელითა და მისი შენაკადით - იმერხევისწყლით წარმოგვიდგება. კიდევ უფრო შემცირებულია ქართული წარმოშობის მოსახლეობისა და განსაკუთრებით, ქართულ იდენტობაშენარჩუნებულ ტაოელთა განსახლების არეალი და მათი რიცხვი. არსებითად, მათი განსახლება ამოიწურება ჭოროხის შენაკადის - პარხლისწყლის ხეობით და მისი ადმინისტრაციული ცენტრით - იუსუფელით, ყოფილი ვეჟანეთით. პარხლისწყლის ხეობაში ეთნიკური ქართველები სამ თემში არიან განსახლებული. ესენია ქობაი, ხევაი და ბალხი. ზემო და ქვემო პარხლისწყლის ხეობის სხვა დასახლებებში მათ ერთი მხრივ, თურქული წარმოშობის ხალხიც ერევა, მეორე მხრივ, აქაური ქართველების ერთ ნაწილში ქართული ცნობიერება იმითღა გამოიხატება, რომ მხოლოდ იციან თავიანთი ქართული წარმომავლობის შესახებ.

ამ მხარის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის შესწავლისას საინტერესო სურათს იძლევა ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის ტრადიციული საცხოვრებლისა და სამეურნეო ნაგებობათა გაცნობა. ეთნოლოგიურ მეცნიერებაში ჯერ კიდევ წლების წინ იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ "აჭარულ, შავშურ-იმერხეულ, ლაზურ საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, გამოიკვეთოს ერთიანი სურათი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ხის დამუშავების ისტორიაში" (ეთნოლოგი ნოდარ კახიძე). დავამატებთ, რომ არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ საზოგადოდ, იკვეთება ერთი, გენეტიკური მაგისტრალური ხაზი ამ მხარის საცხოვრისის ფორმირება-განვითარების მიმართულებით.

ტაო-კლარჯეთისა და აჭარის ნაგებობანი

ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წინასწარმეტყველურად გამოთქვამდა აზრს ტაო-კლარჯეთისა და აჭარის საცხოვრებელ ნაგებობათა იდენტურ ტიპებზე. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ მთლად იდენტურობა ცოტა გადამეტებულია, მაგრამ იკვეთება ერთი ძირითადი ტიპი ცალკეული ვარიაციითა და კონკრეტული არქიტექტურული ელემენტებით. იგულისხმება როგორც გარეგნული მხარე, ისე შიდა სტრუქტურული დაგეგმარება.

ამავე დროს, კიდევ ერთხელ დასტურდება ზაქარია ჭიჭინაძის დასკვნა, რომ საცხოვრისის განვითარების მხრივ ქართველი მაჰმადიანები ბევრად უფრო მაღლა დგანან, თვით ნამდვილ ოსმალებზეც კი. ამის დასტურია ის, რომ ეთნიკურმა თურქებმა გადაიღეს ასეთი საცხოვრებლები და არა მხოლოდ ტაო-კლარჯეთში. მატერიალური კულტურის ეს ელემენტი აჭარიდან და ჭოროხის ხეობის ქვემო წელიდან 1877-1878 წლებში, თურქეთის შიდა რეგიონებში მუჰაჯირებად წასულმა მოსახლეობამ შეიტანა იქაურ დამხვდურ მოსახლეობაში. სწორედ ასეთი სურათი დასტურდება სამხრეთ შავი ზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვის სანაპირო რეგიონშიც.

ქვითკირისა და ხის მასალის მონაცვლეობა

ეთნოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ტაო-კლარჯეთში საცხოვრებლის ტიპი საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული ელემენტებით გამოირჩევა. შავშეთ-იმერხევში ნაგებობანი უმეტესად ხის კონსტრუქციისაა. კლარჯეთის დანარჩენ ნაწილში, განსაკუთრებით ნიგალში უმეტესად კომბინირებული ხასიათი აქვს - ქვითკირი (ზოგჯერ აგურიც) და ხემასალა ერთად არის გამოყენებული. აქ აშკარად იკვეთება ლაზური საცხოვრებლის გავლენა. ასეთი ტიპის სახლები სამეცნიერო ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ ყოფაშიც სხვადასხვა სახელით არის ცნობილი: დოლმიანი/ტოლმიანი სახლი, ჩალანგარიანი სახლი, ფახვერკი, ჩაკატურა, კადამა სახლი.

დაახლოებით მსგავსი სურათი იკვეთება ტაოში. პარხლისწყლისა და მისი შენაკადების სანაპიროებზე განლაგებულ სოფლებში ქვითკირისა და ხის მასალის მონაცვლეობა უფრო თვალში საცემია.

ამ შემთხვევაში, პირველი სართული (პირველი ყათი), როგორც წესი, ქვითკირისაა, ხოლო ზედა სართული ხისა. ასეთი სურათი დასტურდება ხევაის თემში შემავალ სოფლებში. თუმცა გვხვდება ხის ნაგებობანიც. ამ შემთხვევაში პირველი სართული ძელური ანუ ჯარგვალულია, ხოლო მეორე და თუ არის მესამე სართულიც - ფიცრისა. ქობაისა და ბალხის თემებში შემავალ სოფლებში საშენ მასალად უკვე ქვითკირი დომინანტობს. ამის მიზეზი მთისთვის დამახასიათებელ გამკაცრებულ კლიმატურ პირობებში უნდა ვეძებოთ.

მთური დასახლებები

ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის სამეურნეო ყოფისთვის დამახასიათებელია მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის სიმბიოზური მეურნეობა, სადაც ეს ორი დარგი მჭიდროდ არის ურთიერთშეთანწყობილი. მესაქონლეობა ორივეგან, ზემოაღნიშნულ თემებში, ტრადიციულად მთაბარული იყო, რაც შემცირებული მასშტაბებით ახლაც გრძელდება. იმის გამო, რომ მაისი-სექტემბრის თვეებში საქონელი მთაში აჰყავდათ, ბუნებრივია ამან მოითხოვა საზაფხულო, მთური დასახლებები, რომელსაც ტაოში აგარებს უწოდებდნენ, სხვაგან იაილებს/იალაღებს.

აგარებში ანუ იაილებში, როგორც წესი, საზაფხულო ხის ნაგებობანია. მათზე თვალყურის გადევნება წარმოგვიდგენს იმ განვლილ გზას, რომელიც შავშურ-იმერხეულმა ტრადიციულმა ხის სახლმა, როგორც იმერხევში უწოდებენ, "შეშის სახლმა" გაიარა. მსგავსი გზა აქვს გავლილი აჭარაში არსებულ ტრადიციულ სახლებსაც.

როგორც ირკვევა, საცხოვრებელ ნაგებობათა ადრეულ ტიპს, აჭარის მსგავსად, წარმოადგენდა ერთსართულიანი, კუთხეებში ერთმანეთში ძელებჩაჭდევებული ჯარგვალური სახლი, რომელსაც ზირთული (ძირთული) ჯარგვალი ეწოდებოდა. მის საფუძველზე უნდა განვითარებულიყო ზედშედგმული ანუ ორსართულიანი ძელური ნაგებობანი. ამ შემთხვევაში, ცალკე მდგომმა საქონლის სადგომმა ანუ ახორმა ერთიან კომპლექსში, პირველ სართულზე გადმოინაცვლა. მეორე სართული კი ოჯახის სამყოფი სივრცეა. ასეთი სახლები შემორჩენილია ბაზგირეთის, ზაქიეთისა და სხვა იაილებში.

ხის (შეშის) სახლები

ამრიგად, ზედშედგმული ჯარგვალიდან განვითარდა იმერხეული (და აჭარული), ფიცრებით ნაშენები ხის სახლი, იმერხევში შეშის სახლად წოდებული. ასე განვითარდა შავშეთ-იმერხევში ბოლო დრომდე გავრცელებული, ვერტიკალურ განზომილებიანი, ორ- ან სამსართულიანი ხის სახლები. ისინი ზემო აჭარის საცხოვრებელ ნაგებობებს ჰგავს, ამავე დროს, დამოუკიდებელი, ორიგინალური კონსტრუქციული ელემენტებითაც ხასიათდება.

კერძოდ, იმერხეულ შეშის სახლში მეორე და ზოგ შემთხვევაში მესამე სართული საცხოვრებელ ფართობს უკავია. მთავარი კომპოზიციური ადგილი დღეს ე.წ. სალონს უჭირავს. ეს არის მისაღები ოთახი, რომელსაც აჭარაში მეიდან ოდა ჰქვია. მთელ სივრცეს შუაზე გასდევს დერეფნის სისტემა ანუ დეფანი. ოთახები კი მის აქეთ-იქითაა განლაგებული. მათ შორის საძინებელი ოდები უფროსი და ცოლიანი ვაჟებისთვის. ერთი ოთახი ე.წ. მუსაფირ ოდაა, ანუ სტუმრის ოთახი.

უნიკალური შემთხვევა გვაქვს სტუმრის ოთახთან დაკავშირებით აჭარულ სახლში. ეს არის სხვა სივრცეებისგან სრულიად იზოლირებული ოთახი, რომელსაც ცალკე შესასვლელი აქვს და ადრე ის არ იკეტებოდა. დაგვიანებულ სტუმარს, მგზავრს ისე შეეძლო აქ შესულიყო და მოესვენა, რომ ოჯახი არ შეეწუხებინა და მათ დილით შეხვედროდა. აქ მას მინიმალური გასამასპინძლებელიც ხვდებოდა. ყოფილა შემთხვევა, მოჩქარე სტუმარი ოჯახს არც შეხვედრია.

ტერმინი ოდა როგორც იმერხევში, ისე აჭარაში ოთახის აღმნიშვნელია. ეს ტერმინი მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს ხის არქიტექტურაში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობზე, XIX საუკუნეში ჩამოყალიბებული საცხოვრისის სახელად იქცა. იმერხეულ სახლში მეორე სართულზე განთავსებულია მუთუაღი ანუ სამზარეულო. ზოგჯერ აქვე ხდებოდა რძის პროდუქტების გადამუშავება.

ამ საქმისთვის აჭარულ სახლში არის ორიგინალური სივრცე, რომელიც გრილ მხარეს მდებარეობდა და მეტად ნიავდებოდა - სარძიე. აქ დიასახლისი სრული "ბატონ-პატრონი" იყო. რძის პროდუქტებს აქ ყოველდღიურად გადაამუშავებდნენ. მასში აუცილებლად იყო განთავსებული სადღვებელი ანუ ვარია, რომელიც დღეს ხშირ შემთხვევაში კაიმაღის, ერბო-კარაქის, აირანის ანუ დოს მისაღებმა სეპარატორმა შეცვალა.

იმერხეული სახლი. ტანტრაბა

ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, რომ იმერხევის ზოგ სოფელში (დიობანი, ქოქლიეთი) სამზარეულოს დანიშნულების ოთახს მარანი ერქვა. შესაძლებელია, ეს იყოს გამოძახილი ერთ დროს კლარჯეთში განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობისა, რაც ვაზის ჯიშების მიხედვითაც დასტურდება. ღვინოს ამჟამად ცხადია, არ აყენებენ, თუმცა ვაზი თითქმის ყველა კარ-მიდამოშია (ასევეა მუჰაჯირთა შთამომავლების ეზოებში) და ხილის დანიშნულება აქვს. შერბეთსაც თითქმის არ ამზადებენ, ხოლო ბექმეზს მხოლოდ სხვადასხვა სახის ხილისგან წურავენ სპეციალურ მოწყობილობაში და იქვე, ღია კერაზე ადუღებენ.

იმერხეული სახლის აივანი თავისი გაფორმებით, სწორედ ის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია, რომლითაც აქაურ საცხოვრისს გამოარჩევ თუნდაც საქართველოს სხვა კუთხეების სახლებისგან. და არა მხოლოდ აქ, არამედ, მუჰაჯირთა სოფლებში მსგავსი ელემენტით შეიძლება დაასკვნა, რომ მათი წინაპრები იმერხევიდან წამოსულან. იმერხევში მას ტანტრაბას უწოდებენ, ბევრგან სახლს მთელ სიგრძეზე გაჰყვება და სიგანეზეც ვრცელდება.

ტანტრაბას იმერხეულ სახლში აქვს როგორც მოსასვენებელი ფუნქცია, ასევე სამეურნეო დანიშნულებაც. აივანი, როგორც წესი, შემოზღუდულია შალამფორით. იმერხეული შალამფორი ცერად გადაჯვარედინებული სუფთად დამუშავებულ-დაკუთხული ლარტყებისგან არის შეკრული. მრგვლად გამოხარატებული რიკულები თითქმის არ გვხვდება, ისევე როგორც ჭვირულად გამოჭრილი მოაჯირი. აგრეთვე ძალიან იშვიათად ვხვდებით ვერტიკალურად აღმართულ დაკუთხულ მოაჯირს.

იმერხეული სახლის კიდევ უფრო ორიგინალური ელემენტია ე.წ. ქოშქი/კოშკი. ეს არის აივანზე წინ წამოწეული არქიტექტურული ელემენტი, რომელსაც აქვს მოსასვენებელი სექვი/სკამლოგინი, "ჩაშენებული" ტახტი. სექვი ფართოდ გამოიყენება. ეს არის ოთახებში, კედლებზე მიჭედებული ან მყარად ჩასმული ერთგვარი განიერი ტახტები. ისინი არა მხოლოდ საწოლია, არამედ დღის განმავლობაში დასასვენებელიც. ფარდაგ- ან ხალიჩაგადაფარებულ სექზე ფეშხუმი ანუ მრგვალი, დაბალი ე.წ. სუფრა იდგმებოდა, სადაც ოჯახი ფეხმორთხმული სადილობდა.

ესთეტიკური გაფორმებით პარხლისწყლის ხეობის სახლები, ჩემი აზრით, შავშურ-იმერხეულ შეშის სახლებს ჩამოუვარდება. ნაკლებად ნატიფია, თუმცა მათში მეტი სიმკაცრე და სიძლიერე იგრძნობა. შთამბეჭდავ სურათს ქმნის ქობაის ორ- და სამსართულიანი ძველი, ასწლოვანი და ზოგჯერ უფრო მეტი ხნის ქვითკირის სახლები. თუმცა, ბოლო სართულის გაფორმებაში აუცილებელი ელემენტია ხის ფიცრებისგან შედგენილი სადა, მაგრამ მკაცრი, თითქოს "უწესრიგოდ" აგებული აივნები.

ეს რაც შეეხება გარეგნულ მხარეს და ასაგებ მასალას. საცხოვრებლის შიდა დაგეგმარება კი ტაოს საცხოვრებელ ნაგებობებში, როგორც ფუნქციური დაგეგმარების, ისე ოთახების განლაგების სისტემით, მსგავსებას ამჟღავნებს შავშურ-იმერხეულ, აჭარულ და ლაზურ საცხოვრისთან.

ტაოში ქვითკირის ინტენსიური გამოყენება ერთი მხრივ აქაური, უფრო მკაცრი კლიმატური პირობებით უნდა აიხსნას, მეორე მხრივ კი ხემასალის შედარებით ნაკლები ხელმისაწვდომობითა და ქვის სამტეხლო-კარიერების სიუხვით.

ორასწლიანი სახლები

ქობაის თემი ორი მეჰელეს, ანუ უბნის, არსებითად კი სოფლისგან შედგება - გაღმა და გამოღმა ქობაისგან. გამოღმა ქობაიში აღვნუსხეთ ორი უნიკალური, ორასწლიანი სახლი.

ერთი მათგანი, რომელიც სულიშვილებს ეკუთვნოდა, ფაქტობრივად, დაშლილი იყო და პირველი სართულის ფრაგმენტებიღა იყო შემორჩენილი ორი გამორჩეული ელემენტით: წარწერიანი და ორნამენტირებული ბუხრითა და მაღალი ოსტატობით შესრულებული შესასვლელი თაღით. ეს თაღი იმდენად შთამბეჭდავად და ნატიფად გამოიყურებოდა, რომ ეჭვის შეტანაც კი შეიძლებოდა საცხოვრებლისადმი მის კუთვნილებაში. გამოკითხვით დადგინდა, რომ ეს სახლი თავის დროზე სულიანთების ანუ სულიშვილების საკუთრება ყოფილა.

სოფლად ასეთი პატრონიმიული დაყოფა ან პატრონიმიულ სოფლებად დასახლება დამახასიათებელი იყო ტაოსთვის. გვარები ან ერთად, უბნებად ცხოვრობდნენ ერთ სოფელში (ქობაის შემთხვევაში), ან მცირე პატრონიმიულ სოფლებად ხევაის თემის მაგალითზე. ხევაის ეს სოფლებია (ანუ მაჰალეები, როგორც აქ უწოდებენ): ელიასხევი, ქორიეთი, ქონობანი, ბოსლეკარი, გოდღეკარი, დოლენჯეკარი, კრეეკარი, ჭელენკარი, ღოღენკარი, ვაჩეკარი, ჰამფენარი, ფიძნარხევი, ქელაზორი (ჭედლიანთკარი), დევსეკარი, სადღიკარი, ობლეკარი, იეთი...

დავუბრუნდეთ ქობაის სახლებს. აქ აღნუსხული მეორე, უნიკალური (როგორც მფლობელთა გამოკითხვით დადგინდა, ორსაუკუნე-ნახევრის) საცხოვრისი ქუჩუკ ფოირაზის დიდი ოჯახის სამკვიდროს წარმოადგენდა და ამჟამად ფატმა ქუჩუკ ფოირაზის საკუთრებაშია. იგი კირით (კილით) და კვადრებად დამუშავებული ქვით არის აგებული და შიგნიდან, ნაწილობრივ თიხის კონსისტენციით შელესილი. ამ ოჯახის ძველი, პატრონომიული გვარია ბექირიანი.

ქობაიში (გამოღმა ქობაი) ბექირიანების გვერდით ცხოვრობენ სულიაშვილები (დღევანდელი გვარი სოლოღლი), ყემბერიანები (სარიყაია), გულუანები (იშიქჩინ), მოლიანები (ერგუნ), დერვიშიანები, ლაღიჩიანები, ველიანები, ხოჯიანები, სოფიანები, ქობელიანები...

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის პროცესმა ქობაისაც დაატყო თავისი კვალი. ბოლო ოცი წელიწადია, ზამთარში აქ აღარ რჩებიან. უკეთეს შემთხვევაში, იზამთრებენ ქობაის ბარში: ჭალათში, მახათეთში, ფიქალთავში, აგრეთვე სარიგოლსა და იუსუფელში. ნაწილი კი საცხოვრებლად გადასულია ბურსაში, ინეგოლში, სტამბულში და ზაფხულობით აკითხავენ თავიანთ ტრადიციულ სამკვიდროს. ჩვენი მასპინძლისა და გამყოლის, ონურ სარიყაიას ოჯახიც ბურსაში ცხოვრობს, ხოლო თვითონ ონურმა, რომელიც სამაგალითო ქართული პატრიოტიზმით გამოირჩევა (ამავე დროს, თურქეთის რესპუბლიკის ღირსეული მოქალაქეა) დამოუკიდებლად შეისწავლა ქართული ენა და წერა-კითხვა.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

ნოდარ შოშიტაშვილი

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#98