ქართული ფალერისტიკის ისტორიიდან - კვირის პალიტრა

ქართული ფალერისტიკის ისტორიიდან

დასაწყისი იხილეთ

ნაწილი II

1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მოთავე - ალექსანდრე ორბელიანი ქართული სახელმწიფო ჯილდოების დაწესებას გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესებას გეგმავდა 1832 წლის მიწურულს გამჟღავნებული შეთქმულების ერთ-ერთი მოთავე ალექსანდრე ორბელიანი (1802-1869). მისი მოსაზრებით, საჭირო იყო საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსა და უდიდესი ქართველი მეფის, წმინდა დავით აღმაშენებლის ორდენების დაწესება...

წინამდებარე სტატიით "ისტორიანი" განაგრძობს სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებას თემაზე: "ქართული ფალერისტიკის ისტორიიდან". საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი დამხმარე დარგი - ფალერისტიკა ანუ ჯილდოთმცოდნეობა შეისწავლის ორდენებს, მედლებს და ასევე, ჯილდოდ გაცემულ საპატიო იარაღს - თანმხლები დოკუმენტებითურთ. ეროვნული ჯილდოთმცოდნეობის საკითხები მონოგრაფიულად გვაქვს შესწავლილი წიგნში "ქართული ფალერისტიკა" (თბ., 1995).

1800 წლის 18 დეკემბერს, მეფე გიორგი XII-ის (1746-1800) გარდაცვალებამდე ათიოდე დღით ადრე, იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა საიდუმლო მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ.

იმავე შინაარსის მანიფესტი 1801 წლის 12 სექტემბერს გამოსცა რუსეთის ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მაც. ამით რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია ქართველ მეფეთათვის დოკუმენტურად მიცემული პირობა ქართული სახელმწიფოსთვის ავტონომიური უფლებების შენარჩუნების შესახებ.

თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი არასდროს შეჰგუებია იარაღის ძალით თავსმოხვეულ რუსულ მმართველობას. ამას ნათელყოფს ის ანტიიმპერიული სახალხო აჯანყებანი, რომლებიც პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში.

XIX საუკუნის პირველ ოცწლეულში საქართველოში მომხდარ ანტიიმპერიულ სახალხო აჯანყებათა სისხლში ჩახშობის შემდეგ, ქართველი მამულიშვილები იძულებული გახდნენ, დროებით უარი ეთქვათ სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლის შეიარაღებულ ფორმაზე.

ქართველმა მამულიშვილებმა ბრძოლის ფარული, შენიღბული ფორმა აირჩიეს, რის ნათელ გამოხატულებასაც წარმოადგენდა 1832 წლის მიწურულს გამჟღავნებული შეთქმულება. მასში ჩაბმული აღმოჩნდა მთელი მოწინავე თავადაზნაურული ინტელიგენცია, რომელთა შორისაც იყვნენ: ალექსანდრე, გრიგოლ და ლუარსაბ ორბელიანები, გიორგი ქსნის ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე და სხვები.

შეთქმულების მონაწილეთა იდეური მიმართულება არაერთგვაროვანი გახლდათ. შეთქმულთა მემარჯვენე ნაწილის წარმმართველ ძალას თავადაზნაურობა წარმოადგენდა. მათი იდეოლოგია სოციალურ სფეროში არსებით ცვლილებებს არ ითვალისწინებდა. მემარცხენე ნაწილს კი, რომელსაც სოლომონ დოდაშვილი მეთავეობდა, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევა სურდა. ორივე ფრთის იდეების პროპაგანდა მიმდინარეობდა საიდუმლო შეკრებებზე, ლიტერატურულ სალონებში.

აღსანიშნავია, რომ რუსული საოკუპაციო მმართველობის წინააღმდეგ მოწყობილი შეიარაღებული აჯანყების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შეთქმულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დაეწესებინათ ეროვნული სახელმწიფო ჯილდოები - ორდენების სახით.

ქართულ ჯილდოთა დაწესების იდეის ავტორი იყო "საქართველოს სააღმასრულებო ექსპედიციის სოვეტნიკი" ანუ მრჩეველი - თავადი ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი.

შეთქმულთა დაკითხვის მასალებიდან ჩანს, რომ ალექსანდრე ორბელიანს მასთან სტუმრად მყოფ თანამოაზრეებთან - ვახტანგ ორბელიანთან, კაპიტან ჩოლოყაშვილთან, იასე ფალავანდიშვილთან, ელიზბარ და გიორგი ერისთავებთან საუბარში განუცხადებია: - უეჭველად უნდა დავაარსოთ ორდენი დავით აღმაშენებლისა და საქართველოს განმანათლებლის, ნინოსიო.

იასე ფალავანდიშვილი იგონებდა, რომ ალექსანდრე ორბელიანმა მას უთხრა:

"მე ჩვენთვის უკვე გამოვიგონე ნიშანი - დავით მეფის ჯვარი და წმინდა ნინოს ჯვარი".

გარდა ამისა, იასე ფალავანდიშვილი იქვე დასძენდა ალექსანდრე ორბელიანის ნათქვამს:

"მითხრა, რომ მან ეს ჩვენი განზრახვა გამოუცხადა ერევნის კარაბინერთა რაზმის შტაბს-კაპიტან ონიკოვს, მაგრამ აღარ მახსოვს, ის დათანხმებოდა თუ არა".

ამის შემდეგ, როგორც ლუარსაბ ორბელიანი აღნიშნავს, ერთხელ იასე ფალავანდიშვილსაც უთქვამს შეთქმულთა წრეში, რომ აჯანყების გამარჯვების შემდეგ საჭირო იყო დავით აღმაშენებლისა და წმინდა ნინოს ორდენების დაწესება, რასაც ყველა მოწონებით შეხვედრია.

ფრიად საყურადღებოა, რომ შეთქმულებს, რომელთა წინაშეც ურთულესი პრობლემები იყო გადასაჭრელი, ეროვნული ჯილდოების დაწესებაზეც უფიქრიათ. საგულისხმოა, რომ ეს გონივრული მოსაზრება სწორედ ალექსანდრე ორბელიანმა გამოთქვა.

მრავლისმეტყველია დასაწესებელი ორდენების სახელწოდებებიც. ქართველთა გამაქრისტიანებლის - წმინდა ნინო კაპადოკიელისა და წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის ორდენების (სხვა ჯილდოებთან ერთად) დაწესების იდეა ხომ ჯერ კიდევ 1799 წელს წამოაყენა უფლისწულმა იოანე ბაგრატიონმა (1768-1830), რის შესახებაც უკვე ვწერდით "ისტორიანის" წინა ნომერში.

სამწუხაროდ, ალექსანდრე ორბელიანის მამულიშვილურ განაზრახს ასრულება არ ეწერა. 1832 წლის 9 დეკემბერს შეთქმულება გასცა მისმა ერთ-ერთმა მონაწილე იასე ფალავანდიშვილმა, რასაც შეთქმულთა დაპატიმრება მოჰყვა.

ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ალექსანდრე ორბელიანი, როგორც "პატარა კახის" უსაყვარლესი ასულის - თეკლა ბატონიშვილის ვაჟი ანუ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი, კარგად იცნობდა ქართულ ჯილდოთა დაწესების იოანე ბაგრატიონისეულ კონცეფციას, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებული იდეა მას დამოუკიდებლადაც დაებადა...

ამდენად, რუსული საოკუპაციო მმართველობის წინააღმდეგ მოწყობილი შეიარაღებული აჯანყების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მამულიშვილებს ალექსანდრე ორბელიანის მეთაურობით, გადაწყვეტილი ჰქონდათ დაეწესებინათ ეროვნული სახელმწიფო ჯილდოები - წმინდა ნინო კაპადოკიელისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ორდენების სახით. ამ შეთქმულების გამჟღავნების გამო, რაც 1832 წლის მიწურულს მოხდა, ხსენებული ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა.

ამის მიუხედავად, ეს მოსაზრება წარმოადგენდა სიმბოლურ გაგრძელებას უფლისწულ იოანე ბაგრატიონის პროგრესული წამოწყებისა და ამდენად, ფრიად საგულისხმო ფაქტს ეროვნული ჯილდოთმცოდნეობის ისტორიისთვის.

ეს გახლდათ ქართული სახელმწიფო ჯილდოების - ორდენებისა და მედლების რიგით მეორე პროექტი, რომელსაც პირველი პროექტისგან მესამედი საუკუნე აშორებდა.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#98