როგორ მზადდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომი - ნაწილი II
როგორ მზადდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომი - ნაწილი II

დასაწყისი იხილეთ
საქართველოს ხელისუფლება, შექმნილ ვითარებაში, უდიდეს იმედებს ამყარებდა მოახლოებულ ნატოს სამიტზე ბუქარესტში, რომელზეც საქართველოსა და უკრაინისთვის ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის სამოქმედო გეგმის მინიჭება უნდა განეხილათ. სამწუხაროდ, ეს საკითხი რუსეთის მიმართ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების გამო, თბილისისა და კიევისთვის უარყოფითად გადაწყდა.

ევროპის სახელმწიფოებთან ერთად, საკუთარი ინტერესები ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობაში აშშ-საც, რაც რუსეთსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ სატრანზიტო ხელშეკრულებაში აისახა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს საშუალება ეძლეოდა, ავღანეთში
დისლოცირებული საკუთარი სამხედრო ნაწილები რუსეთის ტერიტორიის გავლით მოემარაგებინა.

ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც მკაფიოდ აყენებდა საქართველოსა და უკრაინის საკითხს სამიტზე, იყო პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი (2005-2010) ლეხ კაჩინსკი, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის მიმართ "უსამართლობა" უწოდა სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბუქარესტის სამიტზე სიტყვით თავად ვლადიმირ პუტინი
გამოვიდა, რომელმაც გადაწყვეტილება მოიწონა და აღნიშნა, რომ მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, რუსეთის მიერ აშშ-თან სატრანზიტო შეთანხმების ხელმოწერა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუქარესტის სამიტის შედეგები რუსეთისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. ახლა მოსკოვს შეეძლო "გეგმაზომიერად" განეგრძო საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკა.

16 აპრილს, პუტინის განკარგულების თანახმად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მთავრობამ და ფედერაციის რამდენიმე სუბიექტმა პირდაპირი კონტაქტი დაამყარა. აფხაზეთში ვითარება დაიძაბა. ქართული უპილოტო დრონების მიერ გადაღებული მასალის თანახმად, ოჩამჩირის ბაზაზე რუსული სამხედრო კონტინგენტი იზრდებოდა. ამასთან ერთად, აფხაზეთში მიმდინარეობდა რკინიგზის აღდგენა რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ. ქართული მხარე რუსეთს აფხაზეთში სამხედრო ინტერვენციის მომზადებაში სდებდა ბრალს.
ივნისში ქართულმა მხარემ აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების კიდევ ერთი სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა. ის გალისა და ოჩამჩირის ზონებში თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური სივრცის მოწყობას ითვალისწინებდა. ამასთან, უნდა მომხდარიყო აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის მშვიდობიანი განსაზღვრა და რუსი "მშვიდობისმყოფელები" ქართულ-აფხაზური პოლიციის კონტინგენტს უნდა შეეცვალა.

ხანძარი რუსული ავიაციის მიერ გორის დაბომბვის შემდეგ

იმავე პერიოდში აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ შემუშავდა ასევე გერმანული და ამერიკული გეგმები. გერმანულ გეგმაში, რომელიც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წარმოადგინა, ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეთმობოდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მშვიდობიან დაბრუნებას. გეგმის მიხედვით, აფხაზეთის ეკონომიკის აღორძინება უნდა მომხდარიყო ევროკავშირის ინსტიტუტების მხარდაჭერით.
ამერიკული გეგმა სრულად იზიარებდა გერმანული გეგმის პუნქტებს და ამასთან, ხაზს უსვამდა რუსული "სამშვიდობოების" საერთაშორისო ძალებით შეცვლის აუცილებლობას.
ქართული მხარისა და საერთაშორისო საზოგადოების ამგვარი ღონისძიებების მიუხედავად, რუსული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სურვილსაც არ ამჟღავნებდა. 10 ივლისს, თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტის დროს ოთხმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, ისინი ცხინვალის თავზე წრიულად ფრენდნენ და საქართველოს ტერიტორია 40 წუთის შემდეგ დატოვეს. საინტერესოა, რომ ამ ფაქტის უარყოფა ან ეჭვქვეშ დაყენება რუსულ მხარეს არც უცდია, პირიქით, მათ ღიად აღიარეს მომხდარი ფაქტი და დასძინეს, რომ ეს ქმედება "თბილისში ზოგიერთი ცხელი თავის გასაგრილებლად" შეასრულეს.

15 ივლისს დაიწყო რუსული არმიის მასშტაბური სამხედრო წვრთნები - "კავკაზ 2008" - რომელშიც 8000-მდე სამხედრო პირი მონაწილეობდა რუსული არმიისა და ФСБ-ს კონტინგენტის ჩათვლით. წვრთნების მთავარ მიზანს წარმოადგენდა "მშვიდობისკენ იძულების" ოპერაციის სიმულირება. მონაწილეებს დაურიგდათ ბუკლეტები სათაურით: "მეომარო! იცნობდე შენს სავარაუდო მტერს!", სადაც დეტალურად იყო აღწერილი ქართული მხარის სამხედრო პოტენციალი. იმავე დღეს ქართული არმიაც ჩაერთო სამხედრო წვრთნებში სახელად "დაუყოვნებლივი პასუხი".

ნატოს ბუქარესტის სამიტზე. 2008 წლის 2-4 აპრილი

ეკონომიკურ საკითხებში პუტინის ყოფილი მრჩევლის, ანდრეი ილარიონოვისა და ჟურნალისტის იულია ლატინინას შრომებში საინტერესო ცნობებია მოცემული საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებამდე განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების რიცხოვნობის შესახებ. როგორც ირკვევა, 18 ივლისს ფსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიამ დაიკავა პოზიციები როკისა და მამისონის უღელტეხილების მიმდებარედ, მაშინ, როცა ვოლგოგრადის ქვეითი დივიზია კრასნოდარის მხარეში განთავსდა. 20 ივლისს რუსული ქვეითი ბატალიონი, 14 დაჯავშნილ სატვირთო მანქანასთან ერთად, ქვემო კოდორის მიდამოებში განლაგდა.

სამი დღის შემდეგ, ვლადიკავკაზის მე-19 ქვეითი დივიზიის 135-ე პოლკმა შეცვალა ფსკოვის ზემოაღნიშნული დივიზია როკის უღელტეხილთან. დასასრულს უახლოვდებოდა სამხედრო ბაზის მშენებლობა ჯავის მახლობლად. 28 ივლისს "სამხრეთ ოსეთის" ნაწილებმა პირველად გახსნეს ცეცხლი შერეული საკონტროლო კომისიისა და ეუთოს მისიის ძალების მიმართულებით. იულია ლატინინას ცნობების თანახმად, 135-ე და 693-ე რუსული პოლკები, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისიდან იყვნენ ჯავის სამხედრო ბაზაზე განლაგებული.

პარალელურად, საქართველოს წინააღმდეგ ეფექტიანი საინფორმაციო ომის წარსამართავად, ცხინვალის რეგიონში აგვისტოს დასაწყისიდან 50-მდე რუსი ჟურნალისტი ჩაიყვანეს. მათი მთავარი ამოცანა, ლატინინას მიხედვით, იყო იმის გაშუქება, თუ როგორ ხოცავდნენ ქართველი "ნაცისტები" ფეხმძიმე ქალებსა და ბავშვებს ცხინვალის რეგიონის მასშტაბით. რუსული მედიის აღნიშნული ბრალდებები ქართული მხარის მიმართ აზრს კარგავს, თუკი გავიხსენებთ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობის ჩრდილოეთში ევაკუაციის ფაქტს. როგორც ცნობილია, უშუალოდ საომარი მოქმედების დაწყების მომენტისთვის, 7 აგვისტოს შუაღამისთვის, ცხინვალის რეგიონიდან, კრემლის დახმარებით, დაახლოებით 20 ათასი მოქალაქე იყო ევაკუირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების დაბომბვა დაახლოებით ივლისის ბოლოდან დაიწყო. სეპარატისტებისა და მოსკოვის მთავარ მიზანს ამჯერად ქართველების საომარ მოქმედებებზე დაყოლიება წარმოადგენდა. ოფიციალური თბილისი ცდილობდა პროვოკაციას არ აჰყოლოდა, სანამ ეს შესაძლებელი იყო.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს იმდროინდელმა მინისტრი თემურ იაკობაშვილი ორჯერ ჩავიდა ცხინვალში - 5 და 7 აგვისტოს. კოკოითიმ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. 7 აგვისტოს ვიზიტისას, რუსი "მშვიდობისმყოფლების" მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა თემურ იაკობაშვილს განუცხადა, რომ სამშვიდობოებს კოკოითის გაკონტროლება აღარ შეეძლოთ.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, თბილისი ოფიციალურად არ პასუხობდა სეპარატისტთა საომარ ქმედებებს. 7 აგვისტოს 23:00 საათზე, როცა სააკაშვილს მიუვიდა ინფორმაცია ცხინვალის მიმართულებიდან სოფელ თამარაშენის დაბომბვის შესახებ, მან ბრძანება გასცა, ამ მოქმედებებისთვის არ ეპასუხათ. იაკობაშვილის მიხედვით, ნახევარ საათში სააკაშვილს შეატყობინეს ე.წ. "150 ერთეული ჯავშნოსნის" შესახებ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან როკის გვირაბის გავლით მოემართებოდა. სწორედ ეს იქცა მთელი ამ ეპოპეის საბედისწერო მომენტად, როცა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს 23:35 წუთზე გასცა ბრძანება ქართული არმიის მოქმედებაზე გადასვლის შესახებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დასაცავად.

ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლები ომის შემდეგ დაანგრიეს, შემდეგ კი აღგავეს

როგორც ვხედავთ, 7 აგვისტოს შუაღამისთვის, ქართული მხარე ფართო არჩევანის წინაშე ნამდვილად არ იდგა. დიპლომატიური და მშვიდობიანი მოლაპარაკებების არაერთი მცდელობის შემდეგ, სამხედრო მოქმედებაზე გადასვლა ქვეყნის ისედაც შელახული სუვერენიტეტის ერთგვარი დაცვის მცდელობას წარმოადგენდა. ამგვარად, ბრიტანეთში მომუშავე რუსული წარმომავლობის მკვლევრის, ოქსანა ანტონენკოს შეკითხვაზე, თუ რამ უბიძგა სააკაშვილს რუსეთ-საქართველოს "ცივი ომის ცხელ ომად გადაქცევისკენ?" - პასუხი იქნება შემდეგი:
1. "ცხელი ომი" ცხინვალის რეგიონში დაიწყო 2008 წლის ივლისის ბოლო-აგვისტოს დასაწყისიდან, როდესაც, ილარიონოვისა და ლატინინას ცნობების მიხედვით, ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გახსნეს სამშვიდობოების ბაზებისა და ცხინვალის ქართული სოფლების მიმართულებით, რითაც საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი შელახეს.

2. ქართული მხარის მოქმედებაზე გადასვლა განაპირობა ალტერნატივის არქონამ. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ან უბრალოდ გვერდიდან უნდა ემზირა ინტერვენციისთვის ან ეცადა საპასუხო მოქმედებაზე გადასვლა ქვეყნის დასაცავად.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი ხუთი დღეს გრძელდებოდა - 7-დან 12 აგვისტომდე. ომის განმავლობაში რუსული არმიის ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ცხინვალის რეგიონით არ შემოფარგლულა. მეორე ფრონტი გაიხსნა აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს მიმართულებებიდან. საბრძოლო მოქმედებებში ჩართული იყო რუსეთის საზღვაო ფლოტიც.

საომარი მოქმედებების დაწყების კონკრეტული დროის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. ქართულმა მხარემ საკუთარი მთავარი მტკიცებულება აღნიშნული საკითხის შესახებ 2008 წლის სექტემბერში წარმოადგინა. დოკუმენტი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისგან შედგება, რომელსაც 7 აგვისტოს ღამით გაიმართა "სამხრეთ ოსეთის" სასაზღვრო დაცვის უფროსსა და თავად დაცვის ერთ-ერთ წევრს, გასიევს შორის, 03:52 საათზე. კითხვაზე - ჯავშნოსანი ტექნიკა როკის გვირაბს მოუახლოვდა თუ არა, გასიევი პასუხობდა: "ჯავშნოსნები და ხალხი". კითხვაზე - გაიარეს თუ არა მათ როკის გვირაბი, გასიევმა მიუგო: "დიახ, 20 წუთის წინ. როცა მე დაგირეკეთ, ისინი უკვე შემოსული იყვნენ".

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, რუსული სამხედრო ნაწილების საქართველოს ტერიტორიაზე უშუალო საომარი მოქმედებების დაწყების თარიღი, როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ 7 აგვისტოს ადრიანი დილა ყოფილა. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსული 135-ე და 693-ე პოლკები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე აგვისტოს დასაწყისიდან იყვნენ განლაგებული.

ეს ცნობები საკმარისი არ აღმოჩნდა "საერთაშორისო დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი კომისიისთვის" (ტალიავინის კომისია). კომისიის დასკვნის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებამდე არ დასტურდება, ხოლო "სროლებს" (შჰოოტინგს - სტილი დაცულია), რომელთაც ომის დაწყებამდე ჰქონდა ადგილი, უფრო სპონტანური ხასიათი ჰქონდა, სადაც რთული იყო გარკვევა, ვინ ვისი პროვოცირება მოახდინა. ამასთან, კომისიის დასკვნის მიხედვით: "პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 7 აგვისტოს 23:35 საათზე გაცემულმა ბრძანებამ და შემდგომმა სამხედრო შეტევამ ცხინვალის მიმართულებით, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტად აქცია. ამიტომაც, ეს მომენტი სამართლებრივად დასაბუთებულად ითვლება ამ კონფლიქტის საწყის წერტილად".

ამგვარად, ევროკავშირის მიერ შექმნილი "ტალიავინის კომისიის" დასკვნა, ბევრ საერთოს პოულობს ევროკავშირის ზომიერ პოლიტიკასთან რუსეთთან დაკავშირებით. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ კომისიის დასკვნის შინაარსი დიდწილად სწორედ ზემოაღნიშნულმა პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა.

რუსეთის სარკინიგზო ჯარების სპეციალისტები აფხაზეთში ლიანდაგს აგებენ. 2008 წლის ივნისი

ევროკავშირი უფრო მეტად ფოკუსირებული იყო საქართველოში გაჩაღებული ომის შეწყვეტაზე, ვიდრე უშუალოდ კონფლიქტის მოგვარებაზე. ამ ფაქტის მკაფიო ილუსტრაციას წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთისა და მისი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ინიციატივით 12 აგვისტოს შემუშავებული "ექვსპუნქტიანი გეგმა", რომელიც ამგვარად გამოიყურებოდა:
1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.
საკითხის ექსპერტობა არ არის აუცილებელი იმის განსაჭვრეტად, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა რუსეთისთვის მეხუთე პუნქტში გადმოცემული "უსაფრთხოების დამატებითი ზომების" განხორციელების უფლების მინიჭებას. ამ უფლებით ფრთაშესხმულმა მოსკოვმა ჩვეულ სტილში იმოქმედა და 2008 წლის 26 აგვისტოს ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველომ, თავის მხრივ, დაგმო რუსეთის უკანონო აქტი და გამოსცა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც 2008 წლის 23 ოქტომბერს შევიდა ძალაში.

14 აგვისტოს საქართველომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული აგრესიის გამოძიება. 2009 წლის 1 დეკემბერს რუსეთმა გაასაჩივრა საქართველოს მოთხოვნა საერთაშორისო სასამართლოს მიმართ. საბოლოოდ, 2011 წლის 1 აპრილისთვის მომზადებულ საერთაშორისო სასამართლოს დასკვნაში "არარეალისტურად" იყო შეფასებული შეხედულება, თითქოს ქართულმა მხარემ არ ამოწურა კონფლიქტების დარეგულირების ყველა მშვიდობიანი საშუალება. ჰააგის სასამართლო ღიად სდებდა ბრალს რუსეთს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაში.

2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოაცხადა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საკვლევად აღებულია არა უშუალოდ ომის მონაკვეთი, არამედ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი. გამოძიებასთან დაკავშირებით კრემლის პოზიცია გაახმიანა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა, რომელმაც განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ყველაფერი "თავდაყირა დააყენა". ამგვარად, ოფიციალური მოსკოვის დამოკიდებულება, ჯერ კიდევ დაუსრულებელი საერთაშორისო გამოძიებისადმი, წინასწარვე არის ცნობილი.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ომის შემდეგ რუსეთმა უფრო მყარი კონტროლი დაამყარა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოსკოვის ინიციატივით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობის არეალი ორივე რეგიონში შეიზღუდა. გაეროს UNOMIG-ის მისიას, რომელიც 1993 წლის აგვისტოდან მუშაობდა აფხაზეთში, 2009 წლის 16 ივნისს გაუვიდა ვადა. რუსული მხარის ინიციატივით, ამ ორგანიზაციის სამუშაო ვადის გაგრძელებას ვეტო დაედო. 2009 წლის 1 იანვარს გაუვიდა სამუშაო ვადა ეუთოს მისიასაც, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში 1992 წლიდან მუშაობდა.

2008 წლის 15 სექტემბერს, ევროკავშირის მიერ შეიქმნა სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელსაც ორივე კონფლიქტურ რეგიონში უნდა ემუშავა 1 ოქტომბრიდან, თუმცა კრემლის ძალისხმევით ამ მისიას არც ცხინვალში და არც სოხუმში შესვლის საშუალება არ მიეცა და მათი ბაზები თბილისში, გორსა და ზუგდიდში განლაგდა.
ომის დროს განადგურდა ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლები - კეხვი, ქურთა, თამარაშენი, ერედვი, ვანათი და ავნევი. როგორც ედუარდ კოკოითი აღნიშნავდა, აღნიშნული სოფლები "მიწასთან გასწორდა".
საქართველოსაგან "გამოყოფის" შემდეგ, რუსეთმა მაქსიმალურად გააძლიერა საკუთარი პოლიტიკა ორივე კონფლიქტურ რეგიონში. რაც ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია, ამ პროცესს ხელს უწყობენ თავად აფხაზი და ოსი სეპარატისტები.

გორის ქუჩებში

2015 წლის 1 სექტემბრიდან გალის რაიონის 11 ქართულ სკოლაში სასწავლო პროცესი მთლიანად რუსულ სახელმძღვანელოებზე გადაიყვანეს. ამასთან, როგორც ცნობილია, აფხაზეთის "საპრეზიდენტო კანდიდატები" ვალდებული არიან, ჩააბარონ გამოცდა მშობლიურ, აფხაზურ ენაში. თუმცა ეს არ ცვლის რუსული ენის პრივილეგირებულ მდგომარეობას აფხაზურ ენასთან შედარებით, რომელსაც, თავის დროზე, სეპარატისტების მტკიცებით, ქართველთაგან "საფრთხე" ემუქრებოდა.

მსგავსი ვითარებაა ასევე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, სადაც 2017 წლის სექტემბრიდან, 2008 წელს ოკუპირებული ახალგორის რვავე ქართულ სკოლაში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა. ამასთან, 2017 წლის გაზაფხულზე გამართულ "საპრეზიდენტო არჩევნებში" ანატოლი ბიბილოვის გამარჯვების შემდეგ, ოსი სეპარატისტების პრორუსული ორიენტაცია უფრო მკვეთრი გახდა. ბიბილოვი დაუფარავად აცხადებს, რომ: "სამხრეთ ოსეთი პრაქტიკულად რუსეთის ნაწილია".
2017 წლის 10 აპრილს ცხინვალის რეგიონში გაიმართა რეფერენდუმი "რესპუბლიკისთვის" სახელის შეცვლის და მისთვის "ალანიის რესპუბლიკის" დარქმევის ინიციატივით, რომელშიც, მისული მოსახლეობის 78%-მა, საკითხის მიმართ დადებითი პოზიცია გამოხატა.

მოსკოვი აქტიურად ცდილობს ორივე რეგიონის რუსიფიკაციას. ყველაზე დიდ ტრაგედიას ამ შემთხვევაში ისევ და ისევ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რუსეთის ამ ქმედებებს მხარს უჭერს თავად სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების მოსახლეობა. ამით ისინი პრაქტიკულად რუსეთს სწირავენ ყველა იმ ეროვნულ ღირებულებას, რომელიც მათივე მტკიცებით, ქართველებთან თანაცხოვრების პერიოდში "საფრთხის ქვეშ" იდგა. მიუხედავად ვითარების მთელი ტრაგიკულობისა, აღნიშნული ფაქტი არ იწვევს გაკვირვებას მთელი იმ იდეოლოგიური და პროპაგანდისტული სამუშაოს ფონზე, რაც რუსულმა მხარემ საუკუნეების განმავლობაში გასწია ორივე კონფლიქტურ რეგიონში.

გასაკვირი უფრო ის არის, როცა მაღალ აკადემიურ-სამეცნიერო დონეზე ხდება რუსეთის პოლიტიკის "გამართლება" აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ბრიტანელი მკვლევარი ჯორჯ ჰიუიტი, რომელიც, დიდი ალბათობით, საკმაოდ კარგად იცნობს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიას. ამის მიუხედავად, ავტორი არ ერიდება რიგი აბსურდული კითხვების დასმას საკუთარ "სამეცნიერო შრომებში".

მარატ კულახმეტოვი ცხინვალში

ერთ-ერთ მოხსენებაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბრისას, ჰიუიტი სვამს კითხვას: "ვინმეს შეუძლია გაიხსენოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია წითელი არმიის მიერ 1921 წელს დამყარებული საბჭოთა მმართველობის შემდეგ? მგონი არა. მაშ, საკითხი დავას არ ექვემდებარება". ერთადერთი რამ, რაც ამ შემთხვევაში დავას ნამდვილად არ ექვემდებარება, არის ჰიუიტის შეხედულებების სრული ჰარმონიული თანხვედრა რუსულ საოკუპაციო პოლიტიკასთან საქართველოში, რომელსაც აფხაზებისა და ოსებისთვის ძალიან ცოტა რამ თუ მოაქვს სასიკეთო. ჰიუიტის შეხედულებები ჭეშმარიტ მეცნიერებასთან იმდენივე საერთოს ავლენს, რამდენსაც რუსული საოკუპაციო პოლიტიკა აფხაზი და ოსი ხალხის ეროვნულ ინტერესების დაცვასა და კეთილდღეობასთან.

დასასრული
კახაბერ ყალიჩავა
თსუ ისტორიის დოქტორანტი
ჟურნალი "ისტორიანი",#98
მკითხველის კომენტარი (1)
სოსო
27 თებერვალი 2019 20:10
7 აგვისტოა 23,35 საათზე გაცემულ ბრძანებაში ლაპარაკი იყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე და კრინტიც არ დაუძრავს რუსული არმიის თავდასხმაზე.ამით,სააკაშვილმა შესძლო და დამნაშავედ,საქართველო გამოიყვანა,ამ ომის დაწყებაში,თანაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.ასე რომ მორჩით მისი ნამუსის მოწმენდას.რეამური სურათი,როგორც თქვენ აღწერთ,მასეთი იყო,მაგრამ სააკაშვილმა,როგორც ყველგან,აქაც სურათი შექმნა ისეთი,რომ საქართველო დამნაშავედ გამოჩენილიყო.ეს ყველაფერი მთლიანად მისი და მისი მთავრობის ნამუსზეა,ან უფრო სწორად,უნამუსობაზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?