ლაშთხვერის თარინგზელის საკვირველი ფრესკები
ლაშთხვერის თარინგზელის საკვირველი ფრესკები
ლაშთხვერის მთავარანგელოზთა ეკლესიის ფასადებიც მოხატულია

ზემო სვანეთი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთის გამორჩეული მხარეა როგორც ბუნების სილამაზით, ისე მშვენიერების აღქმის თავისებურებით, რომელიც ქართული ხელოვნების ორგანულ ნაწილად იქცა. ის სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებებს აღძრავს და მისტიკურობით ხასიათდება.

სვანეთში, საუკუნეების განმავლობაში განვითარებულ ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, ქართული ხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია აქაურ კედლის მხატვრობას. ის საკუთარ, ე.წ. სვანურ ფერწერულ სკოლად სახელდება და სხვადასხვა პერიოდის (IX-XVII საუკუნეები) მაღალმხატვრულ ფერწერულ ნიმუშებს აერთიანებს. ძირითადად მცირე ზომის, დარბაზულ,
გარეგნულად სადა ეკლესიებში დაცულია სრულიად განსაკუთრებული კედლის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც, მიუხედავად სიძველისა თუ დაცულობის მდგომარეობისა, მნახველს ცხოველმყოფელობით აღსავსედ წარუდგება.

ლაშთხვერის მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს ლენჯერის თემში, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, მესტიას ებმის და მისგან მხოლოდ სამიოდე კილომეტრით არის დაშორებული. სოფელ ლაშთხვერის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია ანუ "ლაშთხვერის თარინგზელი"
დარბაზული ტიპის, მომცრო ზომის ნაგებობაა, რომელიც თლილი ქვითაა აშენებული და მაღალ, სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას.


ტაძრის კედლის მოხატულობაში სპეციალისტები ორ ფენას განარჩევენ. თავდაპირველად, როგორც ჩანს, XIV საუკუნის შუახანებში ეკლესიის საკურთხეველი და კანკელი შეამკეს, ხოლო დარბაზისა და ფასადთა შემკულობა XIV-XV საუკუნეების მიჯნას უნდა განეკუთვნებოდეს.
ტაძართან მიახლოებისას თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს ექსტერიერის ფერწერით შემკულობა. ფასადების ზედა ნაწილები მობათქაშებულია და მათზე ფერადოვანი კომპოზიციებია გამოსახული. სამხრეთ ფასადზე წმინდა მხედრების ფიგურებია, ხოლო აღმოსავლეთ ფასადის მოხატულობა წმინდა ევსტათეს ირმებზე ნადირობის სცენას გადმოგვცემს. დასავლეთ ფასადზე ძლიერ დაზიანებული ვედრების კომპოზიციის ნაშთებია შემორჩენილი.

საფასადე კომპოზიციებს შორის გამორჩეულია ჩრდილოეთ ფასადზე მოცემული ბატალური სცენა "ამირანდარეჯანიანის" საგმირო ეპოსიდან. იგი საფალავნო-სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებია, რომლითაც დაიწყო საერო ნაკადი ქართულ მწერლობაში და საფუძველი ჩაეყარა ქართულ საგმირო-სარაინდო რომანის განვითარებას. ლექსიკურ-მორფოლოგიური ანალიზით, ნაწარმოები IX-X საუკუნეებით თარიღდება. ფასადზე გამოსახულია ამირანის შებრძოლება ვეშაპსა და ბაყბაყდევთან. აქვე ვხვდებით ამირანის თანმხლებ პირებს - მის თანამებრძოლებს: ბადრის, სეფედავლასა და უსუპს. თითოეული ფიგურა სრული საბრძოლო აღჭურვილობით, ცხენზე ამხედრებულია გამოსახული, აცვიათ ჯაჭვის პერანგი და ხელში ტრადიციული სტილის ფარი და ხმლები უპყრიათ. მათი გამომეტყველება მკაცრია, თუმცა მშვიდი.


წერის მანერაში აღმოსავლური მხატვრული მოტივების გავლენა იკითხება. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, რელიგიურ სიუჟეტთან ერთად საერო სიუჟეტის გამოსახვა მოხატულობის პროგრამას უნიკალურობას ანიჭებს. ის ავსებს ქართული მხატვრობის საერთო სურათს, რადგან საერო ხასიათის სიუჟეტები, სვანეთის გარდა, თითქმის არსად არ არის შემორჩენილი.

აღსანიშნავია სვანური ტაძრებისთვის დამახასიათებელი ერთი თავისებურება: სხვა კუთხეების ტაძრის კანკელებისგან განსხვავებით, სვანეთში ეკლესიის კანკელები ძირითადად მოხატულია, დანარჩენ კუთხეებში კი უმთავრესად ჩუქურთმითა და რელიეფებით შემკული ქვაზე კვეთილობის ნიმუშები გვხვდება. ლაშთხვერის მთავარანგელოზის ტაძრის კანკელზე გამოსახულია მედალიონებში ჩასმული ტოლფერდა ჯვრები, გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტები, ასევე ვარსკვლავები. ეს ყველაფერი კანკელს თვისებრივად არ გამოარჩევს ტაძრის მოხატულობის პროგრამიდან და ერთიანი მხატვრული სისტემის ნაწილად წარმოჩენას ემსახურება.

ლაშთხვერის ეკლესიის მოხატულობაში, ერთი მხრივ, ჩანს ძველი მხატვრული ტრადიციის გაგრძელება: კონქის ვედრების სცენაში დომინანტია ქრისტეს დიდი ზომის ფიგურა - ვარსკვლავებიანი ცის ფონზე ტახტზე დაბრძანებული მაცხოვრის უზარმაზარი გამოსახულება, მაკურთხებელი მარჯვენით, მთლიანად ავსებს კონქის სივრცეს და თითქმის ორჯერ აღემატება ვედრების განვრცობილ კომპოზიციაში გამოსახულ ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და მთავარანგელოზთა ფიგურებს. იმავდროულად აშკარაა XIV-XV საუკუნეების მხატვრული ნიშნები, სუსტდება მონუმენტურობის მასშტაბი, იზრდება სცენათა რაოდენობა და სიუჟეტები უფრო თხრობითი და დეტალიზებული ხდება.

ადრეული სვანური ფერწერისთვის დამახასიათებელი პირობითი წერის მანერა ჩანაცვლებულია ამ პერიოდის ქართულ რეალობაში XIII საუკუნიდან ნელ-ნელა ფეხმოკიდებული პალეოლოგოსური ეპოქის მხატვრული ნიშნებით (პალეოლოგოსების დინასტია ბიზანტიას 1261-დან 1453 წლამდე მართავდა. ამ დროს ბიზანტიურ ხელოვნებაში დაწყებული ცვლილებები საქრისტიანოს სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება და შემდგომ პერიოდში პალეოლოგოსურად მოიხსენიება), რაც ფიგურათა მეტი დინამიკურობით, დეტალური დამუშავებითა და პლასტიკურობით არის გამოხატული.


მოხატულობაში სხვადასხვა ოსტატის ხელწერა იგრძნობა. განსხვავებულია კამარასა და კედლებზე გამოსახული სახარებისეული სცენები, საკურთხევლის ფიგურებთან შედარებით, მათში მეტია ადგილობრივი მხატვრული სკოლის სახასიათო ნიშნები. სიუჟეტები ვითარდება კამარაზე გამოსახული ქრისტეს დიდების კომპოზიციის ირგვლივ. შთამბეჭდავად არის წარმოდგენილი ხარების, შობის, მირქმის, ნათლისღების სცენები. შემდეგი სიუჟეტი - იერუსალიმად შესვლა - დასავლეთ კედელზეა გამოსახული, საიდანაც თხრობა კვლავ ჩრდილოეთ კედელზე ინაცვლებს. აქ გვხვდება ჯვარცმის, აღდგომისა და ჯოჯოხეთად წარტყვევნის სცენები, რომლებიც წმინდა მხედრის ფიგურით მთავრდება. წმინდა მხედართა დანარჩენი ორი ფიგურა სამხრეთ კედელზე, სასწაულების სცენებთან ერთად არის მოცემული.

მთავარანგელოზთა ტაძრის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის მოხატულობაში წმინდა მხედრების: გიორგის, თევდორესა და დემეტრეს გამოსახულებების არსებობა მოწმობს, რომ ისინი გვიან პერიოდშიც ინარჩუნებენ მნიშვნელობას და მათი კულტი სვანურ ტრადიციაში კვლავ განსაკუთრებით პოპულარულია.
ტაძარი ნათდება მცირე ზომის სამი ჩვეულებრივი და ერთი წრიული სარკმლით, რომლებიც არ უშვებენ საკმარის სინათლეს. ეს, ერთი მხრივ, ხელს უშლის მნახველს, ხელოვნური განათების გარეშე სრულად აღიქვას ფერწერა, მეორე მხრივ კი ფრესკებს გარემოს ზემოქმედებისგან იცავს.

ლაშთხვერის მთავარანგელოზთა ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული, თუმცა ნაკლებად ცნობილი ძეგლია. მის უნიკალურობას ქმნის საერო და სასულიერო სიუჟეტების თანაარსებობა მოხატულობის პროგრამაში, აგრეთვე, როგორც ორი საუკუნის გასაყარზე შექმნილ ძეგლში, ძველი და ახალი ესთეტიკური მოტივების შერწყმა.

მარიტა სახლთხუციშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი
ჟურნალი "ისტორიანი",#98
...
26 მაისი 2019 19:03
ამირანი ქართული პერსონაჟია,იგი ხვამლის მთაზეა მიჯაჭვული და ბერძნული პრომეთე სად არის?რატომ ასოცირდება ამირანი პრომეთესთან?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?