ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან
22-02-2019
ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან
მოგონება
ძალიან ჩამოცხა თბილისში. მაშინ შესაძლო იყო გასულიყო ადამიანი სააგარაკოდ, ბუნების კალთაზედ გაეტარებინა არდადეგები. შევამზადე ოჯახი მანგლისში წასასვლელად. ძლიერ მომესურვა ვაჟას ნახვა. დაავადებული წმ. ნინოს საავადმყოფოში იწვა, სათავად-აზნაურო გიმნაზიის შენობაში. შევედი. გამგებელ ქალსა ვსთხოვე, ნება დაერთო, მენახა. შეყოყმანდა, მძიმედ არისო ავად; მაინც შემიშო.

ფართო ოთახში იყო მოთავსებული. დიდი სიფაქიზე სუფევდა სადგომში. საურ-ზეწარს, მთელს ლოგინს სისუფთავის შუქი დაჰკრთოდა, მიჩემებული მომვლელი ქალი მზად იდგა მიჰშველებოდა. დაღონებული სახე ჰქონდა ამ მის მცველ ანგელოზს.
უამა ვაჟას ჩემი დანახვა, პირს სიხარული გადაეფინა.
- ვასო, შენ?
- მე ვარ!
წამოჯდა. მივუჯექ გვერდზედ.
- როგორა ხარ, ჩემო კარგო?
- ეხლა არა მიჭირს რა: ექიმები, წამლები. მშვენიერი მოვლა, სისუფთავე. ერთი შეხედე! სთქვა და თვალი მოავლო ოთახს.
- უსათუოდ მალე გამორჩები: შენი ძლიერი აგებულება
დაეხმარება მოვლა-წამლობას და...
- ჩემი დიდი სურვილიც! ძლიერ მინდა, მალე ავსდგე. ცხელა აქ. ეხლა მთაში ყოფნას არაფერი შეედრება. ახ, ერთი იქაურ წყაროს დამაწაფა! მალე მოვიშორებ ავადმყოფობას. წავალ და... რომ იცოდე, კიდევ რამდენი რამა მაქვს დასაწერი.
- მოესწრობი, დასწერ, ვუთხარ მე სრულის რწმენით:
მისმა იმედიანმა სიტყვამ, მისმა მძლავრ ბუნების ნაშთმა სასოება ჩამისახეს გულში, რომ ეს დიდებული ნიჭი თავისებური, კლდის უზარმაზარ ნაჩეხს რომ ჰგავს ჩამოხლეჩილს, კიდევ ბევრს ხანს შეგვრჩებოდა ქართველებს.
- მომვლელი ქალი მანიშნებდა, გამეთავებინა საუბარი მეგონა, მეტის სიფრთხილით მოსდიოდა მას. არც თითონ ვაჟამ, არც მე არ ვიცოდით, რომ სიკვდილს უკვე დაევანა მის არსებაში. დავემშვიდობე, ვაკოცე. უკანასკნელი ამბორი ყოფილიყო.
ვასილ ბარნოვი.
"ბახტრიონი", 1922 წ. #6

სახელდახელო
(არა-ყბად-ასაღები და არა-წყალ-წასაღები)
- განათლებული ხალხი ვართ, განათლებულიო, დაგიჟინიათ! არა, რასშია თქვენი განათლება? ქართული ენა თქვენ თურმე არ იცით, ისტორიას ხომ რაღა თქმა უნდა, ჩვენს ცხოვრებას სულ არ აკვირდებით და სადაა მაშ თქვენი უპირატესობა და განათლება? თან ხუმრობით და თან წყრომით ეუბნებოდა ერთი ძველებური კახელი თავადიშვილი ერთს ჩვენში ჩამოსულს განათლებულს ნემეცს. თუ იმას იკვეხით, ჩემო ძამია, რომ ზარბაზნები გვაქვს და ბისმარკი გვყავსო, - ძალიან ცუდად გინებებიათ. ზარბაზნები ჩვენც გვიწყვია არსენალში... რომ აგიღერიათ თავი და ბაქიობთ, ვითომ და რაო? - ერთი დრო ვის არა ჰქონია, შენ ისა სთქვი, რომა... და სხვანი.
ერთის სიტყვით კახელის გულის წყრომას სამზღვარი არა ჰქონდა და სულ იმის გამო, რომ როგორ თუ ქართულ ენას არ ასწავლიან გერმანიაში, როცა ჩვენი ყმაწვილები ზოგიერთს სასწავლებლებში თავს ატეხენ ნემეცურსაო.
- ჰე! ისიც ვერაფერი წითელი კოჭი ყოფილა, ი თქვენი ბისმარკია თუ ვიღაცა! დააბოლოვა მან დასასრულ ხელის ქნევით და მოშორდა გაოცებულს ნემეცს.

"ივერია", 1886 წ. #114

გასართობი
ერთ ჩვენებურ სოფელში ჩვენებური კნეინა სცხოვრობდა. ბევრ კნეინურ ხასიათებთან ერთი სხვა ხასიათიც სჭირდა ამ პატარა დესპოტს: - გაიგებდა თუ არა, რომ სადმე ახლო ექიმი მოიყვანეს, უთუოდ ავად გახდებოდა, სამ-ოთხ საბანს დაიხურავდა და მისი კვნესა-ვიში დიდ მანძილზე ისმოდა. ერთხელ მეზობლისას ექიმი მოიყვანეს, კნეინა, რასაკვირველია, ავად გახდა და ექიმთან კაცი აფრინეს. ექიმიც მალე მოვიდა და მძიმე ავადმყოფს სხვათა შორის წლოვანება ჰკითხა:
- ასე 35-37-ისა უნდა ვიყვეო. მაგრამ კარგად აღარ მახსოვს, მიხაკო (კნეინას ძმა), შენ უკეთ გეცოდინება და მოახსენე ექიმს.
- რას ამბობ, ქალო! 43-ისა მე ვარ და შენ 8 წლით ხარ ჩემზე უფროსი, მაშ 51-ისა მაინც იქნებიო.
ამ სიტყვების გაგონება და კნეინის ზეზე წამოჭრა ერთი იყო.
ექიმიც მიხვდა ავადმყოფობას და მიხაკოს უთხრა:
- ექიმიც შენ ყოფილხარ და წამალიც კარგი გცოდნია, მე რაღას მაწუხებდითო, და წავიდა სახლში.
"ცნობის ფურცელი",
სურათებიანი დამატება, 1902 წ. #25

წვრილი ამბები
არაჩვეულებრივი ქორწინებანი. ერთ გერმანულ ჟურნალს შეუკრებია არაჩვეულებრივ ქორწინებათა ამბები მთელ დედამიწის ზურგზე. საინტერესო ყოფილა ნიუ-იორკის ზოოლოგიურ ბაღის დირექტორის ბეიმან დიტმარსის ჯვარისწერა. მას გაგიჟებით ჰყვარებია გველები, ამიტომ თავის საცოლედ ამნაირივე გემოვნების ქალი ამოურჩევია. მათი ჯვარის-წერის დროს ეკლესია მორთული ყოფილა გველების ტყავებით და ცოცხალ გველებით და ქვე-მძრომელებით. თვითონ წესი ჯვრის წერისა მომხდარა ბალდახინის ქვეშ, რომელიც აგრეთვე გველებით ყოფილა მორთული. პატარძლის კისერს კი ერთ საჟენიანი გველი ამშვენებდა.

ყოფილან ისეთი ქალებიც, რომელთაც თავიანთი საყვარელი ძაღლები ჯვრის წერის დროსაც კი არ მოუშორებიათ და ქორწილში სტუმრებთან ერთად ძაღლებიც სუფრაზე დაუსხამთ. კუნძულ იავაზე ერთ ქალს ჯვარი დაუწერია... თავის საქმროს ქუდზე. თვითონ საქმროს სხვა-და-სხვა მიზეზით არ შეეძლო თურმე დასწრებოდა ქორწინებას. მაგრამ, რადგან ადგილობრივ ჩვეულებათა მიხედვით ქუდი კაცის მოადგილეთ ითვლება, ამით უსარგებლნია ჯვრის-წერის დროს. ამერიკაში ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ახალგაზრდებს ქუჩაში დაუწერიათ ჯვარი. ამასთან ეკლესიის მაგიერობას ურემი სწევდა თურმე. ამერიკელმა არტისტ ქალმა ვიოლეტა ვასკოტიმ საოპერო თეატრის დარბაზში დაიწერა ჯვარი.
"დროება", სურათებიანი დამატება, 1909 წ. #3
მოამზადა თეა ცაგურიშვილმა
ჟურნალი "ისტორიანი",#98
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?