რაჟდენ რუსიშვილი - ქართველი მეცნიერი უცხოეთის ცის ქვეშ (ფესვები, ტრადიციები, მოღვაწეობა) - კვირის პალიტრა

რაჟდენ რუსიშვილი - ქართველი მეცნიერი უცხოეთის ცის ქვეშ (ფესვები, ტრადიციები, მოღვაწეობა)

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ვერაზე, ბელინსკის ქუჩის დასაწყისში, დღესაც დგას აგურის სამსართულიანი სახლი. სახლის მეორე სართულზე ამ ბოლო დრომდე ცხოვრობდა მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილისა და მისი ვაჟის, პროფესორ გია ავალიშვილის შთამომავლობა. მესამე სართულზე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ქალბატონი დარია (დარიკო) გრიგოლის ასული რუსიშვილი, რომელიც ამ ოციოდე წლის წინათ გარდაიცვალა. არაერთხელ მქონდა პატივი, მისი ოჯახის სტუმარი ვყოფილიყავი მამაჩემთან, პროფესორ გიორგი ჯავახიშვილთან ერთად. სამწუხაროდ, ქალბატონ დარიას შთამომავალი არ დარჩენია.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ქალბატონმა დარიამ, მე, როგორც ისტორიკოსს, საჩუქრად გადმომცა თავის საოჯახო არქივში შემონახული რამდენიმე საყურადღებო დოკუმენტი. მათ შორის იყო მისი ძმის, უცხოეთში მოღვაწე მეცნიერის - რაჟდენ რუსიშვილის ცხოვრების ამსახველი მასალაც. წინამდებარე სტატიაში გამოქვეყნებული საილუსტრაციო მასალა დოკუმენტურად წარმოაჩენს ხსენებული მეცნიერის წარმომავლობას, საგვარეულო ტრადიციებსა და მოღვაწეობას საზღვარგარეთ.

თავად რუსიშვილთა საგვარეულო სათავეს ძველი დროიდან იღებს.

უფლისწულმა ვახუშტი ბაგრატიონმა თავის თხზულებაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ჩამოთვლილ კახეთის 13 სათავადო გვარს შორის რუსიშვილთა საგვარეულო მერვე ადგილას დაასახელა. მისი განმარტებით, ეს გვარი გახლდათ ერთ-ერთი "უწარჩინებულეს და შემძლებელ" ქართულ თავადურ საგვარეულოთა შორის.

უფლისწულმა იოანე ბაგრატიონმა თავის თხზულებაში "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" ჩამოთვლილ კახეთის 24 სათავადო გვარს შორის რუსიშვილების საგვარეულო მერვე ადგილას მოიხსენია. მათი წარმომავლობის შესახებ იოანე ბატონიშვილმა ასეთი ცნობა მოგვაწოდა: "ესენი არიან დროსა თამარ მეფისასა, რომელიცა მოჰყვნენ რუსთა მეფისა ძესა ვსევოლოდიისსა სვიაჯად წოდებულის ქალაქით, რომელიც ექორწინა თამარ მეფესა ქრისტეს აქეთ 1177 წელსა და თამარ მეფემან ამა რუსის შვილს რუსოვად წოდებულისა გვარითა უბოძა რუსისშვილობა და თავადობა და აწ არიან შილდას მოსახლენი ესენი: 1) ბარამის შვილები, 2) ქაიხოსროს შვილები".

საქართველოში ასევე ცხოვრობდნენ აზნაური რუსაშვილები, რომლებიც იყვნენ იმერეთიდან შიდა ქართლში გადასახლებულ თავად აბაშიძეთა აზნაურნი. მათ არავითარი ნათესაობა არ აკავშირებდათ თავად რუსიშვილებთან, რომლებიც კახეთში მკვიდრობდნენ.

იოანე ბაგრატიონის ცნობით, რუსაშვილთა წინაპარნი არიან "რუსეთით მოსრულნი ადრევე და მიღებულ მდაბალ აზნაურად, რომლისა გამო ადგილისა რუსეთითა ეწოდათ რუსას შვილობა და არიან მოხსენებულ ტრაქტატსა შინა".

1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკში, ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის დადებულ მფარველობით ტრაქტატს დართულ აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა ნუსხაში იხსენიებიან კახეთის თავადი რუსიშვილები და ქართლის თავად აბაშიძეთა აზნაური რუსაშვილები.

ჩვენთვის უცნობია, რომელ საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით მოგვაწოდა იოანე ბატონიშვილმა რუსიშვილთა და რუსაშვილთა საგვარეულოს წარმომავლობის ზემოთ მოყვანილი ვერსიები. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ არაერთი ქართველი ფეოდალი აცხადებდა საკუთარი გვარის ფუძემდებლად უცხოეთიდან მოსულ წარჩინებულს.

თავადი რუსიშვილები ზოგჯერ იწოდებოდნენ ყორჩიბაშ-რუსიშვილებად, ზოგჯერ კი ყორჩიბაშიშვილებადაც. აქვე განვმარტავთ, რომ ყორჩიბაში ეწოდებოდა სპარსეთის შაჰინშაჰის პირადი დაცვისა და სამეფო კავალერიის უფროსს. აღმოსავლეთ საქართველოში ეს თანამდებობა შემოიღო ქართლის მეფე როსტომმა, რომელიც ერთხანს კახეთსაც განაგებდა. შეესაბამებოდა მსახურთუხუცესის მანამდე არსებულ თანამდებობას, რომელიც იყო სამეფო კარის მინისტრი და მეფის დომენის გამგებელი.

კახეთის სამეფო კარზე თავად რუსიშვილებს სხვადასხვა დროს ეკავათ: ყორჩიბაშის, მდივანბეგის, მოლარეთუხუცესის (მთავარი ხაზინადრის), ბოქაულთუხუცესის, ბაზიერთუხუცესის, მოურავისა და ნაზირის თანამდებობები. ამ გვარისშვილნი წარმატებით მოღვაწეობდნენ სასულიერო ასპარეზზეც, ხოლო ზოგიერთ მათგანს ნეკრესის ეპისკოპოსის თანამდებობა ეკავა.

თავად რუსიშვილთა ოჯახის წევრები. მარცხნიდან: გრიგოლ გიორგის ძე, მისი მეუღლე ნატალია ჯანდიერი, მათი ვაჟი გიორგი გრიგოლის ძე (უმცროსი), გიორგი გრიგოლის ძე (უფროსი) და ნინო გრიგოლის ასული. გრიგოლს ხელთ უპყრია ჩვილი ვაჟი - რაჟდენი (თელავი, 1901 წელი)

XV-XVIII საუკუნეთა ქართულ საისტორიო წყაროებში მოიხსენიებიან რუსიშვილთა საგვარეულოს შემდეგი წარმომადგენლები (რომლებიც ზოგჯერ იწოდებოდნენ რუსისშვილებად): სეფედავლე, რომელიც იყო მოწმე კათოლიკოს-პატრიარქ აბრაამ II აბალაკის მიერ სვეტიცხოვლის კახური მამულების მოხილვისას შედგენილი სასაზღვრო მიჯნების წიგნისა (დათარიღებულია 1492-1497 წლებით); ინდო, რომელიც იყო მოწმე კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის მიერ სვეტიცხოვლისთვის მიცემული შეწირულების განახლების წიგნისა (1579 წ.); მოლარეთუხუცესი პატი, მისი ვაჟები - ქაიხოსრო, გირგელდი, რუსი და შვილიშვილი ზურაბ ქაიხოსროს ძე, რომლებიც XVI საუკუნის მეორე ნახევარში გაცემულ საბუთებში იხსენიებიან; მოლარეთუხუცესი რუსი, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი III-ის ზეობის დროს სვეტიცხოველს შესწირა ვეძისხევში მდებარე მამული თავისი მამის სულის საოხად (1664 წ.); მოლარეთუხუცესი შერმაზან და ბაზიერთუხუცესი გიორგი რუსის ძენი; ჭერემელი ეპისკოპოსი ეპიფანე, რომელიც XVII საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა; ბოქაულთუხუცესი ბარამ ბეჟანის ძე; მდივანბეგები დიმიტრი ბეჟანის ძე და მისი ვაჟი პაპუნა დიმიტრის ძე; ნაზირი ივანე პაპუნას ძე; მოურავები რამაზ ბეჟანის ძე და მისი ვაჟი ბეჟან რამაზის ძე და სხვ.

კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქ თელავში თავად რუსიშვილებს საკუთარი ციხესიმაგრე ჰქონდათ, რის შესახებაც მიუთითებდნენ XVIII საუკუნის ბოლო მესამედში საქართველოში ჩამოსული გერმანელი მოგზაურები - იოჰან ანტონ გიულდენშტედტი, რომელიც რიგაში დაიბადა და აღიზარდა და იაკობ რაინეგსი ანუ ქრისტიან-რუდოლფ ელიხი, რომელიც წარმოშობით საქსონიიდან იყო.

გიულდენშტედტის ცნობით, თელავში სამი გალავნიანი ციხე იყო. ქალაქის ცენტრში მდებარეობდა მეფის რეზიდენცია, რომლის გარშემოწერილობა 700 ნაბიჯს შეადგენდა. მისგან აღმოსავლეთით მდგარი თავად ვახვახიშვილთა ციხის გარშემოწერილობა 500 ნაბიჯი იყო. თელავის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა თავად ყორჩიბაშიშვილთა ანუ რუსიშვილთა ციხე, რომლის გარშემოწერილობა 600 ნაბიჯს შეადგენდა. ამ ცნობიდან ჩანს, რომ რუსიშვილთა ციხე სიდიდით ოდნავ ჩამორჩებოდა სამეფო ციხეს, მაგრამ აღემატებოდა ვახვახიშვილებისას.

რაინეგსი წერდა, რომ კახეთის ტერიტორიაზე ყველაზე ღირსშესანიშნავი დასახლებული პუნქტი არის "თელავი (ცაცხვების ქალაქი), - სამმაგად გამაგრებული და ზარბაზნებით შეიარაღებული, მტრისთვის აუღებელი ციხე. იგი სამი ნაწილისგან შედგება. თითოეული შემოვლებულია მაღალი, მტკიცე კედლით და 30 ფუტი სიღრმისა და 118 ფუტი სიგანის თხრილით. შუა და ყველაზე დიდი ციხე ეკუთვნის მეფე ერეკლეს და ამიტომაც ჰქვია მას ბატონის ციხე. მეორე ეკუთვნის ყორჩი ბეის გვარს, მესამე კი - ვახვახიშვილებს".

რუსეთის მესვეურთა მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსიშვილები ამ იმპერიის თავადებად იქცნენ. ამის შემდეგ, ისინი ძირითადად რუსეთის არმიის ოფიცრებად და ჩინოვნიკებად მსახურობდნენ.

ამ სათავადო გვარს ჰქონდა თავისი საგვარეულო გერბი, ფარზე გამოსახული მონოცეროსის (რქოსანი ცხენის) გამოსახულებით.

რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების მიერ 1850 წელს დამტკიცებულ ქართველ თავადთა ნუსხაში, რუსიშვილთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებს შორის იხსენიებიან გიორგი (დაბადებული 1833 წელს) და რაჟდენ (დაბადებული 1837 წელს) გრიგოლის ძე რუსიშვილები.

მაიორი რაჟდენ გრიგოლის ძე რუსიშვილი უმემკვიდრეოდ გადაეგო. ამიტომაც, მისმა ძმისწულმა გრიგოლ (გოგლო) გიორგის ძე რუსიშვილმა 1900 წლის 5 ოქტომბერს დაბადებულ თავის ერთ-ერთ ვაჟს ბიძის სახელი - რაჟდენი დაარქვა.

თელავში მცხოვრებ თავად გრიგოლ (გოგლო) გიორგის ძე რუსიშვილსა და მის მეუღლეს, თავად ილია ჯანდიერის ასულ ნატალიას ექვსი შვილი ჰყავდათ: ილია (1889-1969), ნინო (1890-1955), გიორგი (1892-1958), რაჟდენი (1900-1984), ვასილი (1901-1902) და დარია/დარიკო (1904-1992), რომლის შესახებაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. სამწუხაროდ, გენეტიკური შთამომავალი არც ერთ მათგანს არ დარჩენია...

და-ძმებს შორის ყველაზე გამოჩენილი რაჟდენ გრიგოლის ძე რუსიშვილის წინაპართა გენეალოგიური ნუსხა ასე გამოიყურება: თავადი ბეჟან რუსიშვილი - დიმიტრი (მდივანბეგი) - ბეჟანი - რამაზი (მოურავი) - ბეჟანი (მოურავი) (1766-1820) - გრიგოლი/გლახა (1791-1846) - გიორგი (1833-1903) - გრიგოლი/გოგლო (1864-1928) - რაჟდენი (1900-1984). ეს ნუსხა საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა ქართული გენეალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა იური ჩიქოვანმა.

ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლები, ცენტრში - რაჟდენ რუსიშვილი (მიუნხენი, 1931 წელი)

რაჟდენ რუსიშვილმა დაწყებითი განათლება თელავში მიიღო. 17 წლის ჭაბუკი ახალდაარსებული თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ქართულ უნივერსიტეტში გატარებულმა სამმა წელიწადმა რაჟდენს ბევრი რამ შესძინა. მას ურთიერთობა ჰქონდა უნივერსიტეტში მოღვაწე შესანიშნავ ქართველ მეცნიერებთან. მათ შორის იყვნენ უმაღლესი განათლების ამ ეროვნული კერის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი, პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი, რომელიც პროფესიით ქიმიკოსი გახლდათ და სხვები. შემდგომში იგი განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა ივანე ჯავახიშვილს, რომელიც დედით (სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილი) თელაველი იყო და კარგად იცნობდა ამ ქალაქში მცხოვრებ რუსიშვილებს. სწორედ დიდი მეცნიერის რჩევით გადაწყვიტა რაჟდენმა, ქიმიკოსი გამხდარიყო. მას მუდამ ახსოვდა ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: "XX საუკუნე ტექნიკის საუკუნე იქნება და ამ სფეროში საქართველოს კვალიფიციური სპეციალისტები დასჭირდებაო".

ყმაწვილობიდან ქიმიით გატაცებულ რაჟდენს ერთ-ერთი ქიმიური ცდის დროს თვალი დაუზიანდა, რის გამოც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-სამედიცინო კომისიამ იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა.

1921 წელს, რექტორ ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით, თბილისის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები ცოდნის გასაღრმავებლად მიავლინეს დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. მათ შორის იყო რაჟდენ რუსიშვილიც, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა. მასთან ერთად ყოფილან: მაქს ქიქოძე, და-ძმა ბაბეტა და გოგი ერისთავები, მაღალაშვილები, ფორაქიშვილები, ხუხუნი და სხვები.

გერმანიაში ჩასულ ქართველ სტუდენტებს დახვედრიან ძმები ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, რომლებიც იქ ჯერ კიდევ 1919 წელს ჩავიდნენ ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით.

რაჟდენი ერთხანს გიოტინგენში ცხოვრობდა. იმხანად, ამ ქალაქის უნივერსიტეტში სწავლობდა შემდგომში გამოჩენილი მეცნიერი, ჰიდრავლიკოსი ივანე (იგივე იოჰან) ნიკურაძე, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია 1923 წელს დაიცვა.

ძმები ნიკურაძეები რაჟდენის უახლოესი მეგობრები გახდნენ. რაჟდენი განსაკუთრებით დაუახლოვდა შემდგომში ასევე გამოჩენილ მეცნიერს, ალექსანდრე (სანდრო) ნიკურაძეს (1901-1981). იგი თავისი ძირითადი სპეციალობის (მყარი სხეულების ფიზიკა და ენერგეტიკა) გარდა, ფუნდამენტურ ნაშრომებს ისტორიისა და გეოპოლიტიკის საკითხებზეც აქვეყნებდა. ზოგჯერ ის წერდა ფსევდონიმით A. შანდერს.

რაჟდენ რუსიშვილმა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაასრულა. 1928 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის დარგში და დოქტორ-ინჟინრის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. ამ პერიოდიდან გერმანიაში გამომავალ სამეცნიერო ჟურნალებში "ფიზიკა", "ფიზიკური ქიმია", "ელექტროტექნიკა" და სხვ. სისტემატურად ქვეყნდებოდა ალექსანდრე ნიკურაძის ნაშრომები, რომელთა თანაავტორიც ზოგჯერ რაჟდენ რუსიშვილი იყო.

რაჟდენი მეგობრობდა ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის გამოჩენილ წარმომადგენელთან გრიგოლ რობაქიძესა და ევროპაში სახელგანთქმულ დაღესტნელ (ეროვნებით ხუნძ) მხატვარ ჰალილ-ბეგ მუსაიასულთან, რომელსაც ირანის უკანასკნელმა შაჰინშაჰმა მოჰამად რეზა ფაჰლავიმ ირანის ქვეშევრდომობა და ბეგის წოდება უბოძა. შემორჩენილია 1935 წელს, მიუნხენში გადაღებული ფოტო, რომელზეც რაჟდენ რუსიშვილი აღბეჭდილია თავის მეგობრებთან - რობაქიძესა და მუსაიასულთან ერთად.

რაჟდენ რუსიშვილი (მარჯვნივ), ემილ გური და გიორგი მაღალაშვილი მიუნხენში

გერმანიის ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის (1933 წელი) შემდეგ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ერთი ნაწილი მათ სამსახურში ჩადგა. მოქმედებდნენ რა პრინციპით - "ჩემი მტრის მტერი - ჩემი მეგობარია", ქართველთა ამ ნაწილს სურდა და გულწრფელადაც სწამდა, რომ II მსოფლიო ომში სსრ კავშირის დამარცხების შემთხვევაში, ძლევამოსილი გერმანია მფარველად მოევლინებოდა ბოლშევიკური ხუნდებისგან თავდახსნილ საქართველოს. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ I მსოფლიო ომის მიწურულს, კავკასიაში შემოსულმა გერმანულმა არმიამ მართლაც გადაარჩინა ახალაღდგენილი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო როგორც ოსმალურ ოკუპაციას, ასევე შინაგან არეულობასაც, რასაც ქართველი ერის ღირსეული ნაწილი ყოველთვის მადლიერებით იგონებდა.

გერმანიაში იმხანად მოღვაწე ქართველ ემიგრანტთა შორის იყვნენ პიროვნებანი, რომლებიც ამ ქვეყნის მესვეურთა ნდობით სარგებლობდნენ. რამდენიმე მათგანი, რომელთაგან პირველი ორი გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრიც გახლდათ, შესამჩნევი პოლიტიკური გავლენითა და ავტორიტეტით გამოირჩეოდა:

1) "ევროპის კონტინენტური კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, ფიზიკოსი და გეოპოლიტიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ნიკურაძე (1901-1981). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1919 წელს ის თავის ძმასთან ერთად ჩავიდა გერმანიაში სასწავლებლად და უკან აღარ დაბრუნებულა. მეგობრობდა III რაიხის იდეოლოგ ალფრედ როზენბერგთან და არნო შიკედანცთან, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება საქართველოს მომავალ გენერალ-გუბერნატორად ამზადებდა;

2) აღმოსავლეთის (ანუ "ვანზეეს") სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დოქტორი მიხეილ ახმეტელი (1895-1963). იგი იყო გერმანიაში საქართველოს ელჩის, ვლადიმერ ახმეტელის ძმისწული. 1924 წელს იენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ამიერკავკასიის ეკონომიკური მნიშვნელობა". მიიჩნევა სოვეტოლოგიის გერმანული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით "კონსტანტინ მიხაილი". მეგობრობდა როზენბერგთან;

3) შალვა მაღლაკელიძე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, სხვადასხვა დროს მსახურობდა ახალციხის, აფხაზეთისა და თბილისის გენერალ-გუბერნატორად. II მსოფლიო ომის დაწყებამდე დაინიშნა გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩევლად. 1944 წელს მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გერმანიის სამხედრო მესვეურებთან, მათ შორის აბვერის (სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) ხელმძღვანელთან, ადმირალ ფრიდრიხ კანარისთან;

4) ყველაზე შეძლებული ქართველი ემიგრანტი გერმანიაში, ექიმი გიორგი მაღალაშვილი. მისი მეუღლე მონიკა უიტი იყო ასული უმდიდრესი გერმანელი მრეწველისა;

5) საქართველოს არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ფრიდონ წულუკიძე, რომელიც შტანდარტენფიურერის წოდებით ხელმძღვანელობდა სამხედრო შენაერთს - "ქართულ ცხენოსან შშ"-ს, რომელიც დისლოცირებული იყო ჩრდილოეთ იტალიაში.

ზემოხსენებულთა გარდა, გერმანელთა ნდობით ასევე სარგებლობდნენ ქართველი ემიგრანტები: აბვერისა და გესტაპოს (საიდუმლო პოლიცია) თანამშრომელი მიხეილ კედია; გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფიცრები დიმიტრი შალიკაშვილი, გივი გაბლიანი, მიხეილ ალშიბაია, მიხეილ ქავთარაძე; კავკასიის საგანგებო შტაბის თანამშრომელი ალექსანდრე ცომაია; საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში ვლადიმერ ახმეტელი; ქართული ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ წერეთელი, კიტა ჩხენკელი (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის ძმა), შალვა ამირეჯიბი და სხვები.

თავად რუსიშვილთა საგვარეულო გერბი

აქ ჩამოთვლილ ქართველებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ყველასთან, ვინც ამა თუ იმ კუთხით უკავშირდებოდნენ ქართულ საკითხს. მათ შორის იყვნენ: გერმანიის ყოფილი ელჩი საბჭოთა კავშირში ფრიდრიხ ფონ დერ შულენბურგი; როზენბერგის ხელმძღვანელობით მოქმედი აღმოსავლეთის სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გერჰარდ ფონ მენდე; შშ-ის კავკასიური დეპარტამენტის უფროსი ერიხ ენგელჰაუპტი და სხვები. სამივე დაკავშირებული იყო 1944 წელს ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებასთან. მათგან პირველი სიკვდილით დასაჯეს.

თავის ქართველ მეგობართაგან განსხვავებით, რაჟდენ რუსიშვილი არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში და მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. მის მიერ მიუნხენში მოწყობილი ლაბორატორიის სტუმართა შორის იყვნენ როგორც ძმები ნიკურაძეები, ასევე დიდი გერმანელი მოაზროვნე თომას მანი, გრიგოლ რობაქიძე, გიორგი მაღალაშვილი, გერმანისტი ნიკო ქადაგიძე და სხვები.

II მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, რაჟდენ რუსიშვილმა გერმანია დატოვა და საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში, სადაც ქალაქ ილიში დასახლდა. მან იქაც ნაყოფიერად განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა ქიმიასა და ფიზიკაში.

საგულისხმოა, რომ ილიში, ფილდსაიდის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის ეზოში რაჟდენმა ვაზი ახარა და მშვენიერი ვენახი გააშენა. კახელი თავადიშვილი, რომელსაც განგებამ ცხოვრება ნისლიან ალბიონზე არგუნა, სამშობლოს მონატრებას ვენახის მოვლით იქარვებდა...

რაჟდენმა არაერთხელ სცადა საქართველოში დარჩენილ და-ძმებთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მან ეს მხოლოდ 1963 წელს მოახერხა და თავის დას ტელეფონით ესაუბრა. ქალბატონი დარიკო ცრემლების გარეშე ვერ იხსენებდა იმ წუთს, როდესაც ყურმილიდან 42 წლის უნახავი ძმის ხმა ჩაესმა...

1966 წელს დარია რუსიშვილს უფლება დართეს, დიდი ხნის ნატვრა აესრულებინა, მოსკოვიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრებულიყო და ძმა მოენახულებინა.

1973 წელს რაჟდენ რუსიშვილსაც აუხდა სანუკვარი ოცნება და მარიამობისთვეს საქართველოს ეწვია. ნახევარსაუკუნოვანი განშორების შემდეგ თბილისში ჩამოსულმა რაჟდენმა დაიჩოქა და ქართულ მიწას ეამბორა. თავისი ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი დედმამიშვილის, ქალბატონი დარიკოს თანხლებით, მშობლიურ თელავსაც ეწვია. იმ საღამოს რაჟდენმა ქალაქში ფეხით გაისეირნა და კახთმეფეთა სასახლის ეზოში ძველებური მოკრძალებით შევიდა.

რაჟდენ რუსიშვილის სამხედრო ბეგარიდან გათავისუფლების მოწმობა (1921 წლის 7 თებერვალი)

მოულოდნელად ის შეეჩეხა თავისი ბავშვობის მეგობრებს, არჩილ ელიზბარაშვილსა და ალექსანდრე ცისკარიშვილს. მოზღვავებული გრძნობებისგან სამივე აქვითინებულა... "მათი შეხვედრა განუმეორებელი იყო - იგონებდა ქალბატონი დარიკო, - საოცარია, როგორ ჩქარა იცნეს მათ ერთმანეთი ამდენი ხნის განშორების შემდეგ!"

1984 წლის იანვარში დარია რუსიშვილმა მეხუთედ ინახულა თავისი ძმა, რომელიც უკვე მძიმედ ავადმყოფობდა. დის ჩასვლიდან მეათე დღეს, რაჟდენი გარდაიცვალა...

83 წლის რაჟდენ რუსიშვილის გარდაცვალების შესახებ ადგილობრივი ინგლისური გაზეთი ასე იუწყებოდა: "მისი გვარი ქართული არისტოკრატიული წარმომავლობისა იყო... ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში, სადაც მეცნიერებათა დოქტორი გახდა. II მსოფლიო ომის დაწყებამდე დასახლდა ინგლისში, სადაც ქალაქ ილიში, მარტოხელა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. საქმიანობდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთსა და თურქეთში... იყო სასურსათო ფირმების საგანგებო ტექნიკური კონსულტანტი. მისი სახლი გადაქცეული იყო ლაბორატორიად, სადაც მრავალი ქიმური ექსპერიმენტი ეწყობოდა. რაჟდენ რუსიშვილი დაკრძალეს დღეს, ხუთშაბათს - 1984 წლის 19 იანვარს".

ქალბატონმა დარიკო რუსიშვილმა არ მოისურვა ძმის ნეშტის შორეულ ქვეყანაში დატოვება და სამშობლოში გადმოასვენა. უცხოეთში მოღვაწე მეცნიერის ფერფლი მიწას მიაბარეს ვაკის სასაფლაოზე, თავისი ძმის, ცნობილი თერაპევტის, პროფესორ გიორგი რუსიშვილის გვერდით.

ასე დასრულდა ცხოვრება და მოღვაწეობა თავად რუსიშვილთა საგვარეულოს ბრწყინვალე წარმომადგენლისა, რომელსაც განგებამ უცხოეთის ცის ქვეშ 63-წლიანი ცხოვრება არგუნა.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი,#48