თბილისის ამირას "არაბული ზაფხული" - როგორ მოხვდა ბუღა თურქის მიერ ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა ისლამურ "ათასწლეულის ისტორიაში" - კვირის პალიტრა

თბილისის ამირას "არაბული ზაფხული" - როგორ მოხვდა ბუღა თურქის მიერ ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა ისლამურ "ათასწლეულის ისტორიაში"

853 წლის აგვისტოს დამდეგი იყო. თბილისის სანახებს მიუახლოვდა აბასიანთა სახალიფოს ლაშქარი ხალიფა მუთავაქილის (847-861) თურქული გვარდიის სარდლის, ბუღა უფროსის, იმავე ბუღა თურქის მეთაურობით. სამიზნე იყო თბილისის ამირა, ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელსაც ქართველები სააკ ისმაელის ძედ უხმობდნენ.

X საუკუნის არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი ალ-მასუდი წერდა: "და იყო თბილისში კაცი, სახელად ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელიც მასთან მყოფი მუსლიმების დახმარებით ბატონობდა მეზობელ ხალხებზე. ისინი ემორჩილებოდნენ მას და უხდიდნენ სულად გადასახადს - ჯიზიას".

35 წლით ადრე ისჰაკმა, ხალიფას ნებართვის გარეშე, მიიტაცა თბილისი და გახდა უზურპატორი, არაბულად - მუთაღალიბი. ნიჭიერი და ენერგიული იყო ამირა. კახეთში წანარები ერთგულ მოკავშირეებად ჰყავდა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, დაღესტანში ზურგს უმაგრებდა სარირთა სამეფოს მბრძანებელი, რომლის ქალიშვილიც ცოლად შეირთო. მისი ავტორიტეტი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვანანდში - ყარსის რაიონში, სოფელ კანჭკაქართან დაამარცხა და უკუაგდო ბიზანტიელთა ლაშქარი.

ინდოეთის დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორი აქბარი (მხატვარი მანოსარი, მოგოლთა სკოლის წარმომადგენელი)

ისლამურ სამყაროში ისჰაკი პოპულარული გახდა 842 წლიდან, როცა თბილისი გაიარა და იქ შეჩერდა სალამ თარჯუმანი. ხალიფა ვასიკს (842-847) ესიზმრა, რომ სადღაც შორს, ჩრდილოეთში, ალექსანდრე მაკედონელის მიერ აშენებული მძლავრი ზღუდე გაანგრიეს ზღაპრულმა არსებებმა გოგმა და მაგოგმა, რომელთაც შეეძლოთ დიდი უბედურება მოეტანათ ადამიანებისთვის. ეს ზღუდე, როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, ჩინეთის დიდი კედელი უნდა ყოფილიყო. შეშფოთებულმა ვასიკმა ამ ამბის დასაზუსტებლად ზაფხულში წარგზავნა ექსპედიცია სალამ თარჯუმანის (თარჯიმნის, მთარგმნელის) ხელმძღვანელობით. ის პოლიგლოტი იყო და 30 ენა მაინც იცოდა.

ხალიფამ სალამს რამდენიმე თანამგზავრი გააყოლა და სამგზავროდ საკმაო ფულიც გადასცა. სალამი სამარადან - სახალიფოს იმდროინდელი დედაქალაქიდან - დაადგა გზას და როცა 410 კილომეტრი გაიარა, თბილისში შევიდა. მან ისჰაკს გადასცა ვასიკის სარეკომენდაციო ბარათი, რომელშიც ხალიფა ამირასგან ითხოვდა, დახმარება აღმოეჩინა მისთვის. ისჰაკმა, თავის მხრივ, ასეთივე ბარათებით მოამარაგა სალამი, რომელიც დაღესტნიდან ხაზარეთში გადავიდა. 16 თვის შემდეგ მან მიაღწია ჩინეთის დიდ კედელს და როცა დარწმუნდა, რომ გოგისა და მაგოგის საშიშროება კაცობრიობას არ ემუქრებოდა, მშვიდობიანად დაბრუნდა სამარაში. ამის შესახებ, თავად სალამ თარჯუმანისგან მოგვითხრო ცნობილმა არაბმა გეოგრაფმა იბნ ხორდადბეჰმა. ამ ამბავს შემდეგ სხვა არაბი ავტორებიც იმეორებდნენ.

წარმატებებმა გაათამამეს ისჰაკი. მან არაბთა დიდი პროვინციის, არმინიის მფლობელის (საჰიბ) ტიტული მიიღო (ან მიითვისა). მეზობელ ხალხებზე მბრძანებლობა გაუტკბა, მათგან შემოსული გადასახადების მიტაცებაც დაიწყო და სახალიფო ხაზინაში აღარაფერს გზავნიდა. ეს იყო დანაშაული, რის პატიებაც არ შეიძლებოდა. ამიტომ ხალიფები მის წინააღმდეგ დამსჯელ ექსპედიციებს გზავნიდნენ, მაგრამ შეუპოვარი წინააღმდეგობითა და დიპლომატიით ისჰაკი ახერხებდა ამირას ტახტის შენარჩუნებას.

აბულ-ლ ფაზლი ფადიშაჰ აქბარს გადასცემს წიგნს

ასე გაგრძელდა მანამდე, ვიდრე ხალიფა მუთავაქილმა მის წინააღმდეგ არ გაგზავნა ბუღა თურქი. 80 წელს იყო მიტანებული სახალიფოს მთავარსარდალი. დიდი ცოდნითა და განათლებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ჰქონდა სამხედრო ნიჭი, ომებში თავი გამოეჩინა და სიმამაცით იყო განთქმული. მონაწილეობდა არაერთ სამხედრო ექსპედიციაში, ებრძოდა აჯანყებულ ხურამიტებს აზერბაიჯანში, ხალიფას დაუმორჩილა ჰიჯაზი და განმდგარი წმინდა ქალაქები - მექა და მედინა, ებრძოდა ბიზანტიელებს. ცნობილი არაბი ისტორიკოსი ას-საფადი წერდა, რომ "ბუღა მონაწილეობდა მრავალ შეტაკებასა და ომში, თავადაც ხელმძღვანელობდა ბრძოლებს. მაგრამ ერთხელაც არ აუსხამს აბჯარი და ერთი ჭრილობაც კი არ მიუღია ბრძოლებში". მანამდე, 852 წელს ბუღამ სისასტიკით ჩაახშო ხალიფას წინააღმდეგ სომხების აჯანყება, მოაოხრა სასუნი, ხუთი, ვანის ტბის სანაპიროები, სომხეთის სხვა მხარეები და თბილისისკენ დაიძრა. მის ლაშქარში, თურქი გვარდიელების გარდა, იყვნენ სამხრეთ ეგვიპტეში მცხოვრები მაღრიბელები, შთამომავლები არაბი ემიგრანტებისა. ბუღას თან ახლდნენ ცნობილი სარდალი ზირაქ ათა-თურქი და სომეხი მთავარი სმბატ ბაგრატუნი.

ბუღა მიუახლოვდა თბილისს, რომელიც ისჰაკს საგულდაგულოდ გაემაგრებინა, განსაკუთრებით სოღდებილი - მტკვრის მარცხენა ნაპირზე და აღმოსავლეთიდან მიადგა ქალაქს. მან ისჰაკს შეუთვალა, დამნებდი და მეახლეო. - მე ყოველთვის ხალიფას მორჩილი ვიყავი. თუ ფული და ხარკი გინდა, გამოგიგზავნი, მაგრამ პირადად არ მოვალო. ამირამ იცოდა, რას ნიშნავდა ბუღასთან მისვლა. დაპატიმრება და სამარაში გაგზავნა არ ასცდებოდა. იქ კი უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ. ამიტომაც უარზე დადგა და ომისთვის მოემზადა. მან საგანგებოდ გაამაგრა თავისი რეზიდენცია სოღდებილში - დღევანდელი მეტეხის ადგილას, ჯარიც საკმარისად ჰყავდა და იმის იმედიც ჰქონდა, რომ ქართველი მოკავშირეები დაეხმარებოდნენ. ხანგრძლივი ალყა არ აშინებდა, რადგანაც სურსათ-სანოვაგე უხვად მოემარაგებინა. დარწმუნებული იყო, რომ ხიფათს თავიდან აიცილებდა. მაგრამ ამჯერად აღარ გაუმართლა.

853 წლის 5 აგვისტოს, ბუღას ბრძანებით, მისმა მეომრებმა ნავთობმტყორცნელთა საგანგებო ერთეულიდან (ნაფფატუნ) თიხის ქოთნები ნავთით გაავსეს, ცეცხლი წაუკიდეს და მანჯანიკებით თბილისს დაუშინეს. ფიჭვის ხით ნაგებ სახლებს ცეცხლი სწრაფად მოედო. ამოვარდნილმა ქარმა ხანძარი მთელი ძალით გააჩაღა. ამის შემხედვარე ისჰაკმა ბუღას სარდალთან - თურქ ზირაქთან ბრძოლა შეწყვიტა და ქალაქს მიაშურა. საზარელი სურათი წარმოუდგა. მისი სასახლე და შემოგარენი ცეცხლის ალში გახვეულიყო. ხანძარმა დაზაფრა ქალაქის დამცველები და წინააღმდეგობის უნარი დაუკარგა მათ. შედრკა ამირაც.

ერთი პირობა უნდოდა, სამშვილდეში გახიზნულიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ზირაქს შეუთვალა, - მოდი და შემიპყარიო. ზირაქმა არ დაიჯერა და მხოლოდ მაშინ გაეშურა მისკენ, როცა მესამედ ეახლა ამირას მოციქული. ისჰაკი და მისი ვაჟი ამრი გაბაწრული მიჰგვარს ბუღას. ახლა ბუღას გაოცების ჯერი დადგა. თომა არწრუნის ცნობით, მას ისჰაკის აჯანყება ისე არ გაჰკვირვებია, როგორც მისი უაზრო დანებება. მან ბრძანა, სასწრაფოდ დაესაჯათ სიკვდილით დიდთავა, შავგრემანი, ბასმით შეღებილი წვერ-ულვაშიანი, მელოტი და ელამი, ზონზროხა მოხუცი. სასჯელი აღასრულა ბუღას მოადგილე ღამუშმა. ისჰაკის უსულო სხეული ჯვარზე გააკრეს, ხოლო თავი მარგილზე ჩამოაცვეს და შემდეგ ხალიფა მუთავაქილს გაუგზავნეს, მის ქვრივთან და ორ ვაჟთან ერთად. როდესაც ამირას თავი ნადიმისას მიართვეს ხალიფას, წამოდგა ცნობილი პოეტი ალი იბნ ალ-ჯაჰმი და ექსპრომტად წარმოთქვა ვრცელი კასიდა (აქ მოტანილია პირველი ხუთი სტრიქონი): კეთილი იყოს შენი მოსვლა,

ვითარცა დესპნის,

ის მოიტანე, შურისგების რომ

მოკლავს წყურვილს,

და განმარტებას რომ არ ითხოვს

საერთოდ იგი,

თავი ისჰაკის, ისმაილის ძის,

ძლევა თბილისის და სუღდაბილის...

ამ კასიდისთვის ხალიფა მუთავაქილმა პოეტს 30 ათასი დირჰემი უბოძა.

* * *

ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის მმართველობა, ისევე როგორც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება, ცნობილი და პოპულარული თემა იყო არა მხოლოდ არაბულ მწერლობაში. მის შესახებ წერდნენ არაბი გეოგრაფები და ისტორიკოსები, ბიოგრაფები და კოსმოლოგები, პოეტური და სხვა ტიპის ანთოლოგიების ავტორები. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ თემა ისლამურ მხატვრობაშიც გაგრძელდა. მაგრამ ეს მოხდა ისჰაკის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ.

1585 წლებში ინდოეთის დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორმა აქბარმა (1542-1605) ბრძანა, შეედგინათ მთელი ისლამური სამყაროს ისტორია მოციქულ მუჰამადის სიკვდილიდან - ათასი წლის განმავლობაში, რის გამოც მას ეწოდა "ათასწლეულის ისტორია" (თა"რიხ-ი-ალფი). ამ თხზულებას, რომლის არასრული ნუსხები დაცულია ინდოეთისა და ევროპის არქივებში, ყველა სხვა ისტორია უნდა შეეცვალა.

ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება და ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა. ილუსტრაცია დიდ მოგოლთა სახელმწიფოს იმპერატორის, აქბარის ბრძანებით შედგენილი ისლამური სამყაროს

იმპერატორი აქბარი გატაცებული იყო მხატვრობით. მის კარზე მუშაობდა ასობით ინდოელი და მუსლიმი მხატვარი, რომლებიც ამზადებდნენ განსაკუთრებული სილამაზისა და ხარისხის ხელნაწერებს. ილუსტრირებულია "ათასწლეულის ისტორიაც". მის პირველ ტომებში, რომლებიც დაწერა მულა აჰმად ათ-თათავიმ, შევიდა ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება და ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯაც, როგორც გამორჩეული ამბავი ისლამის ისტორიაში, სათანადო ფერადი ილუსტრაციით. ეს მინიატურა, ბრიტანეთის მუზეუმიდან, 2008 წელს მოვიპოვეთ პროფესორ ზაზა სხირტლაძის შუამდგომლობით, იმ დროისთვის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეების - ელეონორა სიმსისა და ვალენტინა ტალიანის თავაზიანი დახმარებით. მათ გაითვალისწინეს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მინიატურა ყოველგვარი საფასურის გარეშე მოგვაწოდეს.

მინიატურა სამი ნაწილისგან შედგება. მეორე, შუა ნაწილში, ისჰაკის სიკვდილით დასჯას ასეთი კომენტარი ახლავს (პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის თარგმანში):

"ბუღამ ალყა შემოარტყა ქალაქ თიფლისს. მისი ლაშქრის მეთაური იყო ზირაქ თარი (სიც. თურქი). იმ ქალაქის ვალი ისჰაკ იბნ ისმაილი ქალაქიდან გამოვიდა და დიდი ბრძოლა გამართა. ბოლოს იგი ბუღას ჩაუვარდა ხელთ, რომელმაც მყისვე მოჰკვეთა მას თავი და ქალაქი გადაწვა".

მინიატურაზე ჩანს თბილისის ამირა, ფეხშიშველი, დაჩოქილი და ხელებშეკრული, იმ პოზაში, რომელიც დღემდეა მიღებული სიკვდილმისჯილთათვის ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, კერძოდ, საუდის არაბეთში. ისჰაკის უკან ღამუშია, გაშიშვლებული ხმლით, მზადყოფნაში - თავი მოჰკვეთოს ამირას.

ასე შევიდა თბილისის ამირას ისჰაკ იბნ ისმაილის ტრაგიკული აღსასრული ისლამურ მხატვრობაში.

გოჩა ჯაფარიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჟურნალი "ისტორიანი",#48