იური ჩიქოვანის მოსაგონარი - კვირის პალიტრა

იური ჩიქოვანის მოსაგონარი

5 იანვარს 82 წლისა გახდებოდა გამოჩენილი მკვლევარ-გენეალოგი, “ქართული გენეალოგიური საზოგადოების” თავმჯდომარე, საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის (საფრანგეთი) ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი იური (გიორგი) კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (1937-2018). სამწუხაროდ, ის ამ თარიღის დადგომამდე ორიოდე თვით ადრე - გასული წლის გიორგობისთვის თორმეტში გარდაიცვალა.

იური ჩიქოვანი დაიბადა 1937 წლის 5 იანვარს, ქალაქ ლენინგრადში (ამჟამად - სანქტ-პეტერბურგი), გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ჩვენს ქვეყანაში ნეიროქირურგიის სკოლის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ კონსტანტინე (ბონდო) პლატონის ძე ჩიქოვანის (1908-1960) ოჯახში. 1939 წლიდან ოჯახი თბილისში გადმოსახლდა.

სახელგანთქმული ნეიროქირურგის ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა ბატონმა იურიმ შინაარსიანი ცხოვრების გზა განვლო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სამძიმრის წერილი იური ჩიქოვანის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისადმი

მისი სამოღვაწეო დიაპაზონი საკმაოდ მრავალმხრივი გახლდათ. ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით დამთავრების შემდეგ (1962) იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ინგლისური ენის კათედრაზე უფროს მასწავლებლად.

პედაგოგობასთან ერთად, იური ჩიქოვანი გახლდათ ცნობილი მოჭადრაკე, საჭადრაკო თეორეტიკოსი, საქართველოსა და სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, თბილისის ოთხგზის (1963, 1966, 1977, 1985 წწ.) და საქართველოს 1976 წლის ჩემპიონი ვაჟთა შორის, ვახტანგ ქარსელაძის მემორიალის გამარჯვებული (1974 წ.), FIDE-ს ოსტატი (1994 წლიდან), საერთაშორისო არბიტრი ჭადრაკში (2002 წლიდან). შედიოდა რა საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრების შემადგენლობაში, წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს სპორტულ ღირსებას სხვადასხვა სახის გუნდურ ჩემპიონატებში. 1966 წლიდან მოყოლებული, თითქმის 30 წლის განმავლობაში ჭადრაკში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1979 წლიდან), მის აღზრდილთა შორის არიან საქვეყნოდ ცნობილი ქართველი მოჭადრაკენი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონი ნინო გურიელი და არაერთი სხვა საერთაშორისო ოსტატი და დიდოსტატი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მადლობა როგორც ჭადრაკის ფედერაციის, ისე სპორტკომიტეტის მხრიდან.

ორ სხვადასხვა სფეროში პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, ბატონი იური ჯერ კიდევ ახალგაზრდობის ასაკიდან, კერძოდ, 1984 წლიდან, გატაცებით შეუდგა გენეალოგიურ კვლევა-ძიებას. მართალია, გენეალოგიური კვლევა ჩვენში მანამდეც წარმოებდა, მაგრამ მან, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ისტორიულ საგვარეულოთა სრულფასოვან, სისტემურ შესწავლას.

იური ჩიქოვანის მამა - კონსტანტინე (ბონდო) პლატონის ძე ჩიქოვანი - ნეირო-ქირურგიის ქართული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

იური ჩიქოვანის ინიციატივით, 1995 წელს დაარსდა "ქართული გენეალოგიური საზოგადოება", რომელსაც თავადვე თავმჯდომარეობდა (გარდაცვალებამდე). იმავდროულად, იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ გენეალოგიური კვლევის ცენტრს (1999-2003), იყო ამავე ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების მიწვეული სპეციალისტი (2008-2009) და საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის შტატგარეშე სპეციალისტი (2010-2016). იგი ასევე გახლდათ "თავად-აზნაურთა საკრებულოს" ვიცე-წინამძღოლი და მთავარი გენეალოგი.

მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა ძირითადად თავადაზნაურული წარმომავლობის ქართული ისტორიული საგვარეულოების მეცნიერული შესწავლა. აღნიშნულ თემატიკაზე პირველწყაროების (საქართველოს და რუსეთის სიძველეთა საცავებში დაცული ხელნაწერებისა და საარქივო მასალების) საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მან ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მრავალი ისტორიულ-გენეალოგიური ნაშრომი, სტატიები და 11 წიგნი (ჩამოთვლილია ქრონოლოგიურად) - "თავადი ჭავჭავაძეები" (2002), "ჩხეიძეთა საგვარეულო" (2004); "მიქელაძეთა და მხეიძეთა საგვარეულო" (2005); "თავადი მაყაშვილები და თავადი ჩიჩუები" (2006); "აფხაზ თავად შერვაშიძეთა საგვარეულო" (2007); "თავად მაჩაბელთა საგვარეულო" (2009); "გიორგი XII და მისი შთამომავლობა" (2015), "დოკუმენტები ცხადყოფენ" (2017), "ისევ დოკუმენტები ცხადყოფენ" (2018).

იური ჩიქოვანი და მისი მეუღლე - ირინა კვირკველია-ჩიქოვანისა

ზემოთ ჩამოთვლილი წიგნების უმეტესობას სამეცნიერო რედაქტორობა გაუწიეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ანჩაბაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო ჯავახიშვილმა, რომლებსაც ბატონ იურისთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ.

1993-1998 წლებში მოსკოვში, რუსულ ენაზე გამოიცა ოთხი ტომი მრავალტომეულისა საერთო სახელწოდებით Дворянские роды Российской империи ("რუსეთის იმპერიის თავადაზნაურთა საგვარეულოები"), რომელსაც საერთო სამეცნიერო რედაქტორობა და ნაწილობრივი თანაავტორობა გაუწია მოსკოვში არსებული საისტორიო-გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარემ - სტანისლავ დუმინმა. ამ მრავალტომეულის მესამე ტომში, რომელიც გამოიცა 1996 წელს, შევიდა გამოკვლევები ბაგრატიონთა დინასტიისა და მისი საგვარეულო განშტოებათა შესახებ, რომელიც ეყრდნობა იური ჩიქოვანის მიერ მოპოვებულ მასალებს და მისი თანაავტორობით შედგენილ გენეალოგიურ ნუსხებს. იმავე მრავალტომეულის მეოთხე ტომის - "საქართველოს სამეფოს თავადები" (1998) თანაავტორები არიან იური ჩიქოვანი და სტანისლავ დუმინი. აღნიშნულ ტომში შესული 63 საგვარეულოს გენეალოგიური ტაბულები მთლიანად შედგენილია ჩიქოვანის სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე.

საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველმა მკვლევარ-გენეალოგმა, ხანგრძლივი და დაძაბული შრომის შედეგად, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ასზე მეტი ქართული ისტორიული გვარის გენეალოგიური ნუსხა, სათანადო კომენტარებითურთ.

საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის (პარიზი) ნამდვილი წევრის - იური ჩიქოვანის დიპლომი (გაცემულია 2005 წლის 10 ოქტომბერს)

იური ჩიქოვანის სამეცნიერო ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 2004 წელს იგი საქართველოდან პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) გახდა ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიისა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში - პარიზში მდებარეობს.

ბატონი იური გახლდათ კეთილშობილი პიროვნება, უღალატო მეგობარი და იმავდროულად, ჭეშმარიტი მამულიშვილი, რასაც პატრიოტული სულისკვეთებით შექმნილ თავის მრავალფეროვან გენეალოგიურ მემკვიდრეობასთან ერთად, ყოველდღიურ ყოფაშიც ავლენდა...

ამ ქვეყნიდან ვალმოხდილად გარდასულმა მეცნიერმა დატოვა არაჩვეულებრივი თანამეცხედრე - ქალბატონი ირინა კვირკველია-ჩიქოვანისა, რომელიც ერთად ცხოვრების მესამედი საუკუნის განმავლობაში თავის მეუღლეს გულითად თანადგომას უწევდა და სამეცნიერო საქმიანობაში ხელს მაქსიმალურად უწყობდა.

ბატონ იურის დარჩა შვილები - მარინა, გიორგი და რუსუდან ჩიქოვანები და შვილიშვილები, რომლებსაც ვუსურვებთ, რომ თავიანთი სახელოვანი მამისა და პაპის ღირსეული შთამომავალნი ყოფილიყვნენ...

ჟურნალ "ისტორიანის" რედაქცია