უდიდესი სასაფლაო მსოფლიოში - კვირის პალიტრა

უდიდესი სასაფლაო მსოფლიოში

ერაყში შიიტების წმინდა ქალაქ ნაჯაფის სასაფლაო ვადი ას-სალამი (არაბულად - მშვიდობის ველი) ყველაზე დიდია მსოფლიოში. ის 1400-ზე მეტი წლისაა - ადამიანთა დაკრძალვა აქ დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ სასანიანთა სპარსეთის ეპოქაში.

ვადი ას-სალამში დაკრძალვაზე მილიონობით შიიტი ოცნებობს, რადგან აქ წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილისა და სიძის, იმამ ალის საფლავებია. გადმოცემით, აქვე უნდა იყოს ისლამის რამდენიმე წინასწარმეტყველის, კერძოდ, ჰუდისა და სალეჰის საფლავებიც.

შიიტური ტრადიციის მიხედვით, ვადი ას-სალამში აბრაამმა მიწა იყიდა. იმამ ალის სიტყვით, ვადი ას-სალამი სამოთხის ნაწილს წარმოადგენდა. შიიტებს სჯერათ, რომ ალის მიღებული აქვს უფლება, მიცვალებულებს შეაწიოს სიტყვა და სულის სხეულთან გაყრისას მათ ტანჯვა შეუმციროს. ხოლო ვინც ალის გვერდით იქნებიან დაკრძალული, განკითხვის დღეს თავიანთ სულიერ ლიდერთან ერთად აღდგებიან. ამიტომ აქ დაკრძალვა შიიტისთვის დიდი პატივია.

სასაფლაოს ფართობი 6 კვკმ-ზე მეტია და ის მუდმივად ფართოვდება. აქ 5 მილიონზე მეტი საფლავია, ზოგიერთში შესაძლოა 50-მდე ნეშტი იყოს. ვადი ას-სალამის ცენტრში მდებარეობს მეოთხე ხალიფას - ალი იბნ აბუ თალიბის საფლავი. მის ახლოს დიდი აიათოლას, მუჰამად ბაქირ ას-სადრისა და მისი დის, ამინა ას-სადრის საფლავებია. გიგანტურ სასაფლაოზე ახლაც ყოველდღე კრძალავენ მიცვალებულებს არა მარტო მთელი ერაყიდან, არამედ მსოფლიოს ყველა კუთხიდან, სადაც შიიზმია გავრცელებული.

შიიტთა რწმენით, აქ ადამიანებს ხშირად ეცხადებათ "მთავარი იმამის" სული, რომელიც "ადრე თუ გვიან, დაბრუნდება და სამყაროს სამართლიანად მართავს", სჯერათ, რომ ყოველ ხუთშაბათს, მზის ჩასვლის ნამაზის შესრულებისას აქაურ მეჩეთთან ეცხადებათ შიიტების მეთორმეტე იმამი ალ-მაჰდი, რომლის მავზოლეუმი სასაფლაოს ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად არის ქცეული. ჭირისუფლები მიცვალებულს დაკრძალვისას განბანენ და შემოსავენ, ლოცვებს აღავლენენ იმამ ალის ტაძარში, რომელსაც მიცვალებულთან ერთად სამჯერ შემოუვლიან. როგორც ამბობენ, თითქმის ყველა ერაყელ და ძალიან ბევრ ირანელ შიიტს აქ ნათესავი ჰყავს დაკრძალული.

აშშ-თან ომების დროს ერაყელთა სამხედრო ფორმირებები საფლავებს თავშესაფრად იყენებდნენ ან ნაღმსატყორცნებისთვის აწყობდნენ ფარულ პოზიციებს. ამის გამო სასაფლაო სისტემატურად ხვდებოდა საარტილერიო ჭურვებისა თუ საავიაციო ბომბების ქვეშ. დღეს ვადი ას-სალამი იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის წინასწარ სიაშია შეტანილი.

მომზადებულია history.com-ის მიხედვით ჟურნალი "ისტორიანი",#99