ქართველები ინდოეთში - კვირის პალიტრა

ქართველები ინდოეთში

წლეულს იანვარში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით საშუალება მქონდა მემუშავა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ან საქართველოსთან დაკავშირებულ მასალებზე.

აქვე, სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამავე ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ქალბატონ ხათუნა ჭელიძეს, რომლის საქმიანმა რჩევებმა და გამოცდილებამ დიდად შემიწყო ხელი ჩემთვის საინტერესო მასალების მოპოვებასა თუ გამოკვლევაში. ამჯერად მკითხველის ყურადღებას ერთ უნიკალურ დოკუმენტს მივაპყრობთ.

ძვირფას ყდაში ჩასმული დიდი ზომის ალბომი 16 ნახატს მოიცავს და ასახავს ინდოეთში, კერძოდ კი ბენგალიაში მცხოვრებთა ჩაცმულობას (ოფიციალური დასათაურება: 16 drawings bound into a volume depicting occupations in Bengal). ალბომი 1805 წელს არის შექმნილი კალკუტელი (ახლანდელი კოლკატა) მხატვრის მიერ, რომელიც სავარაუდოდ, მურშიჰაბადიდან უნდა იყოს. ნამუშევრის პირობითი სახელწოდებაა "სამხედროთა და ადგილობრივთა ინდური ჩანახატები" (Indian Drawings, Military and Domestic), თითო ნახატის ზომა 18,5-დან 12 დუიმამდე მერყეობს (47X35 სმ), თითქმის ყველა მათგანი მოქცეულია შავ ჩარჩოში და ახლავს განმარტებითი წარწერები. ხატვის დროს გამოყენებულია ფანქარი და წყლის საღებავები. ალბომი ბიბლიოთეკის მიერ შეძენილია 1914 წლის 19 ოქტომბერს.

ნამუშევრის მიღება განსაზღვრულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული, მისი გამოწერა წინასწარი შეთანხმებისა და გასაუბრების შემდეგ ხდება. ალბომის დათვალიერება შეიძლება საგანგებოდ გამოყოფილ ოთახში, მეთვალყურის ზედამხედველობის ქვეშ. აკრძალულია ექსპონატის დამცავი ყუთიდან ამოღება და ფოტოგრაფირება. ამ უფლების მოპოვება მხოლოდ ელექტროსარეგისტრაციო ფორმის შევსებისა და სათანადო ნიხრის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი.

ამ ძვირფას დოკუმენტში ჩვენთვის საყურადღებოა მეხუთე გვერდზე გამოსახული ფიგურა, რომლის ქვედა ზოლში შემდეგი ინგლისური წარწერაა "ქართველი მამაკაცი" (Add Or 1002 Georgian man (c1805)). გამოსახულ პირს შავი ჩექმა, მოყვითალო შარვალი და ჩოხის მსგავსი მწვანე მოსასხამი აცვია, წელზე აღმოსავლური ტიპის წითელი ქამარი აქვს შემოხვეული, მარჯვენა ხელში კავკასიური (ან აღმოსავლური) ტიპის ხანჯალი უჭირავს.

საკმაოდ საინტერესო და ეგზოტიკურია მაღალი, ცილინდრული ფორმის ქუდი, რომლის თავი წითელი დაჩითული ქსოვილითაა დასრულებული, გვერდები კი აღმოსავლური ნაქარგობითაა დამშვენებული. ჩნდება კითხვა, რა უნდა ინდოელ ტიპაჟთა შორის ამ ქართველ მამაკაცს? მის წინა ექვს ნახატზე ინდოელი ადამიანები, კერძოდ მოცეკვავე გოგონა, ასკეტი მუსლიმი, ასტროლოგი და ბრაჰმანი არიან გამოსახული, შემდეგ კი სეფაიები (სპარსულად "ჯარისკაცს" აღნიშნავს და ამ სიტყვით მოიხსენიებენ დაქირავებულ მებრძოლებს კოლონიურ ინდოეთში XVIII-XX საუკუნეებში. ისინი კომპლექტდებოდა ძირითადად ინგლისელებისა და ასევე ადგილობრივი მოსახლეობისგან) და ინდოეთის არმიის ჯარისკაცები არიან დახატული. ნუთუ ინდურ ტიპაჟებს შორის ქართველი მამაკაცის არსებობა იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ავტორმა საგანგებოდ შედგენილი ნახატების ალბომში მისი სურათიც შეიტანა?

ინდოეთში ქართველთა როლსა და მოღვაწეობას არაერთი საინტერესო გამოკვლევა მიუძღვნა ქართველმა მეცნიერმა, ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ. მაგალითად, მისი ნაშრომებიდან ირკვევა, რომ XV საუკუნეში ქართველი ღულამის (აღნიშნავს მონას ჰინდუს ენაზე), უსუფ ადილ შაჰის მიერ დაფუძნებული ადილ შაჰთა დინასტია ორასი წლის განმავლობაში მართავდა ბიჯაპურს და დიდ გავლენას ახდენდა ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაზე.

იმავე თემაზე 1992 წელს საინტერესო ნაშრომი გამოაქვეყნა მკვლევარმა ლოვარდ ტუხაშვილმა სახელწოდებით "ქართველები ინდოსტანის სუბკონტინენტზე". აქ მოყვანილია XVII საუკუნის ფრანგი მოგზაურის ფრანსუა ბერნიეს ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ პრინც აურანგზების მიერ გოლკონდის მეფის დატყვევების დროს 10-12 ქართველი მონა მონაწილეობდა. იმავე ბერნიეს ცნობით, ინდოელმა მეფე რამრასმა XVII საუკუნეში მნიშვნელოვნად აღაზევა მასთან სამსახურში მყოფი სამი ქართველი მონა _ სამივე გუბერნატორებად დანიშნა: პირველს დეკანის მიწები ჩააბარა, მეორეს ბიჯაპურის სამეფოს ნაწილი უბოძა, მესამეს კი გოლკონდის სამეფოს პროვინციები გადასცა. მოგვიანებით, ქართველები აჯანყდნენ და საერთო შეთანხმებით მეფე რამრასი მოკლეს....

ჩვენს ხელთ არსებული ზემოხსენებული ნახატი პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძეს გავუზიარეთ, რომელიც ნამუშევრით დაინტერესდა. მისი აზრით, 1805 წლის ალბომში ქართველი მამაკაცის სამხედრო ფორმაში გამოსახვა უჩვეულო არ უნდა იყოს, რადგან XIX საუკუნის შუა ხნებამდე ქართველი მონებით ვაჭრობა არაბეთის ნახევარკუნძულსა და ინდოეთს შორის მართალია არცთუ დიდი სიხშირით, მაგრამ მაინც გრძელდებოდა.

მაგალითისთვის, 1840 წელს ბრიტანეთში ჩავიდა მასკატის (დღევანდელი ომანის) ხელმწიფის ორი დესპანი, რომლებმაც ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ძღვენი ჩაუტანეს. ამ ორიდან ერთი ქართველი იყო და ბრიტანელმა მხატვარმა ჯორჯ ჰეიტერმა მისი პორტრეტიც შექმნა.

ალექსანდრე მიქაბერიძის ნაშრომიდან "უცხოეთში დაკარგული ქართველები _ 60 ამბავი" ირკვევა, რომ 1868 წელს, ბრიტანეთის ინდოეთის დაარსების 10 წლისთავის აღსანიშნავად, ბრიტანულმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა მრავალტომეული ინდოეთის საზოგადოებაზე. ამ უნიკალური პროექტის ფარგლებში ბრიტანულმა ხელისუფლებამ გამოიყენა ახალი ტექნოლოგია, ფოტოგრაფია, რათა წარმოეჩინა ინდოეთის სუბკონტინენტზე მცხოვრები მოსახლეობის მრავალფეროვნება.

ამ კრებულში შესულ ასობით ფოტოს შორის აღსანიშნავია კრებულის მეექვსე ტომში განთავსებული #294 ფოტოგრაფია, რომელზეც ასახულია ქართველი "მირზა ალი მუჰამედ გურჯი".

ალექსანდრე მიქაბერიძის აზრით, XIX საუკუნის ინდურ სასაუბრო ლექსიკონში სიტყვა "გურჯის" განმარტების ფაქტი ცხადყოფს, თუ რამდენად ჩვეული მოვლენა იყო ინდოეთში ქართველის ყოფნა.

ზემოთ აღნიშნულ სურათს კი თან ახლავს მოკლე აღწერაც: "მირზა ალი მუჰამედი არის აწ გარდაცვლილი მირზა ხოსროს შვილი. საქართველოში დაბადებული მირზა ხოსრო თავდაპირველად მონად გაყიდეს, მაგრამ სინდის [რეგიონის] ამირათა სამსახურში გამოიჩინა თავი, აღზევდა და ეკავა მეტად საპატიო სახელმწიფო თანამდებობები. ინდოეთის ისტორიაში შეგხვდებათ ამის მსგავსი შემთხვევები და ეს განსაკუთრებით ეხება ქართველებს, რომლებიც ავლენენ არაჩვეულებრივ ნიჭს, იღებენ ჩინებულ განათლებას და შემდეგ სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე მსახურობენ. ამ სურათზე ასახული პირი არის მირზა ხოსროს უფროსი ვაჟი, ენერგიული და მეტად საზრიანი ახალგაზრდა კაცი, რომელიც [ბრიტანელების მიერ] სინდის დაპყრობის შემდეგ ჩადგა [ბრიტანულ] სამოქალაქო სამსახურში. სადღეისოდ მუშაობს კოლექტორის თანაშემწედ და ავლენს საუცხოო ხასიათს".

ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობის დროს საშუალება მოგვეცა აღნიშნული გამოცემა გვენახა და მირზა ალი მუჰამედ გურჯის გამოსახულების ციფრული ვერსიაც დაგვემზადებინა.

ამავე ალბომში ერთი კიდევ საქართველოსთან დაკავშირებული საინტერესო ფოტოა. მასზე მხცოვანი მამაკაცი მოჩანს, რომლის სახელი მირზა ზაინ ოოლ აბიდენი ყოფილა. იქვე დაბეჭდილ ტექსტში კი შემდეგ საყურადღებო ამბავს ვკითხულობთ: "უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი სამოსი გარკვეულწილად განსხვავდება სინდი მამაკაცების ტანსაცმლისგან. მისი ოქროს ფარჩით დამშვენებული ქუდი უფრო ქართულია, ვიდრე სპარსული. მამაკაცს ოქროს ფარჩისვე მოკლე ზედატანი ჩვეულებრივ აბრეშუმის ტუნიკაზე ჩაუცვამს, ქაშმირის მოსასხამი კი მარცხენა მხარეს, მხარზე და ხელზე გადაუკიდია. მისი სახასიათო თავისებურებები აშკარად მიუთითებს სპარსულ ან სულაც ქართულ წარმომავლობაზე. როგორც ჩანს, ოჯახმა სისხლის სიწმინდე შეინარჩუნა, თავი აარიდა რა სინდელ ქალთან შერეულ ქორწინებას".

ამ უკანასკნელ ცნობაში აღწერილი ქუდის ქართული გენეზისი ცალკე კვლევის საგანია, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ XIX საუკუნის ინდურ საზოგადოებაში ქართველებს ან ქართული წარმომავლობის ადამიანებს საყურადღებო როლი და მნიშვნელობა გააჩნდათ.

გიორგი კალანდია

პროფესორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი ჟურნალი "ისტორიანი",#99