ევროპელი და ქართველი მეომრების სამხედრო აღჭურვილობა - XV-XVI საუკუნეების ოსტატები - კვირის პალიტრა

ევროპელი და ქართველი მეომრების სამხედრო აღჭურვილობა - XV-XVI საუკუნეების ოსტატები

აბჯარი ისტორიის ნებისმიერ პერიოდში მეომრის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი იცავდა სხეულის თითოეულ ნაწილს: სახეს, ხელებს, ფეხებს, ტანს და სხვ.

გვიანი შუა საუკუნეების აღჭურვილობა იყო იდეალური დაგვირგვინება ჯვაროსნული შეიარაღებისა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ისეთ ჯავშანს, რომელიც დიდი თავდაცვითი შესაძლებლობით გამოირჩეოდა, მოგვიანებით კი მოხდა მისი სრულყოფა. აბჯარი რაინდებისთვის ასევე გახლდათ სიამაყის საგანი, სიმამაცისა და ძლიერების გამოხატულება, გავლენას ახდენდა საზოგადოებაში მათ სტატუსზეც. თუმცა საბოლოოდ ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამ აბჯარი ბრძოლის ველიდან გააძევა. XVII საუკუნიდან დაწყებულმა ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურმა გამოყენებამ რაინდები უფუნქციოდ დატოვა. მათმა აღჭურვილობამ სამხედრო თვალსაზრისით აზრი დაკარგა და წმინდა დეკორატიული მიზნით იყენებდნენ. რკინაში შეჯავშნულთა ბრძოლის ველზე გამოჩენა შიშს აღარ აღძრავდა, რადგან მებრძოლთა შანსები ცეცხლსასროლმა იარაღმა გაათანაბრა.

საბრძოლო აღჭურვილობის შექმნა ძირითადად გულისხმობს ტანის დამცავი აბჯრის შექმნას, იგი მეომრის შეიარაღების მთავარი თავდაცვითი ატრიბუტი იყო. აბჯრის გარეშე არც ერთ ბრძოლასა და ომს არ ჩაუვლია. აბჯარი იცავდა მოლაშქრის გულ-მკერდის, მუცლის, ბეჭებისა და ზურგის არეებს, რომლებიც ბრძოლის დროს პირველი სამიზნე ადგილებია მოწინააღმდეგისთვის. ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული აბჯარმა მრავალჯერ იცვალა ფორმა, ზომა, წონა, დამზადების წესი და სხვ. ძველად მას ტყავისგან ან რამე სხვა ქსოვილისგან ამზადებდნენ, რომელსაც შეეძლო გარკვეულწილად მებრძოლის დაცვა მსუბუქი დაზიანებისგან. მოგვიანებით აბჯრის დამზადების წესი დაიხვეწა და თავდაცვით ტყავის პერანგზე დაიწყეს ლითონის პატარა ნაჭრების დამაგრება. ეს მეთოდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას გვიან შუა საუკუნეებამდე მიმართავდნენ.

XV საუკუნიდან კი აბჯრის სრულიად ინოვაციური სახეობები გამოჩნდა, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი წინამორბედებისგან და მათგან განსხვავდებოდნენ დამზადების ხერხითაც და გარეგნულადაც. ასეთ აბჯრებს შუა საუკუნეებში, ძირითადად, ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში ამზადებდნენ და სწორედ ისინი მოგვევლინენ მეომრის აღჭურვილობის მთავარ იმპორტიორებად მთელ ევროპაში. ქვემოთ სწორედ მათ შესახებ გვექნება საუბარი. აღსანიშნავია, რომ მებრძოლები, რომლებიც საზოგადოების დაბალ ფენებს განეკუთვნებოდნენ, ბრძოლის ველზე შედარებით დაუცველი და იაფფასიანი აბჯრის ამარა გადიოდნენ, ხოლო მეფეებს, თავადებსა და სხვა ფეოდალებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო, მდიდრული და უფრო დაცული აღჭურვილობა ემოსათ.

 "მაქსიმილიანური" აბჯრის ხელთათმანები

იტალია უკვე XIV საუკუნიდან გახდა აბჯრის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა მთელ ევროპაში. კერძოდ კი მილანი, რომელიც XIV, XV და XVI საუკუნეებშიც ამარაგებდა კონტინენტს, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ესპანეთს. იტალიელები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული გემოვნებით, ისინი აბჯრებს იმ ქვეყნის სტილში ამზადებდნენ, სადაც ექსპორტით უნდა გაეტანათ. ამის გამოც იყო დიდი მოთხოვნა იტალიაში დამზადებულ აბჯრებზე.

XV საუკუნის მეორე ნახევარში იტალიურმა აბჯარმა განვითარების ბოლო ეტაპს მიაღწია. ამ პერიოდში მთელი ძალისხმევა მისი დახვეწისკენ იყო მიმართული. ოსტატებმა შექმნეს აბჯრის განსხვავებული ფორმები, რომლებსაც მთელ გვიან შუა საუკუნეებში ამზადებდნენ. ყველაზე ადრინდელი ნამუშევრები 1420 წლით თარიღდება. მათ მკერდის დასაცავად მომრგვალებული რკინის ფირფიტები ჰქონდათ, რომლებიც შუაში ერთმანეთთან ტყავის თასმებით მაგრდება. ქვემოთ აბჯარი წელში იყო გამოყვანილი, რათა ზუსტად გაემეორებინა მეომრის წელის ფორმა და მომჯდარი ყოფილიყო მთლიან ტანზე, რაც მეტ თავდაცვისუნარიანობასა და მოქნილობას განაპირობებდა. აბჯრის ბოლოს კი ჩამოშვებული იყო დიდი ზომის რკინის სამი ფირფიტა, რომლებიც ქვედაბოლოს ეფექტს ქმნიდნენ და ფეხის ზედა ნაწილს იცავდნენ. თუმცა, მას უფრო ვიზუალური დანიშნულება ჰქონდა, ვიდრე თავდაცვითი.

1430 წლიდან იტალიური ტანის საფარველი ფორმას იცვლის, სამი ფირფიტისგან შემდგარი დაბოლოება ქრება და მის მაგივრად ჩნდება თაღი ბარძაყებს შორის, რომლებიც გვერდებიდან მოჰყვებოდა ფეხებს და მის ზედა და გვერდითა მიდამოებს იცავდა. უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ იყო ძალიან გრძელი და ბარძაყის 1/3-ს იცავდა. მოგვიანებით, 1450 წლისთვის ფეხის ეს დამცავი კიდევ უფრო დაიხვეწა, გახდა უფრო მომრგვალებული და წაგრძელებული. შეიძლება ითქვას, რომ განვითარების ამ ეტაპის შემდეგ ბარძაყის დამცავი ფეხს უკვე იცავდა წინიდან, უკნიდან და გვერდებიდან. მეტი სიმრგვალე კი გარანტი იყო მოძრაობის მეტი თავისუფლებისა, ასევე, ნასროლი ისრის ასხლეტისა და გარეგნული სილამაზისაც, რასაც მჭედლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ფეხის აბჯრის სიგრძე კიდევ უფრო დაგრძელდა და მუხლებამდე ჩამოვიდა.

1440 წლის შემდეგ იტალიური აბჯრის ზურგისა და უკანა ტანის დამცავი ნაწილები უფრო დეტალიზებული გახდა. მას ჰორიზონტალური, გრძელი რკინის ფირფიტებისგან ამზადებდნენ, რომლებიც ერთმანეთზე მოქლონებით იყო დამაგრებული უძრავად და მყარად. ეს ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხენოსანი მეომრებისთვის იყო, რომლებიც დარტყმებს ქვემოდან იღებდნენ და ფირფიტების არასწორი გადაფარვის შემთხვევაში, მათი დაზიანების რისკი იზრდებოდა.

ქვეითი ჯარის სამოსის პარალელურად, ვითარდებოდა შეჭურვილობა ცხენოსნებისთვისაც, კავალერისტის აბჯარს "კირასა" ეწოდებოდა. იგი იყო რამდენიმე სახეობის "მილანური", "გოტიკური", აგრეთვე მათი გაერთიანებით მიღებული "მაქსიმილიანური"

XIII-XIV საუკუნეებში გერმანია აბჯრის დამზადებით არ გამოირჩეოდა და შესაბამისად, ის ექსპორტითაც არ გაჰქონდათ ამ ქვეყნიდან. მას შემდეგ, რაც სამხრეთ გერმანიაში იტალიაში დამზადებული თავდაცვითი აღჭურვილობის ნიმუშები გამოჩნდა, მათ მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი და ამ დროიდან გერმანიაში აბჯრების დამზადება დაიწყეს. XV და XVI საუკუნეებში გერმანია კონკურენციას უწევდა იტალიას და მასთან ერთად გახდა ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი ევროპაში. ყველაზე დიდი ქალაქები, რომლებიც ამ მხრივ გამოირჩეოდნენ, იყვნენ: ნიურნბერგი, ინსბრუკი, ლანდსხუტი და აუგსბურგი. მათ შორის ყველაზე პოპულარული იყო აუგსბურგში დამზადებული აბჯრები, რომელთაც ჰელმშმიდის გვარის წარმომადგენლები ამზადებდნენ.

იტალიაში კი ქალაქი მილანი არავის უთმობდა პირველობას და ყველაზე დიდი მოთხოვნაც აქ დამზადებულ ტანის საბურველზე იყო. მილანში ამ მხრივ მისალიას გვარი გამოირჩეოდა. დაახლოებით 1430 წლისთვის გერმანიაში დამზადებულ მკერდის აბჯარს დაემატა რკინის სამი ფირფიტა (მათ შესახებ უკვე აღვნიშნეთ იტალიურ აბჯარზე საუბრისას), რომლებიც ქვედაბოლოს ინტერპრეტაციას ქმნიდა.

გერმანიაში აბჯარს თავდაპირველად რკინის ერთი მთლიანი ნაჭრისგან ჭედდნენ, შემდეგ კი მის დანარჩენ ნაწილებს, ზოგს მოძრავად და ზოგსაც უძრავად, მოქლონების საშუალებით ამაგრებდნენ. 1450 წლისთვის ოსტატებმა ამ ნაწილების შეკავშირების ტექნოლოგია შეცვალეს და ამიერიდან ქამრების საშუალებით აბამდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით გერმანულ აბჯარში, იტალიურის ზეგავლენით, გაქრა ქვედა ფირფიტები, რომლებიც ქვედაბოლოს ქმნიდნენ და მათი ადგილი თაღის ფორმის ბარძაყის დამცავებმა დაიკავა. ასეთი ჯავშანი გერმანიაში 1460-იან წლებში დამზადდა.

გაჩნდა ახალი სტილი, რომელსაც "მაღალი გოტიკა" უწოდეს. პოპულარობის პიკს მან 1480-იან წლებში მიაღწია და საუკეთესოდ ითვლებოდა ევროპაში. როგორც წესი, ამ სახის ჯავშანში აღკაზმულობაში გამოიყენებდნენ სალადის (შალლეტ) ტიპის მუზარადს, საყელოს, კისრისა და ყელის მიდამოების დასაცავად. მის შიგნით რბილ ქსოვილს იცვამდნენ, რათა ლითონს უშუალო შეხება არ ჰქონოდა სხეულთან. ზოგჯერ ამ სტილს უწოდებდნენ "გერმანულ გოტიკას", თანამედროვეობაში კი მისი სახელწოდება "იტალიური გოტიკაა". იტალიისა და გერმანიის საზღვრებს გარეთ შერეული სახის აბჯრებს ამზადებდნენ, განსაკუთრებით ინგლისში და იღებდნენ ორივე ქვეყნისთვის ოსტატებისთვის დამახასიათებელ საუკეთესო თვისებებს.

გოტიკური სტილის ჯავშანი დაყოფილია მაღალ და დაბალ გოტიკად, ასევე ადრეულ და გვიანად. ზოგიერთი შეცდომით აღნიშნავს და ადანაშაულებს ამ სტილს საბარძაყე ჯავშნის არქონაში. ეს ნაკლი შეინიშნება მრავლად მოღწეულ ნიმუშებში, თუმცა, არსებობს იმავე ტიპის აბჯარი, სადაც რაინდი სრულად არის შეჭურვილი და არც ერთი დამცავი ნაწილი არ აკლია. მაღალ გოტიკას დაბალთან შედარებით დიდი რაოდენობით "ქედები" ჰქონდა, რაც მას მეტად ალამაზებდა. გვიანი და მაღალი გოტიკაც განსხვავებულია. გვიანი გოტიკური სამჭედლო ხელოვნების იაფ ნიმუშებში ხშირად გვხვდება დაბალი გოტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ეს სტილი არსებობდა XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში, სანამ ასპარეზზე ახალი სახის, "მაქსიმილიანური აბჯარი"არ გამოვიდა.

ერთ-ერთი მთავარი სამეფო დაწესებულება, რომელიც აბჯრებს აწარმოებდა, ინგლისში იყო. იგი დააარსა ჰენრი VIII-მ (1509-1547) 1515 წელს და 1637 წლამდე მუშაობდა. აქ მეფემ გერმანელი ოსტატები მოიყვანა. ეს სამჭედლო ცნობილია "გრინვიჩის სამჭედლოს" სახელწოდებით (მისი სრული სახელი იყო თჰე ღოყალ "The Royal „Almain“ Armouries - სამეფო გერმანული ჯავშანი). მართალია, იქ აბჯარს გერმანელი ოსტატები ამზადებდნენ ინგლისელი შეგირდების მონაწილეობით, თუმცა ეს საჭურველი იტალიური და გერმანული აბჯრის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდა. ასე მაგალითად, გულ-მკერდისა და მხრების ჯავშანი იჭედებოდა იტალიური სტილით, მუზარადი - ბურგუნდიულით, საბარკულები - სამხრეთგერმანულ-ნიურნბერგის სტილით, ხოლო დანარჩენი ნაწილები მზადდებოდა აუგსბურგის სამჭედლოების მსგავსად (უნდა ითქვას, რომ ნიურნბერგისა და აუგსბურგის სკოლებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა). "გრინვიჩის სამჭედლოში" მზადდებოდა ინდივიდუალური აბჯრები დიდებულებისთვისაც. თუმცა, მჭედლები ვერ ამზადებდნენ იმ ხარისხის ნაწარმს, როგორსაც ჰენრი მოითხოვდა.

XVI საუკუნეში "მაქსიმილიანურ" აღჭურვილობას ვერტიკალური ღარებით აფორმებდნენ

მსგავსი სამჭედლოები არსებობდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ერთი მათგანი შვედეთში იყო, რომელიც გუსტავ I-მა (1523-1560) დააარსა 1551 წელს. ინგლისის მეფის მსგავსად, მჭედლები მანაც გერმანიიდან მოიწვია და მათი მთავარი ამოცანაც სამეფო არმიის აღჭურვა იყო.

XVI საუკუნის აბჯრის სტილის განსხვავებულობა მის გალამაზებაში გამოიხატებოდა. ამ პერიოდში დამზადებულ აბჯრებს აფორმებდნენ ვერტიკალური ღარებით და ცნობილი იყო, როგორც "მაქსიმილიანური" აღჭურვილობა. სახელწოდება აღებულია იმპერატორ მაქსიმილიან I-ის (1459-1519) სახელიდან. ეს სახეობა როგორც იტალიური, ისე გერმანული სტილების ძლიერ ზეგავლენას განიცდიდა, თუმცა თავისი სიმრგვალით, ფორმებითა და მორთულობით უფრო ახლოს იტალიურთან იდგა. გარეგნულად ძალიან წააგავდა მილანური სტილის აბჯარს, თუმცა განსაზღვრული შტრიხები მაღალი გოტიკიდანაც მიიღო. ეს აბჯარი განსაკუთრებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ უფრო თხელი ლითონისგან მზადდებოდა და შესაბამისად, წონაც ნაკლები ჰქონდა, თუმცა ამის გამო საიმედოობა არ დაუკარგავს. იგი უკეთაც იცავდა პატრონს, ვიდრე მისი წინამორბედები. "მაქსიმილიანურ" აღჭურვილობას აწყობდნენ არა პატარ-პატარა, არამედ შედარებით დიდი ზომის ლითონის ნაჭრებისგან. ყველაფერი შეცვალა ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამ, მჭედლები იძულებული გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ და აბჯრის მოქნილობა შეეწირათ, ოღონდ კი მას ტყვიისთვის გაეძლო.

"მაქსიმილიანური" აბჯრის ყველაზე დამახასიათებელი დეტალი იყო ხელთათმანები. ისინი ხელს იცავდნენ დაზიანებისგან და იმავდროულად, მაჯისა და თითების მოძრაობას არ უშლიდნენ. მისი ფირფიტები დიდი, თუმცა მილანურთან შედარებით მაინც უფრო მცირე ზომის ნაჭრებისგან იყო დამზადებული, რათა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო და მოძრაობისთვის ხელი არ შეეშალა. ამ აბჯარს ასევე ჰქონდა განსაკუთრებული ფეხის ჯავშანი, რომელსაც "დათვის თათებს" უწოდებდნენ.

ქვეითი ჯარის სამოსის პარალელურად, ვითარდებოდა შეჭურვილობა ცხენოსნებისთვისაც, კავალერისტის აბჯარს "კირასა" ეწოდებოდა. იგი იყო რამდენიმე სახეობის "მილანური", "გოტიკური", აგრეთვე - მათი გაერთიანებით მიღებული "მაქსიმილიანური", რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. მილანური კირასა ჩვეულებრივ იყო ამოზნექილი ფორმის, მისი მკერდის დამცავი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისგან და ქვევიდან ამოსული მუცლის დამცავი ფარავდა და ეკვროდა ზედა მხარეს ქამრის საშუალებით. მილანური კირასა შედგებოდა ლითონის რამდენიმე ფრაგმენტისგან, რათა მოძრაობა გაიოლებულიყო. მისი გავრცელება XIV საუკუნიდან დაიწყო. რაც შეეხება გოტიკურ სტილს, აქ ჩვენ ვაწყდებით გულმკერდის დამცავის ორიგინალურ, მომრგვალებულ ფორმას, რომელიც არის არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური. გარდა ამისა, მას ჰქონდა გოფრირებული ზედაპირი, რაც არა მარტო მეტ სიმტკიცეს ანიჭებდა, არამედ გარეგნულ მიმზიდველობასაც.

1530 წლიდან იტალიაში ჩნდება ახალი სახის ქურთუკის მსგავსი აბჯარი. ის მზადდებოდა რკინის ფირფიტებისგან, რომლებიც ერთმანეთს ჰორიზონტალურად უკავშირდებოდა. სხვა აბჯრებისგან განსხვავებით, ეს ფირფიტები შიგნიდან მოქლონების საშუალებით მაგრდებოდა, რაც ამ სამაგრების დაზიანების შესაძლებლობას ამცირებდა. მოსაცმელის ამ ტიპს "ანიმეს" უწოდებდნენ. ამ სახის აბჯარს ამზადებდნენ გრინვიჩის სამჭედლოშიც. აქ დამზადებულ ჯავშნიან ჟილეტს უნიკალური ფორმა ჰქონდა, იგი შედგებოდა რკინის სამი ფირფიტისგან, რომლებიც გაწყობილი იყო ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. გარდა ამისა, აქ, ინგლისში, დამზადებულ აბჯარს, რომელიც სპეციალურად განკუთვნილი იყო ჰენრი VIII-ისთვის, გააჩნდა ის დეტალი, რომელიც მანამდე არსებულ სხვა აბჯრებს არ ჰქონდა და ნაპოვნია მხოლოდ გრინვიჩის სამჭედლოში. ეს იყო ფირფიტების ერთმანეთთან დამაგრების ახალი და უნიკალური სისტემა (ამაგრებდნენ შიგნიდან ჭანჭიკების საშუალებით).

ქართული ჯაჭვის პერანგი

ქართული აბჯარი რამდენიმე სახეობის არსებობდა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ჯაჭვის პერანგი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. მას განსხვავებული ხარისხისას ქსოვდნენ, იმის მიხედვით, რა რანგის მეომრისთვის იყო განკუთვნილი. ჯაჭვის პერანგის წონა 7-დან 17 კილოგრამამდე მერყეობდა. მისი დამზადება საკმაოდ რთული იყო - საჭირო იყო რგოლების სათითაოდ გამოჭედვა და სხვა რგოლებთან დაკავშირება, დამაგრება. რგოლების რაოდენობა ჯაჭვის პერანგში საშუალოდ 15-დან 20 ათასამდე იყო, რაც ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა დრო და ენერგია დასჭირდებოდა ერთი პერანგის მოქსოვას. მეფეებსა და დიდებულებს კი უფრო ძვირად ღირებული და მეტი რგოლისგან დამზადებული პერანგები ეცვათ, რომელთა რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 50 ათასზე მეტ რგოლს ითვლიდა. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, საქართველოში ხუთი სახეობის ჯაჭვის პერანგი არსებობდა. ესენია: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა და ჯაბალა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ჯაჭვის ქსოვისა და რგოლების დამზადების წესით.

მეფეებისა და დიდებულების ჯაჭვის პერანგში რგოლების რაოდენობა ზოგჯერ 50 ათასს აღწევდა

ჯაჭვის დამზადების წესები იყოფოდა ორ ნაწილად - ფარეშიანად და უფარეშოდ. უფარეშო თავის მხრივ კიდევ იყოფოდა ორ ქვეჯგუფად - დადუღებული და დაუდუღებელი. დაუდუღებელ უფარეშო ჯაჭვის პერანგში რკინის რგოლები პირგახსნილია, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ეს სახეობა პერანგებს შორის პირველია, რომელიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა. დადუღებული ჯაჭვის პერანგის შემთხვევაში, რკინის რგოლები შედუღებით არის დამაგრებული, რგოლში კი რკინის ჭანჭიკია გაყრილი დასამაგრებლად და იმავდროულად, დადუღებულიცაა. თვით ჯაჭვი ასხმულია მავთულის რგოლებისგან ისე, რომ ყოველი რგოლი თავის შიგნით აერთებს ოთხ მეზობელ რგოლს და ამგვარი შეერთებით რგოლები "რკინის ბადეს" ჰქმნიან. ამ სახის ჯაჭვის პერანგი ყველაზე პოპულარული იყო ქართველ მეომრებს შორის. ამ რგოლებს ძველ დროში "ჭიკუს" უწოდებდნენ.

გარდა ჯაჭვის პერანგისა, საქართველოში ასევე იყენებდნენ იმ პერიოდის ევროპაში არსებულ ჯავშნების მსგავს აბჯრებსაც, რომელიც "თორის" სახელწოდებით იყო ცნობილი. მას რკინის ნაჭრებისგან ამზადებდნენ და ქმნიდა ერთ მთლიან ჯავშანს. იგი მეომრის ტანს წელამდე ფარავდა, ზოგჯერ კი თორს ორი რკინის ნაჭრისგან აწყობდნენ და იღლიის, მხრებისა და წელის არეში ზონრებით კრავდნენ. თორი ხშირად მოხატული იყო სხვადასხვა ფიგურითა და ცხოველთა გამოსახულებებით.

(გაგრძელება იქნება)

გიორგი ნასყიდაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#99