100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები - კვირის პალიტრა

100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები

როგორ გაერთიანდა სამი უმშვენიერესი ქალის სახე 500-მანეთიან კუპიურაზე

ქაღალდის ფულის ნიშნებს საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთი დარგი - ბონისტიკა შეისწავლის. ფულის ნიშნებზე, ანუ ბონისტიკურ ძეგლებზე აღბეჭდილი წარწერები და გამოსახულებანი საყურადღებო ინფორმაციას შეიცავენ თანადროული ეპოქის შესახებ. ამის გათვალისწინებით, მათ მეცნიერულ შესწავლას, თეორიულთან ერთად, პრაქტიკული მნიშვნელობაც ენიჭება.

მანდილოსანთა გამოსახულებას ყოველთვის საპატიო ადგილი ეკავა ქართულ სახელმწიფო სიმბოლიკაში, მათ შორის ფულად ნიშნებზეც. აქვე დავძენთ, რომ ქართული ბონისტიკური ძეგლები შესწავლილი გვაქვს მონოგრაფიაში "ქართული ბონისტიკა" (თბილისი, 1996).

წინამდებარე სტატიაში დადგენილია, თუ ვინ იყვნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ 100 წლის წინათ გამოშვებულ 500-მანეთიან ბონის კუპიურაზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა როლი. ისინი დამფუძნებელი კრების წევრებადაც აირჩიეს. 1921 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ეწერა: "ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებით".

1918 წლის ივნისში დაარსდა "ქართული ფულის ფონდი", რომელიც უნდა გამხდარიყო ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსის გარანტი.

29 ივნისს, გაზეთში "ერთობა" გამოქვეყნდა მოწოდება: "უარვყოთ მკერდისა და მაჯების მოსართავები ყველამ... რას გვიქვიან მორთულობა, თუ სამშობლო გასაჭირში გვეყოლება? ქალებო, ნუ დავიშურებთ ჩვენს წვლილს. მე მხოლოდ ჯვრისწერის ბეჭედს ვიტოვებ. სხვა თუ რამ მომეპოვება, ვწირავ დანიშნულებისამებრ".

საყურადღებოა, რომ ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო სიმბოლოზე, როგორსაც ვალუტა წარმოადგენს, ახალგაზრდა მანდილოსნის გამოსახულება აღბეჭდეს.

მერი შერვაშიძე

საქართველოს მთავრობამ 1919 წელს მიმოქცევაში გამოუშვა დროებითი ფულის ნიშნები (ბონები): 1, 3, 5, 10, 50, 100, 500 მანეთის ღირებულებით, რომლებსაც 1920-1921 წლებში დაემატა 1000 და 5000-მანეთიანები. მათი ესკიზების ავტორები იყვნენ მხატვრები: იოსებ შარლემანი (1880-1957), დიმიტრი შევარდნაძე (1885-1937) და ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938).

მანდილოსნის პორტრეტი მხოლოდ 500-მანეთიან ბონის კუპიურას ამშვენებდა. იგი დაბრძანებულია შუა საუკუნეების არქიტექტურული სტილით ნაგებ პომპეზურ თაღში მდგარ ჩუქურთმებით დამშვენებულ საკარცხულში. მანდილოსნისგან მარცხნივ წარმოდგენილია საბრძოლო შუბი, ხოლო მარჯვნივ - ოვალური ფარი.

ქალი გამოსახეს იმავე პერიოდში გამოშვებული ქართული საფოსტო მარკების ზოგიერთ სერიაზეც. მკვლევარ პაატა ნაცვლიშვილის ვარაუდით, "საფიქრებელია, რომ ეს ქალი საქართველოს სიმბოლოდ ჰქონდა წარმოდგენილი მარკების მხატვარს, დაახლოებით ისეთ სიმბოლოდ, როგორიც ცნობილი მარიანაა საფრანგეთის მარკებზე".

* * *

ბუნებრივია, ისმის კითხვა, ხომ არ ჰყავდა 500-მანეთიანზე აღბეჭდილ ქართველ მანდილოსანს პროტოტიპი?

ამ კითხვის პასუხს ვპოულობთ ჩვენი ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მიხეილ ქავთარაძის (1906-2008) მოგონებაში. მან სიცოცხლის უკანასკნელი ოთხი წელიწადი გაატარა თბილისში, თავისი ძმისწულის, ნანა ქავთარაძის ოჯახში, სადაც არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად და ბატონი მიხეილის საუბრისთვის მისმენია.

2005 წელს საფრანგეთიდან გადმოასვენეს და მთაწმინდის მიწას მიაბარეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი, რასაც მოჰყვა მისი პორტრეტის გამოსახვა 200-ლარიან ბანკნოტზე. ამასთან დაკავშირებით მიხეილ ქავთარაძემ გაიხსენა: "როდესაც თბილისის პირველ გიმნაზიაში ვსწავლობდი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე დიდი ზეიმით აღინიშნებოდა. ამ დღესასწაულისთვის გიმნაზიელებსაც საგანგებოდ გვამზადებდნენ, შეგვასწავლეს იოლი გიმნასტიკური მოძრაობანი, რაც მუსიკის ფონზე უნდა შეგვესრულებინა. ათასობით ახალგაზრდას საამისო ფორმა გვეცვა და თავს ბედნიერად ვგრძნობდით... იმავე პერიოდში საქართველოს მთავრობამ მიმოქცევაში შემოიღო ბონები, რომელსაც ქართული წარწერები და ჩუქურთმები ამშვენებდა. მოსახლეობის პატრიოტულად განწყობილი ნაწილი დაუფარავი სიამოვნებით აკვირდებოდა ეროვნული ფულის ნიშნებს, რომელთაგანაც მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით ყველაზე მეტად 500-მანეთიანი მოსწონდათ. მასზე გამოსახული იყო მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, მის გარეგნობაში ბონის ესკიზის ავტორმა გააერთიანა მშვენება სამი მანდილოსნისა, რომლებიც იმხანად ქართული სილამაზის ეტალონებად ითვლებოდნენ. ესენი იყვნენ: მარინე მაჩაბელი, მერი შერვაშიძე და მელიტა ჩოლოყაშვილი".

მელიტა თადეოზის ასულ ჩოლოყაშვილის პორტრეტი (ავტორი - საველი სორინი)

ვფიქრობთ, საინტერესოა, ვინ იყვნენ და რა გენეტიკური წარმომავლობა ჰქონდათ ზემოთ დასახელებულ ქართველ მანდილოსნებს, რომელთა შერწყმულმა სილამაზემაც 100 წლის წინათ გამოშვებული ქართული ფულის ნიშანი დაამშვენა.

ქვემოთ წარმოდგენილი გენეალოგიური მასალა დაცულია ქართულ საისტორიო წყაროებსა და იური ჩიქოვანის გამოკვლევებში.

* * *

მარინე მაჩაბელი (1899-1986) დაიბადა მიხეილ/მიშო მაჩაბლისა (1858-1927) და ანა/ანეტა გიორგის ასული ქსნის ერისთავის (1864-1934) ოჯახში. მიხეილის მშობლები იყვნენ სახელმწიფო მრჩეველი ვახტანგ/ივანე მაჩაბელი (1821-1897) და ელისაბედ ვაჩნაძე (1837-1920).

მიშო მაჩაბლის ყველაზე ძველი წინაპარი მამის ხაზით, რომლის სახელიც საისტორიო წყაროებში შემოგვრჩა, იყო "სამაჩაბლოდ" წოდებულ სათავადოში მცხოვრები ქაიხოსრო მაჩაბელი, რომელიც 1612-1644 წლებში იხსენიება. აქედან მოყოლებული, მიშო მაჩაბლის გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: ქაიხოსრო - ბაადური (ჩანს 1666-1688 წლებში) - ფირანი (ჩანს 1666-1688 წლებში) - ბორტი (ჩანს 1706-1723 წლებში) - გიორგი (ჩანს 1756 წელს) - სეხნია/ვასილი (ჩანს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში) - მიხეილი (1769-1839) - ვახტანგი/ივანე (1821-1897) - მიხეილი/მიშო (1858-1927).

მიშო მაჩაბელი გახლდათ ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. რედაქტორობდა გაზეთს "ზაკავკაზიე". იყო 1917 წელს გამართული საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატი, ხოლო შემდგომში ეროვნული საბჭოს წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას. საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა თავისი ნათესავის, დავით ვაჩნაძის სასარგებლოდ. მონაწილეობდა ედპ-ისგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში, რომლის ბაზაზეც წარმოიშვა საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია. მისი მეუღლე ანა იყო ასული გიორგი ქსნის ერისთავისა (1832-1870) და ელისაბედ ზაალის ასულ ბაგრატიონ-დავითიშვილისა (1836-1922).

მიხეილსა და ანას შეეძინათ სამი შვილი - ზემოხსენებული მარინე, ელისაბედი, იგივე ლიზა (1900-?) და ვახტანგი (1904-1938). სამივე მათგანი ემიგრაციაში გაემგზავრა.

მარინე მაჩაბელი, თავისი გამორჩეული მშვენიერების გამო, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მისიისთვის შეარჩიეს პროგერმანული ორიენტაციის ქართველმა პოლიტიკოსებმა: გიორგი მაჩაბელმა, მიხეილ წერეთელმა, ლეო და გიორგი კერესელიძეებმა და სხვებმა, რომლებიც შედიოდნენ ბერლინში მოქმედ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში. მათ გერმანიის ხელისუფლებასთან ჰქონდათ მოლაპარაკება კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟის - იოაჰიმის (1890-1920) საქართველოში გამეფების შესახებ. მისთვის მარინე მაჩაბელი უნდა მიეთხოვებინათ.

შალვა მაღლაკელიძე (1894-1976) იგონებდა, რომ გიორგი მაჩაბელი "მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლობდა... წარმოსადეგი კაცი იყო... გაერია პრინცებში, როგორც "ფიურსტი". ასე ითარგმნება თავადი. ფიურსტი გერმანიაში მიღებულია, როგორც დინასტიის წოდება... თავისი ღირსებით ყოველი მხრივ და მოხერხებით დაუახლოვდა გიორგი პრინცებს, ახალგაზრდა ჰოჰენცოლერნებს, ვიტელსბახებს ბავარიისას... დაარსდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი... თავმჯდომარედ გახდა გიორგი მაჩაბელი... ვილჰელმ II-ის მიზანია.., რომ მსგავსად ბალკანეთის სახელმწიფოებისა, უნდა აღსდგეს საქართველოს სამეფო, მაგრამ ტახტზე ავიდეს... ვილჰელმის შვილი იოაჰიმი... ინტერესი იყო სტრატეგიული გავლენის სფერო. ჩვენ უნდა გვყოლოდა მხოლოდ სარძლო... მარინე მაჩაბელი... გიორგი მაჩაბლის ახლო ნათესავი".

ემიგრანტი ვალერიან თევზაძე (1892-1985) იგონებდა: "საქართველოში სამეფოს შექმნა და ტახტზე გერმანიის მეფე ვილჰელმ II-ის შვილის იოაჰიმის აყვანა სურდათ".

ცნობილია შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტახტზე სხვა ქვეყნის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი ასულა. მაგალითად, გერმანული დინასტიები, გარდა მშობლიური ქვეყნისა, მეფობდნენ: 1863-1973 წლებში - საბერძნეთში (შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგები), 1866-1947 წლებში - რუმინეთში (ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინგენები), ხოლო 1887-1946 წლებში - ბულგარეთში (საქს-კობურგ-გოთა) და სხვ.

მარინე მაჩაბელი

ზემოხსენებული პროექტის ჩაშლის გამო, მარინე მაჩაბელი ცოლად გაჰყვა იტალიის კონსულს საქართველოში ფრანჩესკო ფრანზონის.

ეროვნულ-დემოკრატი დავით (დათა) ვაჩნაძე (1884-1962), რომელიც მარინე მაჩაბელს ენათესავებოდა, იგონებდა, რომ 1939 წელს ჩავიდა რომში, "დაპატიჟებული ჩემი სიძის - ფრანჩესკო ფრანზონის, იტალიის მინისტრის მიერ. ვბინავდები მის მამულში, რომის მიდამოში - Vილლა ჩასილინა Villa Casilina Villa Marina-ში. იმავე წლის ბოლოს ფრანზონი დაინიშნა იტალიის ელჩად სტოკჰოლმში და მთელი ოჯახი გაემგზავრა შვეციაში. დავრჩი მარტო... ამ დიდი სახლისა და მამულის (23 ჰექტარის) "მოურავად"... 1941 წლის იანვარში... ფრანზონი დაინიშნა ელჩად ლისაბონში და გზად შვეციიდან ჩამოვიდა რომში. დავეკითხე: "დაინტერესებულია თუ არა რომი კავკასიურ საკითხით, როგორც წინა წლებში?" მიპასუხა: "კავკასიით დაინტერესებულია ბერლინი. მას სთვლის თავის აღმოსავლურ გეგმების ზონად".

შალვა მაღლაკელიძე იგონებდა: "მარინეს დარჩა ორი ვაჟიშვილი... ამ ომის დროს დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ, ერთი შვეიცარიაში იტალიის წარმომადგენლად და მეორე - ავღანისტანში. რადგანაც მარინეს ხელში იყვნენ გაზრდილნი, ქართველობდნენ კიდეც".

* * *

მერი (მარიამ) შერვაშიძე (1888-1986) დაიბადა თავად პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძისა (1840-1915) და ნინო გრიგოლის ასული მხეიძის (1864-1950) ოჯახში. პროკოფის ყველაზე ძველი წინაპარი მამის ხაზით, რომლის სახელიც საისტორიო წყაროებში 1412-1444 წლებში იხსენიება, იყო აფხაზეთის ერისთავი არღუნაი შარვაშიძე. აქედან მოყოლებული, პროკოფის გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: ხსენებული არღუნაის შთამომავალი აფხაზეთის მთავრები (ფრჩხილებში მითითებულია ის წლები, რომლებშიც ისინი საისტორიო წყაროებში იხსენიებიან) - რაბია (1459-1461) - სოლომონი (1491-1495) - არზაყანი (1491-1520) - ბოსლაყო (1550-1580) - პუტუ (1600-1630) - სეტემანი (1627-1650) - ზეგნაკი (1665-1700) - ჯიგეშია/ჯგეშა (1700-1710) - ჰამიდი/ლევანი (1730) - მანუჩარი/სულეიმან-ფაშა (1731-1781) - ქელეშ-აჰმად-ბეი (1747-1808) - მისი მესამე ვაჟი (მთავრის ძმა) მეჰმედ-ბეი/ჰამუთ-ბეი (1785-1805) - თავადი ლევანი/ბეგო (1801-1844).

პროკოფის მამა იყო ხსენებული ლევანი/ბეგო, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრებ მთიელებთან ბრძოლას შეეწირა, ხოლო დედა - მარიამი (1807-1861), ასული ოდიშის მთავარ ტარიელ (ტაია) კაციას ძე დადიანისა და გურიის მთავრის სიმონ II-ის (მთავრობდა 1789-1792 წლებში) ასულისა. ტარიელი თავისი სიძის (დის ქმრის) - მეფე სოლომონ II-ის დახმარებით, 1793-1802 წლების განმავლობაში რამდენჯერმე გახდა ოდიშის მთავარი, როდესაც სამთავრო ტახტიდან არაერთხელ ჩამოაგდეს ტარიელის ნახევარძმა გრიგოლი (1770-1804).

1900 წელს პროკოფი სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა. იყო ბათუმის სათათბიროს წევრი, რუსეთის I და III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სოხუმის ოკრუგიდან და ბათუმის ოლქიდან. 1887 წელს, 47 წლის ასაკში ცოლად შეირთო 23 წლის ნინო გრიგოლის ასული მხეიძე (1864-1950).

პროკოფისა და ნინოს შეეძინათ ხუთი შვილი: ზემოხსენებული მერი (1888-1986), ლევანი (1889-1889), ელენე (1891-1926), ანა (1894-1914) და თამარი (1896-1931).

და-ძმას შორის მომნუსხველი სილამაზით გამოირჩეოდა მერი, რომელიც საიმპერატორო კარის ფრეილინა ანუ სეფექალი გახლდათ. მერის განსაკუთრებული გარეგნობის შესახებ თვით თავშეკავებულობით ცნობილმა იმპერატორმაც კი აღნიშნა.

შალვა მაღლაკელიძე იგონებდა, რომ ნიკოლოზ II-მ უთხრა მერის - "ვი კნიაგინია, გრეშიტე პერედ პრიროდოი" - ბუნებასაც არ შეუქმნია ასეთი სილამაზეო".

მერი პროკოფის ასული შერვაშიძის პორტრეტი (ავტორი - საველი სორინი)

მერის ნათესავი ბაბო (ბაბილინა) ნიკოლოზის ასული დადიანი (1903-1999) იგონებდა: "მერი იყო მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის, ღია თაფლისფერი თვალებით და წაბლისფერი თმით, ამასთანავე, საოცრად სათნო და მოკრძალებული. იმპერატორს მიუმართავს მისთვის: - "Грешно быть такой красивой!.. მაქვს სურათი - მერი ფრეილინას ტანსაცმელში. ბორდოსფერი ხავერდის კაბა, გულზე ბრილიანტის შიფრი - ფრეილინების ნიშანი".

იმპერიის დანგრევის შემდეგ მერი სამშობლოში დაბრუნდა. 1918 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისში, მან ჯვარი დაიწერა გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე ქსნის ერისთავზე (1875-1947). მათი ერთ-ერთი მეჯვარე იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურობის ყოფილი წინამძღოლი ნიკოლოზ (კოკი) დადიანი (1879-1939), რომლის დედა - თამარი (1841-1925) იყო ასული აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შერვაშიძისა (1806-1866).

აღნიშნულ ჯვრისწერაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყო ხსენებული მათი მეჯვარის ასული - ბაბო დადიანი, რომლის ცნობითაც, ჯვრისწერისას, ეკლესიაში მოულოდნელად შესულან პოეტები და მათ შორის გალაკტიონ ტაბიძე. აქვე დავძენთ, რომ 1921 წლის 7 იანვარს, როდესაც ბაბო დადიანმა სიონში ჯვარი დაიწერა ალექსანდრე მასხარაშვილზე, მათი ერთ-ერთი მეჯვარე მერი გახლდათ.

სწორედ მერის გარეგნობა და ჯვრისწერაა აღწერილი გალაკტიონის ლექსში "მერი":

"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:

ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა".

ლექსიდან მკითხველს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს მერი იძულებით გაათხოვეს მამაკაცზე, რომელიც მას არ უყვარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ გიგუშა და მერი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ საიმპერატორო კარიდან, სადაც მერი სეფექალი, ხოლო გიგუშა - ფლიგელ-ადიუტანტი იყო. 1917 წელს გიგუშა პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა სამშობლოში და ქართულ არმიაში ჩაირიცხა, სადაც გენერლობა მიანიჭეს და ცხენოსანი საარმიო კორპუსის მეთაურად დანიშნეს. საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრისას, ბრძოლით დაიხია ბათუმამდე. იყო მრავალი ჯილდოს, მათ შორის, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი.

გიგუშას უფროსი ძმა ალექსანდრე (1873-1955) გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ. 1917 წელს ისიც სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ არმიაში ჩაირიცხა. 1920 წელს საქართველოს მთავრობამ დიპლომატიური მისიით მიავლინა ანკარაში, საიდანაც საფრანგეთში წავიდა. თავმჯდომარეობდა რუს სამხედრო ინვალიდთა კავშირსა და "ნიკოლოზ II-ის წმინდა ხსოვნის პატივისმცემელთა კავშირს".

ორი გენერლის მამა - ნიკოლოზ ბიძინას ძე (1831-1912) გენერალ-ლეიტენანტი გახლდათ. მისი დიდი პაპა იყო ყულარაღასი გიორგი რევაზის ძე ქსნის ერისთავი, რომლის ვაჟს რევაზს ცოლად ჰყავდა ანასტასია, ასული ერეკლე II-ისა.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიგუშა და მერი ემიგრაციაში გაემგზავრნენ. ისინი გზად შეჩერდნენ ისტანბულში, სადაც გამართულ სილამაზის კონკურსში მერის პრიზი გადაეცა. ცხოვრობდნენ პარიზში. შვილები არ შესძენიათ. დაკრძალული არიან სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.

მერის პორტრეტი შექმნა "საველი სორინის" ფსევდონიმით ცნობილმა მხატვარმა - ზაველ იზრაილის ძე სავიმ (1878-1953).

თბილისში მცხოვრები პაპუნა წერეთლისადმი 1974 წელს გამოგზავნილ წერილში მერი იგონებდა: "გალაკტიონ ტაბიძეს მე პირადად არ ვიცნობდი. როდესაც 1918 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისში ჯვარი დავიწერე, უკვე საღამო ხანი იდგა, თუმცა ჯერ კიდევ ნათელი და შესანიშნავი ამინდი გახლდათ".

თავად ჩოლოყაშვილთა საგვარეულო გერბის ერთ-ერთი ვარიანტი

ასე, რომ ზემოთ მოყვანილ ლექსში აღწერილი ვითომდაც ცუდი ამინდი და მერის სევდიანი განწყობილება - მხოლოდ პოეტური ფანტაზიის ნაყოფია.

ბაბო დადიანი იგონებდა: "1963 წელს პირველად წავედი პარიზში... ვინახულე მერი (გალაკტიონის მერი)... ღირსეული და დიდებული ვაჟკაცის გიგუშა ერისთავის მეუღლე... მე კი დავწერე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა გალაკტიონის და ვერც იქნებოდა, რადგან სხვა წრის ქალი იყო. გალაკტიონი მის წრეში ვერ შეაღწევდა ვერასდროს, მაგრამ ეს არ არის მთავარი... გალაკტიონს არც უცდია მასთან დაახლოება, არც სჭირდებოდა. მან მისგან მიიღო პოეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - შთაგონება… გალაკტიონმა მერი ნახა ქუთაისში, ჯვრისწერაზე. მერი მას საერთოდ არ იცნობდა.

ლადო გუდიაშვილმა მითხრა: "გალაკტიონმა მომიტანა ფოტოსურათი და მთხოვა, მერი შერვაშიძე დამიხატეო"... ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა: - "ეს ჩემი მერი არ არისო!"

ადმირალ მაკაროვის ვაჟი ყოფილა მერიზე უგონოდ შეყვარებული... როცა გარდაიცვალა, ანდერძით 5.000 დოლარი დაუტოვებია მისთვის, რაც მაშინ დიდი ფული იყო...

უკანასკნელად მერი 1982 წელს ვნახე პარიზში. მაშინ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც შესანიშნავი მომსახურება იყო - ორი ოთახი, მოახლით. გარდაიცვალა 1986 წელს, დეკემბერში, 97 წლის ასაკში, ისევ წარმოუდგენლად მშვენიერი, სრულიად საღი გონებით და მეხსიერებით".

ზემოხსენებული "ადმირალის ვაჟი" იყო ნიუ-იორკში დასახლებული ვადიმ სტეფანეს ძე მაკაროვი (1891-1964) - ბიზნესმენი და ბოსტონის საპატიო მოქალაქე.

* * *

არისტოკრატიული მშვენიერებით გამორჩეული მელიტა, იგივე მელანია ჩოლოყაშვილი (1895-1986) გახლდათ მუზა ტიციან ტაბიძისა, რომლის ლექსი "მელიტას" ასე თავდება:

"ასტრალი წევარი, მადონა აფთარი...

მელიტა - კახეთის გვირგვინი გამტყდარი".

მელიტა დაიბადა თადეოზ (თადია) ნიკოლოზის ძე ჩოლოყაშვილისა (1865-1931) და მარიამ სვიმონის ასული ჯორჯაძის (1873-1934) ოჯახში, რომელიც კახეთის სოფელ ყარაბულახში ცხოვრობდა.

პირდაპირი გენეალოგიური ხაზი მელიტასი ასე გამოიყურება: საგარეჯოს მოურავი გიორგი ჯამასპის ძე ჩოლოყაშვილი (გარდაიცვალა 1800 წელს) - თადეოზი/თადია (1790-1839) - ნიკოლოზი/კიკო (1828-1903) - თადეოზი/თადია (1865-1931) - მელიტა.

მელიტას მამის დედა იყო მელანია ივანეს ასული ვახვახიშვილი (1842-1912), ხოლო პაპის დედა - სოფიო აღათონის ასული ამილახვარი (1809-1845).

მელიტა იხსენებდა: "ილია ჭავჭავაძე მეგობრობდა ჩემს პაპა კიკოსთან... ხშირად კამათობდნენ, რაც მათ მეგობრობას ხელს არ უშლიდა. ილია თავის მეუღლესთან ერთად ჩამოდიოდა სტუმრად ყარაბულახში, არანაკლებ ერთი თვისა. ილიამ მონათლა ჩემი და - დარუსია". მელიტას ჰყავდა და-ძმა: ნინა (1898-1903), დარეჯანი, იგივე დარუსია (1900-1974), ელენე (1902-1990), ანა, იგივე ნიუტა (1905-1981) და ნიკოლოზი (1913-1990).

შერვაშიძეთა საგვარეულო გერბის ერთ-ერთი ვარიანტი

1913 წელს, 18 წლის მელიტამ ჯვარი დაიწერა ადვოკატზე, აზნაურ კონსტანტინე დანილის ძე ზელენსკიზე (1877-1949). მათ შეეძინათ ასული ლილია (1916-2007), რომელსაც მშვენიერება დედისგან დაჰყვა და პარიზში მოდელად გამოდიოდა.

მელიტას თბილისური ბინა წარმოადგენდა ლიტერატურულ სალონს, სადაც გამართულ საღამოებზე თავს იყრიდნენ ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. მელიტას ნაცნობ-მეგობართა წრეში შედიოდნენ: ელისაბედ ირაკლის ასული ბაგრატიონი-ორბელიანისა, გრიგოლ რობაქიძე, ცისფერყანწელები, იოსებ გრიშაშვილი, ვანო სარაჯიშვილი და სხვები.

1922 წელს მელიტა თავის ასულსა და დასთან - დარიასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. 1927 წელს ის ცოლად გაჰყვა პოეტ სერგეი ლვოვიჩ რაფალოვიჩს (1873-1941). მელიტამ სამშობლოში 1958 წელს იმოგზაურა. მისი პორტრეტები შექმნეს საველი სორინმა და ზიგმუნტ (ზიგა) ვალიშევსკიმ.

* * *

აი, ასეთი გახლდათ ბედი სამი უმშვენიერესი ქალისა, "სამი გრაციისა" - მარინე მაჩაბლისა, მერი შერვაშიძისა და მელიტა ჩოლოყაშვილისა, რომლებიც იმხანად ქართული სილამაზის ეტალონებად ითვლებოდნენ და სწორედ ამის გამო იქცნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულის ნიშანზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპებად.

ვფიქრობთ, არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ზემოხსენებული მისიისთვის შერჩეული მანდილოსნები ერთგვარად განასახიერებდნენ სრულიად საქართველოს, კერძოდ, მარინე მაჩაბელი (დედით ქსნის ერისთავი და ბებიით ბაგრატიონ-დავითიშვილი) - ქართლს და შესაბამისად, ცენტრალურ საქართველოს, მელიტა ჩოლოყაშვილი (დედით ჯორჯაძე და ბებიით ვახვახიშვილი) - კახეთს და შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო მერი შერვაშიძე (დედით მხეიძე, ბებიით დადიანი, დიდი ბებიით გურიელი) - იმერეთ-ოდიშ-აფხაზეთ-გურიასა და შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალი "ისტორიანი",#99