"მზადდებოდა თავდასხმა საქართველოზე. პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანება გაუცია, მარიკა სასწრაფოდ გადააფრინეთ მოსკოვსო" - როგორ პასუხობდა მარიკა ლორთქიფანიძე საქართველოს მტრებს - კვირის პალიტრა

"მზადდებოდა თავდასხმა საქართველოზე. პრეზიდენტ გამსახურდიას ბრძანება გაუცია, მარიკა სასწრაფოდ გადააფრინეთ მოსკოვსო" - როგორ პასუხობდა მარიკა ლორთქიფანიძე საქართველოს მტრებს

დაიბადა მარიამობას, უდიდეს ქრისტეანულ დღესასწაულზე, ქვეყანაში, რომელსაც ღმრთისმშობლის კალთა ჰფარავს, გარკვეულწილად - მასაც. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მასზე ცნობილი, სახელგანთქმული, პოპულარული მეცნიერი არავინ არის თანამედროვე ქართველთა შორის. ეს, ნაწილობრივ, თავად დარგმაც განაპირობა...

მან მოიპოვა საყოველთაო აღიარება და უდიდესი სიყვარული, მაინც მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრას მისი გამგის რანგში დაუკავშირა (1972 წ.). აქედან დაიწყო ჩვენი ყოველდღიური, ყოველწამიერი საქმიანი ურთიერთობა, რომლის დეტალებით თავს არ შევაწყენ მკითხველს და რომლებიც თანდათან, უნებურად იჩენს თავს შემდგომ მონათხრობებში...

ცოტა თუ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომ არ სმენოდეს მაინც მისი სახელი, რაც მუხლჩაუხრელი შრომითა და მიზანმიმართული საქმიანობით მიიღწევა. მასზე, მის საქმიანობაზე არაერთხელ დაწერილა და კვლავაც დაიწერება. მაგრამ არის ქ-ნი მარიამის მოღვაწეობის ერთი მხარე, რომელიც სამშობლოსადმი ერთგულებისა და მსახურების სრულიად განსხვავებული ფორმაა და რომლის შესახებ ცოტა ვისმეს თუ სმენია რაიმე.

ეს გახლავთ მისი მოღვაწეობა საერთაშორისო ფორუმებზე - კონგრესებზე, კონგრესებს შორის მოსაწვევ ყრილობებზე, კოლოკვიუმებზე, სამეცნიერო კონფერენციებზე, მეცნიერებისა და კულტურის დღეებზე, იდეოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ თავყრილობებზე - გამართულ დისკუსიებში, სადაც ქ-ნი მარიამი მართლაც რომ შეუცვლელი და სრულიად შეუდარებელი გახლდათ. რა პრობლემაც უნდა წამოჭრილიყო, მისი მოღვაწეობის ფართო ჰორიზონტისა და მეცნიერული ინტერესების წყალობით, საკადრის პასუხს სცემდა ყველა თავდამსხმელს იქვე, უსწრაფესად, რომელთაც ხშირად უცხოელი მეცნიერებიც უმაგრებდნენ ზურგს, არ ვიცი, თავიანთი გულუბრყვილობით, თუ სხვა რამ მიზეზებით, მიზეზი კი მრავალი შეიძლებოდა ყოფილიყო... რადგან მიუღებელი იყო საერთაშორისო ფორუმებზე საბჭოთა მეცნიერებს შორის კამათი და ურთიერთთავდასხმები, რადგან ისინი ერთ გუნდად იყვნენ ხოლმე წარმოდგენილი, და კიდევ იმიტომ, რომ საბჭოთა დელეგაციების ხელმძღვანელები, ჩვეულებრივ, კავკასიის ქვეყნების ისტორიის საკითხებში არ იყვნენ ჩახედული, ამიტომ ქ-ნი მარიამის იქ ყოფნა მათთვის ხსნა იყო.

ვინ გასცემდა პასუხს ცნობილ მეცნიერს, ამერიკელ ბიზანტინოლოგსა და კავკასიოლოგს, პროფესორ ნინა გეორგიევნა გარსოიანს, ანდა მისი თანამემამულის, უფრო მეტად ცნობილი კირილ თუმანოვის თვალსაზრისებს, მავანთა მიერ ატაცებულსა და გაზიარებულს?! მხოლოდ ქ-ნი მარიამ ლორთქიფანიძე. აუდიტორიის წინაშე იდგა ლამაზი, კეთილშობილური გარეგნობისა და წარმომავლობის, დინჯი, თავდაჭერილი, დახვეწილი, ტაქტიანი, ღირსებით აღვსილი, ტკბილმოუბარი, მაგრამ პრინციპული, გაუტეხელი ადამიანი, ქვეყნის სადარაჯოზე მდგომი, "ვითარცა კედელი, ქვითკირით ნაგები"...

ქ-ნ მარიამის მოგონებებიდან უკვე შევიტყვეთ ის სავალალო ამბავი, რომ ჩვენ ყველანი, უპირველეს ყოვლისა თვითონ, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით: მას არც ერთი სამეცნიერო წიგნი, არც ერთი საკუთარი მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიაც კი შინ აღარ ჰქონდა, და ეს იმ დროს, როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის ქსეროკოპირების აპარატი მწყობრიდან იყო გამოსული, ხოლო ახალი "არსაით" ჩანდა, წიგნების გატანა კი სასტიკად იკრძალებოდა იმის საპირისპიროდ, რაც უწინ ხდებოდა... აღნიშნულმა მდგომარეობამ გამახსენა: ლევილში ექვთიმე თაყაიშვილს არა მარტო ახალი სამეცნიერო შინაარსის წიგნები და საისტორიო წყაროთა გამოცემები თუ სხვა მასალები არ ჰქონდა, რაც ესოდენ საჭიროა მეცნიერისთვის, არამედ "მას ხელთ საკუთარი ნაშრომებიც კი არ ჰქონდა". "ჩემი სათხოვარი ყოველთვის ერთი და იგივეა - წიგნები და სურათები", წერდა მეცნიერი. 1924 წლის 18 აპრილს წერილში ნიკო მარრისადმი ბატონი ექვთიმე იტყობინებოდა: "რა ვქნა არ ვიცი, უწიგნოთ ვიტანჯები, და რაკი წიგნებს მოკლებული ვარ, არც რაიმე სტატიების დამზადება შემიძლია, გარდა მცირე მასალისა ჩემი მოგზაურობებიდან, რომელნიც თან მაქვს უბის წიგნაკების სახით". შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ორი სურათი იდენტურია, თუგინდ იმიტომ, რომ სრულიად განსხვავებულ დროსა და სივრცეში იშლება, მაგრამ წიგნის გარეშე დარჩენა, ნებისმიერი მიზეზით, ყოველთვის უბედურებაა მეცნიერისთვის...

...ასეა თუ ისე, კრებული შედგა, რასაც ჩემს მიერ შერჩეულ გუნდის წევრებს ვუმადლი. მე დარწმუნებული ვიყავი მათ პატიოსნებაში, მეცნიერულ კეთილსინდისიერებაში, უფროსების მიმართ პატივისცემასა და მათი შრომის დაფასებაში. ისინი ხომ ყველანი ჩვენი სტუდენტები იყვნენ, შემდგომ - ასპირანტები, ხარისხის მაძიებელნი, ზოგნი ქალბატონი მარიამის, ზოგი ბატონი ნოდარ შოშიაშვილის, ზოგიც ჩემი. ერთი სიტყვით, ჩვენი აღზრდილნი... მათი მადლიერება ჩვენს მიმართ ერთგულებით გამოიხატა. ბედნიერია ადამიანი, რომელსაც მადლიერების გრძნობა გააჩნია, რადგან, ვფიქრობ, უმადურობა ადამიანის უარყოფით თვისებათაგან ერთ-ერთი ყველაზე საშინელია, სამწუხაროდ, დიდად ფეხმოკიდებული...

მარიამ ლორთქიფანიძე

...ტომი უზარმაზარი გამოვიდა. სიხარბემ მძლია - ყოველდღე ვამატებდი ახალ-ახალ მასალას, ვუძებნიდი განსხვავებულ რუბრიკებს, თან ვხვდებოდი, რომ ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ სტატიებს ვერ ველეოდი - როდისღა გამოჩნდება-მეთქი შესაძლებლობა მათი დასტამბვის?! ღმერთმა ქნას და გამოიცეს სხვებიც. იქნებ მომავალში სამეცნიერო ასპარეზზე გამოვიდეს სხვა მეცნიერი, ვინც არ დაზოგავს თავს და ყველაფერს გამოსცემს?! ვინ იცის?!

წინამდებარე კრებულში არ შესულა ქ-ნი მარიამის გამოუქვეყნებელი ნაშრომები - სამეცნიერო სტატიები, მოხსენებათა, გამოსვლების, დისკუსიებში მონაწილეობის ტექსტები, საიუბილეო საღამოებზე, საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას, სხვადასხვა შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვები, ხშირად გადამწყვეტ როლს რომ თამაშობდა, რადგან მის სიტყვას ყოველთვის დიდი ფასი ედო, თავად - უდიდესი წონა და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული ერსა თუ ბერში, სამთავრობო წრეებსა თუ, ზოგადად, ხალხში. ერთგან დავწერე კიდეც, ზემოთაც ვთქვი და კვლავ მსურს გავიმეორო: რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მასზე პოპულარული მეცნიერი არ მაგონდება. ვის შეიძლება ჰქონდეს წაკითხული იმდენი ლექცია საზოგადოება "ცოდნის" ხაზით ფაბრიკა-ქარხნებში, საწარმოებში, სხვადასხვა მნიშვნელობისა და პროფილის დაწესებულებაში, რამდენიც მას?! შეუძლებელია აღინუსხოს ქ-ნ მარიამ ლორთქიფანიძის რადიო და სატელევიზიო გამოსვლები, მათ ამოკრეფას, შესწავლასა და ანალიზს, თავმოყრასა და გადაწერას ერთი სერიოზული ჯგუფის დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ეს ისე, სამომავლოდ... მწყდება გული, რომ მის ხელნაწერებზე არ მიმიწვდა ხელი, განსაკუთრებით იმ მოხსენებაზე, რომელიც მეცნიერს წაუკითხავს დავით აღმაშენებლის საიუბილეოდ გამართულ სხდომაზე.

აბჟანდაძეთა ერთ სასისხლო სიგელსა და ზოგ ნარატიულ წერილობით წყაროზე დაყრდნობით ავტორს გაურკვევია, რომ ქართველთა დიდი მეფისთვის აღმაშენებელი XV საუკუნეში უწოდებიათ. თავად ქ-ნ მარიამს დიდი სურვილი ჰქონდა, ეს მოხსენება გამოქვეყნებულიყო. სამწუხაროდ, ვერ შევუსრულე თხოვნა... ესეც მომავალი მკვლევრისთვის გადამილოცნია... სხვა მხრივ ქალბატონი მარიამი არაფერში ჩარეულა. შეკითხვებზე: "რა გსურთ? როგორ გგონიათ? რა შევიტანო?" - პასუხად ამბობდა: რედაქტორად იმიტომ შეგარჩიე, რომ შენ გადაწყვიტოო. ერთადერთი, რისი დიდი სურვილი ჰქონდა, ის იყო, რომ უაღრესად მკაცრად მივყოლოდი ერთხელ დადგენილ წესს - ყოველი სტატიის პირველად გამოქვეყნების თარიღი აღმენიშნა, და შემდგომი გამოცემებისაც. როგორც შესავალ წერილში თავადაც აღნიშნავს, მავანსა და მავანს განუძარცვავს იგი - დებულებები გადმოუღია და დაუბეჭდავს მისი სახელის მოუხსენიებლად. ეს მათ სინდისზე იყოს... გული მწყდება კიდევ ერთ რამეზე - სტატიებს არ ერთვის რეზიუმეები. საქმე ის გახლავთ, რომ გადმობეჭდილი მასალის აბსოლუტურ უმრავლესობას რეზიუმე საერთოდ არ ჰქონდა, ზოგს ჰქონდა, მაგრამ არაფრის მთქმელი - უცხოელი მკითხველი, რომლისთვისაც ის იწერებოდა, ამის მიხედვით ვერ შეიქმნიდა ნაშრომზე სრულ წარმოდგენას. ზოგი მათგანი რუსული იყო, ზოგი ინგლისურად შედგენილი, ზოგიც ორთავე ენაზე, მაგრამ, არსებითად, ფორმალური. საჭიროება მოითხოვდა მათ ერთიან სისტემაზე გაწყობას, გავრცობას, მთელი მასალის დაწვრილებით და გულდასმით დამუშავებას, რაც განუხორციელებელი დარჩა. ესეც მომავლის საქმედ მიმაჩნია...

შემდგომმა გამომცემელმა ეგებ თავად განსაზღვროს - რა სჯობს საქმისთვის, რეზიუმეების თავიდან შედგენა თუ ქალბატონი მარიამის სამეცნიერო სტატიების ინგლისურად თარგმნა?! თუმც ამის განხორციელება დღესაც შეიძლება, ამისთვის მხოლოდ ხელისუფლების ნებაა საჭირო, რადგან თარგმანი, მით უფრო ინგლისურად, ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ქალბატონ მარიამს ამდენი ფული არც არასდროს ჰქონია და არც დღეს აქვს... ისე, რაც შეეხება ხელისუფალთა ნებას, მათ დამოკიდებულებას ეროვნული მეცნიერების მიმართ, ჩემი დაკვირვებით, ასეთია: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ხანგრძლივად მოქმედი პრეზიდენტების მმართველობის წლებში ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე არც ერთხელ, ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ არ ყოფილა უცხოეთში საერთაშორისო კონგრესებში, განსაკუთრებით, ბიზანტინოლოგთა კონგრესებში, კონგრესებს შორის მოსაწვევ ყრილობებში თუ სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად, იმ დროს, როდესაც ის ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, ქართულ ეროვნულ მეცნიერებას... ეს იყო ბიზანტინოლოგების კონგრესები: კოპენჰაგენში (დანია, 1996), პარიზში (საფრანგეთი, 2001), ლონდონში (გაერთიანებული სამეფო, 2006), სოფიაში (ბულგარეთი, 2011)... ყველა კონგრესზე კითხულობდნენ: "სად არის ქალბატონი მარიამი?" "რატომ არ ჩამობრძანდა?" "ხომ კარგად გრძნობს თავს?" დიდი სითბოთი და სიყვარულით იგონებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებიც - სახელითა და მამის სახელით იხსენიებდნენ ხოლმე, ხოლო ახალი თაობის მეცნიერები სინანულს გამოსთქვამდნენ: "რამდენი რამ გვსმენია მის შესახებ, როგორ გვინდოდა გვენახა, გაგვეცნო, ერთხელ მაინც მოგვესმინაო მისთვის".

მარიამ ლორთქიფანიძე, ნელი ჩიქოვანის ნახატი

განსაკუთრებით საინტერესოდ მიმდინარეობდა პოლემიკა ქალბატონი მარიამის მონაწილეობით, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს იცავდა. მის სამეცნიერო თვალსაწიერში ხომ წმინდა საქართველოს ისტორიის პრობლემატიკასთან ერთად შედიოდა ქართულ-არაბული, ქართულ-ბიზანტიური, ქართულ-სომხური ურთიერთობების კვლევა, არაერთი კავკასიოლოგიური პრობლემა, საქართველო და გარე სამყარო ვახტანგ გორგასლის ეპოქიდან დიდი თამარის ეპოქის ჩათვლით, საქართველო და ტრაპიზონის იმპერიის პრობლემატური საკითხები და სხვა. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! მკითხველს რომ რაიმე ეჭვი არ აღეძრას ჩემეული შეფასებების მიმართ, აქვე მოვიტან ერთ ამონარიდს მარიამ ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულიდან, მეცნიერის დაბადების 75-ე წლისთავზე რომ გამოვიდა: "მ. ლორთქიფანიძე ფართო დიაპაზონის მეცნიერია. მისი კვლევის სფერო მოიცავს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის თითქმის ყველა დარგს: პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეთნიკური და კულტურის ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ურბანისტიკა, საქართველოს ისტორიული ურთიერთობა კავკასიის სხვა ხალხებთან, ბიზანტიასთან, არაბთა სახალიფოსთან... მის შრომებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ყველა ამ დარგთან დაკავშირებული საკითხების მეცნიერულ კვლევაში. ამასთან ის, როგორც ივანე ჯავახიშვილის სკოლის წარმომადგენელი, თავის ნაშრომებში არასდროს ღალატობს ობიექტურობას, მეცნიერულ კეთილსინდისიერებას, ემსახურება თავისი სამშობლოს წარსულის ჭეშმარიტი სურათის დადგენას".

ლამაზი, ყველა ასაკში სიმპათიური, მომხიბლავი, შესანიშნავად აგებული, სასიამოვნო ხმით, მკვეთრი დიქციით, ორატორული ნიჭით, ფართო ერუდიციით, თავშეკავების არაჩვეულებრივი უნარით, თავის დაჭერის სანიმუშო ფორმით ანდამატივით იზიდავდა მსმენელს, და ყველაზე მთავარი - განზოგადების შესაშური უნარი მას ყველასაგან გამოარჩევდა. ქალბატონი მარიამის ეს განსაკუთრებული ნიჭი ჩემზე ბევრად ადრე ბატონ შოთა მესხიას აღმოუჩენია და არაერთხელ გაუზიარებია ჩემთვის...

კიდევ ერთი თვისებით ხასიათდება ქალბატონი მარიამი, როგორც პოლემისტი - საქართველოს ისტორიის საჯაროდ გამყალბებლების, ათასგვარი ფალსიფიკატორების, ქვეყნისა და ერის შეურაცხმყოფლების გამონათქვამებზე უსწრაფესი რეაგირებით. ერთ მაგალითს დავჯერდები მხოლოდ. ეს იყო 1991 წლის აგვისტო. მოსკოვში იმართებოდა ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო კონგრესი (8-15 აგვისტო). ერთ ნომერში ვცხოვრობდით.

კონგრესის მუშაობა დასრულდა. მეორე თუ მესამე დღეს ჩვენს ნომერში ზარი გაისმა. ქალბატონ მარიამს საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სასტუმროს ადმინისტრაციაში უხმობდნენ. როგორც ღამით თავად მიამბო, იქ დახვედრია ორი ქალბატონი, ჩვენი უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლები - ჯემილა მესხია და ნათელა ..., ორგანიზაცია "ჯარისკაცთა დედების" საქართველოს განყოფილების წევრები, მოსკოვს მოვლინებულნი რაღაც ფორუმზე. აქ შეუტყვიათ, რომ თურმე მზადდებოდა დიდი თავდასხმა საქართველოზე. მათ დაურეკავთ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტისთვის, ბატონ ზვიად გამსახურდიასთვის და ეს ამბავი შეუტყობინებიათ. პრეზიდენტს ბრძანება გაუცია, სასწრაფოდ მონახეთ ქალბატონი მარიკა და გადააფრინეთ მოსკოვსო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადგინა ქალბატონი მარიამის ადგილსამყოფელი და ამრიგად მოხვდა იგი ამ ფორუმზე. დარბაზში შესვლისთანავე შიშს აუტანია - ზღვა ხალხი, უმკაცრესი წესების დაცვით შეშვება, რაც, თავისთავად, უკვე თავიდანვე იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, არც ერთი ნაცნობი სახე, მარტო, სულ მარტო... კიდევ კარგი, ყველას სახე თავიდან ნათლად არ დამინახავს, თვალიერების დრო არ იყო და სახეებსაც ვერ ვარჩევდიო, იგონებდა თანდათან. შენს მტერს, რაც მე იქ გავიგონეო, მითხრა და მიამბო ანდრეა სახაროვისა და სხვათა გამოსვლის შესახებ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, აი, მერე მოხდა რაც მოხდა, ნამდვილ შოკში ჩააგდო ანდრეა სახაროვის მეუღლის, ქალბატონ ელენ ბონერის გამოსვლამ, რომელმაც თავისი სიტყვის მეტი ნაწილი საქართველოს "მიუძღვნა". "აი მაშინ, ერთი კი გავიგონე ჩემი გვარი და მეტი არაფერი, არაფერი არ ვიცი, როგორ ავდექი, როგორ გავემართე ტრიბუნისკენ, რომელიც ჩემგან ასე შორს იდგა, როგორ ავედი, დავდექი კათედრასთან... გადავხედე დარბაზს და რას ვხედავ - ყველა რიგში, რომელსაც გაწვდა ჩემი მხედველობა, სამხედროები, სამხედროები და მხოლოდ სამხედროები...

გადაჭედილი დარბაზი ბრწყინავდა თვალისმომჭრელი ორდენებით. ერთი კი ამოვისუნთქე და დავიწყე", - ამბობდა. ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. სმენადქცეულმა, გაქვავებულმა დარბაზმა, თითქოს, სუნთქვა შეწყვიტა. ერთი ადამიანის ფეხის ხმა კი გაუგონია - ეს ქალბატონი ელენ ბონერი ბრძანდებოდა, რომელსაც სასწრაფოდ და დემონსტრაციულად დაუტოვებია იქაურობა, ქ-ნი მარიამი კი გამოსვლის დასასრულს მქუხარე ტაშით გამოუცილებიათ თავის ადგილამდე. "ნეტავ, როგორ არ გამისკდა გული", ამ სიტყვებით დაასრულა თხრობა...

ქალბატონმა მარიამმა რაღაც იგრძნო იმ ფორუმზე, ავის მაუწყებელი, რამაც შინაგანად ძალზე ააფორიაქა, შეაშინა, შეძრწუნებულმა უცბად გადაწყვიტა თბილისში გადაფრენა...

"თბილისში მინდა, სახლში, სახლში, სახლში", ეუბნებოდა თავის დეიდაშვილ ნინული ხოტივარსა და მის მეგობარ ტატა ციციშვილს. როგორც იქნა, რის ვაი-ვაგლახით, მთავრობის ჩარევით უკანასკნელ წუთში ძლივს უშოვეს ერთადერთი ბილეთი და გვიანი რეისით გადმოაფრინეს... სხვადასხვა დისსიდენტური წრეებიდან ერთი კი შევიტყვეთ, რომ იმ ფორუმზე დენთის სუნი უკვე ტრიალებდა... ეს იყო და ეს: გაითიშა ტელეფონები, სატელევიზიო და რადიო არხები, გამოირთო ანძა, მთლიანად დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მაღაზიები, პურისაც კი, და დაიწყო პუტჩი, 19 აგვისტოს ცნობილი პუტჩი და ჩვენ იქვე ვართ, ორ ნაბიჯში თეთრი სახლიდან... ეს ვრცელი მოგონება დამჭირდა მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ჰაერივით სჭირდებოდა ქალბატონი მარიამი თავის ქვეყანას და როგორ ადგებოდა იგი მას. და რამდენი ასეთი შემთხვევა იყო...

სიმონ ყაუხჩიშვილი, ნიკო კეცხოველი, უჩა ჯაფარიძე და მარიამ ლორთქიფანიძე იყალთოს აკადემიაში

...ახლა მსურს "რჩეული ნაწერების" არსობრივ მხარეს შევეხო.

ადამიანი, მით უფრო მეცნიერი, განიხილება დროსა და სივრცეში. საბჭოთა ეპოქის რომელი მეცნიერი, მეტადრე ისტორიკოსი, გადაურჩა იდეოლოგიურ წნეხს, ზეწოლას, მბრძანებლურ ტონს, რომელიც თავისთავში მუქარას უკვე გულისხმობს. მოგესმინათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის ნებისმიერი თანამშრომლისთვის, გასული საუკუნის 40-იანი და 50-იანი წლების მიჯნაზე და შემდეგაც, სულ ბოლომდე, როგორი ძალისხმევით იღვწოდნენ, პაექრობდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა როგორმე შეენიღბათ შესანიშნავი ისტორიკოსის, ქალბატონ ბაბილინა ლომინაძის საკვლევი თემატიკის არსი და, რაც ყველაზე მთავარია, სათაური მოეძებნათ.

საქმე ის გახლავთ, რომ ქალბატონი ბაბილინა მაშინ და შემდგომაც ერთადერთი ისტორიკოსი იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ისტორიას იკვლევდა ათეისტური სახელმწიფოს არსებობის პირობებში. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სამეცნიერო კვლევების ერთიანი თემატიკა ცენტრალიზებულად იგზავნებოდა მოსკოვში და იქ მტკიცდებოდა. ამ საქმეზე მუშაობდა რამდენიმე დაწესებულება, სადაც ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. "აბა, ახლა რა ვუყოთ ჩვენ ბაბილინას?!" - ბატონ ნიკო ბერძენიშვილის ამ სიტყვებით იწყებოდა თურმე ის დღე, როდესაც ქალბატონ ბაბილინა ლომინაძის თემის სათაურის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და იწყებოდა...

ვინ აღიმაღლებდა ხმას სახელმწიფოს დაკვეთის წინააღმდეგ? ვინ აუვლიდა გვერდს კლასთა ბრძოლებს, რევოლუციურ მოძრაობებს, მიწათმფლობელობის ფორმებს, გლეხთა მიწაზე მიმაგრების პროცესს, საგლეხო გადასახადებსა და მსგავსს თემებს... განა ვინმე ამტკიცებს, რომ ამგვარი თემატიკა არ უნდა მუშავდებოდეს, ისტორიკოსები, მით უფრო საისტორიო სკოლები ყველა მიმართულებით უნდა მუშაობდნენ, მაგრამ საქმეც ის არის, რომ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში სრულიად დაიკარგა ადამიანი ანუ სამყაროს ცენტრი; გაცილებით მეტი ცოდნა დაგროვდა სათეს-სახვნელ იარაღებზე, ვიდრე თავად ადამიანზე, რომელმაც ეს შექმნა და, ბოლოს და ბოლოს, რომლისთვისაც შეიქმნა ისინი; ადამიანი თავისი გრძნობებით, ვნებებით, სიხარულითა და მწუხარებით, ღმერთთან მიახლების გზების ძიებით, საზოგადოების ზნეობრივი იდეალის შექმნით და მისკენ სწრაფვით...

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ანტირელიგიური ისტერიის პირობებში ცხოვრებამ და მოღვაწეობამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მთელ საბჭოთა ისტორიოგრაფიას. ამის შესახებ როგორ ბრწყინვალედ აქვს ყველაფერი მოთხრობილი და დასაბუთებული პროფესორ არონ იაკოვლევიჩ გურევიჩს, მთელი ამ პროცესის თანამედროვესა და თანადამხდურს, XX საუკუნის მეორე ნახევრის რუსული მედიევისტიკის, უპირატესად, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის მაგალითზე, როგორ ინგრეოდა ძველი საისტორიო სკოლები, ბრძოლებს როგორ ეწირებოდნენ შესანიშნავი მეცნიერები და მოქალაქენი, როგორ გვიან და როგორ მძიმედ შემოდიოდა დასავლური, კერძოდ, ფრანგული საისტორიო სკოლის სამეცნიერო პროდუქცია, ხშირად გაუგებარი საბჭოთა მეცნიერისთვის?! და როგორ ერთბაშად დაიწყეს ფიქრი, მარკ ბლოკის წიგნის წაკითხვის შემდეგ, ისტორიკოსის ხელობაზე და როგორ და როდის განხორციელდა მისი რუსულად თარგმნა და პუბლიკაცია? ავიღოთ, თუ გინდ, ემანუელ ლე რუა ლადურის არაჩვეულებრივი ნაშრომი შუა საუკუნეებზე, მანამდე მეცნიერებისთვის სრულიად უცნობ წყაროებს - ინკვიზიციის ოქმებს - რომ ემყარება, ეს ხომ შედევრია, რომელმაც ისტორიული მეცნიერება მთლიანად შემოაბრუნა პირით ადამიანისკენ და რომელსაც მარტივი სახელი "მონტაუ" უწოდა ავტორმა. მოქმედება მიმდინარეობს პირენეის ნახევარკუნძულზე, მაღალ მთებში, ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ მონტაუში XIV საუკუნეში, ინკვიზიციის მძვინვარების ხანაში.

პრაღაში. 1962 წ.

ეს წიგნი, უფრო ზუსტად, მისი ინგლისური თარგმანი ბატონმა არონ გურევიჩმა 1989 წელს მაჩუქა. ბედს უნდა ვუმადლოდე, რომ 1992 წელს შემხვდა ისეთი სტუდენტი, როგორიც რუსუდან ლაბაძეა, შემდგომში ჩემივე ასპირანტი, რომელსაც გადავეცი ეს წიგნი და ქალბატონი მარიამის დასტურით მოვუხაზე საკვლევ თემატიკად ფრანგული საისტორიო სკოლა. ამრიგად, იგი ამ მიმართულების პირველი მკვლევარია ჩვენში, ვინც არა მხოლოდ თარგმანებში, არამედ დედნებში ეზიარა ფრანგული ისტორიოგრაფიის შედევრებს... ასეთი გახლდათ მარიამ ლორთქიფანიძე გასული საუკუნის 90-იან წლებში. მან თავადაც განიცადა ტრანსფორმაცია, მიყვა ეპოქას, ნოვაციებს... მახსოვს 1970 წლის აგვისტო, მოსკოვში გამართული ისტორიკოსთა მსოფლიო კონგრესი.

მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გვერდიგვერდ ვისხედით. თბილისიდან არავინ ჩამოვიდა, იმჟამინდელი ლენინგრადიდან - სამი ქართველი ისტორიკოსი და ორიც არქეოლოგი, ისიც მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, უნივერსიტეტიდან - არავინ. საქმე ის გახლავთ, რომ თბილისში ქოლერა მძვინვარებდა და მისვლა-მოსვლა ძალზე შეზღუდული იყო. ამას ჩვეულებრივი, ადამიანური შიშიც ერთვოდა. ერთ-ერთ სხდომაზე ჩვენთვის სრულიად უცნობი ამერიკელი მეცნიერი კითხულობდა მოხსენებას ძალიან მნიშვნელოვან თეორიულ საკითხზე, თანაც ისეთ კონცეფციებს ახმოვანებდა, რომელსაც საბჭოთა ისტორიკოსი ვერ გაიზიარებდა კი არა, გულშიც ვერ გაივლებდა. "თუ ფეხით დამკიდებენ და ამომიბერტყავენ თავიდან ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, თორემ როგორ გავიზიარო ახლა, რას ამბობს ეს კაცი?! განსაკუთრებით ფორმაციები მიშლის ხელს". "ჰოდა, ეს მოხსენება ამოსაბერტყად არის ჩამოტანილი", - ჩურჩულითვე შევბედე. "რა გულწრფელია", - გავიფიქრე ჩემთვის. სხვა მის ადგილას ისეთ პოზას მიიღებდა, თითქოს დიდად პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერია და გადაკითხული აქვს მთელი უახლესი უცხოური ლიტერატურა ისტორიის ფილოსოფიაში. არადა, ვიცოდით ასეთი მაგალითებიც...

წარმოიდგინეთ სამყაროს მოწყვეტილი საბჭოთა ისტორიკოსების, განსაკუთრებით, უფროსი თაობის მდგომარეობა, როდესაც ჟაკ ლე გოფფის "შუა საუკუნეების დასავლეთის ცივილიზაცია" მხოლოდ 90-იან წლებში შემოვიდა, ისიც მოსკოვში, ხოლო ხელმისაწვდომი 1992 წელს გახდა... ...მსმენია, რომ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. ზოგი ადამიანის მაგალითზე ვრწმუნდები, რომ ეს მითიც, სხვათა მსგავსად, მსხვრევადია, რადგან მარიკა მარიკაა!

იხილეთ ასევე: "შენზე ამბობენ, ორი მოსამსახურე გყავს, "კნიაჟესკი ზამაშკებს" არ იშლიო" - ისტორია სახელად "მარიკა ლორთქიფანიძის ცხოვრება"

ნათელა ვაჩნაძე ჟურნალი "ისტორიანი"#99