დე ჰაარი - ყველაზე დიდი ციხე-დარბაზი ჰოლანდიაში - კვირის პალიტრა

დე ჰაარი - ყველაზე დიდი ციხე-დარბაზი ჰოლანდიაში

დე ჰაარი ყველაზე დიდი ციხე-დარბაზია ჰოლანდიაში. ის ნიდერლანდური ნეოგოტიკის ოსტატმა პიერ კოიპერსმა ააგო შუა საუკუნეების დროინდელი ციხე-კოშკის ადგილას, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. მდინარე რაინის ამჟამად დამშრალი შენაკადის მახლობლად ციხე-დარბაზი როტშილდების ოჯახის წარმომადგენლისთვის აიგო.

ციხე-დარბაზი უტრეხტთან ახლოს, ფეოდალთა მიწაზე დგას. ანსამბლში შედის ასევე სამრეკლო და პარკი. პირველად აქ ციხესიმაგრე დოკუმენტურად 1391 წელს იხსენიება. მაშინ ის დე ჰაარების საკუთრება იყო და წარმოადგენდა გამაგრებულ ციხე-კოშკს გარს შემოვლებული წყლიანი თხრილით. წლების განმავლობაში სიმაგრეს თანდათან "აფართოებდნენ. 1449 წლის შემდეგ ტერიტორია და ციხე-კოშკი ვან ზეილენთა საგვარეულოს კათოლიკური შტოს მფლობელობაში გადავიდა, რომლებიც სამხრეთ ჰოლანდიასა და ბრიუგეს შემოგარენში სახლობდნენ. სიმაგრემ მრავალი შემოსევა და ნგრევა გადაიტანა. 1674 წელს კი დიდი ზიანი მიაყენა ძლიერმა ტორნადომ, რომელმაც უტრეხტის მთავარი ტაძარიც დააზიანა.

დე ჰაარის ციხე-კოშკის უკანასკნელმა მფლობელმა, არტურ-მარტინუს ვან ზეილენმა (1708-1801 წწ), რომელიც არ დაქორწინებულა, მემკვიდრის არყოლის გამო ციხე-კოშკი მართვასა და საკუთრებაში გადასცა ნიდერლანდების პარლამენტის წევრსა და ბრიუგეს ბურგომისტრს, ჟან-ჟაკ ზეილენ ვან ნიეველტს. ის და მისი მემკვიდრეები ციხე-კოშკში არ ცხოვრობდნენ, რის გამოც იგი XIX საუკუნის დასასრულისთვის თანდათან გაპარტახდა. როცა 1890 წელს ის მემკვიდრეობით მიიღო ბარონმა ეტიენ ვან ზეილენ ვან ნიეველტ ვან დე ჰაარმა (1860-1934), ნაგებობები უკვე ნანგრევებად იყო ქცეული.

მანამდე კი, 1887 წელს, ბარონმა ეტიენმა პარიზში იქორწინა როტშილდების ფრანგული შტოს მემკვიდრეზე, ბარონესა ელენ დე როტშილდზე (1863-1947) და უზარმაზარი ქონების პატრონი გახდა. წყვილი არანაირ ხარჯებს არ ერიდებოდა და გადაწყვიტეს დე ჰაარის ციხე-კოშკის არა მარტო აღდგენა, არამედ რეკონსტრუქციაც.

ბარონმა მიიწვია ცნობილი არქიტექტორი პიერ კოიპერსი, რომელმაც მასშტაბური პროექტი შვილთან, იოზეფთან ერთად შეადგინა. გრანდიოზული მშენებლობა 1892 წელს დაიწყო და 20 წელიწადს გაგრძელდა. ბარონი და ბარონესა მომავალ ციხე-დარბაზში ცხოვრებას არ გეგმავდნენ, თუმცა არქიტექტორთა წინაშე მასშტაბური ამოცანები იდგა.

ანსამბლი უნდა ყოფილიყო XIX საუკუნის ევროპისთვის მაქსიმალურად კომფორტული, ჰქონოდა საუკეთესო პირობები ცხოვრებისთვის, ხოლო სექტემბერში - სტუმრების მასობრივად მიღებისა და გართობისთვის. სწორედ მაშინ დაპროექტდა ელექტროგანათება საკუთარი გენერატორით და ცენტრალური გათბობა ორთქლის ქვაბით. ხოლო სამზარეულო, რომლის სპილენძის ჭურჭელი და ნივთები დღეს უზარმაზარ კოლექციას წარმოადგენს, აღჭურვილი იყო იმ დროისთვის მეტად თანამედროვე უზარმაზარი ნახშირის ღუმლით, შემკული იყო საგანგებოდ დამზადებული ფილებით ვან დე ჰაარისა და ვან ზეილენის გერბების გამოსახულებებით.

მფლობელთა შვილები და შვილიშვილები დღესაც განაგრძობენ ტრადიციას - ციხე-დარბაზს სექტემბერში სტუმრობენ. ამ დროს დე ჰაარი მნახველთათვის დახურულია. 2000 წლიდან ციხე-დარბაზი და ტერიტორია პარკითა და წყალსატევით (35 ჰა), ასევე მიმდებარე ტერიტორია და სოფელი ჰაარზეილენსი (350 ჰა) ჰოლანდიის ბუნების ძეგლთა დაცვის ასოციაციას გადაეცა. ვან ზეილენის ოჯახის საკუთრებაში რჩება მხოლოდ ანსამბლის ტერიტორიაზე არსებული შალე (საბაღე პავილიონი, საცხოვრებლად გამართული). ხოლო ძვირფასი სურათების კოლექციის სრულად შესანარჩუნებლად 2012 წელს ოჯახმა დე ჰაარის ციხე-დარბაზის კოლექცია (ამ დროისთვის ოჯახი საწილოდ ფლობდა კოლექციასა და აქაურ ავეჯს) სპეციალურ ეროვნულ ფონდს სრულად გადასცა.

ციხე-დარბაზის უზარმაზარი ინტერიერი მეტად შთამბეჭდავად არის შემკული. დარბაზების დიდი ნაწილი ნეოგოტიკის სტილშია გადაწყვეტილი. მთავარი დეტალები - ქვის ქანდაკებები, მუხის ჩუქურთმიანი ელემენტები, ვიტრაჟები და მინანქარი, ასევე ლითონის ნაჭედობა - დამზადებულია ქალაქ რურმონდის ოსტატების მიერ, რომლებსაც კოიპერსთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდათ. ცენტრალური დარბაზის ინტერიერში გამოირჩევა გოტიკური ფანჯრები, ნაჩუქურთმევი არქიტექტურული ელემენტები, გოტიკური ტაძრების მსგავსი ინტერიერის შესაქმნელად.

ციხე-დარბაზის, ჭიშკრების, ხიდებისა თუ სამეურნეო ნაგებობების გარდა, კოიპერსმა თავადვე დააპროექტა სასადილო მაგიდა სკამებით, შექმნა ჭურჭელი და სასადილო მოწყობილობა. შედეგად, დე ჰაარის არქიტექტურა და იქ არსებული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ელემენტები ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაშია.

დარბაზებში შეგვიძლია ვიხილოთ როტშილდების ებრაულ წარმომავლობაზე მიმანიშნებელი დეტალები - დავითის ვარსკვლავები რაინდთა დარბაზის ხარიხებსა და საგვარეულო გერბზე, ხელი ხუთი ისრით დიდ დარბაზსა და ბიბლიოთეკას შორის კარის თავზე. ხოლო ვან დე ჰაართა და ვან ზეილენთა საგვარეულოების მიმანიშნებელი დეტალები თითქმის ყველგანაა - მთელი ციხე-დარბაზის დეკორის ელემენტებში თუ იარაღზე. ასევე საგვარეულო დევიზებიც. ოთახები მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა შედევრით, ანტიკვარული ჩინური და იაპონური კერამიკით, XVI-XVII საუკუნეების გობელენებით, სურათებითა და პანოებით რელიგიურ და სხვა თემაზე.

აღსანიშნავია, რომ ციხე-დარბაზის პირველ სართულზე განლაგებული ქანდაკებებიდან ერთ-ერთი თავად კოიპერსს გამოსახავს. ასევე, როგორც ყველა ციხე-დარბაზს, დე ჰაარსაც თავისი მოჩვენება ჰყავს - რაინდ კონრადის ლანდი. კონრადი ციხე-დარბაზს შუა საუკუნეებში ფლობდა. ლეგენდის თანახმად, ის საკუთარი ციხე-დარბაზის თხრილში დაიხრჩო და მას შემდეგ გამუდმებით დე ჰაარის გარშემო დაძრწის...

ციხე-დარბაზის დიდი პარკი დაპროექტებულია ჰენდრიკ კოპეინის მიერ, კოიპერსთან ერთად. პარკისთვის შეიძინეს და დარგეს 7 ათასამდე ხე და სხვადასხვა მცენარე. პარკი გაშენდა სოფელ ჰაარზეილენსის ტერიტორიაზე, რომლის შენობები, ეკლესიის გარდა, მთლიანად დაანგრიეს, მცხოვრებნი კი გადაიყვანეს კოიპერსის მიერ ფსევდოშუასაუკუნეების სტილში 1 კილომეტრით დაშორებულ მინდორზე ახლად აგებულ სოფელ ჰაარზეილენსში.

პარკი დაყოფილია ზონებად კლასიკურ ინგლისურ სტილში. აქ არის წყალსატევები, სხვადასხვა ხე-მცენარეთა კორომები, რომანტიკული ბილიკები და ხიდები, მრავალი ჰიდროტექნიკური ნაგებობა. ყვავილების ბაღი კი შესრულებულია ფრანგულ სტილში და ვერსალის ერთ-ერთ ბაღს გვაგონებს. მეორე მსოფლიო ომის დროს პარკის მოსავლელად არავის ეცალა და ტერიტორიაზე ბოსტნეულს თესავდნენ, ხოლო აქაურ ხეებს შეშად იყენებდნენ. მაგრამ ომის შემდეგ ყველაფერი ზედმიწევნით აღადგინეს.

ყოველწლიურად ციხე-დარბაზის მიდამოები ცოცხლდება ზღაპრული სურათებით - ჟღრიალებენ ხმლები და შუბები, საზეიმო კაბებში გამოწყობილი ქალები შუა საუკუნეების პოეტთა ლექსებს ისმენენ, ბალაგანში ვოდევილი თამაშდება, ხოლო ჭრელ ბაზრობაზე გამყიდველები საკუთარი ნაწარმით ვაჭრობენ... ეს ყველაფერი შესაძლებელია იხილოთ ღია ცის ქვეშ ევროპის ყველაზე დიდ ე.წ. ფენტეზიშოუზე - "ელფების ზღაპრული ფანტაზია", რომელიც ყოველწლიურად სწორედ დე ჰაარში ეწყობა.

რამაზ გურგენიძე ჟურნალი "ისტორიანი",#99